საერთაშორისო მიმოხილვა. 12 აგვისტო 2022 წელი.
აფხაზეთის `მთავარი სანიტარული ექიმი` ლიუდმილა სკორიკი....გაქრა.
გაქრა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მას აფხაზეთის `პროკურატურა` აფხაზეთის `ბიუჯეტიდან` ასეულობით მილიონი რუბლის მოპარვას აბრალებდა. იგულისხმება, რასაკვირველია, მოსკოვიდან დოტაციი სახით გადმორიცხული თანხები, რაც ეპიდემიასთან ბრძოლას უნდა მოხმარებოდა.
აფხაზეთი არ არის სახელმწიფო. აფხაზეთი არის ტერიტორია და სასაცილოა განცხადებები, რომ თუ სკორიკმა გაასწრო (თუნდაც იმავე რუსეთში) ახლა მას ვინმე იპოვის და დააბრუნებს.
. . . . . . . . . . . . . .
სოხუმელმა `მარშრუტკების მძღოლებმა` გუშინ გაფიცვა მოაწყეს და იმუქრებოდნენ: ბენზინი გაძვირდა, ჩვენც იძულებულნი ვართ გავაძვიროთ მგზავრობა, ანუ მგზავრებს დავკარგავთ, შემოსავალი მოგვაკლდება და....თუ ხელისუფლება, პრეზიდენტი ბჟანია და პრემიერი ანქვაბი ბენზინს არ გააიაფებენ, გზებს გადავკეტავთო.
აფხაზეთის ხელისუფლებას შეეშინდა და რაკი ბენზინის გაიაფება აბსოლუტურად არარეალურია (რუსეთიდან შემოდის, რუსეთი კი აფხაზეთს იაფ ბენიზნს აღარ აძლევს, რაკი ბიჭვინთის აგარაკის გადაცემაზე უარი უთხრეს) აფხაზეთის მთავრობამ მოჩხრიკა ბიუჯეტი - მძღოლები დააკმაყოფილა და გააჩუმა იმით, რომ ბიუჯეტიდან მათთვის ბენზინის შესაძენად დოტაცია გამოჰყო.
ახლა კი გააჩუმა, მაგრამ თუ მოსკოვმა ფული აღარ გადმოურიცხა, მერე რას იზამს? საიდან მოიტანს ამ `დოტაციებს`?
იქ სერიოზული კონფლიქტის მომწიფება გრძელდება ბიჭვინთის აგარაკის გამო.
აქვე უნდა ითქვას, რომ აფხაზეთის ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს, პუტინს არც ბიჭვინთის აგარაკი გადასცეს და დოტაციებიც შეინარჩუნოს.
დავაკვირდეთ რას აკეთებს ახლა `პრეზიდენტი ბჟანია`: მოსკოვში წავიდა და შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს, რომელიც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი იყო და სწორედ მან აღიარა აფხაზეთის ე.წ. `დამოუკიდებლობა`.
აფხაზეთის პრეზიდენტი კი მედვედევს დაახლოებით შემდეგს ეუბნება: `გარკვეული ძალები აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას ცდილობენ ბიჭვინთის აგარაკის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნით....გთხოვთ მხარდაჭერას, რადგან აფხაზეთის დახმარებით(!) საქართველოზე გამარჯვება ხომ თქვენი ისტორიული დამსახურებაა? თქვენ ხომ ამით შეხვედით ისტორიაში, რომ სცანით აფხაზეთის დამოუკიდებლობა? განა რად გინდათ ახლა ეს თქვენი ისტორიული დამსახურება წყალში ჩაიყაროს მხოლოდ იმიტომ, რომ თუნდაც პუტინს მოსწონს ბიჭვინთის აგარაკი?`
`გამოუვა` თუ `არ გამოუვა`, მაგრამ აფხაზური ელიტები როგორც ყოველთვის დიდოსტატურად თამაშობენ სხვადასხვა წინააღდეგობებზე.
იმიტომ, რომ გამორიცხულია მედევდევს მოსწონდეს ახლა მედიაში ამტყდარი ხმაური სოხუმსა და მოსკოვს შორის კონფლიქტის შესახებ: გამოდის, სისულელე ჩაუდენია 2008 წლის 26 აგვისტოს, როცა აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა.
