.......ეს იყო «მხედრიონი». ანუ «მაშველთა კორპუსი».

.......ეს იყო «მხედრიონი». ანუ «მაშველთა კორპუსი».

ოთხთა ნიშანი

    1994 წლის 26 მაისს, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკის მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გამართულ სამხედრო აღლუმზე, ჩაიარეს ტანკებმა და სამხედრო კოლონებმა, გამოჩნდა სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ მოქალაქეთა კოლონა, რომელმაც ამაყად და მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ნაბიჯით ჩაუარა ტრიბუნას - ეს იყო «მხედრიონი». ანუ «მაშველთა კორპუსი».
    ამ დროს საქართველოს სახელმწიფო მეთაური, ედუარდ შევარდნაძე, ტრიბუნაზე იდგა და ერთგულ თანამებრძოლებს ესალმებოდა. ვინ იფიქრებდა მაშინ, რომ სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ სურათი კარდინალურად შეიცვლებოდა.
    წელს, 26 მაისს, «მხედრიონი» უკვე ვეღარ გამართავს აღლუმს. არა მხოლოდ იმის გამო, რომ შარშანდელი აღლუმის ბევრი მონაწილე ამჟამად ციხეში იმყოფება, არამედ იმიტომაც, რომ დაირღვა ერთი შეხედვით «ურღვევი მეგობრობა» ედუარდ შევარდნაძესა და ჯაბა იოსელიანს შორის.
    ამჟამად «მეგობრები» სოფისტური კამათით არიან გართულნი: «მე ვამბობდი, რომ ის ჩემი მეგობარია, მაგრამ არასდროს მითქვამს, მე მისი მეგობარი ვარ-მეთქი».

