საერთაშორისო მიმოხილვა. 7 აგვისტო. 2024 წელი
კამალა ჰარისმა აირჩია მისი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.
კამალას running mate (როგორც ამერიკაში უწოდებენ) ამ საპრეზიდენტო რბოლაში, ანუ ქართულად „მეწყვილე“ იქნება მინესოტას გამგებელი ტიმ უოლცი (Tim Walz).
კამალამ ვიდეო-ზარი განახორციელა და თავად ამცნო საკუთარი არჩევანის შესახებ „მეწყვილეს“. ისიც დაუყოვნებლივ დათანხმდა.
მანამდე ყველაზე რეალურ კანდიდატებად ასახელებდნენ პენსილვანიის გუბერნატორს ჯოშ შაპირო (Josh Shapiro) და სენატორს არიზონას შტატიდან მარკ კელის (Mark Kelly).
თავდაპირველად უნდა ითქვას და მივაქციოთ ყურადღება, რომ კანდიდატებს შორის, რომელიც სახელდებოდა კამალა ჰარისის შესაძლო „მეწყვილედ“ არ ყოფილა არც ერთი ქალი (!) და არ ყოფილა არც ერთი ფერადკანიანი (!).
ეს გასაკვირი არ არის: არჩევნები ამერიკაში ძალიან მკაცრი და გარკვეულწილად ცინიკური კალკულაციაა: კამალასა და „დემოკრატიული ელიტის“ ელექტორალურმა „ინჟინრებმა“ შესანიშნავად იციან, რომ ამერიკული საზოგადოება, ამერიკული სოციუმი, მათ შორის თვით „დემების“ ელექტორატი ნამდვილად არ არის ფსიქოლოგიურად მზად, მიიღოს „ორი ქალი“ წყვილში საპრეზიდენტო რბოლისას და თეთრ სახლში;..... ისევე, როგორც არ არის მზად მიიღოს „ორი ფერადკანიანი“ ასევე წყვილში საპრეზიდენტო რბოლისას თუ თეთრ სახლში.
ეს იმდენად შეუვალი სოციო-ფსიქოლოგიური და ელექტორალური მოცემულობაა, რომ ამაზე საერთოდ არც არავინ კამათობდა.
აბა გავიხსენოთ, ვინ აირჩია 2008 წელს „მეწყვილედ“ პირველმა ფერადკანიანმა პრეზიდენტმა ბარაკ ჰუსეინ ობამამ? - ჯო ბაიდენი: თეთრკანიანი ელიტარი.
Tim Walz ამ მხრივ „ავსებს“ წყვილს კამალა ჰარისთან - მასთან „კონტრასტით“.
გარდა ამისა, მივაქციოთ ყურადღება, რომ ისევე, როგორც თავის დროზე ჯო ბაიდენი, ტიმ ვალცი არის WASP ანუ White Anglo-saxon protestant.
ესე იგი იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომელმაც შექმნა ის დიდი ქვეყანა ოღონდ.....განსხვავებით ასევე WASP დონალდ ტრამპისა და მისი running mate-ისგან, ვალცი.....ლიბერალია!
გუბერნატორობისას იგი გამოირჩეოდა იმით, რომ ყველანაირად მხარს უჭერდა „დემოკრატთა“ ლიბერალურ „დღის წესრიგს“ აბორტების, უმცირესობების (მათ შორის სექსუალური უმცირესობების) დაცვის მხრივ.
ანუ „მიზნობრივი ელექტორატის“ თვალსაზრისით ვალცი იმაზე ზუსტი არჩევანია, ვიდრე იქნებოდა გუბერნატორი შაპირო.
ისიც ანგარიშში ჩასაგდებია, რომ WASP გუბერნატორი უოლცი ამავდროულად ჯარში (ეროვნულ გვარდიაში) მსახურობდა და ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელიც იყო.
ჰარისის საარჩევნო შტაბის ცნობით, კამალა, ბოლო შეხვედრისას (დავაკვირდეთ ტერმინს) „მოიხიბლა უოლცის აუთენტურობით“
კამალას PR-მენეჯერებმა ესეც ზუსტად გათვალეს, რომ უოლცი ზუსტად იმ თეთრკანიან ელექტორატს მოიზიდავდა, რომელსაც აშინებს დონალდ ტრამპის რადიკალიზმი, მაგრამ სჭირდებოდა დამატებითი მოტივატორი, რათა „დემოკრატებისთვის“ მიეცა ხმა.
