საერთაშორისო მიმოხილვა. 16 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 აპრილი. 2024 წელი

პირველად ამერიკის ისტორიაში, ნიუ იორკის სასამართლომ, 45-ე პრეზიდენტის მონაწილეობით მისი სისხლის სამართლის საქმის პროცესი დაიწყო პორნოვარსკვლავ Stormy Daniels მოსყიდვის საქმეზე - სექსის თაობაზე დუმილის სანაცვლოდ.

ტრამპი სასამართლოზე გამოცხადდა.

მისი ნება რომ ყოფილიყო არ მივიდოდა, მაგრამ ეს ამერიკაში ცალკე მძიმე დანაშაულია - სასამართლოზე გამოუცხადებლობა.

ამ საქმეზე ტრამპს ემუქრება პრობაცია ან 4 წლამდე ციხე.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის მთავრობა საგონებელშია ჩავარდნილი: უპასუხოს თუ არა ირანის მასირებულ შეტევას?

ერთის მხრივ, ირანის შეტევა წარმატებით იქნა მოგერიებული თვით ისრაელის და მისი მოკავშირეების მიერ.

არც ერთი ისრაელელი არ მომკვდარა, არც ერთი სახლი ისრაელის ტერიტორიაზე არ დაზიანებულა, მით უმეტეს არ დანგრეულა მაგრამ......მეორეს მხრივ, ირანმა, პირველად ისტორიაში „დაარტყა“ ისრაელს და თუ არ დაისაჯა......იგი სტრატეგიულ უპირატესობას მოიპოვებს ისრაელის მიმართ.

ანუ, როგორც დამკვირვებლები აღნიშნავენ, ისრაელმა ტაქტიკური სამხედრო გამარჯვება მოიპოვა იმით, რომ ირანის დრონების, ფრთოსანი რაკეტების და ბალისტიკური რაკეტების (მთლიანობაში 230 ერთეული) 99% გაანადგურა, მაგრამ ირანმა მოიპოვა სტრატეგიული წარმატება იმით, რომ თუნდაც უშედეგოდ, მაგრამ მაინც პირდაპირ (!) პირველად ისტორიაში (!) დაარტყა ისრაელს.

ისრაელს პირდაპირ (!) არც ერთხელ ისტორიაში არ დაურტყამს ირანისთვის.

ახლა ისრაელის მთავრობა მუდმივი თათბირის რეჟიმშია. პრემიერი ნეთანიაჰუ დასავლელ ლიდერთა ზარებსაც კი არ პასუხობს, რაკი იცის: ისინი ახლა შეეცდებიან დაარწმუნონ იგი, არ დაარტყას ირანს.

ერთადერთი, ვისაც ამას ვერ გაუბედავს (ანუ ვერ გაუბედავს ზარზე არ უპასუხოს) არის აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი

თუმცა ბაიდენმა როცა დაურეკა ნეთანიაჰუს, იგივე უთხრა: „არ გინდა......არ გჭირდება...... ნუღარ უპასუხებო......“

ისრაელის გენერალიტეტის წარმომადგენლები ჟურნალისტებს ეუბნებიან: „აუცილებლად ვუპასუხებთო“, თუმცა ისრაელი მაინც ის ქვეყანა არ არის, სადაც გენერლები იღებენ პოლიტიკურ და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს.

ამ გადაწყვეტილებას ნეთანიაჰუ მიიღებს.

სხვა საქმეა, რომ როგორც გუშინდელ მიმოხილვაში ვთქვით, ამჟამად, როცა ღაზაში ომი მიმდინარეობს და ისრაელს ყოველი მხრიდან (!) მტრები ახვევია გარს, ნეთანიაჰუს გარემოცვაში სამხედრო ელიტის გავლენა შეუდარებლად გაიზარდა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ირანული ოფიციოზი, სააგენტო IRNA აქვეყნებს დეტალებს იმ რაკეტების შესახებ, რაც ირანმა გამოიყენა ისრაელზე დარტყმისთვის.

საინტერესოა, რომ ირანულ არმიას ამ ოპერაციისთვის დაურქმევია Operation truthful promise (ოპერაცია „სარწმუნო დაპირება“).

ძალიან ნიშანდობლივი სახელია.

IRNA-ს ცნობით, ირანმა გამოიყენა ბალისტიკური რაკეტები Kheibarshekan (შორსწმწვომობა 1800კმ) და Emad (1700კმ).