    ჯაბა იოსელიანისა და ედუარდ შევარდნაძის «მეგობრობის» დასრულებით საქართველოში ერთი უაღრესად მნიშვნელოვანი ეპოქა მთავრდება. ამ ტანდემთან ერთად საბოლოოდ იშლება ის «კვარტეტიც», რომელმაც, 1991-1992 წლებში, საქართველოში ე.წ. «დემოკრატიული რევოლუცია» მოაწყო და, რაც მთავარია, ამის შემდეგ ძალაუფლებაც შეინარჩუნა.
    ჯერ კიდევ ვლადიმერ ლენინი ამბობდა, რომ რევოლუციის მოწყობა ადვილია, მაგრამ მთავარია შემდეგ შეინარჩუნო ძალაუფლება ანუ გაუძლო «კონტრრევოლუციის» შემოტევას.
    «კვარტეტმა» ნამდვილად გაუძლო გამოცდას მიუხედავად იმისა, რომ დაიშალა - მისი ერთი წარმომადგენელი ამჟამად ციხეში იმყოფება; დანარჩენი ორიც უახლოეს ხანებში ალბათ აღარ დარჩება ხელისუფლების სათავეში, მაგრამ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ თვით იმ ძალამ, რომელმაც 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება განახორციელა, პოზიციები შეინარჩუნა.
    ედუარდ შევარდნაძეს ჯაბა იოსელიანი ამ «კვარტეტში» ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგედ მიაჩნდა. სწორედ ამიტომ იწყებს მის წინააღმდეგ ბრძოლას ყველაზე გვიან, - მას შემდეგ, რაც საბოლოოდ დაამარცხა სიგუა-კიტოვანის წყვილი.
    «თენგიზების» დამარცხება სრულია და უეჭველი - მათ აღარ გააჩნიათ არც სოციალური ბაზა, არც გავლენა პოლიტიკურ ელიტაში და, როგორც ჩანს, არც საჭირო ფინანსური რეზერვები.
    მაგრამ ჯაბა იოსელიანის გავლენა პოლიტიკურ წრეებში ჯერ კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანია. მას შენარჩუნებული აქვს გარკვეული სოციალური ბაზაც. სწორედ ამიტომ განაცხადა ედუარდ შევარდნაძემ «რუსთავის ინციდენტის» შემდეგ გამართულ მოქალაქეთა კავშირის შეკრებაზე: «ჯაბას დრო ჯერ არ დამდგარა».
    თენგიზ კიტოვანი სულ მთლად მოკვეთილი იყო საზოგადოებისაგან, ჯაბას კი ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ ბევრი უჭერს მხარს.
    სულ მალე ნათელი გახდა, ვის გულისხმობდა შევარდნაძე კონკრეტულად. რადიოინტერვიუში მან პირდაპირ დაასახელა კულტურის მინისტრი, დავით მაღრაძე და მწერალი ლაშა თაბუკაშვილი, რომლებმაც, სხვათა შორის, მიუხედავად სახელმწიფოს მეთაურის «რისხვისა», არ უღალატეს პრინციპებს და უარი არ თქვეს «მხედრიონთან» მეგობრობაზე, რისკენაც მათ ედუარდ შევარდნაძე მოუწოდებდა.
    მას შემდეგ «მხედრიონის» პოზიცია იოტისოდენადაც არ შესუსტებულა». მიუხედავად ამისა, შევარდნაძემ მაინც გადალახა რუბიკონი; როგორც ჩანს ეს იმით აიხსნება, რომ მისი პოზიცია საკმარისად გაძლიერდა და მან მიიღო საჭირო გარანტიები საქართველოში დისლოცირებული რუსეთის ჯარების ხელმძღვანელობისაგან.
    მართლაც, დღეს საქართველოს ძალისმიერი სტრუქტურები (რომ აღარაფერი ვთქვათ მათ მოკავშირეებზე) საკმარისად ძლიერნი არიან იმისათვის, რათა ფიზიკური დაპირისპირების შემთხვევაში ყოველგვარი გაუგებრობა თავიდან იქნეს აცილებული. «მხედრიონის» საერთო რაოდენობა სამი ათასი კაცია, მაშინ, როდესაც პოლიციას (უშიშროების გარეშეც კი) ნებისმიერ დროს შეუძლია ათი ათასი მეომრის გამოყვანა.
    როგორც ჩანს, შევარდნაძემ ეს გარანტიები საკმარისად ჩათვალა იმისათვის, რათა შეტევაზე გადასულიყო და, პოლიტიკური თვალსაზრისით, გაენეიტრალებინა მეტად საშიში კონკურენტი - საზოგადოება «არჩევნების» სახით.
    ბრძოლის ტაქტიკა წინასწარ იყო განსაზღვრული და ერთდროულად პოლიტიკური სტრატეგიის სფეროსაც მოიცავდა. საერთოდ, შევარდნაძეს განსაცვიფრებელი ალღო აქვს, რაც მას ყოველთვის ეხმარება მიიღოს იმგვარი გადაწყვეტილება, გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც, საბოლოო ჯამში, მისი პოზიციის განმტკიცებას უწყობს ხელს. ისიც კი, რაც ხშირად შევარდნაძის შეცდომად აღიქმება, ხშირ შემთხვევაში სავსებით თავსდება ძალაუფლების არსებული ტექნოლოგიის სისტემაში და ემსახურება საერთო-სტრატეგიულ მიზანს.
    რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოეჩვენოს ვინმეს, ომი «მხედრიონის» წინააღმდეგ, საბოლოო ჯამში, ოპოზიციის წინააღმდეგაც არის მიმართული და აი, რატომ: შევარდნაძე კარგად ითვალისწინებს როგორც მოსახლეობის განწყობას «მხედრიონის» მიმართ, ასევე ელექტორატის საერთო-ფსიქოლოგიურ თავისებურებებსაც.
    რაკი ოპოზიცია უკვე თვისობრივად უპირისპირდება ხელისუფლებას, იგი ვერ დაუჭერს მხარს ამ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ვერც ერთ ნაბიჯს. ვიმეორებ: დემოკრატიული ოპონირება შეცვლილია თვისობრივი დაპირისპირებით. ქვეყანაში, ფაქტობრივად, მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. ამ პირობებში ოპოზიციას ისღა დარჩენია რომ, როგორც მინიმუმ, ნეიტრალური იყოს ხელისუფლების მიერ «მხედრიონის» წინააღმდეგ განხორციელებული კამპანიის მიმართ, მაგრამ ქართული საზოგადოების ზემოთხსენებული თავისებურებებიდან გამომდინარე - იგი ნეიტრალიტეტს ამ საკითხში უკვე იმთავითვე აღიქვამს მხარდაჭერად; ანუ, ყალიბდება სტერეოტიპი: ოპოზიცია მხარს უჭერს «მხედრიონს». მით უმეტეს, რომ ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი (მაგალითად, ირაკლი წერეთელი) შიმშილობასაც კი აცხადებს «მხედრიონის» დასაცავად.
    გარდა ამისა, მუშაობს მეორე სტერეოტიპიც - ელექტორატი საკუთარ თავს უსვავს კითხვას: შეძლებს კი ოპოზიცია «მხედრიონის» დამარცხებას იმ შემთხვევაში, თუ მოვა ქვეყნის სათავეში? სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შევარდნაძე თითქოს ქარაგმულად ეუბნება ამომრჩეველს: ის, რაც შემიძლია მე, - ოპოზიციას არ ძალუძს.
    თუ შევარდნაძემ შეძლო ქვეყანაში იმგვარი წინასაარჩევნო ალტერნატივის შექმნა, რომ ამომრჩეველთა ცნობიერებაში სტაბილურობის ცნება მასთან ასოცირდებოდეს, ხოლო დესტაბილიზაციისა კი - ოპოზიციასთან, მაშინ იგი უეჭველად გაიმარჯვებს მომავალ არჩევნებში, რადგან, ახლახან ომ და ქაოსგამოვლილ ქვეყანაში ყველაზე დიდი პრიორიტეტი სწორედ სტაბილურობაა.
    იქმნება ვითარება, როდესაც ოპოზიციის თუნდაც მკვეთრად გამოკვეთილი პოლიტიკური ქმედება დესტრუქციის სახეს იძენს ამომრჩევლის თვალში უკვე იმიტომ, რომ ეს ქმედება «მხედრიონის» ძალისხმევის პარალელურად მიმდინარეობს.
    მაგალითად, «მხედრიონელები» მოითხოვენ უკანონოდ დაკავებული თავიანთი თანამებრძოლების გათავისუფლებას; ოპოზიცია მოითხოვს სახელმწიფოს მეთაურის გადადგომას, ანუ ხელისუფლებაში მოსვლას. ამომრჩევლის ცნობიერებაში ეს ორი მოთხოვნა დაუყოვნებლივ ერწყმის ერთმანეთს და მიღებული შედეგიც თვალნათელია.
    ისღა დაგვრჩენია დავუმატოთ, რომ მთელი ეს მახვილგონივრული პოლიტიკური სისტემა ხელოვნურადაა შექმნილი სახელმწიფოს მეთაურის მიერ. იგი უეჭველად იმუშავებს და უკვე მუშაობს კიდეც.
    არის სხვა პარალელური ხაზებიც: თენგიზ სიგუა, რომელიც, მისდა საბედნიეროდ, 1995 წლის 13 იანვარს არ გაყვა კიტოვანის რაზმს «აფხაზეთის დასაბრუნებლად», ამჟამად გააფთრებით იბრძვის მეგობრისა და თანამებრძოლის განთავისუფლებისათვის. მაგრამ, იმავე მიზეზის გამო, რაც უფრო გააფთრებულია ეს ბრძოლა, მით უფრო მაღლა იწევს შევარდნაძის რეიტინგი.

    ერთი სიტყვით, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ შეთქმულთა ოთხეული დაუნდობლად გლეჯს და ანადგურებს ერთმანეთს. იმთავითვე ნათელი იყო, რომ ისინი ძალაუფლებას ვერ გაიყოფდნენ.
    მცდარი აზრია, თითქოს ოთხეული ორი წყვილისაგან შედგება - სინამდვილეში იგი შედგება ოთხი აბსოლუტურად განსხვავებული ინდივიდუმისაგან, ოთხი თავისთავადი პიროვნებისაგან, რომელნიც «ეპოქისა და იმპერიის მიერ შობილმა საერთო ნიშანმა» გააერთიანა დროებით.
    ამჟამად ოთხეული დაიშალა, მაგრამ როგორც არ უნდა განვითარდეს თითოეული მათგანის ბედი, ისინი იმავე ნიშნის მატარებელნი იქნებიან მარადჟამს.
    «მსგეფსი», 19 მაისი, 1995 წელი.