ბათუმში გადაუღებლად წვიმს

ბათუმში გადაუღებლად წვიმს


   

    ნამდვილად ღვთის (არა აქვს მნიშვნელობა, ალაჰისა თუ ქრისტეს) რისხვად უნდა ჩაითვალოს კოკისპირული წვიმა ბათუმში მემედ აბაშიძის ძეგლის გახსნაზე. როგორც ჩანს, ზეცა განურისხდა პროვოკატორებს, რომელსაც ასლან აბაშიძესა და საქართველოს ხელისუფლებას შორის ურთიერთობის დაძაბვას ცდილობდნენ.
    თუმცა, მემედ აბაშიძე აქ არაფერ შუაშია. მას საქართველოსათვის სიკეთის მეტი არაფერი გაუკეთებია და ნამდვილად ეკუთვნოდა ღირსეული პატივის მიგება. ოღონდ ცოტა არ იყოს, უცნაურია, რომ მისი შთამომავალი თბილისში ჩამოსვლაზე იმ შემთხვევაშიც უარს აცხადებს, თუ აქ მემედ-ბეგის ძეგლი გაიხსნება. «მთავარია ძეგლი გაიხსნას, თორემ მე დავესწრები თუ არა, სხვა საკითხიაო». აბა, წარმოვიდგინოთ, რა ამბავი ატყდებოდა ბათუმში, ედუარდ შევარდნაძესა და ზურაბ ჟვანიასაც იგივე პრინციპით რომ ემოქმედათ - მთავარია ძეგლი გაიხსნას, ჩვენ მანდ ჩამოვალთ თუ არა, სხვა საკითხიაო.
    აღსანიშნავია თვითონ ასლან აბაშიძის საქციელი. მიუხედავად კონფლიქტისა, მან მაინც მოიპატიჟა «თბილისელები» სტუმრად. ედუარდ შევარდნაძის ჩასვლა არავის გაჰკვირვებია, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ჩანს, არ ელოდნენ - აჭარაში ჩასვლით ჟვანიამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ამ რეგიონთან ურთიერთობას იგი ასლან აბაშიძისადმი უარყოფით ან დადებით დამოკიდებულების კონტექსტში არ განიხილავს. სწორედ ამიტომ, მისი ჩასვლა ბათუმში არ იყო აღქმული, როგორც ბოდიშის მოხდა. თუ მასპინძლები «თბილისელი სტუმრების», მათ შორის პარლამენტის ბრალდებული თავმჯდომარის მიმართ სათანადო ყურადღებას არ გამოიჩენდნენ, ეს უფრო მათი სირცხვილი იქნებოდა და არა სტუმრების.
    საბედნიეროდ, აჭარელთა ბუნებამ თავისი გაიტანა და სტუმრები უზრდელობით არავის შეუწუხებია, რაც, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს კონკრეტულ პიროვნებებს შორის კონფლიქტის ამოწურვას. ფარული პოლიტიკური დაპირისპირება უეჭველად გაგრძელდება, «თუმცა ბათუმის ყოველი ახალი «ჭირვეულობის» შემდეგ «თბილისელთა» სტუმრობა აჭარაში, როგორც ყოველთვის, იმის გარანტიას იძლევა, რომ დროებით მაინც (სამი-ოთხი თვით) ეს დაპირისპირება არ გამწვავდება და კვლავ «მდორე» ხასიათს მიიღებს.
    ედუარდ შევარდნაძე კვლავინდებურად უცთომელ ტაქტიკას მიმართავს -აჭარის ლიდერის ყოველ შემოტევას ღიმილითა და «დაშაქრული ფრაზებით» პასუხობს. რამდენიც უნდა ეცადონ მისი ოპონენტები, ასლან აბაშიძის საწინააღმდეგოდ სიტყვას ვერ ათქმევინებენ, ვინაიდან ეს აშკარა კონფრონტაციის დასაწყისი იქნება.
    თუმცა ყველაფერი მაინც აბაშიძეზეა დამოკიდებული. მანაც გარკვეული ზღვარი უნდა დაიცვას და არ გადააჭარბოს, თორემ დღეს 1997 წელია და არა 1992-94. ქართული საზოგადოებრივი და პოლიტიკური ელიტის დამოკიდებულებაც ამ პრობლემისადმი შეიცვალა. ყველა დაიღალა გაუთავებელი ბრალდებებით და ინსინუაციებით. ასლან აბაშიძის თბილისში ჩამოუსვლელობაც თანდათან სხვა ელფერს იძენს და მხოლოდ «პოლიტიკური უთანხმოებად» აღარ აღიქმება.
    იმედია, ასლან აბაშიძეს გამოუჩნდებიან ჭკვიანი მრჩევლები, რომლებიც ეტყვიან, რომ ვითარება ხარისხობრივად და თვისებრივად იცვლება. ამდენად, თბილისისაგან გამიჯვნა უკვე «საქართველოსაგან გამიჯვნა» ხდება, რაც მემედ ბეგ-აბაშიძის შვილიშვილს არ ეკადრება.

მერიდიანი, 3 ნოემბერი, 1997 წ.