საერთაშორისო მიმოხილვა. 20 ივნისი. 2024 წელი
დასავლური მეინსტრიმული მედიის ნომერ პირველი თემაა პუტინის ვიზიტი ჩრდილო კორეაში, სადაც ისეთი დახვედრა მოუწყვეს, მაო ძედუნსაც არ ღირსებია.
ყურადღებას იქცევს არა მასობრივი კლოუნადა „ასი ათასობით კორეელი მშრომელის“ გამოფენით ქუჩებში ან პუტინის მიერ კიმისთვის რუსული ავტომრეწვის შედევრის - ავტომანქანა „Аурус“ ჩუქება, არამედ ხელშეკრულება (პაქტი) სამხედრო ურთიერთდახმარების შესახებ, რაც მხარეებმა გააფორმეს ამ ვიზიტის შედეგად.
„პაქტი“ გულისხმობს, რომ რუსეთი და ჩრდილო კორეა ამიერიდან სამხედრო მოკავშირეები არიან იმდენად, რომ „ერთზე თავდასხმა ჩაითვლება ორივეზე თავდასხმად“.
ესე იგი NATO-ს წესდების მეხუთე პუნქტია, ფაქტობრივად დაქოფიფეისტებული - „კოლექტიური თავდაცვის“ შესახებ.
დასავლელი ავტორები (NYC, WSJ, WP, CNN, Bloomberg, BBC) ვარაუდობენ, რომ ეს „ურთიერთვალდებულება“ იგულისხმებს ბირთვულ სფეროსაც.
და აქ პუტინის გველური სტრატეგია (უკვე არა ტაქტიკა არამედ სტრატეგია) ისაა, რომ ბირთვული თვალსაზრისით დასავლეთისთვის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და სამხრეთ კორეისთვის ფხენიანის „კიმების“ რეჟიმი ბევრად ნაკლებ პროგნოზირებადია, ვიდრე თუნდაც პუტინის რუსეთი.
ანუ რა დროს და რა ვითარებაში გამოიყენებს ჩრდილო კორეა ბირთვულ იარაღს, ეს აბსოლუტურად არავინ იცის და ვერც ვერავინ დააპროგნოზირებს თუნდაც იმ დონეზე, თუ რა დროს და რა ვითარებაში გამოიყენებს ტაქტიკურ, მით უმეტეს სტრატეგიულ ბირთვულ იარაღს პუტინი.
სწორედ ეს გაურკვევლობა სჭირდება ახლა პუტინს ყველაზე მეტად, რათა დასავლეთი დააშინოს და დააშანტაჟოს.
ჩრდილო კორეას აქვს არა მხოლოდ ბირთვული იარაღი (ზუსტი რაოდენობა არავინ იცის) არამედ ამ ბირთვული მუხტების „მიტანის“ საშუალებაც - კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების ჩათვლით.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში ვწერდით, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა გადაწყვიტა ამერიკაში მცხოვრები მილიონობით უკანონო (ძირითადად ესპანურენოვანი) იმიგრანტის გული მოიგოს მათთვის გარანტიების შექმნით, რომ არ გააგდებენ და შრომის უფლებაც ექნებათ.
ოღონდ......თეთრი სახლის წყაროები მეინსტრიმულ მედიას ურჩევენ ყურადღება მიაქციონ, რომ ეს ეხება „დიდხნიან ემიგრანტებს“, რომლებიც წლებია ცხოვრობენ ამერიკაში, ხოლო რაც შეეხება ახალ იმიგრანტებს, ვინც ახლა ცდილობს მექსიკა-ამერიკის საზღვრის კვეთას, ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს გააკეთოს ის, რისთვისაც როგორც თვით ბაიდენი, ასევე სპიკერი ნენსი პელოსი ტრამპს აკრიტიკებდნენ: არათუ გაამკაცროს კონტროლი, არამედ კედელიც ააშენოს მექსიკის საზღვარზე.
ამით ცდილობს ახლა პრეზიდენტი ბაიდენი, ასევე მისი წინასაარჩევნო გუნდი „გადაფაროს“ დონალდ ტრამპის გააფთრებული კრიტიკა, რაკი „უკანონო მიგრაცია მექსიკის საზღვრიდან“ 2024 წლის არჩევნების მთავარი თემა ხდება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკაში რომ არჩევნები გვიახლოვდება ყველას, ერთი საზარელი ქართული გამოთქმა შეესაბამება: „დედა შვილს არ აიყვანს ხელში“;
ეს გუშინ დადასტურდა დონალდ ტრამპის საჯარო გამოსვლისას, როცა მან ბაიდენთან მომავალ დებატებზე ილაპარაკა.
