«კავკასიური კონფერენცია» - რუსეთის სპეცსამსახურებში ბევრი იცინეს

«კავკასიური კონფერენცია» - რუსეთის სპეცსამსახურებში ბევრი იცინეს

 

    რამდენიმე დღის წინ «კავკასიური სახლის» ინიციატივით, რომელსაც მწერალი ნაირა გელაშვილი და «Московские новости»-ს კორესპონდენტი, კაკო მიქაძე ხელმძღვანელობენ, თბილისში ჩატარდა «კავკასიური კონფერენცია». იგი ძირითადად «კავკასიური ერთობის» იდეას მიეძღვნა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკათა წარმომადგენლებმა.
    ამ ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ «ერთიანი კავკასიის» იდეა არის ლამაზი ოცნება, რომელსაც არათუ ასრულება არ უწერია, არამედ მისი ასრულებისათვის (დღევანდელ პირობებში და უახლოეს პერსპექტივაში) არ არსებობს ობიექტური წინაპირობები.
    უპირველეს ყოვლისა, თუ «კავკასიური ერთობის» იდეა გულისხმობს გაერთიანებას, როგორც კავკასიაში რუსეთის «ყოფნის» (присутствие) ალტერნატივას, - ოსებისა და სომხებისათვის ეს კატეგორიულად მიუღებელია; ისინი არასდროს არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან იმას, რომ რუსეთმა თავის ჯარები გაიყვანოს კავკასიიდან.
    ამრიგად, ერთი ობიექტური ფაქტორი კავკასიაში ყოფნის შენარჩუნებისა რუსეთს უკვე აქვს. მაგრამ არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომელთაგან უმთავრესია ქართული პოლიტიკური აზრის სრული უმწიფობა და პრიმიტივიზმი.
    ეს ამ კონფერენციაზე კარგად გამოჩნდა. ქართველებს ასეთი უბედურება გვჭირს, - ნებისმიერ პოლიტიკურ იდეას გვსურს რომანტიული იერი მივანიჭოთ და მხოლოდ ჰეროიკულ-გრძნობითი განწყობით განვიხილოთ მაშინ, როცა ჩვენი ჩრდილოკავკასიელი «პარტნიორები» (საკვირველია, მაგრამ ფაქტია) ჩვენზე გაცილებით უფრო კარგად ერკვევიან პოლიტიკურ არსში და ყოველივეს უპირველეს ყოვლისა რაციონალური თვალსაზრისით განიხილავენ.
    ჩვენ მათ ვეუბნებით: ძმები ხართ! გვიყვარხართ!! - შევქმნათ ერთიანი ფრონტი სიძულვილი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ამ დროს ვღიზიანდებით და ნერვები გვეშლება, როდესაც ისინი ცივად გვპასუხობენ და უპირველეს ყოვლისა აფხაზეთისა და «თურქ-მესხთა» პრობლემების გადაწყვეტას მოითხოვენ ჩვენგან.
    პასუხად, ჩვენი მხრივ, ვაცხადებთ მათ «კრემლის აგენტებად», «კავკასიის მოღალატეებად». . . არადა, ჩვენს პარტნიორებს შესანიშნავად ესმით (ჩვენგან განსხვავებით), რომ პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, რომ ნებისმიერი მიზანი სწორედ მიზანია და არა თვითმიზანი, - იგი საშუალებაა, რომელსაც გამოყენება სჭირდება.
    ჩვენ ამის გაგება არაფრით არ გვსურს, - ჩრდილოეთკავკასიელები კი არასდროს დაეთანხმებიან ფორმულას «ერთიანი საქართველო» და «თავისუფალი კავკასია». როგორ არა, სიამოვნებით გაერთიანდებიან ჩვენთან ერთად «კავკასიურ სახლში», მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, თუ საქართველო აფხაზეთის დამოუკიდებლობას სცნობს. თავად კი რუსეთთან ურთიერთობას არ გაიფუჭებენ. . . . . ჩეჩნეთის თაობაზე კრინტი არ დაუძრავთ მაშინ, როდესაც აფხაზეთში ომის დროს ისტერიკებს მართავდნენ. მოქმედებენ პრინციპით; თუ არ გამოვა, რატომ უნდა ვიყვირო? თუ მაინც ვერ მივიღებ, რატომ უნდა მოვითხოვო?
    ეს უსინდისობა არ არის, - ეს პოლიტიკაა; პოლიტიკა კი «უსინდისობის» გარეშე რა არსებობს. სანამ ამას არ მივხვდებით, სანამ ნებისმიერ პოლიტიკურ საკითხს წმინდა რაციონალური თვალსაზრისით არ მივუდგებით, მანამ ყველა ისარგებლებს ჩვენი გულუბრყვილობით;
    «კავკასიური სახლის იდეა» პრინციპში განხორციელებადი იდეაა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქართველები ამ იდეას მივუდგებით არა «რომანტიული სულისკვეთებით», არამედ მხოლოდ რაციონალური განსჯით და იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკას განსაზღვრავენ შიშველი ინტერესები და არა «ძმობა», «სიყვარული», «რაინდული სულისკვეთება» და ა.შ. სანამ ამას არ მივხვდებით, ჩვენი გულუბრყვილობა იქნება მხოლოდ კოზირი იმ რთულ თამაშში, რომელსაც ჩრდილოკავკასიელები ძალზე ოსტატურად აწარმოებენ რუსეთთან. ამიტომ, ვიფიქროთ მხოლოდ და უპირველესად საკუთარ ინტერესებზე, - «კავკასიურ სახლშიც» გავერთიანდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს გაერთიანება პასუხობს ჩვენს ინტერესებს და არა «ლამაზი იდეის» სიყვარულით.

«კვირიონი», 7 ოქტომბერი, 1996 წელი.