ქართულმა ოცნებამ ირმა ინაშვილი ვერ დაამარცხა! - ყაზარმული არჩევნები საგარეჯოში

ქართულმა ოცნებამ ირმა ინაშვილი ვერ დაამარცხა! - ყაზარმული არჩევნები საგარეჯოში

 

ოფიციალური მონაცემებით, საგარეჯოში გამართულ მაჟორიტარულ არჩევნებზე, კოალიცია «ქართული ოცნების» კანდიდატმა, «რესპუბლიკელმა» თამარ ხიდაშელმა მიიღო 7540 ხმა (49.5%) ხოლო «პატრიოტთა ალიანსის» ლიდერმა ირმა ინაშვილმა 6981 (45.83%) მარტივი არითმეტიკით, გამოდის, რომ მმართველი  კოალიციის წარმომადგენელმა ოპონენტს სულ რაღაც 559 ხმით აჯობა!

ასევე იოლია იმის გამოთვლა (რამდენიც არ უნდა იძახოს ახლა «ხიდაშელ მეორემ», – ამის გარეშეც მოვიგებდიო), რომ ეს «ბრწყინვალე გამარჯვება» თითქმის მთლიანად უზრუნველყო იმ სამხედრო ნაწილმა, რომელიც, «ხიდაშელ პირველის» ბრძანების შესაბამისად, სწორედ არჩევნების წინ გააძლიერეს «კადრირებამდე», ანუ  შეიყვანეს დამატებითი კონტინგენტი.

ყოფილი თავდაცვის მინისტრი, დავით თვზაძე, ამასთან დაკავშირებით ღია წერილით მიმართავს არმიას და წერს: «მართლაც ცხვრებივით შეგყარეს მუხროვანში, აკი მართლაც ბატებად გაქციეს საარჩევნო ყუთთან. ღირსება? რა უშინაარსო სიტყვად აქციეთ ეს ცნება თქვენი 100%-ით +2. თქვენ ხართ ევროპული სტანდარტის არმია? თქვენ უნდა დაიცვათ ქვეყანა? ქვეყანა, რომელიც სასაცილოდ ააგდებინეთ ყველას, ვინც ამას შეიტყობს. სირცხვილი. 2008-ში უკანმოუხედავად სირბილი ნაკლები სირცხვილია ვიდრე ეს თქვენი 100% +2. 2008-ში მოსახლეობა შეატოვეთ მტერს, 2015- ის 31 ოქტომბერს თქვენ თვითონ იქეცით ამ მოსახლეობის მტრად. აი ეს არის სულ. იცხოვრეთ ახლა ამ განცდით» – აცხადებს გენერალი დავით თევზაძე.

თუმცა, ოფიცრისა და ჯარისკაცის ღირსების საკითხი სამხედროებმა თავად გაარკვიონ საკუთარ წრეში. ოღონდ, იმ დათქმით, რომ «ხიდაშელ–პირველის» მიერ ნატო–რუსეთის თემის «ყურით მოთრევა», ამ შემთხვევაში, პირწავარდნილი დემაგოგიაა და სხვა არაფერი! სინამდვილეში, ეს უფრო «ადმინისტრაციული რესურსი» იყო, ვიდრე საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ყბადაღებული დისკურსი.

და აქვე უნდა ითქვას: რომ არა ხსენებული «ადმინისტრაციული რესურსი», აგრეთვე ხელისუფლების კანდიდატობა, «ხიდაშელ–მეორე» იმ 7540 ხმიდან 2%–საც ვერ აიღებდა პიროვნულად. ანუ, აიღებდა დაახლოებით იმდენს, რამდენსაც ზოგადად იღებდა მისი პარტია ყველა არჩევნებზე, სანამ 2011 წელს ბიძინა ივანიშვილს დასჭირდებოდა ლეგიტიმაციისათვის.

