ბათუმური კოალიცია - ქართული პოლიტიკის მორიგი საპნის ბუშტი

ბათუმური კოალიცია - ქართული პოლიტიკის მორიგი საპნის ბუშტი

 

        გასულ კვირას გრძელდებოდა ბობოქარი რეაქცია ბათუმში «შეკრული» ალიანსის თაობაზე. რასაკვირველია, ამ მოვლენისადმი არც ხელისუფლება დარჩა გულგრილი და არც მასმედია, მაგრამ თუ პრესის ინტერესი «უპირველესი სენსაციისადმი» ბუნებრივი და გასაგებია, ხელისუფლების აქტიური კომენტარები იმას მეტყველებს, რომ «ბათუმური კოალიცია» მის სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მმართველი პარტიის გენერალური მდივნის განცხადებაშიც კი იგრძნობა ერთგვარი ნევროზულობა: «ბათუმური კოალიცია «მოქალაქეთა კავშირის» ღირსეული მოწინააღმდეგე იქნება მომავალ არჩევნებში».
        არადა, სინამდვილეში, არავითარი «ბათუმური კოალიცია» არ შექმნილა, - ეს არის ილუზია, ქიმერა, საპნის ბუშტი, რომელიც სულ მალე გასკდება მთელი ქვეყნის თვალწინ და სამუდამოდ დაასამარებს ამით უკლებლივ ყველა მონაწილეს, - თვით «აღორძინების» გარდა.
        ჯერჯერობით, არსებობს მხოლოდ «ბათუმის დეკლარაცია», რომელიც, ფაქტობრივად, უშინაარსო დოკუმენტია, ვინაიდან არ შეიცავს არცერთ კონკრეტულ დებულებას და სავსეა არაფრისმთქმელი, არაფრისდამაკონკრეტებელი და არაფრისდამავალდებულებელი ფრაზებით.
        თითოეული ამ ფრაზათაგან  არათუ ორგვარი, არამედ ათასგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას ქმნის. ამრიგად, თუ ეს «დეკლარაცია» პარტიათა ალიანსის პოლიტიკური პროგრამაა, მაშინ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიდი ზარზეიმითა და ბრახაბრუხით შექმნილ «ბათუმურ კოალიციას» არანაირი პროგრამა არ გააჩნია.
        ამ «პროგრამით» არანაირი პოლიტიკის გატარება არ იქნება შესაძლებელი არც საშინაო, არც საგარეო სფეროში; ანუ, ლოგიკურია დავასკვნათ, რომ «კოალიციის» წევრი პარტიები მხოლოდ არჩევნების შემდეგ აპირებენ კონკრეტული პოლიტიკური კურსის თაობაზე მოლაპარაკების დაწყებას,
        ამჟამად კი, მათი მთავარი მიზანია ხელისუფლებაში მოსვლა. ასეთი პოლიტიკური ძალის წარმატება არჩევნებში ქვეყანას მართლაც ახალი სამოქალაქო ომითა და განადგურებით ემუქრება.
        ოღონდ იმიტომ კი არა, რომ იგი «ოპოზიციურია» («ოპოზიციას» ღმერთმა ხელი მოუმართოს), არამედ სწორედ იმის გამო, რომ არ არის ოპოზიციური! დიახ, «ბათუმური კოალიცია» არ არის ოპოზიციური პოლიტიკური ძალა. შესაძლოა, ეს უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ თავად განსაჯეთ: ოპოზიცია უეჭველად ნიშნავს (თვით დეფინიციიდან და სახელწოდებიდან გამომდინარე) ხელისუფლებისაგან განსხვავებულ პოზიციას კარდინალურ საკითხებში. აქედან გამომდინარე, «ერთიანი» პოზიციის გამომუშავებისას აუცილებლად მოხდება დაპირისპირება და განხეთქილება. იგივე ითქმის ეკონომიკის, ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თაობაზეც.
        ესე იგი, რა გამოდის? დღეს «ბათუმურ კოალიციას» აერთიანებს არა საერთო პოზიცია ქვეყნის განვითარების კარდინალურ საკითხებზე (რაც მათ გადააქცევდათ ოპოზიციად არსებული ხელისუფლების, არსებული კურსის მიმართ), არამედ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი. ისინი მოქმედებენ პრინციპით: მართალია არა გვაქვს საერთო პოზიცია, საერთო ხედვა, საერთო პროგრამა, მაგრამ მთავარია, მოვიდეთ ხელისუფლებაში - დანარჩენს კი შემდგომ მოვილაპარაკებთ; ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთი ძალის მოსვლა ქვეყნის სათავეში მართლაც ნამდვილი კატასტროფა იქნება; რაც შეეხება იმ არგუმენტს, რომ «მთავარია, არსებული ხელისუფლება მოვაშოროთ ქვეყანას» - კაცმა რომ თქვას, ესეც ნაკლებდამაჯერებელია.
        «ხელისუფლების მოშორებას» აზრი აქვს მხოლოდ იმ პირობით, თუ იგულისხმება სახელმწიფოებრივი განვითარების კარდინალურ საკითხებში არსებული კურსის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველივე დაიყვანება მხოლოდ და მხოლოდ პიროვნულ დაპირისპირებაზე. თუ ასეა, მაშინ გაუგებარია, რატომ უნდა შეიცვალოს ხელისუფლება? ნუთუ, მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას – ვიღაცა სძულს? მერედა, რა შუაშია აქ ამომრჩეველი, ან (მით უმეტეს) სახელმწიფოებრივი კურსი საგარეო პოლიტიკის, ან ეკონომიკის სფეროში?
        დავუშვათ «სოციალისტებს» განსხვავებული შეხედულება აქვთ ეკონომიკურ სტრატეგიაზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს, ვინაიდან «განსხვავებული შეხედულება» უეჭველად «მემარჯვენე» სახალხო პარტიასაც ექნება. ასევე «განსხვავებული» იქნება შეხედულებები თუ კონცეფციები საგარეოპოლიტიკურ სფეროში «ზვიადისტებს», «სახალხოელებს», «სოციალისტებს», «ტრადიციონალისტებსა» და «აღორძინებას» შორის.
        ამრიგად, მათ არ აერთიანებთ საერთო პოლიტიკური პოზიცია (ანუ, არ წარმოადგენენ ოპოზიციას ერთობლივად, თუმცა, ცალ-ცალკე შეიძლება, მართლაც იყონ ოპოზიცია), არამედ აერთიანებთ მხოლოდ და მხოლოდ არსებული ხელისუფლების სიძულვილი და (ანუ) ხელისუფლების სათავეში მოქცევის სურვილი.

