შავი ზღვის `ელექტროდერეფანი`: დღევანდელი უსაფრთხოება და ხვალინდელი პერსპექტივა

შავი ზღვის `ელექტროდერეფანი`:    დღევანდელი უსაფრთხოება და ხვალინდელი პერსპექტივა
საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერლაიენთან ერთად, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების დონეზე ხელი მოაწერეს შეთანხმებას შავი ზღვის ფსკერზე ისტორიაში პირველი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ. 
 
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ამ ენერგო-დერეფნით აზერბაიჯანს, უკვე სამი-ოთხი წლის შემდეგ,  ექნება საშუალება ევროკავშირს მიაწოდოს 12 გეგავატი ელექტროენერგია. 
 
აქვე უნდა ითქვას, რომ ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი ოდენობაა თვით ევროკავშირის მასშტაბითაც კი. ანუ, როგორც სპეციალისტები ამბობენ ხოლმე „ანგარიშგასაწევი“ ოდენობაა, რომელსაც „ფასწარმოქმნითი ფაქტორის“ მნიშვნელობაც კი ექნება იმ გრანდიოზულ ბაზარზე.
 
შედარებისათვის: ენგურჰესის საპროექტო სიმძლავრე 900 – 1200 მეგავატია, თუმცა რეალურად სამჯერ ნაკლებს გამოიმუშავებს და იმ „ნაკლებიდანაც“ უდიდესი წილი შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აფხაზურ მხარეს „მიაქვს.“
 
უკვე ცხადია,  რატომ ჩამოვიდა ილჰამ ალიევი რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ესოდენ არაორდინალური ვიზიტით: ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე საათი დაჰყო და პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შესახვედრადაც კი ვერ გამოძებნა დრო, რაც ნებისმიერ შემთხვევაში „დიპლომატიური ინციდენტია“. 
 
უამრავი სპეკულაცია იყო იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანელი ლიდერი თითქოს „ნაწყენია საქართველოს სახელმწიფოს მეთაურზე“; შესაძლოა „დავიდ გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან“ დაკავშირებული ცნობილი  ინციდენტის გამო, თუმცა ღიად ამ მოსაზრების ლეგიტიმურობა არც ერთ ოფიციალურ პირს არ დაუდასტურებია ბაქოში ან თბილისში.
 
ასეა თუ ისე, ალიევმა ჯერ შატო-მუხრანში მიაღწია შეთანხმებას ღარიბაშვილთან და მხოლოდ ამის შემდეგ გაფორმდა ხელშეკრულება  ევროკავშირთან, რუმინეთთან და უნგრეთთან. 
 
ბუნებრივია ილჰამ ალიევს, ვისაც თავი რეგიონის უპირობო ლიდერად მიაჩნია ყარაბაღის მეორე ომში  დამაჯერებელი და ეჭვმიუტანელი გამარჯვების შემდეგ, ნამდვილად ერჩივნა, თვითონ კი არ „ხლებოდა“ ღარიბაშვილს, არამედ ღარიბაშვილი ხლებოდა მას ბაქოში სამუშაო ვიზიტით, მაგრამ საქართველოს პრემიერმაც „კახურად იჯიუტა“, რათა ხაზი გაესვა ჩვენი ქვეყნის მნიშვნელობისთვის ამ პროექტში და საკუთარი შიდა-პოლიტიკური რენომეც გაეზარდა. მან ხომ კარგად იცოდა წინასწარ, რომელ პროექტს შეეხებოდა საქმე ალიევის „ექსტრა-ვიზიტის“ დროს.
 
რას მოიგებს საქართველო?
 
ქალბატონმა ურსულა ფონ დერლაიენმა, ასევე ცერემონიის სხვა მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს, რომ საუბარია „მწვანე ენერგიის“ ექსპორტზე საქართველოს გავლით ევროპაში.
 
უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნარატივი უპირველეს ყოვლისა ევროპული „პოლიტკორექტულობის“ გამოვლინებაა და იმ „მწვანე“ ფილოსოფიისა, რომელსაც ევროპა მისდევს უკვე დაახლოებით 50 წელია. ალიევმა ამ ტრადიციას კვერი დაუკრა როდესაც თქვა, რომ მის მიერ ხსენებული 12 გეგავატიდან დიდი წილი მოვა კასპიის ზღვაში ქარის ელექტროსადგურთა გამომუშავებულ, ასევე ჰიდრო-ენერგიაზე.
 
ეს სრულებით რეალურია: კასპიის ზღვაში, - ენერგეტიკოსთა და მეტეოროლოგთა აღიარებით, - მუდმივად არსებობს „ქარის რესურსი“, რათა იქ აიგოს ისეთივე მომგებიანი სისტემა ქარის ელექტროსადგურებისა, როგორიც არსებობს ჩრდილო ევროპის სახელმწიფოთა მიმდებარე წყლებში.
 
თუმცა ყველას, ვინც ხელმოწერისას ამ „პოლიტკორექტულ“ ნარატივს მისდევდა, შესანიშნავად ესმოდა რასაკვირველია: რეალურად ეს მხოლოდ „ქარის“ ანუ „მწვანე“ ენერგია ვერ იქნება და სინამდვილეში ლაპარაკია იმაზე, რომ აზერბაიჯანი, მისი უდიდესი ენერგორესურსების (ბუნებრივი აირისა და ნავთობის) ნაწილს მიმართავს იმ ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად, რაც საქართველოს გავლით ევროკავშირს მიეწოდება.
 
ეს ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საამაყოა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ევროპაში, ესე იგი ხსენებული „მწვანე მსოფლხედვის სამშობლოში“, საქართველო წარმოჩინდება, როგორც ამ მსოფლხედვის ერთგული მიმდევარი და ეკოლოგიის მოამაგე. მით უმეტეს, რომ „ჰიდროენერგეტიკა“, რის განვითარებასაც გეგმავს საქართველო, იმავე „მწვანე“ ენერგო-კონცეპტის ესე იგი „განახლებადი ენერგიის“ ნაწილად ითვლება.
 
ოღონდ მას შემდეგ, როდესაც ეს ენერგოდერეფანი აიგება საქართველოს ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანიდან - ევროკავშირისკენ, საქართველო ტრანზიტის საფასურად, სამწუხაროდ, ევრაფერს მიიღებს. იმიტომ, რომ ევროკავშირის „ენერგეტიკული ქარტია“, რასაც საქართველო რამდენიმე წლის წინ შეუერთდა, კრძალავს ენერგორესურსთა ტრანზიტით შემოსავლის მიღებას, თუ ენერგოდერეფანი შენდება ამ ქარტიის რატიფიცირების შემდეგ: მოქმედ ნავთობსადენებსა და გაზსადენებს იგი არ ეხება.
 
სწორედ ეს იყო ეროკავშირსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობის მთავარი „კატალიზატორი“ გაზსადენ „ჩრდილო ნაკადი-1“-ისა და „ჩრდილო ნაკადი-2“-ის აგებისას, რაც უკრაინის ომის ფონზე იმით დასრულდა, რომ „ვიღაცამ“ ის წყალქვეშა გაზსადენები უბრალოდ ააფეთქა „ჯინაზე“ - ჩვეული იმპერიული „დერჟიმორდობით“.
 
ვის შეეძლო ეს გაეკეთებინა ამ ვითარებაში, ისევე ცხადია, როგორც ორჯერ/ორი - ოთხი.
 
მართალია ტრანზიტიდან საქართველო ვერაფერს მიიღებს, თუმცა ელექტროენერგიის ტრანზიტი ენერგეტიკული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია იმ ფუნდამენტური მიზეზის გამო, რომ აზერბაიჯანიდან მოწოდებული ელექტროენერგია, სანამ შავი ზღვის ელექტროგადამცემ ხაზში ანუ ზღვის ფსკერზე ჩაეშვება, გაივლის საქართველოს ელექტროსისტემას; ეს კი არსებითად გაზრდის ამ სისტემის „მდგრადობას“ თუ ენერგეტიკოსთან ტერმინოლოგიას გამოვიყენებთ. 
 