რატომ და როგორ იქცა, ამ ქვეყანაში, «რესპუბლიკური პარტია»  მთავარ პოლიტიკურ ლეგიტიმატორად (მათ შორის ძველი ნომენკლატურისათვის) 1990 წლიდან დაწყებული, – სხვა, თანაც საკმაოდ რთული თემაა. ამჯერად მხოლოდ დასკვნას დავდებ: საგარეჯოს არჩევნებმა დაადასტურა, რომ პარტია «ქართული ოცნება» არათუ უარს არ იტყვის «რესპუბლიკელებთან» ალიანსზე 2016 წლის არჩევნებისას, არამედ ყველაზე ინტიმურ სურვილებსაც კი დაუმაყოფილებს, ოღონდაც  «ნაციონალებთან» პირისპირ არ დარჩეს. იმიტომ, რომ როგორც კი «მიშას პარტიასთან» პირისპირ დარჩება, სულ ადვილად შეჭამენ «ძვლებიანად», – თოფაძიანად და მეჭიაურიანად იმ შემთხვევაშიც კი (აი, ესაა ყველაზე ნიშანდობილივი), თუ ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას მართლა სტალინი ურჩევნია რონალდ რეიგანს და სტალინის ძეგლი – რეიგანის ძეგლს!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ ამჯერად კიდევ სხვა რამაა საინტერესო – უფრო პოლიტიკური ზნეობის რაკურსში. აბა წარმოიდგინეთ, ძვირფასო მკითხველო, რომ «ხიდაშელ პირველი» ბრძანდება არა თავდაცვის მინისტრი, არამედ ოპოზიციონერი.  წარმოიდგინეთ, მისი მოწინააღმდეგე  ხელისუფლება, მაჟორიტარულ არჩევნებზე სახელისუფლებო კანდიდატის მხარდასაჭერად, კადრირებამდე ავსებს «სპეცუბანს», ანუ შეჰყავს იქ ის საცოდავი სამხედრო კონტინგენტი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ «წკიპზეა» ოპოზიციონერ კანდიდატთან; აგზავნის «ადგილზე აგიტაციისათვის» ნაპროკურორალ (გარემოს დაცვის) მინისტრს, თავდაცვის მინისტრიც ლამის პირადად ერთვება საქმეში, ხოლო  გამგებლები, საარჩევნო უბნებთან სცემენ ოპოციონერი კანდიდატის მხარდამჭერებს.

წარმოიდგიენთ? ახლა, თუ არა შეგეშინდებათ, ისიც წარმოიდგინეთ, რა ჰარპუნგარჭობილი ვეშაპივით იბღავლებდა ყოველივე ამის გამო ოპოზიციონერი თინიკო ხიდაშელი!

 მაგრამ რას იზამ: «ხელისუფლება ადამიანებსა და პოლიტიკოსებს ცვლისო», ეს მხოლოდ მიშა სააკაშვილზე როდია ნათქვამი – უფრო ზოგადი წესია, რაც სრულებითაც არ უნდა გვიშლიდეს ხელს. ამ ფერისცვალებისა  და ღირებულებებისადმი ესოდენ «ერთგულებაზე» საჯაროდ მაინც ვიმსჯელოთ.

არანაკლებ  საგულისხმოა «საგარეჯოს» პოლიტიკური შედეგი. ჯერ ერთი, მეორე ტური რომ გამართულიყო ამ არჩევნებზე (სამწუხაროდ, ჯერ–ჯერობით ამ წესს საარჩევნო კანონდებლობა არ ითვალისწინებს) ირმა ინაშვილი აუცილებლად მოიგებდა, რადგან მეორე ტურში მონაწილეობის მისაღებად მივიდოდა ამომრჩევლის ის კატეგორია, რომელმაც პირველ ტურში მონაწილეობა არ მიიღო «რა აზრი აქვს –  ხელისუფლება ხომ მაინც მოიგებს» სინდრომით.

ზუსტად ასე და ამიტომ იგებდა ყველა არჩევნებს (ირმა ინაშვილის მიერ ჭკვიანურად  ორგანიზებულ «გლდანის ციხის სკანდალამდე») „ნაციონალური ხელისუფლება» და ამიტომაც არ უნდოდათ,  არაფრის დიდებით, 50%+1 ხმის პრინციპის დამკვიდრება.

ახლა  მოუნდათ, – როდესაც უკვე აღარ არიან ხელისუფლებაში.

