ენერგეტიკის ექსმინისტრ დავით ზუბიტაშვილის ბედი ჯერ არ გარკვეულა

ენერგეტიკის ექსმინისტრ დავით ზუბიტაშვილის ბედი ჯერ არ გარკვეულა

 

    ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა რატომღაც მოქალაქეთა კავშირის ინიციატივად ჩაითვალა. მაგრამ ეს ბოლომდე სამართლიანი შეფასება არ უნდა იყოს. ყველას დაავიწყდა, რომ ზუბიტაშვილის «წასვლის» საფუძველი «რესპუბლიკელი» რევაზ შავიშვილის, ანუ «კონტროლის პალატის» მასალები იყო, რომელიც უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად.
    პრეზიდენტმა ერთი შეხედვით თითქოს არცთუ ძალიან მოუწონა საკუთარ პარტიას ასეთი თავგამოდება «ენერგეტიკის მინისტრისადმი», მაგრამ ტრადიციულ რადიოინტერვიუში მნიშვნელოვანი რამ თქვა: «დავით ზუბიტაშვილმა თავად კატეგორიულად მოითხოვა თანამდებობიდან წასვლა და საკმაოდ დასაბუთებული არგუმენტები წამოაყენა. მე მისი თხოვნა დავაკმაყოფილე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროკურატურა უნდა შესულიყო სამინისტროში, შემდეგ სხვა სათანადო სამსახურები და მათი დასკვნის საფუძველზე მიმეღო გადაწყვეტილება».
    მაშასადამე, პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ კონტროლის პალატის ბრალდებები ზუბიტაშვილის მიმართ შეიძლება სამართლიანიც იყოს. თუ ასეა, მაშინ ყოველგვარ აზრს კარგავს საუბარი დავით ზუბიტაშვილის სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ. ზოგიერთი ცნობით, მას «საქნავთობის» დირექტორის მოადგილის პოსტი შესთავაზეს, სადაც ფართო შესაძლებლობები არსებობს სავსებით პატიოსანი ბიზნესისა და კომერციული საქმიანობისათვის. უფრო სწორად, ზუბიტაშვილმა თავად მოითხოვა ეს თანამდებობა, ვინაიდან მინისტრობა (ანუ სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა) მობეზრდა, მაგრამ თუ პრეზიდენტი აცხადებს, ზუბიტაშვილის საქმიანობა პროკურატურას უნდა შეესწავლაო, მაშასადამე, შესასწავლი მართლაც არის და იმის მიუხედავად, დარჩება მინისტრი პოსტზე თუ არა, ელემენტარული ლოგიკის თანახმად, პროკურატურა მუშაობას გააგრძელებს.

მერიდიანი, 17 აპრილი, 1998 წ.