ისრაელამდე ირანიდან მანძილი სულ 1 000 კილომეტრია.

ყველა რაკეტა ირანის არმიამ მიწისქვეშა შახტებიდან (!) გაუშვა და არა მიწისზედა სტაციონარული დანადგარებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში თეირანი და ირანის არმია აქტიურად ემზადებოდა ომისთვის, ქმნიდა ინფრასტრუქტურას და ა.შ.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის კანცლერი შოლცი პეკინშია.

ფედერაციული რესპუბლიკის კანცელარია ავრცელებს ინფორმაციას, რომ  ვიზიტის მთავარი დანიშნულებაა არა ეკონომიკური ურთიერთქმედება, არამედ ჩინეთის ხელისუფლებისთვის ევროპის პოლიტიკური მესიჯის ჩატანა: აქტიური მონაწილეობა მიიღოს „უკრაინული კრიზისის“ დარეგულირებაში.

სამწუხაროდ, სულ უფრო მეტი ინდიკატორი არსებობს იმისა, რომ ეს „დარეგულირება“ დასავლეთში, მათ შორის ევროპის დედაქალაქებში ესმით, როგორც სტატუს-ქვოს გაყინვა ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე. ანუ, ფაქტობრივად, უკრაინის კაპიტულაცია და ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაზე უარის თქმა.

რამდენიმე დღის წინ ვწერდით, რომ რეჯეფ ერდოღანმა  გაავრცელა მისი „გეგმა“, რაც გულისხმობდა 2040 წლამდე სიტუაციის „გაყინვას“ და მერე ოკუპირებულ, ასევე არაოკუპირებულ ტერიტორიაზე რეფერენდუმების ჩატარებას.

ოღონდ როგორი გავლენიანიც არ უნდა იყოს პრეზიდენტი ერდოღანი.....ჩინეთს მაინც სხვა „წონა“ აქვს და თუ პეკინიც გამოვა ანალოგიური კონკრეტული (! - მისი უწინდელი  გეგმები უფრო ზოგადი და არაკონკრეტული იყო) სამშვიდობო გეგმით, ამ გეგმასაც სხვა „წონა“ ექნება.

ბუნებრივია, პუტინი არც ერთ სამშვიდობო გეგმას არ დათანხმდება, რომელიც არ გაითვალისწინებს ყველაზე მთავარს: რუსეთისთვის დაწესებული აბსოლუტურად ყველა დასავლური სანქციის გაუქმებას.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯერ პრეზიდენტმა ზელენსკიმ, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ, ისრაელზე ირანის თავდასხმის და ამ თავდასხმის წარმატებული მოგერიების კომენტირებისას განაცხადეს: „აი რა სჭირდება უკრაინას, რათა წარმატებით მოიგერიოს რუსეთის სარაკეტო თავდასხმებიო“ - სჭირდება საზენიტო სისტემები..... თუნდაც კიდევ რამდენიმე Patriot.

ბოლო დროს, რუსეთის სარაკეტო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე სულ უფრო „წარმატებული“ ხდება სამწუხაროდ, რაკი უკრაინას აღარ ჰყოფნის საჰაერო თავდაცვის სისტემები.

თუმცა სამხედრო სპეციალისტები აღნიშნავენ მთავარ განსხვავებას ირანისა და რუსეთის თავდასხმებს შორის: ირანმა ისრაელს ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები ესროლა ირანის ტერიტორიიდან ანუ 1000 კილომეტრის მანძილიდან და ისრაელს, ასევე მოკავშირეებს საკმაო დრო ჰქონდათ რეაგირებისთვის.

რუსეთი კი უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რაკეტებს ესვრის ან უშუალოდ რუსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ან უკრაინის მოსაზღვრე ტერიტორიიდან

ასეა თუ ისე, უკრაინული „საზენიტოს“ ეფექტიანობა მცირდება: თუ შარშან რუსული ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების 90%-ს ანადგურებდნენ, ახლა ეს მაჩვენებელი 60%-მდე დავიდა.

. . . . . . . . . . . . . . . . .  

საინტერესოა, რომ როგორც ირკვევა, დიდმა ბრიტანეთმა ჯერ კიდევ იანვარში წარმატებით დაასრულა ლაზერული იარაღის გამოცდა და ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლონდონი მზადაა ეს იარაღი გადასცეს უკრაინას რუსული რაკეტებისა და დრონების საწინააღმდეგოდ.

