რას ერჩის შევარდნაძე გელბახიანებს?

რას ერჩის შევარდნაძე გელბახიანებს?

 

    ქართული საზოგადოება კვლავ იმ ადამიანებისაგან შედგება, რომელთაც ერთმანეთთან «ძველი» ანგარიშები აქვთ, ერთმანეთი სძულთ და უყვართ, - რაც მთავარია, ყველაფერი ახსოვთ.
        ქართულ სცენაზე იგივე მსახიობები თამაშობენ, თამაშობენ დიდი ხნის წინ დაწყებულ და დაუსრულებელ პიესას. . .
   

    1972 წელს, «ვასილ პავლოვიჩ» მჟავანაძის მრავალწლიანი მმართველობის შემდეგ, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დაინიშნა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ედუარდ შევარდნაძე.
    დანიშვნისთანავე მან გამოაცხადა თავისი პროგრამის საკვანძო ნაწილი, - ბრძოლა ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ. დაუყოვნებლივ გაიგზავნა რევიზიები ცეკავშირში, სამინისტროებში, დაწესებულებებში, შევარდნაძემ უსასტიკესი რეპრესიით სცადა საყოველთაოდ გავრცელებული მექრთამეობის მოსპობა.
    იმ დროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის რექტორი იყო აკადემიკოსი პეტრე გელბახიანი, - საყოველთაოდ ცნობილი პიროვნება, შესანიშნავი მეცნიერი და მოღვაწე. დღეს უკვე ძნელი წარმოსადგენია (თუ იმ ეპოქაში არ გიცხოვრია) რას ნიშნავდა იმ დროს სამედიცინო ინსტიტუტი, - ეს იყო ყველაზე პრესტიჟული უმაღლესი სასწავლებელი (შესაძლოა უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის განყოფილების გარდა), რომელზე მოხვედრაც წარმოუდგენელ გავლენასა და ძალისხმევას მოითხოვდა.
    დღევანდელი თაობა ვერც იმას წარმოიდგენს, რატომ ეტანებოდა იმ დროს ახალგაზრდობა უმაღლეს სასწავლებელს, - «უმაღლესში მოწყობა» ნიშნავდა გარკვეული სოციალური საფეხურის გავლას, განსაზღვრულ სოციალურ ნიშაში ადგილის დაკავებას. ის, ვინც ამ საფეხურს ვერ გაივლიდა, სხვა, უფრო დაბალ სოციალურ შრეში რჩებოდა.
    «სამედიცინოზე» მოწყობა იმთავითვე ნიშნავდა მომავალ წარმატებასა და უზრუნველ ცხოვრებას. პეტრე გელბახიანი ბევრს ეხმარებოდა, მაგრამ მისი ერთადერთი ანგარება მეგობრის, ნათესავის, ახლობლის თხოვნის შესრულება იყო. მექრთამე იგი არასდროს ყოფილა - ელემენტარულად, ფული არც უჭირდა აკადემიკოსს და ინსტიტუტის რექტორს. მაგრამ როგორც ამბობენ (შესაძლოა ეს სრული სიყალბე იყოს) ერთხელ პეტრე გელბახიანმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა და ედუარდ შევარდნაძის ახლო ნათესავი სამედიცინო ინსტიტუტში რაღაც თანამდებობაზე არ დანიშნა. შევარდნაძე იმ დროს (მხოლოდ და მხოლოდ) შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, პეტრე გელბახიანს კი შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა «ვასილ პავლოვიჩთან».
    ვიმეორებ: შესაძლოა ეს მონაჭორი იყოს, მაგრამ ფაქტია, რომ 1973 წელს, ზღვაზე დასასვენებლად მყოფი პეტრე გელბახიანი დააპატიმრეს და ციხეში ჩასვეს. საბოლოოდ, «ბრალდების ნაწილში» სულ ორი ფაქტი ფიგურირებდა: რომ 1. პეტრე გელბახიანს ვიღაცამ «ქრთამად» მიწის სამუშაოები შეუსრულა და 2. სამედიცინო ინსტიტუტის ერთ-ერთი კათედრის გამგემ «ხელი დაადო» გელბახიანს და განაცხადა, რომ ქრთამს უყოფდა.
    ზოგიერთი ცნობით, ორივე ეს ჩვენება მიღებული იყო გამომძიებელსა და მოწმეებს შორის შეთანხმების შედეგად, რადგან ამ ჩვენებათა საფასურად ისინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს.