მთელი ამერიკა ელის ახლა დებატებს, რაც ატლანტაშია დანიშნული.
მოდერატორები იქნებიან CNN წამყვანები Jake Tapper and Dana Bash.
ტრამპმა მიტინგზე თქვა, რომ სინამდვილეში დებატები ექნება „ორნახევარ ოპონენტთან“ ანუ ეს ჟურნალისტები, მისი რწმენით, სინამდვილეში მისი მტრები არიან ხოლო ბაიდენი „ნახევარი კაცია“.
„ფეხზე ვერ დგას ეგ უბედური“ - ესაა ბაიდენის გუნდის ნარატივი მოქმედი პრეზიდენტის შესახებ.
და თუ ბაიდენი, მოლოდინის მიუხედავად, არ „გაშეშდება“ მომავალი დებატების დროს ატლანტაში მაშინ?......პასუხი მზად აქვთ: „მაშასადამე ნარკოტიკებით გაბერეს, კოკაინი აყნოსეს“ პრეზიდენტ ბაიდენს.
ამ დროს აქტიურად გამოიყენება თეთრ სახლში მომხდარი უცნაური ფაქტი, როცა Secret service-მა ნამდვილად იპოვა კოკაინი, თუმცა ვერ დაადგინა (ან არ დაადგინა) ვის ეკუთვნოდა ეს კოკაინი.
ბუნებრივად ჩაირთო ასოციაციები: ჯო ბაიდენის შვილი, ჰანტერი ითვლება კოკაინის მომხმარებლად.....
რასაკვირველია ეს ყოველივე ინსინუაციებია და მეტყველებს, რამდენად ბინძური, საზიზღარი (Nasty) იქნება ახლახან დაწყებული საარჩევნო კამპანია:
აბა ელემენტარულად საღი გონების და იოტისოდენა ინტელექტის ადამიანი მიხვდება, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბაიდენს მართლა უჭირს ფეხზე დგომა და ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური თუ „ნერვული გადაღლის“ პრობლემები აქვს........კოკაინის ყნოსვას რატომ დაიწყებდა? განა გაუჭირდა ამერიკას უმაღლესი კლასის ფსიქოტროპული პრეპარატები? ამერიკულ მედიცინას არა აქვს ამგვარი პრეპარატები? „ვერ იშოვიდნენ“? თან ისეთს, ლამის მკვდარს რომ მოაბრუნებს?
დონალდის გუნდმა რასაკვირველია იცის, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან და მის მიერ მიღებულ პრეპარატებთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია სახელმწიფო საიდუმლოებაა, ამიტომ თეთრი სახლის არც ერთი „სტაფერი“ ამაზე არ ილაპარაკებს.
ილაპარაკებს და იგივე Secret service სამუდამოდ ჩასვამს ციხეში სახელმწიფო საიდუმლოების გაცემისთვის.
მაგრამ ტრამპის გუნდი ამ თემას აქტიურად ექსპლუატირებს.
თავის მხრივ ბაიდენიც ემზადება დებატებისთვის და „სათქმელი“ მასაც უამრავი აქვს.
ამერიკისთვის Nasty, საზიზღარი საარჩევნო კამპანიები ზოგადად უჩვეულო სულაც არაა. ეს დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია. ამის ალტერნატივაა რუსეთში ან ჩრდილო კორეაში „არჩევნებად“ წოდებული კლოუნადა.
ოღონდ ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატები ნამდვილად დგას სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე და საარჩევნო კამპანიას, მათ შორის დებატებს ლამის სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
აქვე აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპსა და ჯო ბაიდენს შორის რეიტინგული სხვაობა კვლავინდებურად მიზერია (ტრამპი ოდნავ უსწრებს) და დებატებიც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
საფრანგეთი მოესწრო იმას, რომ ევროკავშირმა „ყვითელი ბარათი“ უჩვენა ანუ შესაძლო ფინანსური სანქციებით დაემუქრა საბიუჯეტო დეფიციტის მეტისმეტად მაღალი დონის გამო.
