საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ივნისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ივნისი. 2024 წელი

გუშინ, ორშაბათს, სახიფათო ინციდენტი მოხდა სამხრეთ - ჩინურ ზღვაში, სადაც ჩინურმა გემმა ტარანით დააზიანა ფილიპინური გემი.

„ტარანს“ ხშირად იყენებენ, როცა ცეცხლის გახსნა არ სურთ. უფრო ზუსტად, პირველი ნაბიჯია ცეცხლის გახსნისკენ.

 ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს ინციდენტს, რომელიც სადავო არქიპელაგის ნაპირებთან მოხდა;

ამერიკამ ჩინეთი გააფრთხილა (წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლობის და ფილიპინებზე ამერიკის ელჩის პირით) ფრთხილად იყოს თორემ......პასუხსაც მიიღებს!

მოსკოვი ხარობს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინი კვირის ბოლომდე ჩავა ჩრდილო კორეაში Kim Jong-un-თან შესახვედრად.

ჩრდ.კორეამ კი მიაწოდა იარაღი პუტინის არმიას (მილიონამდე საარტილერიო ჭურვი), მაგრამ იმდენი არა, რაც სჭირდებოდა პუტინს. ბევრი დაიხარჯა დონბასზე ბოლო შეტევების დროს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ბაიდენმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: 500 000 უკანონო იმიგრანტს, რომლებიც დაქორწინებულნი არიან აშშ მოქალაქეებზე, დაჰპირდა, რომ არ გააგდებს ამერიკიდან და კიდევ უფრო მეტიც: აძლევს მოქალაქეობის მიღების შანსს.

აშშ მოქალაქეზე დაქორწინებული ადამიანს ისედაც ჰქონდა ამერიკის მოქალაქეობის მიღების შანსი, ოღონდ არა უკანონო იმიგრანტებს.

გარდა ამისა, ბაიდენი მათ დაჰპირდა, რომ სამუშაო ვიზას მიიღებენ დაუყოვნებლივ.

ეს გადაწყვეტილება დონალდ ტრამპს და მის მომხრეებს ძალიან გააბრაზებს, მაგრამ 500 000 უკანონო იმიგრანტის ხმებს კი უზრუნველყოფს ბაიდენისთვის 5 ნოემბრის არჩევნებზე!

ხოლო  როდესაც სხვაობა კანდიდატებს შორის მიზერია, ამ კატეგორიის ამომრჩევლის „მისვლა“ არჩევნებზე იმედით, რომ ბაიდენი გამარჯვების შემდეგ ბოლომდე მიიყვანს ამ რეფორმას - სერიოზული „ფორაა“ დემოკრატებისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა ბოლო დროს სამი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც ერთმნიშვნელოვნად მეტყველებს, რომ ერევნის პოზიცია ისტორიულ პარადიგმაში შეუქცევადად იცვლება და თუ ახლა მოსკოვი ვერ შეძლებს ფაშინიანის დამხობას (რასაც ცდილობს სომხური სამოციქულო ეკლესიის მეშვეობით), ეს კურსი სომხეთს, ადრე თუ გვიან,  აუცილებლად მიიყვანს ევროკავშირსა და NATO-შიც კი:

 

ა) ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ იგი მზად არის ჩაატაროს რეფერენდუმი აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის თაობაზე, რათა აზერბაიჯანს გადაეცეს 100 კვადრატული მიწის ფართობი, სადაც აზერბაიჯანული სოფლებია და სამაგიეროდ სომხეთს გადაეცეს 100 კვადრატული მიწის ფართობი, სადაც სომხური სოფლებია და ახლა აზერბაიჯანი აკონტროლებს;

აზერბაიჯანი ამგვარი „გაცვლის“ წინააღმდეგი სულაც არ არის იმ პირობით, რომ ეს ყოველივე მოხდება 1991 წლისთვის არსებული სახელმწიფო საზღვრების მთლიანობაში აღიარების კონტექსტით.

არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ თუ ბაქოსთან ერევანი მიაღწევს ამ თემაზე „ჩარჩო შეთანხმებას“, მაშინ რეფერენდუმზე სომხები, რა თქმა უნდა, ხმას მისცემენ ამგვარ „გაცვლას“ – „ოღონდ მშვიდობა იყოს“ მოტივაციით.

 

ბ) ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მალე  დატოვებს ОДКБ-ს ანუ რუსეთის ინიციატივით 1994 წელს შექმნილ „ანტიNATO-ს“.

 ფაშინიანის თქმით Организация Договора о Коллективной Безопасности (ОДКБ) ზოგიერთი წევრი თურმე.....თურმე......2020 წელს, როდესაც აზერბაიჯანმა დაიწყო სამხედრო ოპერაცია სომხეთის მიერ 1994 წლის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად, „აზერბაიჯანს ეხმარებოდა(ო)“.....