ბრიტანული ლაზერული იარაღი  DragonFire, ყოველი ერთეული 100 მილიონი დოლარი ღირს და სპეციალისტების აღიარებით 1 გირვანქიან მონეტას 1 კილომეტრის სიშორიდანაც კი ზუსტად მოხვდება.

ამერიკას ლაზერული საზენიტო სისტემა არა აქვს. თუმცა პენტაგონი არ გამორიცხავს, რომ დიდი ბრიტანეთისგან შეისყიდის ამ იარაღს და ისრაელის მახლობლად ფლოტზე განალაგებს.

პუტინი ადრე ტრაბახობდა, თითქოს აქვს ლაზერული იარაღი Пересвет.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

რაღაც უცნაური შემთხვევით, აშშ პენსილვანიის შტატის ქალაქ კრანტონში, საარტილერიო ჭურვების გრანდიოზულ ქარხანაში, დაიწყო დიდი ხანძარი, რომელიც ჯერ ვერ ჩააქრეს.

საწარმო, რომელიც ამერიკული არმიისთვის ამზადებს 155 მილიმეტრიან საარტილერიო ჭურვებს სერიოზულად დაზიანდა და რომც ჩააქრონ ახლა ხანძარი, სრულყოფილად ვეღარ იმუშავებს საკმაო ხანს.

ცნობილია, რომ ამჟამად უკრაინულ არმიას ყველაზე მეტად სწორედ საარტილერიო ჭურვები ესაჭიროება.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 თურქეთში რუსეთის ელჩმა ალექსეი ერხოვმა რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ეკონომიკური კომისიის სხდომის გამართვა მოითხოვა, რათა განიხილონ, მისი თქმით „შემაშფოთებელი სიტუაცია“ რაც რუსი ტურისტების გარშემო იქმნება.

როგორც ცნობილია, თურქეთი „ნომერ პირველი“ მიმართულებაა რუსი ტურისტებისთვის.

ვერც კი შეედრება ამ მხრივ რომელიმე სხვა  საზღვარგარეთული მიმართულება.

მაგრამ ბოლო დროს, ვაშინგტონის ზეწოლით, თურქეთის მთავრობა იძულებული გახდა (!) შეეზღუდა გადმორიცხვები რუსეთიდან, რაც აფერხებს რუსულ ტურიზმს. გარდა ამისა, თურქული ბანკები არ ოპერირებენ რუსული საგადამხდელო პლასტიკური ბარათით МИР.

საქმე ისაა, რომ თურქეთში რუსული ტურიზმი სწორედაც ძირითადად „ტურების გაყიდვას“ ეფუძნება. ანუ რუსული ოჯახი ყიდულობს ტურს და შემდეგ ტურისტული საგზურით მიფრინავს თურქეთში, - სტამბულში ან ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ანგარიშსწორება ხდება საბანკო  გადარიცხვებით და არა უშუალოდ ადგილზე.  

სხვაგვარად ეს სისტემა ვერ იმუშავებს.

შესაბამისად, მცირდება რუსი ტურისტების რიცხვიც და არ არის გამორიცხული, მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, რაკი „ადგილზე გადახდა“ ნაცვლად „ტურების გაყიდვისა“ ჩვენს ქვეყანაში უფროა მიღებული.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

სამხრეთ კორეამ უკანასკნელ მომენტში გააუქმა რუსული ისტორიული სიამაყის - Большой театр - საბალეტო დასის გასტროლები.

მიზეზი ოფიციალურად გახდა უკრაინაში რუსეთის შეჭრა.

თუმცა სიღრმისეული მიზეზი მაინც ჩრდილო კორეასთან მოსკოვის თანამშრომლობაა, რაც სეულისთვის ბევრად არსებითია რასაკვირველია.

ეს ინციდენტი ადასტურებს, რომ „ხელოვნება და სპორტი პოლიტიკის მიღმაა“ დემაგოგია თანამედროვე მსოფლიოში სულაც არ მუშაობს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ამერიკული პრესა აქვეყნებს ჯო ბაიდენისა და მისი მეუღლის შემოსავლებს გასულ წელს:  $620 000.

აქედან თითქმის 25% გადასახადების სახით გადაიხადეს.

იგულისხმება პრეზიდენტის ხელფასი(ც). ოღონდ არა მხოლოდ.

თავისთავად საინტერესოა, რომ ზესახელმწიფოს პრეზიდენტის შემოსავალი ეს მოკრძალებული თანხაა.