ენერგოსისტემის „მდგრადობა“ უდიდესი სარგებელია: ბევრს გვახსოვს 1990 იანი წლების საშინელება, როდესაც ზამთრის პერიოდში მთელი ქვეყანა ხშირად ითიშებოდა მცირე ავარიის ან შეფერხების შედეგად, რაკი სისტემას მთლიანობაში „მდგრადობა“ აკლდა მისი სისუსტის გამო.
 
გარდა ამისა, საქართველო მიიღებს გეოპოლიტიკურ სარგებელსაც: გაძლიერდება ქვეყნის რესურსი და იმიჯი, როგორც ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მონაწილე ქვეყნისა. შესაბამისად,  გაძლირდება  ევროპულ ელიტათა და ხელისუფლებათა მოტივაცია,  უფრო მეტად „უწილადონ“ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოების `ქოლგა` და თუნდაც ნაწილობრივ განავრცონ საქართველოზე უსაფრთხოების არსებული სისტემები. 
 
მათ შორის NATO-ს სისტემებიც: უფრო ხშირად ჩატარდეს სამხედრო სწავლებები; უფრო აქტიურად მიმდინარეობდეს უსაფრთხოების ვექტორით ინფორმაციის გაცვლა სპეციალურ სამსახურებს შორის; სადაზვერვო-თანამგზავრული ინფორმაციების მოწოდება და ა.შ და ა.შ.
 
ჰიდროენერგეტიკა - საქართველოს სამომავლო დიდი ექსპორტი ევროპის „ოქროს ბაზარზე“
 
რაც შეეხება უშუალო მატერიალურ სარგებელს, ანუ ფინანსურ შემოსავალს, ამ ენერგოხაზით, საქართველო მიიღებს საშუალებასა და შანსს (!), არც თუ ისე შორეულ მომავალში გაიტანოს ევროკავშირის უმდიდრეს და უძვირეს ენერგობაზარზე ყველაზე პრესტიჟული და მომგებიანი „საქონელი“- ელექტროენერგია! 
 
თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰიდროენერგია თვითღირებულებით ერთ-ერთი ყველაზე იაფი, თანაც ეკოლოგიურად „სუფთაა“, ხოლო ამ ენერგოდერეფნის ამოქმედების შემდეგ ინვესტორების ნაკლებობა  ნამდვილად  არ გვექნება, ქვეყანას  ეძლევა შანსი დიდი მატერიალური და ფინანსური მოგებაც ნახოს ოღონდ.....ამისთვის აუცილებელია სახელმწიფო „მოერიოს“ იმ აშკარა მავნებლობას, რასაც „ჰიდროსაბოტაჟი“ ქვია, როდესაც ლამის ყველა საშუალო თუ დიდი ჰიდრო ელექტროსადგურის მშენებლობა აწყდება ერთის მხრივ „ეკოფანატიკოსთა“, მეორეს მხრივ კი  საეჭვო რეალური (!) მოტივაციის პერსონაჟთა გააფთრებულ წინააღმდეგობას. შედეგად დღეის მდგომარეობით ქვეყანაში შეჩერებულია დაახლოებით 1-1,5  გეგავატის საერთო სიმლავრის ჰიდროელექტროსადგურთა მშენებლობა.
 
ამ „საეჭვო“ პერსონაჟთა მოტივაციას რაც შეეხება, - რომლებიც, ასე ვთქვათ „სასარგებლო გულუბრყვილოთა“ ლეგიონთან ერთად ბოროტად, მიზანდასახულად და საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯით უშლიან ხელს ქვეყნის სამომავლო პროექტების განვითარებას, - საკმარისია დავსვათ კითხვა, რასაც ლათინები მუდმივად სვამდნენ ასეთ შემთხვევებში: Cui prodest? ანუ „ვის აძლევს ხელს“? ლეგიტიმური ჟარგონით თუ ვიტყვით „ვის აწყობს?!“
 
ანუ „ვის აწყობს“,  საქართველომ ენერგოსფერო ვერ განავითაროს? ელექტროენერგია ევროკავშირში ვერ გაიტანოს და ამით ევროპის კოლოსალურ ენერგობაზარზე ღირსეულ „მოთამაშედ“ ვერ  იქცეს? დიდი მატერიალური და გეოპოლიტიკური ბენეფიტები ვერ მიიღოს?
 
