ალექსანდრე ძასოხოვი კავკასიაში რუსეთის ემისარია

ალექსანდრე ძასოხოვი კავკასიაში რუსეთის ემისარია

   

    ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში, რა თქმა უნდა, შეთანხმებული იყო რუსეთის ხელისუფლებასთან. არათუ ძასოხოვის, არამედ ასლან მასხადოვის ჩამოსვლაზეც კი ოფიციალური თბილისი მოსკოვის თანხმობას იღებს, ამიტომ თუ საქართველო ჩრდილოეთ კავკასიელ ლიდერებს მასპინძლობს, ეს რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევად ვერ აღიქმება. სხვა საქმეა, თვით რუსეთი რა მიზანს ისახავს ძასოხოვის მეშვეობით.
    ეს უკანასკნელი გამოცდილი დიპლომატი და «ჩეკისტია», ამავდროულად, იგი ძალიან კარგად აცნობიერებს ოსი ხალხის სტრატეგიულ ინტერესებს და წარმოუდგენელია, თუნდაც ერთი ნაბიჯი გადადგას რუსეთის საწინააღმდეგოდ.
    ძასოხოვის აქტიურობა კავკასიაში კრემლს საშუალებას აძლევს «გაანეიტრალოს» მისთვის არასასურველი დინებები და კავკასიელ პარტნიორებს თამაშის საკუთარი წესები მოახვიოს თავს.
    მაგალითად, თბილისში ზურაბ ჟვანიასთან საუბრისას ძასოხოვმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს კავკასიაში «ეუთოს» მსგავსი ორგანიზაციის შექმნას და შესაბამისი კონფერენციის მოწვევას. როგორც ცნობილია, ეს იდეა არცთუ დიდი ხნის წინ იჩქერიის ვიცე-პრეზიდენტმა მოვლად უდუგოვმა გამოთქვა, რამაც რუსეთის ხელისუფალნი იმდენად შეაშფოთა, ელცინმა მოსკოვში დაიბარა ჩრდილო-კავკასიის ყველა პრეზიდენტი და სასტიკად დატუქსა.
    თუმცა, ალექსანდრე ძასოხოვი ჭკვიანი პოლიტიკოსია და იცის: ნებისმიერი კარგი საქმის ჩაშლა დისკრედიტაციით უფრო შეიძლება, ვიდრე აკრძალვით.
    ოსები კავკასიაში რუსეთის ყველაზე ერთგული და უღალატო მოკავშირეები არიან. სხვა ჩრდილო-კავკასიელ ხალხთაგან განსხვავებით, მათ ვერ წარმოუდგენიათ თავიანთი ეროვნული განვითარება რუსეთის გარეშე. რუსებმაც დაუფასეს ერთგულება - უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ოსებმა შესაბამისი «გეოპოლიტიკური დივიდენდები» მიიღეს, ანუ ფაქტობრივად შემოიერთეს ე.წ. «სამხრეთ ოსეთი» და ისტორიული მტრების - ინგუშებისგან გაათავისუფლეს ვლადიკავკაზის მიმდებარე «პრიგოროდნი რაიონის» ტერიტორია, ანუ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთისავე დახმარებით ჩაატარეს ფართომაშსტაბიანი ეთნიკური წმენდა.
    ინგუშები ოსებს შეურაცხყოფას არასოდეს აპატიებენ. ათასი წელი რომ გავიდეს, მაინც იძიებენ შურს. ოსებმა ეს შესანიშნავად იციან, ამიტომ არ არის გასაკვირი, თუ ალექსანდრე ძასოხოვი, რომელსაც ნამდვილად ჰყოფნის ნიჭი, ზუსტად განახორციელოს თავისი ხალხის ინტერესები, საქართველოსთანაც ცდილობს ურთიერთობების დამყარებას, ოღონდ «სამხრეთ ოსეთის საკითხში» რაიმე სერიოზული დათმობის გარეშე.
    სწორედ ამ თვალსაზრისით უნდა აღვიქვათ მისი სიტყვები «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ». ეს განცხადება არაფერს ნიშნავს - იგი მხოლოდ დეკლარაციაა და მთლიანად თავსდება ზემოხსენებულ «თამაშის წესში», მაგრამ რეალურად ძასოხოვი საქართველოს სთავაზობს გააფორმოს ფედერაციული ხელშეკრულება «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან».
    საყურადღებოა მისი მრავალმნიშვნელოვანი ფრაზა შევარდნაძესთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ: თუ სახელწოდებას მეტისმეტ ყურადღებას მივაქცევთ, შეიძლება შინაარსი დაგვავიწყდესო. როგორც ჩანს, ძირითადი წინააღმდეგობა სწორედ მომავალი «სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის» სახელწოდებაა.
    ედუარდ შევარდნაძემ უკვე პრინციპული თანხმობა განაცხადა, დააფუძნოს საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკა და მიაკუთვნოს ყოფილ «სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს» - «რესპუბლიკის» სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში. მაგრამ მას ნამდვილად არ ეპიტნავება, ამ რესპუბლიკას «სამხრეთ ოსეთი» ერქვას, ვინაიდან ასეთი სახელწოდება უეჭველად გულისხმობს «ჩრდილოეთ ოსეთისაკენ» ისტორიულ სწრაფვას.
    საქართველოს პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, უპირველესად სწორედ ოპოზიციის გააფთრებულ რეაქციას ითვალისწინებს; ამიტომ ცდილობს «სახელწოდებაში» მაინც მოიგოს, მაგრამ ამ მცდელობიდან არაფერი გამოვა - არც ოსები და არც რუსები სახელწოდებას («სამხრეთ ოსეთი») არ დათმობენ.
    სახელწოდება მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სტატუსი. თუმცა სამხრეთელი ოსები «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» სტატუსზე საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში დათანხმდებიან თუ არა - კიდევ საკითხავია, ვინაიდან ლუდვიგ ჩიბიროვს არაერთგზის განუცხადებია, რომ იგი მოითხოვს, «სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის» სტატუსის საკითხი განხილულ იქნას იმავე კონტექსტში, როგორშიც განიხილება აფხაზეთის პრობლემა».
    მაშასადამე ცხინვალიც ხელშეკრულების გაფორმებას მხოლოდ საერთაშორისო სამართლის და არა საქართველოს კონსტიტუციის საფუძველზე აპირებს.

მერიდიანი, 15 მაისი, 1998 წ.