თუმცა, მეორეს მხრივ, უოლცის კანდიდატურას სერიოზული სისუსტეები და რისკებიც ახლავს თან: ტრამპის გუნდი უკვე აცხადებს, რომ კამალამ და დემოკრატებმა ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს „ანტისემიტი, ანტიისრაელელი მემარცხენე რადიკალი“, რომელიც ხშირად აკრიტიკებს ისრაელს ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაციისა და ზოგადად პალესტინელთა მიმართ პოლიტიკის გამო.
ეს სერიოზული არგუმენტია ამერიკაში, თუმცა მეორეს მხრივ, არც აშშ ებრაული Community და არც შესაბამისი ელექტორატი „დემებს“ ხმას ისედაც არ მისცემდნენ.
სამაგიეროდ, არაბული და მუსლიმური Community უოლცის კანდიდატს აღფრთოვანებით მიიღებს და დამატებითი მოტივაციაც ექნება; მით უმეტეს, რომ იგი სწორედაც თეთრკანიან უმრავლესობას წარმოადგენს და მაინც პალესტინის მხარდამჭერია.
უოლცი მეორე ვადითაა მინესოტას გუბერნატორი. მანამდე 12 წელი კონგრესმენი იყო.
თანაც იმ შტატში მიაღწია ამგვარ კარიერულ და პოლიტიკურ წარმატებებს, სადაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში, მანამდე, „რესპები“ დომინირებდნენ.
ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია: ბევრი ანალიტიკოსი ახლა წერს, რომ 5 ნოემბრის არჩევნების მთავარი თემა და შეჯიბრი თუ ინტრიგა გახდება თუ რომელი მხარე „წაჰგლეჯს“ მოწინააღმდეგეს იმ შტატებს, სადაც ტრადიციულად უფრო ხშირად მოწინააღმდეგეები იმარჯვებდნენ და ზუსტად ამ მომენტმა შეიძლება გადაწყვიტოს არჩევნების ბედი, რაკი ისევ და ისევ შეგახსენებთ, რომ ამერიკაში პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები არ ტარდება: მოქალაქეები ირჩევენ „ხმოსნებს“ დიდ და პატარა შტატებში; ხოლო ამ „ხმოსნების“ რაოდენობა სულაც არ არის ზუსტად შესაბამისი შტატების მოსახლეობის რიცხოვნობისა.
„მაგ ნაბიჭვარს აუცილებლად ვადარდებთ, რომ შავკანიანმა ქალმა ამოჰკრა პანღური“ - უკვე, ნომინირებიდან პირველივე დღეს თქვა უოლცმა დონალდ ტრამპზე. (“And how often in the world do you make that bastard wake up afterwards and know that a Black woman kicked his a**, sent him on the road?”)
ესეც ძალიან ჭკვიანური გათვლაა „დემების“ PR და ელექტორალური „ინჟინრებისა“: მიმდინარე საარჩევნო კამპანია ყველაზე ბინძური იქნება ალბათ ამერიკის ისტორიაში და სჯობს WASP ტრამპს ასეთივე WASP უოლცმა აგინოს.
სხვა შემთხვევაში, რასობრივი ალუზიები და სახიფათო ნარატივები აუცილებლად წარმოიშობოდა.
მეორე სისუსტე ის არის, რომ წმინდად ელექტორალური თვალსაზრისით, იმავე გუბერნატორ შაპიროს უფრო მაღალი რეიტინგი ჰქონდა (ზუსტად ამ მიზეზით უტევდა ტრამპი შაპიროს) ვიდრე უოლცს, თუმცა როგორც „დემების“ გუნდში თვლიან, ეს გამოსწორებადია.
მაგალითად ტიმის პირველი გამოსვლა საარჩევნო მიტინგზე კამალასთან ერთად ძალიან ძლიერი იყო ორატორული თვალსაზრისით და ზოგადადაც ეს „წყვილი“ კარგად „ჩანს“ ეკრანზე, რასაც ამერიკაში, სადაც მეფობს ტელევიზია, სადაც მეფობს „სურათ-ხატი“ გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძელბა ჰქონდეს.
კიდევ ერთი საინტერესო ნიუანსია, რომ დამკვირვებლები გუბერნატორ უოლცს უწოდებენ „ძლიერ ხელს“ ანუ იგი „მკაცრი ხელით“ ახორციელებდაო შტატში „მემარცხენე დღის წესრიგს“ იქნებოდა ეს აბორტები თუ მაგალითად სკოლებში უფასო სადილი ბავშვებისთვის
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვიქტორ ორბანი განსაკუთრებით სახიფათო ანტიევროპული და ანტიდასავლური (შესაბამისად პუტინის მოკავშირე) ფენომენი ხდება.