რასაკვირველია აწყობს ჯერ ერთი რუსეთს და იმავდროულად აწყობს მის სატელიტს კავკასიაში - აფხაზურ სეპარატისტულ რეჟიმს.
 
      რატომ არ მოსწონთ აფხაზეთში აზერბაიჯან-საქართველო-ევროკავშირის ელექტრომაგისტრალი?
 
აფხაზურ „ბლოგოსფეროში“ გაკრთა კიდეც კომენტარები,  რომ ამ ენერგოდერეფნის ამოქმედებისა და ახალი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შემთხვევაში, საქართველო....... „ბევრად ნაკლებად იქნება დამოკიდებული ენგურჰესზე“.
 
ცხადია: დღეს „ენგურჰესი“ აბსოლუტურად უალტერნატივოა საქართველოს  ელექტრო-ენერგეტიკისთვის: მისი სრული გათიშვა მთელი ელექტროსისტემის კოლაფსს ნიშნავს. 
 
რამდენად მნიშვნელოვანიც არ უნდა იყოს გარდაბნის თბოელექტროსადგური, ის ამ დონის „დამაბალანსებელის“ როლს ვერ შეასრულებს ვერც ერთ შემთხვევაში.
 
და ეს იმის მიუხედავადაც კი, რომ სეპარატისტულ პრორუსულ რეჟიმს ბოლო წლებში სრულიად თავხედურად,  ყველა ჯენტლმენური შეთანხმების დარღვევით მიაქვს ენგურჰესიდან გამომუშავებული ენერგიის 70-80%, ნაცვლად 40%-ისა, რაზეც ჯერ კიდევ 1993 წელს შევთანხმდით.
 
სეპარატისტებმა  ძალიან კარგად იციან: ენგურჰესის გარეშე საქართველო უბრალოდ ვერ გაძლებს; ამიტომ ვერც ალტერნატიული სამართავი პულტის მშენებლობას გაბედავს წალენჯიხის რაიონში (ასეთი პროექტი არსებობდა) და ვერც ზამთარში კაშხლის მთლიანად დაცლას, რის შემდეგაც აფხაზეთი საერთოდ „უშუქოდ“ დარჩება, თუმცა საქართველოს ენერგოსისტემაც `წკიპზე` იმუშავებს და ხშირად გაითიშება არამდგრადობის გამო.
 
ამიტომ, სეპარატისტები და მათი მმართველი რუსული სპეცსამსახურები „კრიპტოვალუტის“ მაინინგით ბოლო 5 წელიწადში მიღებული მილიარდამდე დოლარის (!) ნაწილს ხარჯავენ მათ მიერვე დაფუძნებული სხვადასხვა ფეიკური ვითომ „ევროპული“ და ვითომ დასავლური „ეკოლოგიური ფონდის“ გავლით ქართველი „სასარგებლო გულუბრყვილოების“ ან პირდაპირი „სექსოტების“ დასაფინანსებლად, რათა საქართველოში არც ერთი თვალსაზრისით არ განვითარდეს ჰიდროენერგეტიკა და ქვეყანა კვლავინდებურად დარჩეს დამოკიდებული ერთ დიდ ჰიდროენერგოსადგურზე: იმ ობიექტზე, საიდანაც რეალურად ქვეყანა მიზერს ანუ უმცირეს წილს იღებს უკვე. დანარჩენი აფხაზური სეპარატისტული, საოკუპაციო  რეჟიმის განმტკიცებას ხმარდება.
 