 არადა, რა გასაკვირია, რომ ყაზახეთი, მაგალითად, სწორედ თანაეთნოსელ და ერთმორწმუნე აზერბაიჯანს დაეხმარებოდა და არა სომხეთს?! ან ტაჯიკეთი?

თუმცა ფაშინიანის განსაკუთრებული გაღიზიანება იმან გამოიწვია, რომ ბელორუსიც კი ( ბ ე ლ ო რ უ ს ი!!!) აზერბაიჯანს ეხმარებოდა და იარაღს აწვდიდა. „ასეთ სამხედრო კავშირში რა ჯანდაბა გვინდაო“ - ამბობს ფაშინიანი და საზრისულად „ლინკავს“ ამ რიტორიკას იმ აბსოლუტურად უეჭველ ფაქტთან, რომ სადღაც 2010 წლის შემდეგ, ტაჯიკეთი კი არა და ყაზახეთი კი არა და ბელორუსი კი არა, არამედ თვით რუსეთი ( რ უ ს ე თ ი) აზერბაიჯანს აწვდიდა უახლეს იარაღს!

„კარგ ფასს გვიხდიან აზერებიო და.....“

კი, ამერიკაც აწვდის იარაღს როგორც საბერძნეთს, ასევე თურქეთს, ოღონდ.....სხვაობა ის არის, რომ საბერძნეთიც და თურქეთიც NATO-ს წევრია ორივე. აზერბაიჯანი კი ОДКБ-ს წევრი არ არის 1999 წლიდან.

 

გ) ძალიან მნიშვნელოვანი მარკერია, რომ ნიკოლ ფაშინიანის მითითებით, სომხეთმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე მხარი დაუჭირა ქართველი ლტოლვილების დაბრუნებას აფხაზეთში.

პირველად მთელი ისტორიის მანძილზე.

 მანამდე არათუ თავს იკავებდა, არამედ წინააღმდეგიც კი იყო მუდმივად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში გატყობინებდით, რომ რუსეთი აფხაზეთის ხელისუფლებისგან მოითხოვს კანონის მიღებას, რომელიც ნებას დართავს რუს გიდებს, ჩაატარონ ექსკურსიები აფხაზეთში, მათ შორის ახალი ათონის მონასტერში და მოუყვნენ რუს ტურისტებს, რომ ეს რუსული მონასტერია და არა აფხაზური ან ქართული.

აფხაზები ამის კატეგორიული წინააღმდეგნი არიან, თუმცა ირკვევა, რომ მოსკოვიდან - სოხუმში უკვე გამოაგზავნეს შესაბამისი შეთანხმების პროექტი და თან მუქარაც მოაყოლეს: თუ უახლოეს მომავალში ამ შეთანხმებას ხელს არ მოაწერთ, აფხაზეთში ტურებს საერთოდ ავკრძალავთო.

სოხუმში იმედი აქვთ, რომ „აკრძალვას“ მოსკოვი მაინც ვერ გაბედავს და თუ რატომ აქვთ ამის იმედი, ბევრჯერ აგვიხსნია: A კლასის ინტერესები აფხაზეთმა რუსეთს დაუკმაყოფილა (სამხედრო ბაზები, საზღვრების კონტროლი, ჩრდილო კავკასიაში სიფრთხილე, რუსულენოვნება, რუსული პასპორტები.....) ხოლო „გიდები“ B კატეგორიის ინტერესებში გადის და....სოხუმი დარწმუნებულია: მოსკოვი ასე არ „გაამწვავებს“ ახლა ურთიერთობას სოხუმთან, ტურები აკრძალოს ამის გამო.

ამის შესახებ წინა მიმოხილვებში ვწერდით, ოღონდ აქ არის ერთი ძალიან საინტერესო მომენტი, რომელიც რუსულ-აფხაზური „კვანძის გახსნის“ და უფრო მასშტაბური კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს.

