დიდი პრივატიზების დიდი სირთულენი

დიდი პრივატიზების დიდი სირთულენი

      

        გუშინ სახელმწიფო მინისტრმა, გიორგი არსენიშვილმა «კომერცბანკის» ხელმძღვანელობა მიიღო. საუბარი «დიდ პრივატიზებას» ეძღვნებოდა - უფრო ზუსტად «ტელეკომისა» და «ელექტროკავშირის» განსახელმწიფოებრიობას.
        უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოლაპარაკებით და ორივე «გიგანტური» (ჩვენი მაშსტაბით, რასაკვირველია) ობიექტის პრივატიზებით, რეალურად იწყება «დიდი პრივატიზების» ეტაპი საქართველოში, რომლის პრელუდია გახდა «თელასის» გაყიდვა და თბილისის სადისტრიბუციო ქსელში სტრატეგიული ინვესტორის შემოყვანა.
        ამის შემდეგ დაიწყო საუბარი ფოთის პორტისა და კავშირგაბმულობის ობიექტთა პრივატიზებაზე. ცოტა არ იყოს, უცნაურად ჟღერს, მაგრამ 2001 წლის ბიუჯეტი უკვე მესამე ბიუჯეტია, რომელიც ითვალისწინებს (საშემოსავლო ნაწილში) «ტელეკომისა» და «ელექტროკავშირის» გაყიდვით მისაღებ თანხას: ჯერ კიდევ 1999 წელს პირველად დაიწყო საუბარი ამის თაობაზე, მაგრამ ამაოდ - ინვესტორი არა და არ ჩანს.
        გერმანული «კომერცბანკი» ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული შუამავალია - არანაკლებ სოლიდური, ვიდრე ამერიკული გიგანტი «მერილლინჩი», რომელიც «თელასის» განსახელმწიფოებრიობაში მონაწილეობდა.
        მიუხედავად დიდი ძალისხმევის, თბილისში თუ ბერლინში გამართული უამრავი მოლაპარაკებისა, საქმე ადგილიდან არ იძვრის. ამჟამად ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ბერძნულმა კომპანიამ გამოთქვა და ისიც მზად არის რეალურად გადაიხადოს მხოლოდ მესამედი იმ თანხისა, რაც ქვეყნის ბიუჯეტს უნდა მიეღო. თანხა გასაიდუმლოებულია, მაგრამ ერთი წლის წინათ ღიად საუბრობდნენ 80-100 მილიონ ლარზე. საქართველოს ბიუჯეტისთვის ეს მართლაც გიგანტური თანხაა, რომლითაც დაგეგმილია სახელფასო დავალიანების გასტუმრება მასწავლებლებისთვის. აგრეთვე, საპენსიო დავალიანებათა გარკვეული კატეგორიის დაფარვა.
        საქმეც სწორედ ის არის, რომ ასეთი თანხის (ანუ ქონების პრივატიზების) გარეშე, როგორც არ უნდა იმუშაოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ, 100 პროცენტითაც რომ შესრულდეს საშემოსავლო გეგმა ორივე (საბაჟო-საგადასახადო) დეპარტამენტიდან - 2001 წლის ბიუჯეტს მაინც დააკლდება ხსენებული 80-100 მილიონი ლარი. მაშასადამე, მთავარი კითხვაა, თუ რატომ არ გამოუჩნდათ დღემდე მყიდველი ტელეკომუნიკაციის ობიექტებს?
        როგორც ჩანს, აქ ერთდორულად რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს: უპირველეს ყოვლისა, მსოლფიო ბაზარზე შექმნილი კონიუნქტურა - არ გამართლდა ალარვისტული წინასწარმეტყველებანი უახლოეს ხანებში ამერიკის საფინანსო სისტემის კრახის თოაბაზე - «დოუს» ინდექსი დღითი დღე მაღლა იწევს მას შემეგ, რაც აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რამდენიმე მონეტარისტული ნაბიჯი გადადგა საფინანსო ბაზრებზე დოლარის «წნევის» შესაემცირებლად.
        მაშასადამე, კაპიტალი კვლავ ფასიანი ქაღალდებისკენ ილტვის და არა რეალური ქონების მოპოვებისკენ, რაკი იქ უფრო შეუძლია სწრაფი მოგების მიღება.
        მეორე მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ყოფილი საბჭოთა კავშირის (მათ შორის, ცენტრალური აზიის) ქვეყნებშიც იწყება ტელეკომუნიკაციათა განსახლემწიფოებრიობის პროცესი. ბუნებრივია, ამ მხრივ, ყაზახეთის, უკრაინის და თვით რუსეთის «ტელეკომი» და «ელექტროკავშირი» უფრო საინტერესოა ინვესტორთათვის, ვიდრე საქართველოს ტელეკომუნიკაციები, თუმცა იქაც სერიოზულ პრობლემებს აწყდებიან, პირველი მიზეზის გამო.
        მაგრამ უმთავრესი მიზეზი, რომელიც თავს იჩენს მას შემდეგაც, რაც პირველი და მეორე ფაქტორები დაიძლევა, უდავოდ ამჟამად საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოა. არ არსებობს სერიოზული ინვესტორი, თავში ხელს რომ არ იცემდეს - ეს სად შემოვედიო. არ არსებობს მსხვილი ინვესტორი, უმწვავესი კონფლიქტები არ ჰქონდეს, არ ჯიჯგნიდნენ იმავე საწარმოს ძველი მეპატრონეები («წითელი დირექტორები»), სხვა სახის «ჰალსტუხიანი ყაჩაღები», «შავები» თუ «კანონიერები».
        ეს ყოველივე პოტენციურმა ინვესტორმა შესანიშნავად უწყის - ბაზარზე შემოსვლამდე მას დაწვრილებით აქვს შესწავლილი აქ ყველა თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა - ამდენად, «მეტისმეტად ოპტიმისტი» «ეი-ი-ეს-ისა» და სხვა ინვესტორების სევდიანი ამბები მას გამოწვლილვით აქვს მოძიებული, ანუ «ტელეკომუნიკაციათა» პრივატიზება «კარგ ფასად» ძნელად თუ მოხერხდება.
        სასურველია ისიც არ დაიკარგოს, რასაც იხდიან.

დილის გაზეთი, 22 მაისი, 2001 წელი