აქვე ისიც უნდა ითქვას რომ ე.წ. «მთავარმა ოპოზიციურმა ძალებმა», მათ შორის «ნაციონალურმა მოძრაობამ» და სხვებმა (ბურჯანაძის ჩათვლით) საგარეჯოს არჩევნებს ბოიკოტი, სინამდვილეში, იმიტომ კი არ გამოუცხადეს, რომ თურმე საარჩევნო კოდექსში  დაგეგმილი ცვლილებები მიიჩნიეს არადემოკრატიულად და არასაკმარისად, არამედ დამარცხების შეეშინდათ!

არადა, ეს დამარცხება, პოლიტიკურად, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა, ანუ მთლიანად გადახაზავდა ბოლოდროინდელ სოციოლოგიურ კვლევათა შედეგებს, რადგან არათუ «დიდად», არამედ მთლიანად განსაზღვრავდა იმ 60–65%–ის დამოკიდებულებას, რომელმაც კვლევისას განაცხადა, რომ «ჯერ არ გადაუწყვეტია», ან «არ იცის», ვის მისცემს ხმას 2016 წელს.

ამ ქვეყანაში ჩამოყალიბებული ტრადიციით, ამომრჩევლის «ობივატელური უმრავლესობა» (განსხვავებით «პასიონარული უმცირესობისგან», ვისაც მყარად ჩამოყალიბებული ღირებულებები, შესაბამისად მკაფიო პრიორიტეტი აქვს), თუ არჩევნებზე საერთოდ მივიდა, ხმას მუდამ იმას აძლევს, ვინც უფრო «მაგარი» ჩანს მის თვალში და ვინც «ისედაც იგებს».

სწორედ ამ თვალსაზრისით, ირმა ინაშვილის «თითქმის მოგება» (ხოლო ყაზარმული ხმების გამოკლებით ნამდვილად მოგება!)  ამ პოლიტიკური ძალის სერიოზული წარმატებაა! იმდენად სერიოზული, რომ უკვე ყოველგვარი რისკის გარეშე შეგვიძლია ვივარაუდოთ: «პატრიოტთა ალიანსი», მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა, ნამდვილად გადალახავს ბარიერს 2016 წლის საპარლამენტო  არჩევნებზე და აუცილებლად იქნება წარმოდგენილი თუნდაც არამრავალრიცხოვანი, მაგრამ გავლენიანი  და აქტიური ფრაქციით!

არადა, რაოდენობას, ამ შემთხვევაში, განმსაზღვრელი მნიშვნელობა სწორედაც არა აქვს: ირმა ინაშვილის, დავით თარხან–მოურავის და  მათი თანაგუნდელების მომავალი ფრაქცია პარლამენტში ანგარიშგასაწევი ძალა იქნება, რაკი,  განსხვავებით აბურდულ–დაბურდული, ეკლექტური კოალიციისაგან, აქვთ მკაფიოდ ჩამოყალიბებული ღირებულებები (სხვა საკითხია, მისაღები თუ მიუღებელი) აქედან გამომდინარე, პოლიტიკური დღის წესრიგი და პრიორიტეტები.

ხოლო ირმა ინაშვილს რომ ვერ დაამარცხებს, იმ კოალიციის საქმე მართლა ძალიან ცუდად არის!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ბოლოს.  აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ: ირმა ინაშვილის მოწინააღმდეგე, საგარეჯოში, არა ენჯეოშნიკი «ხიდაშელ მეორე», არამედ გოგი თოფაძე, თამაზ მეჭიაური ან ნებისმიერი სხვა, «ამავე ტიპის» მოღვაწე რომ ყოფილიყო, იგი პირველივე ტურში მოიგებდა, თანაც შეუდარებლად უფრო დიდი უპირატესობით!

მაგრამ ეს, ისევ და ისევ, გვაბრუნებს «ლეგიტიმაციის» თემასთან, რომელიც «ოცნებას» აიძულებს, «რესპუბლიკურ პარტიას» ყველაზე ინტიმური სურვილებიც დაუკმაყოფილოს.