უდღეური პარლამენტის სადაგი დღე

უდღეური პარლამენტის სადაგი დღე

        დღეს ან ხვალ, 1999 წლის პარლამენტი კვლავინდებურად შეეცდება შეიტანოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რათა მაქსიმალურად გაამარტივოს კენჭისყრის პროცედურა და უზრუნველყოს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. საბედნიეროდ, ამჯერად როგორც ეგრეთ წოდებული, «სამოქალაქო სექტორი» (ანუ ყბადაღებული არასამთავრობო ორგანიზაციები), მათთან დაკავშირებული მედია და პოლიტიკურ პარტიათა აბსოლუტური უმრავლესობა ერთნაირი პასუხისმგებლობით ეკიდება მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, რაკი ესმით, რომ ეს არჩევნები უკანასკნელი შანსია, რათა ქვეყანამ სრული ქაოსი და სამოქალაქო ომი აიცილოს თავიდან. მართლაც, ან კლინიკური იდიოტი უნდა იყოს ვინმე, ან მართლა საქართველოს დაუძინებელი მტერი, რომ სტაბილიზების და საკონსტიტუციო კალაპოტში დარჩენის ეს უკანასკნელი შესაძლებლობა წაართვას ქვეყანას. მაგრამ ამას არავითარი კავშირი არა აქვს დღევანდელ სამარცხვინო პალამენტთან, რომელიც სამუდამოდ შევა ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში, როგორც ყველაზე უნიათო- უმაქნისი და არაფრის შემძლე.
        მიუხედავად ამისა, პარლამენტმა უნდა მიიღოს ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და მხოლოდ ამჟამინდელი სუვერენის (ანუ რევოლუციის ორგანიზატორი ძალის) დამსახურება იქნება, თუ მას აიძულებს, იმოქმედოს ქვეყნის სამომავლო პერსპექტივის გათვალისწინებით. მაგალითად, რევლუციის დროს აქტიურად საუბრობდნენ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რაც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უნდა განხორციელებულიყო. ეს საკითხი ამჟამადაც აქტუალურია და ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი თვით გადაიდება საპარლამენტოარჩევნები, ანუ კიდევ რამდენ თვეს იმუშავებს ამჟამინდელი პარლამენტი.
        როგორც ჩანს, ამ საკითხზე საზოგადოებაში კონსენსუსი არსებობს, განსხვავებით საკონსტიტუციო ცვლილებებისა, ანუ არავინ დავობს, რომ პრეზიდენტის სახით ქვეყანას სჭირდება ლეგიტიმური აღმასრულებელი ხელისუფლება, რათა ქვეყანა ქაოსში არ ჩაძიროს. მაგრამ რაც შეეხება პარლამენტს, ბევრი არაფერი დაშავდება, თუ ამჟამინდელი პარლამენტი კიდევ რამდენიმე თვეს იარსებებს და მხოლოდ მას შემდეგ დაასრულებს თავის უბადრუკ სიცოცხლეს, რაც სუვერენი მისგან მაქსიმალურ რეფორმას «გამოუწრავს». მომავალი პარლამენტი კი (განურჩევლად იმისა, ახალი აირჩევა თუ საბოლოოდ 2 ნოემბრის პარლამენგტს სცნობს საკონსტიტუციო სასამართლო, რაც გამორიცხული სულაც არ არის), შეიძლება, ბევრად უფრო უმართავი აღმოჩნდეს. კაცმ არომ თქვას, რეფორმათა გასატარებლად «დამჯერე» და «მშიშარა» პარლამენტი სჯობს, გააჩნია, რა რეფორმას შესთავაზებს ქვეყანას ხელისუფლება, დღეს პარლამენტისათვის საცდელი სხდომაა, როდესაც პრინციპრულად უნდა გადაწყდეს საარჩევნო პროცედურათა საკითხი.
        თუ პარლამენტი ამ პროცედურას გაამარტივებს, მაშინ იარსებებს იმის გარანტია, რომ შემდეგ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე აღარ განმეორდება ის მარაზმი, რაც 2 ნოემბერს მოხდა, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ მეტისმეტად გართულებული საარჩევნო პროცედურები იყო. ამ «სასინჯი ქვის» გადალახვის (ანუ აბსოლუტური უმრავლესობის – 118 ხმის) დაგროვების შემდეგ, შეიძლება დაიწყოს ფიქრი საკონსტიტუციო რეფორმებზე, რაც გულისხმობს მინისტრთა კაბინეტის შემოღებას და ამით სახელისუფლებო სისტემის ძირეულ შეცვლას. პრემიერ-მინისტრის პოსტის დაფუძნება უკვე გარდაუვალია, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, რევოლუციის შედეგად შემდგარი ძალთა ბალანსი რეალურად ვერ განხორციელდება.
        ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ბათუმში დღეს დაწყებულ კონსულტაციებზე, მაგრამ «აღორძინების» გარეშეც პარლამენტში სავსებით შესაძლებელია საკონსტიტუციო უმრავლესობის შეგროვება. შეიძლება ითქვას, ასეთი შანსი საკონსტიტუციო რეფორმის მომხრეებს საერთოდ აღარ ექნებათ, ალბათ, უახლოესი ათწლეულების განმალვობაში, ამდენად, მისი ხელიდან გაშვება და «დიქტატორული» მეთოდებით, ტრადიციულად, კონსერვატიული ქართული საკანონმდებლო ორგანოს იძულება, გადადგას რეფორმატორული ნაბიჯები, უპატიებელი შეცდომა იქნებოდა.

დილის გაზეთი, 10 დეკემბერი, 2003 წელი