მედვედევს რუსეთში საკუთარი მიზნები(ც) აქვს.
. . . . . . . . . . . . . .
მოსამართლის ნებართვით FBI-მ გაასაჯაროვა იმ დოკუმენტების სია, რომელიც ჩხრეკის შედეგად ამოიღო დონალდ ტრამპის ფლორიდის სასახლიდან და მათ შორის ნამდვილად არის დოკუმენტები გრიფით `ზე-საიდუმლო`, რაც ეხება ბირთვული იარაღის თემატიკას.
ეს უკვე დადასტურებულია, თუმცა ტრამპის მრავალმილიონიანი ადვოკატები ახლა ამბობენ, რომ სანამ ამ დოკუმენტებს დონალდ ტრამპი თეთრი სახლიდან საკუთარ სახლში (!) წაიღებდა, მათ `ზე-საიდუმლოს` გრიფი მოხსნაო.
აშშ კანონმდებლობით პრეზიდენტს ჰქონდა და აქვს ნამდვილად ეს უფლება: მიანიჭოს ან მოხსნას ნებისმიერ დოკუმენტს გრიფი `საიდუმლო` ან `ზე-საიდუმლო`.
თუ ადვოკატები ამის დამტკიცებას შეძლებენ, მაშინ ეს სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, მაგრამ......სხვა კატეგორიის კითხვებს წარმოშობს: საერთოდ რად გინდა, ან/და რაში გჭირდება ბირთვული საიდუმლოების შემცველი დოკუმენტები საკუთარ სახლში? რატომ გაგაქვს სამსახურეობრივი კაბინეტიდან? ოფისიდან? თან გაცნობიერებულად გაგაქვს ანუ ჯერ ხსნი გრიფს Top secret და მერე გაგაქვს….. ეს ხომ იმას ნიშნავს, რომ შემთხვევით კი არ გაჰყვა არქივს, - რაც წამოიღე ოვალური კაბინეტიდან, - არამედ მიზანმიმართულად გაგაქვს. ჰოდა, რატომ? რა მიზნით?
ანუ, თუ მოხსნა გრიფი, ამ კონკრეტულ ეპიზოდზე ვეღარ შეედავებიან, ამაზე ვერ დაიჭერენ, თუმცა პოლიტიკური ხასიათის კითხვები მაინც წარმოიშობა.
და ეს იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამ პოლიტიკური `აურას` გამო, - რაც ახლა იქმნება ტრამპის გარშემო, - `რესპუბლიკური პარტიის` ისტებლიშმენტს ძალიან გაუჭირდება ტრამპის ნომინირება ხელახლა პრეზიდენტად 2024 წლისთვის. ოღონდ თუ მის ნომინირებაზე უარს უარს იტყვის, საკუთარ საბაზისო, ძირეულ, ღერძულა ელექტორატის კატეგორიასთან მოუწევს დაპირისპირება, მაშინ, როცა ეს კატეგორია დონალდს `აფანატებს`.
პირველი ნიშნები `ქუჩაში` დაპირისპირებისა უკვე გამოჩნდა.
ოღონდ ეს ყოველივე იმ შემთხვევისთვის, თუ გრიფი `ზე-საიდუმლო` მართლა მოხსნა;
აი თუ არ მოუხსნია გრიფი და ისე წაიღო, მაშინ ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი `შპიონაჟის` თაობაზე და 20 წელი ან სამუდამო პატიმრობაა.
მერედა....რაკი სხვა არანაირი მუხლი არ მიესადაგება, როგორი მისაღებია გადაწყვეტილება აშშ პრეზიდენტის `შპიონაჟის` მუხლით გასამართლებისა? ეს ხომ წარმოუდგენელი სიგიჟეა?
ეს ხომ ამერიკის, ამ დიდი ქვეყნის და გლობალური ზესახელმწიფოს პრესტიჟისთვის უდიდესი ზიანია?!!! თანაც ამდენი მტრის წინაშე, რაც ამერიკას ჰყავს მსოფლიოში?
უახლოეს მომავალში ეს რთული კვანძი უნდა გაიხსნას ამერიკაში...... ან განიკვეთოს.
შუალედურ არჩევნებამდე არც ისე დიდი დრო დარჩა.