აბა დავაკვირდეთ: როდესაც რუსები ეუბნებიან აფხაზ კოლეგებს: „რატომ არ რთავთ ნებას რუსეთის მოქალაქეებს იყონ ექსკურსიამძღოლებიო“ (მათ მიერვე დაქირავებულ ავტობუსში აფხაზი გიდი რატომ უნდა ამოდიოდეს ძალით და ის ატარებდეს მიკროფონით ექსკურსიასო?) აფხაზები დემაგოგიურად პასუხობენ „ჩვენ გვინდა, რომ აფხაზეთში ექსკურსიამძღოლები აფხაზეთის მოქალაქეები იყონო“. მაგრამ....„მოიცათ, მოიცათ......“ - ეუბნებიან რუსები - „განა ეგ აფხაზები რუსეთის მოქალაქეები არ არიან?! რატომ ზღუდავთ რუსეთის მოქალაქეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი სოჭში ცხოვრობენ ან მოსკოვში და არა აფხაზეთში? ეს ხომ დისკრიმინაციაა?“

„კი, ეგ აფხაზები(ც) რუსეთის მოქალაქეები არიან“ - პასუხობენ აფხაზები - „მაგრამ ისინი იმავდროულად აფხაზეთის მოქალაქეებიც არიან იმ რუსი გიდებისგან განსხვავებით, რომლებიც სოჭიდან მოჰყვებიან მაგ ექსკურსიებსო“.

მაშინ უკვე რუსები იწყებენ ფიქრს, საერთოდ რამდენად მისაღებია რუსეთისთვის ამგვარი „ორმაგი მოქალაქეობა“ აფხაზებისა, როდესაც.........როცა სჭირდებათ და როცა აწყობთ აფხაზები რუსულ პასპორტს იყენებენ, ხოლო როცა სჭირდებათ და როცა არ აწყობთ - მხოლოდ აფხაზურს; თითქოსდა რუსული პასპორტი არ ჰქონდეთ.

მაგალითად, აფხაზთა 99% რუსეთის მოქალაქეა. მაგრამ აფხაზეთის ხელისუფლებ(ები) კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან აფხაზეთში ჩატარდეს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნები: საარჩევნო უბნის გახსნის ნებას რთავენ მხოლოდ რუსეთის საელჩოში.

და რატომ? „ჩვენ აფხაზეთის მოქალაქეები ვართო“. და რა მერე? აფხაზეთის მოქალაქეები რომ ხართ იმავდროულად აფხაზთა თითქმის 100% ხომ რუსეთის მოქალაქეა?

აფხაზეთში მცხოვრებ სომეხთა 100% ხომ რუსეთის მოქალაქეა?

აფხაზეთში მცხოვრებ რუსთა 100% ხომ რუსეთის მოქალაქეა?!

რატომ არ უნდა ჰქონდეთ(ო) - მსჯელობენ დისკუსიისას რუსები - იმათ მონაწილეობა მიიღონ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის პრეზიდენტის არჩევნებში?

„იმიტომ, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და სხვა ქვეყნის პრეზიდენტის არჩევნებში მასობრივად მონაწილეობა ლახავს ამ „დამოუკიდებლობის“ იმიჯს“ - პასუხობენ აფხაზები.

ამგვარი ლოგიკა („როცა მაწყობს რუსი ვარ და როცა არ მაწყობს - აფხაზი„) მოსკოვის მზარდ გაღიზიანებას იწვევს.

ამ რუსული „რეფლექსიის“ და გაღიზიანების პირველი სიმპტომი არ არის მოსკოვიდან გამოგზავნილი შეთანხმების პროექტი რუსი გიდების შესახებ აფხაზეთში ექსკურსიებზე; რეალურად,  პირველი სიმპტომი და მარკერი იყო მოსკოვის გადაწყვეტილება, რომ თუ აფხაზს სურს რუსეთში გამგზავრება, მან ფსოუს საზღვარზე უნდა წარადგინოს არა აფხაზური პასპორტი, არამედ რუსული პასპორტი! თუკი გააჩნია რუსული პასპორტი და როგორც ცნობილია თითქმის ყველა სრულწლოვან აფხაზს აქვს რუსული პასპორტი.

გაიძვერა სეპარატისტულმა ელიტებმა ეს დიდი ხნის წინ განჭვრიტეს. ამიტომ რამდენიმე წლის წინ, მოსკოვთან გააფორმეს ცალკე შეთანხმება, რომ აფხაზებს აფხაზური პასპორტითაც შეეძლოთ ფსოუს საზღვრის გადაკვეთა.

ეს შეთანხმება მოსკოვმა ახლა თავზე გადაახიათ, თუმცა დავაკვირდეთ რა ეშმაკურად მოქმედებენ აფხაზური ელიტები „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ფარგლებში:

რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლოში და სხვა სასამართლოებში ჩივიან: ეს განკარგულება („მხოლოდ რუსული პასპორტით საზღვრის გადაკვეთის შესახებ„) რუსულ კონსტიტუციას არღვევს, რაკი რუსულ-აფხაზურ შეთანხმებას ეწინააღმდეგებაო.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია: ამგვარი Tensions სოხუმსა და მოსკოვს შორის დროთა განმავლობაში მხოლოდ გამწვავდება.