«მოქალაქეთა კავშირი» ბედისწერას არ ნებდება

«მოქალაქეთა კავშირი» ბედისწერას არ ნებდება

        დღეს ფილარმონიის მრავლისმნახველ დარბაზში ტარდება საქართველოს «მოქალაქეთა კავშირის» მე-5, რიგგარეშე ყრილობა. ზოგიერთი ნიშნის მიხედვით, მობილიზებულია ყველა სტრუქტურა, რომელმაც «სახელისუფლებო პარტიის» აღორძინებაში უნდა მიიღოს მონაწილეობა. საორგანიზაციო კომიტეტმა დიდი სამუშაო გასწია, - დარიგდა მოსაწვევები, რამაც შესაბამისი წარმომადგენლობა უნდა უზრუნველყოს.

არსებობდა გარკვეული იურიდიული პრობლემები «პარტიის მემკვიდრეობის» გაყოფის საკითხებში, თუმცა, როგორც ჩანს, ამ პრობლემას არც ერთი მხარე არ ამწვავებს. წინასწარი შეთანხმების შესაბამისდა, პარტიამ უნდა აირჩიოს ახალი მმართველი დაჯგუფება (პარტიის პოლიტბიურო ან მთავარი კომიტეტი), აგრეთვე, პარტიის თავმჯდომარე (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია) და მისი მოადგილეები. პარტიის თავმჯდომარედ დასახელებულია ავთანდილ ჯორბენაძე. ის ფაქტი, რომ იგი ერთადერთი კანდიდატია _ ჯერ კიდევ ბევრს არაფერს ნიშნავს. საქართველოში ჩამოყალიბდა სისტემა, როდესაც პარტიები ცდილობენ «სამზარეულო» არ გამოამზეურონ და მნიშვნელოვანი საკითხები შეათანხმონ მანამ, სანამ მათი პარტიის «საფიხვნოზე» გამოიტანენ.
        ავთანდილ ჯორბენაძის თანხმობას, დაეკავებინა ეს პოსტი (რაც მისი მხრიდან პოლიტიკურ პერსპექტივაზე თანხმობის განცხადებაც იყო) მოჰყვა ძალიან საინტერესო პროცესები აღმასრულებელ ხელისუფლებაში: უკლებლივ ყველა მნიშვნელოვანმა ფიგურამ გააკეთა განცხადება «მოქალაქეთა კავშირში» გაწევრიანებაზე. დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური დემარში იყო არა ედუარდ შევარდნაძის სურვილი (მით უმეტეს, ბრძანება), არამედ ავთანდილ ჯორბენაძის ავტორიტეტისა და გავლენის გამოხატულება.
        ავთანდილ ჯობრენაძეს სურს, შექმნას პარტია, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების დასაყრდენი და მისი ერთადერთი ბერკეტი იქნება პოლიტიკის განსახროციელებლად. ეს გარემოება, მით უმეტეს, აქტუალურია, თუ გავითვალისწინებთ სულ უფრო რეალურ საუბრებს სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებათა გაფართოებაზე და (შემდგომ) პროემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებაზე.
        მაგრამ აქ იწყება პირველი წინააღმდეგობა: სხვა პოლიტიკურ პარტიებს «კაბინეტი» წარმოუდგენიათ, როგორც მხოლოდ «კოალიციური» მთავრობა». ამიტომ, როგორც კი ისინი დაინახავენ (უკვე ხედავენ კიდეც), რომ იქმნება ახალი სახელისუფლებო პარტია, - «კაბინეტის» იდეა საბოლოოდ დასამარდება, რასაც, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი შედეგები ახლავს თან.
        წარმოუდგენელია, ავთანდილ ჯორბენაძე ამას არ აცნობიერებდეს. მაშასადამე, შეიძლება დავასკვნათ, რომ მისი განცხადება («მინისტრთა კაბინეტის» შემოღების საწინააღმდეგოდ) სავსებით გულწრფელი იყო. «მოქალაქეთა კავშირის» ყრილობაზე უნდა ჩამოყალიბდეს ახალი ელიტა, - პარტიის ახალი მმართველი დაჯგუფება (ბიურო, თავმჯდომარის მოადგილეები, მდივნები და ასე შემდეგ) რომელსაც თავმჯდომარე დაეყრდნობა. ეს ახალი «პარტიული ელიტა» ვერც ერთი თვალსაზრისით ვერ იქნება (თავისთავად) იმდენად ძლიერი, გავლენიანი და ანგაჟირებული (მედიის მხრიდან), როგორიც «ზურაბ ჟვანიას გუნდი» იყო.
        1995-2001 წლებში საპარლამენტო და გარესაპარლამენტო ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რათა დაპირისპირებოდა არა «მოქალაქეთა კავშირს», არამედ კონკრეტულად ამ გუნდს «მოქალაქეთა კავშირში». გახსოვთ, ალბათ, ვახტანგ რჩეულიშვილის გამოსვლები 1997-99 წლებში: «მოქალაქეთა კავშირში» უმრავლესობა წესიერი ადამიანია, მაგრამ ის «გუნდი» არ აძლევთ თვითგამოვლენის საშუალებას. ოპოზიცია ვერ ხვდებოდა, რომ ეს იყო მისთვის დამღუპველი ტაქტიკა: ერთი მხრივ, ამით იგი აძლიერებდა «ჟვანიას გუნდს», ხოლო, მეორე მხრივ, ამ გუნდის პარტიიდან წასვლის შემდეგ, იმავე «ოპოზიციას» ძალიან გაუჭირდება იმავე სტერეოტიპების მიმართვა უკვე «ახალი ელიტის» და მთლიანად «მოქალაქეთა კავშირის» (როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის) წინააღმდეგ.
        ეს სტერეოტიპები ვეღარ იმუშავებს, ხოლო ის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც მხოლოდ «ჟვანიას ჩანაცვლებისთვის» იბრძოდნენ, სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. ამ თვალსაზრისით, «მოქალაქეთა კავშირი» კვლავაც შეძლებს სახელისუფლებო რესურსების გამოყენებას, მაგრამ ეს პარტია უკვე ვეღარ მოიპოვებს საპარლამენტო უმრავლესობას - თუნდაც რეგიონულ ელიტათა წარმომადგენლობებთან ერთად.
        ამდენად, სტრატეგიული თვალსაზრისით, «მოქალაქეთა კავშირის» მომავალი საპარლამენტო წარმომადგენლობა (7 პროცენტიანი ბარიერის გადალახვას თუნდაც მხოლოდ ქვემო ქართლის ხმები უზრუნველყოფენ), ძირითადად, განაპირობებს «საკონსტიტუციო სტაბილურობას», ანუ არ დაუშვებს ისეთი ცვლილებების შეტანას კონსტიტუციაში, რაც მიუღებელი იქნება ხელისუფლებისთვის. მაგრამ ძველი სახით ედუარდ შევარდნაძეს «მოქალაქეთა კავშირი» აღარ სჭირდება – წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტიის თავმჯდომარეობიდან არ გადადგებოდა. რეალურად კი, ახალი «მოქალაქეთა კავშირი» მხოლოდ იმ შემთხვევაში იქცევა ძლიერ პარტიად, თუ იგი პოლიტიკოსებს (მათ შორის «ოლიგარქებს») გააერთიანებს.

დილის გაზეთი, 29 ივნისი, 2002 წელი