        მარტივი გათვლით, ასეთი გაერთიანება ერთობლიობაში შეძლებს, დაამარცხოს მმართველი პარტია, მაგრამ რეალურად, პოლიტიკურ სუბიექტთა ამგვარი ჯამი კი არ ზრდის, არამედ, პირიქით, ამცირებს ხელისუფლების მოწინააღმდეგეთა ძალას, ვინაიდან, ბოლოს და ბოლოს, ელექტორატი სულაც არ არის ვალდებული, იზიარებდეს ოპოზიციონერთა პირად დამოკიდებულებას, პიროვნულ სიძულვილს კონკრეტულ ხელისუფალთა მიმართ.
        მისთვის მთავარია, შეიცვალოს თვით პოლიტიკური კურსი, ხოლო პიროვნებები - მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ისინი ამ პოლიტიკურ კურსს განასახიერებენ. მაგრამ, როდესაც ამომრჩეველი ხედავს, რომ იქმნება კოალიცია, რომლის ზოგიერთი წევრი იმავე კურსთან ასოცირდება, რასაც ხელისუფლება ატარებს, - იგი ამ კოალიციას ხმას არაფრის დიდებით არ მისცემს, ასეთია ამომრჩევლის მენტალიტეტი, ზოგადად, მით უმეტეს – ქართველი ამომრჩევლისა.
        შეიძლება, ოპონენტმა შეგვახსენოს, რომ «პოლიტიკური კოალიცია» ჯერ კიდევ არ ნიშნავს ერთიან საარჩევნო სიას. კი, ბატონო, ნამდვილად ასეა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ოპოზიციური პარტიები ქმნიან თუნდაც მხოლოდ პოლიტიკურ ალიანსს და ამ ალიანსს «ოპოზიციურობის» პრეტენზია აქვს, მას მაინც უნდა ჰქონდეს საერთო პოლიტიკური პლატფორმა, საერთო პოზიცია კარდინალურ საკითხებში; უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ ნეგატიური დამოკიდებულება არსებული ხელისუფლებისადმი, არამედ პოზიტიური პროგრამაც მომავალი სახელმწიფოებრივი განვითარების თაობაზე.
        მართლაც, თუ დღევანდელობა არ მოსწონთ, რას სთავაზობენ ამომრჩეველს? ცალ-ცალკე ასეთი პროგრამა აქვთ, მაგრამ (ვიმეორებ) გაერთიანებისას მათი პროგრამები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ერთიან ოპოზიციურ პროგრამას ვერ ქმნის. გარდა ამისა, გავიხსენოთ ვახტანგ რჩეულიშვილის კატეგორიული განცხადებები იმის თაობაზე, რომ კოალიციას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შეიქმნება ერთიანი საარჩევნო სია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, «პოლიტიკური კოალიციის წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან არჩევნებში, რაც აბსურდულ ვითარებას ქმნის».
        დიახ, ნამდვილად აბსურდული ვითარება შეიქმნება, მაგრამ რჩეულიშვილს არ სურს გაითავისოს, რომ ვითარება უკვე არის აბსურდული, რაკი არ არსებობს ერთიანი პოზიცია კარდინალურ საკითხებში და, «მიუხედავად ამისა, მაინც» ლაპარაკია ერთიან პოლიტიკურ ძალაზე, ერთიან ოპოზიციაზე, კოალიციაზე და ასე შემდეგ.
        «ბათუმურ კოალიციაში» მხოლოდ და მხოლოდ ერთიანი საარჩევნო სიის ჩამოსაყალიბებლად შევიდნენ აგრეთვე, «ტრადიციონალისტები» და «ზვიადისტები»; სულ სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს «აღორძინებას». ასლან აბაშიძემ შესანიშნავად უწყის, რომ ერთიანი პარტიული სიის შექმნისას, ფაქტობრივად, თავისი «გარანტირებული» ხმების გაყოფა მოუწევს სხვებისთვის; ამიტომაც, ძნელი მისახვედრი არ არის: «აღორძინება» მხოლოდ იმ პირობით დათანხმდება ერთიან საარჩევნო სიას, თუ მისი პრიორიტეტულობა უეჭველი იქნება, მაგრამ ეს პირობები შესაძლოა, კაბალური აღმოჩნდეს სხვებისთვის.
        თუ, მაგალითად, «აღორძინებამ» მოითხოვა სიების დაკომპლექტება პრინციპით «ხუთი – ერთთან», მაშინ კოალიცია სხვებისთვის ყოველგვარ აზრს დაკარგავს პარტიული ლიდერების პირველ ხუთეულში «ჩასმის» შემთხვევაშიც კი.
        აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: მას შემდეგ, რაც ასლან აბაშიძემ ასეთი კოალიცია შექმნა, საბოლოოდ ცხადი გახდა, რომ იგი არ არის «საერთო ქართული» მაშტაბის პოლიტიკოსი და სულაც არ აპირებს ქვეყნის პრეზიდენტობას.
        აჭარის დღევანდელ ლიდერს «საერთო-ქართული პოლიტიკური ამბიცია» რომ ჰქონდეს, ამგვარ ამორფულ კოალიციას არაფრისდიდებით არ შექმნიდა და აი, რატომ: ხელისუფლებასთან «თვისებრივი» გამიჯვნისთვის ყოვლად აუცილებელია გამიჯვნა ყველა იმ ძალასთან, რომელიც ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე მოქმედებდა 1988 წლიდან, ანუ «ეროვნული მოძრაობის» დასაწყისიდან.
        ასლან აბაშიძის მომხრეები ახლა გულაცრუებულნი არიან. ზოგიერთისთვის კაკო ასათიანია მიუღებელი, ზოგისთვის - ვახტანგ ბოჭორიშვილი, სხვებისთვის – ვახტანგ რჩეულიშვილი, ან მამუკა გიორგაძე.
        კოალიციის შექმნით ასლან აბაშიძემ დაკარგა ყველაზე მთავარი: «სრულიად განსხვავებული, სრულიად ახალი პოლიტიკური ძალის» იმიჯი. ფაქტობრივად, «აღორძინებამ» ნაწილობრივ «იკისრა» პასუხისმგებლობის მთელი ის ტვირთი, რაც 1988 წლიდან დაწყებული დააწვათ კისერზე ზემოთჩამოთვლილ პოლიტიკურ ძალებს. ამიტომ, ხელისუფლებას «აღორძინება» ვეღარ დასდებს ბრალად ვერც 9 აპრილს, ვერც აფხაზეთის ომს, ვერც სამოქალაქო ომს, ვინაიდან იმ მოვლენებში ამა თუ იმ ფორმით მისი ახალი პარტნიორებიც მონაწილეობდნენ.
       

დილის გაზეთი, 19 ივლისი, 1999 წელი