ასეთი რთული და წინააღმდეგობრივი გამოწვევის წინაშე ამერიკული ისტებლიშმენტი და ამერიკული დემოკრატია, ისტორიულად, დიდი ხანია არ მდგარა.
. . . . . . . . . . . . . .
ეს ქვეყანა ჩვენი მეზობელია, მაგრამ......
ირანის ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მათ `სულაც არ უხარიათ` ლონდონში მცხოვრები ცნობილი ინდუსი მწერლის, სალმან რუშდის დაჭრა ამერიკაში, თუმცა აიათოლლა ჰომეინის ფეტვას (განაჩენის) გაუქმება `იურიდიულად`თურმე არ შეუძლიათ, რადგან ამ განაჩენის გაუქმება მხოლოდ თვით აიათოლლას შეეძლო ისლამის კანონებით და იგი მკვდარიაო.
სხვა აიათოლლას ანუ ისლამის უმაღლეს სულიერ ქურუმს კი გაუქმების უფლება არა აქვსო.
შეგახსენებთ, რომ 1989 წელს, როდესაც ინდუსი წარმოშობის ბრიტანელმა მწერალმა, სალმან რუშდიმ სატირული ელემენტების შემცველი რომანი გამოაქვეყნა ინგლისურ ენაზე წინასწარმეტყველ მუჰამმედის შესახებ, ირანის ისლამური რევოლუციის სულიერმა ლიდერმა, ირანის რეალურმა მმართველმა და დიქტატორმა, აიათოლლა რუჰანი ჰომეინიმ მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ისლამის კანონებით, აიათოლლას აქვს უფლება ამგვარი ფეტვა (განკარგულება, განაჩენი) გამოსცეს. სხვა ნამდვილად ვერავინ გააუქმებს.
1989 წლიდან ინგლისის სპეცსამსახურთა მთელი განყოფილება მუშაობდა რუშდის დასაცავად.
კონსპირაციულ ბინაზე ცხოვრობდა...... 24 საათი მეთვალყურეობდნენ..... თითქმის არსად დადიოდა არც თვითონ, არც ოჯახის წევრები (ეშინოდათ, რომ სასიკვდილო ფეტვა ოჯახის წევრებზე ვრცელდება).
მაგრამ....დრო გადის...... თანდათანობით რუშდიმ `ამოისუნთქა`, `თვალებში გამოიხედა`, ეგონა, რომ მრისხანე აიათოლლას განაჩენმა თავისი თავი და დრო მოჭამა...... მოგზაურობაც დაიწყო და.....გუშინწინ, როცა მკითხველებთან შეხვედრა ჰქონდა ამერიკაში (ძალიან პოპულარული და ნიჭიერი მწერალია ინგლისურენოვან სამყაროში), შავებში ჩაცმული ახალგაზრდა, ირანული წარმოშობის ამერიკელი, 24 წლის ჰადი მათარი მოულოდნელად შეხტა სცენაზე, მივარდა და ათეულობით ჭრილობა მიაყენა დანით.
მათარი შიიტური ისლამის მიმდევარი აღმოჩნდა, რომელიც ირანშია გაბატონებული ტრადიციულად. არის კიდევ სუნიტური ისლამი, - არაბულ ქვეყნების უმრავლესობაში. შიიტური (ირანული) ისლამი ბევრად მძვინვარედ და ფანატიკურად ითვლება დღეს.
რუშდი რეანიმაციაშია და შეერთებულია სასუნთქ აპარატზე.
თვალი დაკარგა, ყელშია დაჭრილი.
გადარჩება თუ არა, ექიმებმა ჯერ არ იციან.
24 წლის ისლამისტი ფანატიკოსი დუმილის უფლებას იყენებს. ბრალს არ აღიარებს.
