ლარს მოსახლეობის უნდობლობა აიაფებს

ლარს მოსახლეობის უნდობლობა აიაფებს

  

    საქართველოს ფინანსურ ბაზარზე კვლავ ძალზე არასტაბილური მდგომარეობაა. ქართულმა ეროვნულმა ვალუტამ ჯერ მაინც ვერ მიაგნო «ეკვილიბრიუმს», ანუ იმ წონასწორობის წერტილს, რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულებას მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
    აქვე უნდა ითქვას, რომ «სავაჭრო სალდო» აქ არაფერ შუაშია, - ლარის რყევა ძირითადად მაინც გამოწვეულია მოსახლეობის დამოკიდებულებით ეროვნული ვალუტისადმი. ძნელი მისახვედრი არ არის, რატომ «გაძვირდა» დოლარი 1998-99 წლის მიჯნაზე.
    ხელისუფლებამ მოახერხა ერთი თვის (მხოლოდ ერთი თვის) ხელფასების, პენსიების და დახმარებების გაცემა. რასაკვირველია, მას იმედი ჰქონდა, მოსახლეობა ამ თანხას სამომხმარებლო ბაზარზე დახარჯავდა და არა საფინანსო ბაზარზე, მაგრამ ანგარიშში კვლავ მოტყუვდა: ხელფასების, პენსიების, დახმარებების სახით გაცემული ათეულობით მილიონი ლარი დაიხარჯა არა პროდუქტების (ელემენტარულად საკვების), არამედ დოლარების შესაძენად. მოსახლეობამ «დაგროვება» არჩია იმ პირობებშიც კი, როცა პროდუქტები საახალწლო სუფრისათვის სჭირდებოდა ქედან კი, თუ ობიექტურნი ვიქნებით, ერთადერთი ლოგიკური დასკვნა გამომდინარეობს: მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ისე არ უჭირს, როგორც სურს წარმოაჩინოს.
    სხვაგვარად ახსნა ამ უცნაური ფენომენისა, უბრალოდ არ არსებობს. ან (ერთადერთი სავარაუდო ალტერნატივაა) დოლარის ბაზარზე ლარი გაიტანა სოფლის მოსახლეობამ, ვინც პროდუქცია გაყიდა და აღებული ლარით უმალვე დოლარი იყიდა. ი
    გივე შეიძლება ითქვას იმპორტიორებზეც, მაგრამ ესეც ხომ მოსახლეობის ნაწილია? მიუხედავად ამ ალტერნატიული ჰიპოთეზისა, მაინც მეჩვენება, რომ ლარის საახალწლო დევალვაციის მიზეზი ისევ და ისევ მისდამი უნდობლობაა - ყველა, ვისაც კი «ზედმეტი» ლარი გამოუჩნდება, უმალვე ცდილობს ლარი დოლარზე გადაახურდაოს, მაგრამ ამ მისწრაფებასაც აქვს ზღვარი.
    უცხოური ვალუტის მყიდველი გარკვეულ ზღვრამდე დარწმუნებულია (ვთქვათ, 1,80-მდე), რომ როცა ლარი დასჭირდება, დოლარის გაყიდვა იმაზე იაფად არ მოუწევს, ვიდრე იყიდა.
    აქ არის სწორედ «ძაღლის თავი» დამარხული. აქ იმალება ძირითადი პრობლემა ლარის სტაბილურობისა, თორემ «უარყოფითი» სავაჭრო სალდო ფარული, აღურიცხავი ექსპორტის გამო გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ოფიციალური სტატისტიკით არის დაფიქსირებული.
    სექტემბერ-დეკემბერში დოლარზე მოთხოვნის განუწყვეტელი ზრდა გამოწვეული იყო ფინანსური სპეკულაციებით, რომელსაც ბანკები აწარმოებდნენ - მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ეროვნული ბანკისაგან ნაყიდი დოლარი გაეტანათ «ვაგზალზე» და გაეყიდათ 2-3 თეთრით უფრო ძვირად, რაც მთლიანობაში ათეულობით ათასი დოლარის მოგებას იძლეოდა.
    ინტერვენციათა შეწყვეტის შემდეგ კი ეს შეუძლებელი გახდა, სამაგიეროდ ეროვნულმა ბანკმა იყიდა 6 მილიონი დოლარი, ანუ გაზარდა ფულადი მასა, რომელიც ბრუნავს მიმოქცევაში.
    ამას არ შეიძლებოდა ზეგავლენა არ მოეხდინა ლარის კურსზე. ლარის რყევის ამპლიტუდა (ზემოაღწერილ პირობებში) მით უფრო მაღალი იქნება, რაც მეტ დოლარს იყიდის ეროვნული ბანკი, ანუ რაც უფრო გაიზრდება ფულადი მასა; თანაც, ეროვნულ ბანკს გადაწყვეტილი აქვს, აღარ მიიღოს მონაწილეობა სავალუტო ვაჭრობაში და არ გამოიტანოს დოლარი გასაყიდად. ეს კი უეჭველად გამოიწვევს «ჩაკეტილი წრის» წარმოშობას: ხელფასებისა და პენსიების გაცემისთანავე გაიზრდება მოთხოვნა «დოლარზე» შესაბამისად, ვინაიდან ლარის მასა ეროვნულ ბანკში აღარ დაბრუნდება. «სპირალი დატრიალდება» ახალ დონეზე და ლარი თანდათანობით, მაგრამ განუხრელად გაუფასურდება;
    მეორეს მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია გასცეს ხელფასები და პენსიები, ანუ ლარი გაუფასურდება ყოველთვიურად და ეს პროცესი შეუქცევად ხასიათს შეიძენს.
    ყალიბდება კატასტროფული ვითარება - ლარის მასა მიმოქცევაში განუწყვეტლივ გაიზრდება, მაგრამ იგი აღარ დაბრუნდება ეროვნულ ბანკში; შესაბამისად, განუწყვეტელი იქნება ლარის კურსის ვარდნა - მოვლენათა ამგვარი განვითარება ფინანსური სისტემის, პერსპექტივაში კი საქართველოს ეკონომიკის სრული ნგრევით დასრულდება.

მერიდიანი, 25 იანვარი, 1999 წელი