პრეზიდენტი მაკრონი, რომელმაც რამდენიმე თამამი განცხადება გააკეთა უკრაინაში ფრანგული ჯარების შესაძლო გაგზავნის თაობაზე, უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა: ევროპარლამენტის არჩევნებში მარინ ლე პენის ნაციონალისტებთან დამარცხების შემდეგ ემანუელ მაკრონმა ეროვნული ასამბლეას ახალი არჩევები დანიშნა.
ეს არჩევნები სულ რაღაც ორი კვირის შემდეგ უნდა გაიმართოს;
ამ დროს ევროკავშირი საფრანგეთს მკაცრი ფინანსური სანქციებით ემუქრება „საბიუჯეტო-ფისკალური დისციპლინის დარღვევისთვის“ და ხარჯების შემცირებას მოითხოვს;
ამასობაში კი, ლე პენის „ნაციონალური ერთობის“ ე.წ. „ჩრდილოვანი კაბინეტის“ წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ უკრაინისთვის სერიოზული იარაღის მიწოდებას შეწყვეტენ - ვაითუ პუტინი გაბრაზდეს და აღმოსავლეთ ევროპას შეუტიოსო.
ანუ....... განა საკითხავია ვის მხარეს იქნება კრემლი ამ არჩევნებში?
მეორეს მხრივ, მაკრონს, ფრანგული დემოკრატიული ტრადიციით, არ შეეძლო არჩევნები არ დაენიშნა! – „აბა თუ ხალხი ჩვენს პარტიას არ უჭერს მხარს რაღა უფლება გვაქვს ხელისუფლებაში დავრჩეთო“.
ეს ლოგიკა პოსტსაბჭოური მენტალობისთვის გაუგებარია. მაგრამ ევროპისთვის და საფრანგეთისთვის - თვისებრივია!
სულაც არ არის გამორიცხული მაკრონის პარტიამ „ეროვნული ასამბლეის“ არჩევნები მოიგოს, რაკი „მშობლიური პარლამენტის“ არჩევნებზე ფრანგი მოქალაქეები სხვა განწყობით გადიან, ვიდრე ევროპარლამენტის არჩევნებზე.
ანუ, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა ჩანდეს თითქოს, არ არის გამორიცხული მარინ ლე პენის პარტიამ „ფარნგული“ არჩევნები მაინც წააგოს მიუხედავად იმისა, რომ „ევროპული არჩევნები“ მოიგო.
სინამდვილეში არაფერი გასაკვირი აქ არ არის და ხშირად მომხდარა: ელექტორატის კონკრეტული, ფუნქციონალური განწყობაა მთავარი და განმსაზღვრელი.
თუმცა ყველაფერი შესაძლებელია და ფრანგი ნაცისტების გამარჯვება კატასტროფა იქნება უკრაინისთვის.
ზოგადად ევროპაში ყველა „მემარჯვენე რადიკალი“ და ყველა „მემარცხენე რადიკალი“ პუტინისტია.
აბა ზომიერი, ნორმალური და „დალაგებული“ ადამიანი ან პარტია როგორ შეიძლება „პუტინისტი“ იყოს?!
. . . . . . . . . . . . . . . . .
სკანდალი დიდ ბრიტანეთში, სადაც 4 ივლისს ასევე დანიშნულია რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები.
პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის პირადი დაცვის ოფიცერი დააპატიმრეს იმის გამო, რომ მან ბუკმეკერული ფსონი დადო რიგგარეშე არჩევნებზე მაშინ, როცა ჯერ არავინ იცოდა ამის შესახებ და რიგითი არჩევნები კი, ბრიტანეთის პარლამენტისა, მხოლოდ შემოდგომაზე უნდა გამართულიყო.
როგორც ჩანს, ამ ოფიცერმა, რომელიც პრემიერის ვიწრო წრეში შედის, იცოდა მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების შესახებ და მოასწრო ფსონის დადება მანამ, სანამ რიში სუნაკი ამის თაობაზე საჯაროდ განაცხადებდა.
ეს სისხლის სამართლის დანაშაულია ანუ „ინსაიდერული ინფორმაციით ბოროტად სარგებლობა“.
საინტერესოა, რომ შეასძლო დანაშაულის შესახებ პოლიციას თვით ბუკმეკერებმა შეატყობინეს, რაკი საეჭვოდ მიჩნიეს, პრემიერის პირადი მცველი დიდ ფსონს დებდა არჩევნების თარიღზე.