და ამერიკული მედია სავსეა მისი ამერიკელი მეზობლების მონაყოლით....`უი ისეთი წყნარი და წესიერი ბიჭი იყო......ისეთი უწყინარი.....სულ თავდახრილი ღიმილიანი მოკრძალებით დადიოდა.....მხოლოდ კარგის თქმა შეგვიძლია.......`
ამ დროს ირანის ოფიციოზი (ანუ ირანის ოფიციალური ტელევიზია) ქუჩაში ჩაწერილ ინტერვიუებს ავრცელებს: ჩვეულებრივი გამვლელები, ბავშვებთან ერთად რომ დადიან ქუჩაში, სიხარულის ცრემლს ვერ მალავენ `კეთილშობილი` (ბრჭყალებში რასაკვირველია-დ) ღიმილით: `მადლობა ჩვენს კეთილ უფალს, რომ დასაჯა წინასწარმეტყველის შეურაცხმყოფელი...ასეთი ბედნიერება დიდი ხანია არ განმიცდია....მივედი და ჩემი ჩვილი შვილი გადავკოცნე, ჩავიხუტე სიხარულით და სიყვარულით.... თან ვტიროდი......სიკეთემ იზეიმა....რა კეთილია ალლაჰი, რომ ეს სიხარული განგვაცდევინა....`და ა.შ.
ეს ადამიანები აბსოლუტურად გულწრფელნი არიან. არავინ აძალებთ, მართლა ასე ფიქრობენ, მართლა `კეთილშობილება` ჰგონიათ უდანაშაულო ადამიანის ასე სასტიკად დაჭრა და მოკვლა
ხელისუფლებაც მხოლოდ იმიტომ იმართლებს თავს (აბა ჩვენ არ შეგვეძლო განაჩენის გაუქმება და.....) რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან, იმავე ამერიკასთან და ევროპასთან მოლაპარაკებები სჭირდებათ `ირანის ატომურ დოსიეზე` და სანქციების შემსუბუქებაზე.
ამ ქვეყნისგან, რომელიც XIV საუკუნეში (!) ცხოვრობს ახლაც, საქართველოს სულ 300 კილომეტრი აშორებს.
და ეს ქვეყანა 3+3 ფორმატის (თურქეთი, რუსეთი, ირანი, აზერბაიჯანი, სომხეთი.......მოთხოვნილია საქართველოც) თანადამფუძნებელია.
. . . . . . . . . . . . . .
იერუსალიმში არაბმა ისლამისტმა ტერორისტმა ებრაელი მომლოცველებით სავსე ავტობუსს გაუხსნა ცეცხლი `გოდების კედელთან` და..... მიიმალა.
ერთი უბედურებაა, რომ 7 ადამიანი დაიჭრა (2 ძალიან მძიმედ) ამ თავდასხმის შედეგად და მეორე ძალიან ცუდი ისაა, რომ თავდამსხმელი მიიმალა!
ასეთი რამ ისრაელში ძალიან იშვიათად მომხდარა: ტერაქტები, საუბედუროდ ხდება, მაგრამ....`მსროლელი` მიიმალოს?!!! ანუ გაქცევა შეძლოს?
თანაც სად - `გოდების კედელთან?!`
იქ ყველა საინტიმეტრს ისრაელის პოლიცია და არმია (!) აკონტროლებს.
`გოდების კედელს` (სოლომონის ტაძრის ნარჩენს) გადმოჰყურებს `ტაძრეული მთა`, რომელიც მაჰმადიანებისთვის წმიდად ითვლება (მესამეა სიწმიდით - მექასა და მედინას შემდეგ).......... და ეს ადგილი სარგებლობს ერთგვარი `ავტონომიით` იერუსალიმსა და ისრაელში.
ანუ ამ ინციდენტმა (კიდევ ვიმეორებ; არა სხვაგან სადმე, არამედ გოდების კედელთან - ისრაელის `გულის გულში`) შესაძლოა კვლავ აღძრას საკითხი `ტაძრეული მთის` არადეკლარირებული, არაფორმალური, დე-ფაქტო `ავტონომიის დაუშვებლობის შესახებ` რაკი ისრაელელი პოლიციელები იქ შესვლას და ჩხრეკებს ერიდებიან.
ახლა შესაძლოა გაბედონ ტაძრეულის მთაზე შესვლა, ალ აქსას წმიდა მეჩეთში ჩხრეკა.......არაბები აუცილებლად გაუწევენ წინააღმდეგობას, ისრაელის არმია იძულებული გახდება ჩაერიოს და.....ეს უკვე დიდი ომია.
მით უმეტეს, მთელს დიდი რეგიონში არსებული მზარდი დაძაბულობის ფონზე.