აღმოსავლეთ-დასავლეთის ელექტრომაგისტრალი და ახალი ჰიდროელექტროსადგურების შესაძლო მშენებლობა ჩვენს ქვეყანას ბევრად მეტ არგუმენტს შესძენდა მოსკოვთან თუ `სოხუმთან` პაექრობისას და იმათ ეს შესანიშნავად იციან. 
 
„ენერგეტიკული ანაკლია“
 
რამდენიმე დღის წინ, მთავრობამ განაცხადა, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ააშენებს ანაკლიის პორტს. სახელმწიფოს წილი 51%  იქნება.
 
რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება, რომ 49%-იანი წილის დათმობა სულაც არ ნიშნავს, რომ სახელმწიფომ აუცილებლად მაინცდამაინც მხოლოდ 51% ინვესტიცია უნდა განახორციელოს და დაელოდოს, გაიყიდება თუ არა დანარჩენი 49%, ესე იგი გამოჩნდება თუ არა ინვესტორი, ვინც დანარჩენ თანხებს ჩადებს.
 
სულაც არა: სახელმწიფომ შეიძლება 51% დაიტოვოს, მაგრამ 100%-ით თვითონ ააშენოს ანაკლიის პორტი. ესე იგი ანაკლია იმ შემთხვევაშიც კი ამოქმედდეს, თუ სხვა ინვესტორი არ გამოჩნდება. 
 
აშენების შემდეგ კი, დანარჩენი 49%-იანი წილიც დიდი ალბათობით გაიყიდება, რაკი აღარ იარსებებს მიმდინარე არბიტრაჟული დავის რისკი: ჯერ ერთი, პასუხს ბიუჯეტით მხოლოდ სახელმწიფო აგებს, როგორც მფლობელი და მეორეც, უკრაინის ომმა კარდინალურად შეცვალა გეოეკონომიკური და ლოგისტიკური ვითარება მთელს ევრაზიაში.
 
ამ პროექტის პარალელურად, „ელექტრომაგისტრალის“ პროექტი დამატებითი სტიმული შეიძლება აღმოჩნდეს ინვესტორებისათვის, ანუ ალიევ-ღარიბაშვილ-ორბანის გეგმა ამ მხრივაც სასარგებლოა.
 
გარდა ამისა, ადრე თუ გვიან, ამა თუ იმ ფორმით, გაცოცხლდება ასევე კასპია-შავი-ზღვის ფსკერზე დიდი გაზსადენით ცენტრალური აზიიდან ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტის პროექტი, რისი დიდი მხარდამჭერიც თავის დროზე იულია ტიმოშენკო იყო. 
 
რაც შეეხება ორბანს, „შავი ზღვის ელექტროდერეფანმა“  ისიც დაადასტურა, რომ უნგრეთის „ძლიერხელა“ (`Strongman`) ლიდერი  ქართული შიდა პოლიტიკის სერიოზული აქტორიც ხდება: ოპოზიციური ნარატივი მისი „ანტიევროპელობის“ და „ავტორიტარულობის“ შესახებ ცოტა არ იყოს უხერხულიც კი იქნება, რაკი არც თუ ისე დიდი ხნის წინ ვიქტორ ორბანი ოპოზიციის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა, რადგან 2012 წელს არჩევნების მეორე დღესვე ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი, ასევე ერეკლე კოდუა შეიფარა და სასტიკ უარს ეუბნებოდა (დღემდე ეუბნება) „ოცნებას“ მათი ექსტრადიციის მოთხოვნაზე.
 
რას ვიზამთ: პოლიტიკა „დიდი თამაშია“. 
 
მთავარია ევროპასთან დამაკავშირებელი „მაგისტრალური ძაფი“ და ქვეყნის ინტერესთა „წრფე“ არ დავკარგოთ, თორემ პოლიტიკოსებმა ილაღონ-ითამაშონ რამდენიც სურთ.
 
სპეციალურად რესურსისთვის Ongo.ge
დათო გამცემლიძე
ჟურნალისტი
Radio free Europe/Radio liberty