    პეტრე გელბახიანს სასამართლომ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  გელბახიანმა ყველა ბრალდება უარყო, - მან აღიარა, რომ აბიტურიენტებს ინსტიტუტში «აწყობდა», მაგრამ მხოლოდ «პროტექციით», ახლობელთა თხოვნით, ყოველგვარი ანგარება კატეგორიულად უარყო. მან ვაჟკაცურად მოიხადა სასჯელი და განთავისუფლდა ახალ ეპოქაში, როდესაც, უკვე «რევოლუცია» იწყებოდა.
    1973 წელს «გელბახიანის საქმე» შევარდნაძისთვის იყო ერთგვარი «საჩვენებელი პროცესი». ამგვარი პროცესები საქართველოს კომპარტიის «ცკ»-ს მაშინდელმა პირველმა მდივანმა მრავლად გამართა სხვადასხვა სოციალური შრის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
    პეტრე გელბახიანის «საჩვენებელი პროცესი» ინტელიგენციის დასაშინებლად ჩატარდა, რადგან ამ სოციალურ შრეშიც მოეკიდა ფეხი კორუფციის მანკს. დღეს უკვე ძნელი გასაგებია პირადად შევარდნაძემ «ამოირჩია» პეტრე გელბახიანი თუ ეს უკვე პროკურატურის თანამშრომელთა «თვითშემოქმედება» იყო, რომლებმაც მიიღეს «სოციალური შეკვეთა» (ზოგადად) და იგი მყისვე შეასრულეს, - ინტელიგენციის თვალსაჩინო წარმომადგენლის დაპატიმრებითა და «საჩვენებელი პროცესის» გამართვით.
    პეტრე გელბახიანის საქმეს რეზო ყიფიანი ზედამხედველობდა, რომელიც დღეს ჯაბა იოსელიანის საქმეს იძიებს.
    «გელბახიანის საქმე» იმ დროს თბილისში «ბომბივით გასკდა», - მას უდიდესი რეზონანსი ჰქონდა და გარკვეული ფსიქოლოგიური შედეგიც გამოიღო. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ «საჩვენებელმა პროცესმა» მექრთამეობა ვერ მოსპო საქართველოში და ვერც მოსპობდა.
    რამდენიმე წლის შემდეგ, პეტრე გელბახიანის შვილიშვილი - პეტრე სამედიცინო ინსტიტუტში აბარებდა გამოცდას. ამ ინსტიტუტში მიღებული იყო ნიშნების გამოცხადება საჯაროდ, ხმის გამაძლიერებლების მეშვეობით. როდესაც დიქტორმა თქვა: პეტრე გელბახიანი... ფრიადი! ეზოში შეგროვილმა ხალხმა წამიერი დაძაბულობის შემდეგ ტაში დაუკრა, ვინაიდან ეს სამართლიანობის გამოვლინებად მიიჩნიეს.
    კორუფცია კი მაინც არ მოსპობილა საქართველოში - ისევ აწყობდნენ «სამედიცინოზე» ფულითა და «ნაცნობობით», ისევ ისეთივე განუკითხაობა და მექრთამეობა იყო ყველა სფეროში. მეღვინეები დააპატიმრეს და ბრალი დასდეს, - ღვინოში შაქარს რატომ უშვებითო. არადა, თავად მოითხოვდნენ მათგან «გეგმის უეჭველად შესრულებას».
    - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
    ამ პირობებში «უმცროს» პეტრე გელბახიანს არ შეიძლებოდა ფანატიკური სიძულვილი არ გასჩენოდა ედუარდ შევარდნაძისადმი. ეს გრძნობა ალბათ განსაკუთრებით მაშინ გაძლიერდა, როდესაც შევარდნაძე ჯაბა იოსელიანს «დაუმეგობრდა» და მასთან ერთად იწყო ქვეყნის მართვა.
    პეტრე გელბახიანმა შევარდნაძის აფეთქება არ დააპირა, - მან სწორედ ჯაბა იოსელიანის მოკვლა სცადა. როგორც ჩანს, უნდოდა ბოლომდე მართალი ყოფილიყო ოჯახის მთავარი მტრის მიმართ, მაგრამ... იმ ტერორისტული აქტის შედეგად რამდენიმე სრულიად უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა - «ბატონი ჯაბა» კი გადარჩა...
    პეტრე გელბახიანი, ისევე როგორც მამამისი, გედი, დააპატიმრეს. პეტრეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. დღეს იგი სიკვდილმისჯილთა კამერაში იმყოფება და შევარდნაძის გადაწყვეტილებას ელის.
    «ძველი ტრაგედიის» ყველა მოქმედი გმირი ცოცხალია და ტრაგედიაც გრძელდება. . . . . ქართული საზოგადოება არ შეცვლილა, - ჩვენ «ძველ თხიერში ახალი ღვინო ჩავასხით» მხოლოდ...
    «კვირიონი», 16 ივნისი, 1996 წელი.