როგორ იწყებდა შევარდნაძე კორუფციასთან ბრძოლას. 

როგორ იწყებდა შევარდნაძე კორუფციასთან ბრძოლას. 

        სახელმწიფო კანცელარიაში პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის გადარჩენის სახელმწიფო კომისიის სხდომა, რომელსაც უშუალოდ ედუარდ შევარდნაძე უძღვებოდა, სახელმწიფო მინისტრ გია არსენიშვილთან ერთად. კომისიის სხდომა დაიწყო მსოფლიო ბანკის მიერ განხორციელებულ მართლაც შესანიშნავ თემაზე მსჯელობით (ამ პროექტმა ქართული კულტურის ათეულობით უბრწყინვალესი ძეგლი გადაარჩინა) და გადაიზარდა «ელიტარული ინტელიგენციის» ოხვრა-კვნესაში მატერიალური სიდუხჭირის გამო.
        ინტელიგენციას რომ უჭირს, ფაქტია, მაგრამ «ელიტარული ინტელიგენციის» წუწუნი მაინც სხვა შინაარსისაა: მას უბრალოდ ტკბილი მოგონება, ტკბილი ნოსტალგია «არ ასვენებს» იმ დროისა, როცა ედუარდ შევარდნაძე «ცკ»-ს პირველი მდივანი იყო და ქართულ «ელიტარულ ინტელიგენციას» ცივ ნიავს არ აკარებდა.
        მაშინ ვინ გაბედავდა, აკადემიკოსისთვის 800-მანეთიანი, ხოლო დოქტორისთვის 500-მანეთიანი ხელფასი დაეგვიანებინა? დღეს ას ლარსაც ძლივს იღებენ, მაგრამ ამ ხალხს არაფრის დიდებით სურს გაიგოს, რომ «ცკ»-ს მდივან ედუარდ შევარდნაძისა და დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის შესაძლებლობები არ არის (არც შეიძლება იყოს) ერთი და იგივე, ხოლო დამოუკიდებლობა საქართველოს ედუარდ შევარდნაძემ ნამდვილად არ მოახვია თავს ძალით!
        ხსენებულ 800 მანეთს კი მათ საბჭოთა კავშირის ბიუჯეტი უხდიდა და არა საქართველოს სსრ-ის ბიუჯეტი.
        მიუხედავად ამისა, ედუარდ შევარდნაძემ «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენელთა კრიტიკა, ტრადიციულად, მწვავედ აღიქვა და შეჰპირდა მათ, რომ უახლოეს მომავალში მტკიცე ნაბიჯებს გადადგამს კორუფციის წინააღმდეგ, რათა უზრუნველყოს ბიუჯეტის შევსება და «ინტელიგენტური სარგოების» დროული გაცემა.
        კერძოდ, შევარდნაძის თქმით, ივნისის ბოლომდე იგი გამოაქვეყნებს «პრეზიდენტის ანტიკრიზისულ პროგრამას», რომელიც, ალბათ, გაითვალისწინებს სპეციალური ორგანოს შექმნას კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. პრეზიდენტის განცხადებით, იგი დიდხანს იკავებდა თავს ამ ნაბიჯისგან.
        «იკავებს თავს», ვინაიდან შესანიშნავად იცნობს იმავე ელიტარულ ინტელიგენციას, რომელიც უმალვე ალაპარაკდება «ახალ 37 წელზე», უდანაშაულო ადამიანთა წინააღმდეგ ტერორზე და ასე შემდეგ. ვიღაცას ნათესავი აღმოაჩნდება, ვიღაცას შვილი აღმოაჩნდება, ვიღაცას მეზობელი, კურსელი და სხვა...
        ამიტომ ეს არ არის (პერსონალურად) შევარდნაძის პრობლემა და მის მიერ გამოცემული «დეკრეტი» საქმეს ვერ უშველის. თუმცა, «კანონიერი ტერორის» გარდა, სხვა გზაც რომ არ ჩანს?
        რაც შეეხება «ელიტარული ინტელიგენციის» სოციალურ გაჭირვებას: იმ დროს, როცა ჯარისკაცი მშიერია, ჭეშმარიტი ინტელიგენტი კომუნისტების ხანაში ვაკეში მიღებულ ბინას გაყიდდა და გლდანში გადავიდოდა საცხოვრებლად – ოღონდ მართლა მშიერისთვის ლუკმა არ წაეგლიჯა პირიდან.

დილის გაზეთი, 28 ივნისი, 2000 წელი