27 ივლისს, რუმინეთში (!) გამართულ ფესტივალზე, სადაც ტრადიციულად გამოდიან ხოლმე ევროპელი პოლიტიკური ლიდერები და სახელმწიფო მოღვაწეები, ორბანმა ისეთი „სფიჩი დაარტყა“, პუტინის იდეოლოგ დუგინსაც კი შეშურდებოდა.
ორბანის თქმით, დასავლური ცივილიზაცია დაღუპვის წინაშეა, რაკი უარი თქვა საკუთარ ფესვებზე და გადაჰყვა (შეპყრობილია) „ლენონიზმით“ (Lennonizm), რომელსაც თურმე სათავე დაუდო ჯონ ლენონმა მისი 1971 წლის შედევრით, - სიმღერით Imagine
ხოლო ამ „მავნებლური ფილოსოფიის“ საფუძველი, ორბანის ინტერპრეტაციით ისაა, რომ არ არსებობენ მსოფლიოში საზღვრები, არა სახელმწიფოები, არა რელიგიები, არამედ მხოლოდ თავისუფლება როგორც ასეთი.
„ღმერთი მოკვდაო“- გვეუბნება ლენონი“ - ამტკიცებს ორბანი, თუმცა ეს ფრაზა („ღმერთი მოკვდა“, „ღმერთი მკვდარია“) ეკუთვნის არა ლენონს, მით უმეტეს ორბანს არამედ დიდ გერმანელ ფილოსოფოსს ფრიდრიხ ნიცშეს 1880 -იანი წლების ტექსტიდან „მხიარული მეცნიერება“.
რა გასაკვირია, რომ ორბანი „სამარცხვინოს“ უწოდებს ასევე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნას.
და ევროპას სთავაზობს ტრიადას: „ღმერთი, ქვეყანა, ოჯახი“.
ძალიან ჰგავს XIX საუკუნის რუსულ მაქსიმას Православие, Самодержавие, Народность.
ორბანის მტკიცებით, ევროკავშირმა გამოზარდა „აგრესიული ჯუჯა“ ნორმალური ადამიანის ნაცვლად და ევროპა იქცა „მუზეუმად ღია ცის ქვეშ“
ორბანის მთქმით, დასავლეთ ევროპას უკვე არაფერი ეშველება. ანუ აღარაფერი ეშველება საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას......ევროპული ცივილიზაციის გადარჩენა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას (პირველ რიგში იმავე უნგრეთს) ძალუძს.
სხვათა შორის, ორბანის ეს ნარატივი არ არის შემთხვევითი და მას აშკარად „აღმოსავლეთევროპული“ სოციო-ფსიქოლოგიური ფესვებია აქვს, რაკი ეს ქვეყნები ევროკავშირში მაინც „მეორეხარისხოვნად“ აღიქვამენ თავს რაკი ისე და იმგვარად ვერ განვითარდნენ როგორც „ძველი ევროპის“ დიდი ისტორიული სახელმწიფოები.
ამდენად პოლონეთშიც მძლავრობდა ეს ნარატივი კაჩინსკების დროს და ორბანი ახლა ძალუმად ავითარებს.
„ევროპა ჰგავს ბიბლიურ სურათ-ხატს“ სადაც „ბრმებს მიჰყავთ ბრმები“ ხოლო ევროპელი ლიდერები აღიარებენ „ნულოვან რელიგიას“ ესე იგი არარელიგიურობას, მაშასადამე რელიგიის, როგორც ღირებულებათა შემოქმედი ინსტიტუციის სიყალბესო - ამტკიცებს ორბანი
კი მაგრამ...... ნუთუ ორბანმა, რომელიც წარმოადგენს უნგრეთს - ოდესღაც სსრკ-ს მიერ დაპყრობილ და ნატანჯ-ნაგვემ პოსტ-კომუნისტურ ქვეყანას, არ იცის, რომ ევროპაში სოციალურ ღირებულებებს მოქალაქეობა, ასევე ადამიანის უფლებათა, ესე იგი პიროვნების პრიორიტეტულობა ქმნის და არა რელიგია?
რომელ საუკუნეში ცხოვრობს ეს ადამიანი საერთოდ?
გაუგებარი მხოლოდ ისაა, ამგვარ ტიპაჟს რა უნდა ევროკავშირში და როგორ დაუშვეს იმავე ევროპის ლიდერმა ცივილიზაციებმა, რომ მას ევროკავშირის მართვის ბერკეტებთან ჰქონოდა წვდომა?
განა გასაკვირია, რომ პუტინს უჭერს მხარს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში?