ბნელეთის ლანდები

ბნელეთის ლანდები

        თბილისში ბნელა. ბნელა ყველა თვალსაზრისით – დაუმატებს ვიღაც. ამ სიტყვას ქართულში (მათ შორის, თბილისურ ჟარგონში) რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ჩვენს დედაქალაქში ამჟამად ყველანაირად ბნელა. მათ შორის, პერსპექტივის მხრივაც, ვინაიდან ჯერ ზამთარი ხომ არ დაწყებულა?!
        ნოემბერი «კვლავაც» შემდგომაა «ახალი სტილითაც» და «ძველითაც». არადა, ჩვენი დედაქალაქი უკვე ბლოკადისდროინდელ ლენინგრადს ემსგავსება. ქუჩებში კოცონები გიზგიზებს. ეს სურათი განსაკუთრებით შემაძრწუნებელია კოხტად გამოწყობილი და (ზოგჯერ) «დვიჟოკით» გაჩახჩახებული მდიდრული სუპერმარკეტების გვერდით.
        რა დღეში ვართ?! გვეშველება რაიმე? მოსახლეობა ქუჩებს კეტავს. მოძრაობა ცენტრალურ მაგისტრალზეც გაჩერდა. რუსეთის ტელეკომპანიებმა მთელ მსოფლიოში გაავრცელეს ვაჟა-ფშაველას გამზირზე გადაღებული კადრები: ორ კოცონს შორის თითქმის ალმოდებული «ნივა» ცდილობს მაღალი სიჩქარით გვერდი აუქციოს გამძვინვარებულ ხალხს. დაახლოებით ისეთი სურათია, 70-იანი წლების ბეირუთში რომ ვიხილავდით, ან დღევანდელ «ღაზაში» (ისრაელი) ან ჰოლივუდის ფანტასტიკურ ფილმში, სადაც 23-ე საუკუნის ნიუ-იორკია აღწერილი ადამიანებსა და რობოტებს შორის გამანადგურებელი ომის შემდეგ, როდესაც ადამიანთა მოდგმა იძულებული გახდა საკანალიზაციო ქსელში გადასახლებულიყო...
        თუმცა, რაღა შორეულ მეგაპოლისში მივდივართ, დღევანდელი თბილისი ძალიან, ძალიან ჰგავს, დაახლოებით, 1994 წლის თბილისს: საღამოს 8-9 საათზე ჩაბნელებულსა და დაცარიელებულს, კოცონებითა და მბოლავი საბურავებით... ერთი სიტყვით, სულისშემძვრელი სურათია... თბილისელები კიდევ უცნაურ ცივილიზებულობას ამჟღავნებენ, თორემ... 1977 წლის 12 ნოემბერს ნიუ-იორკის ცენტრში მდებარე გამანაწილებელ ქვესადგურს ელვამ «გლიჯა» და მეგაპოლოისი საღამოს 7 საათიდან დილის 4 საათამდე წვყდიადმა მოიცვა. იმის შესახებ, თუ რა ამბავი დატრიალდა ამის შედეგად მანჰეტენზე, რამდენიმე ფილმია გადაღებული.
        კინაღამ ნამდვილი ომი დაიწყო. გაიძარცვა ყველა მაღაზია, დაილეწა ყველა ვიტრინა, ათელუობთი პოლიოციელი დაიღუპა სროლების შედეგად, მადლობა ღმერთს, თბილისში მსგავსი არაფერი ხდება. ადამიანები, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანურ სახეს მაინც ინარჩუნებენ, მაგრამ... თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ვითარება თანდათანობით ამ თვალსაზრისითაც რთულდება.
        შესანიშნავ მოაზროვნეს უთქვამს: «გონების ძილქუში შობს ურჩხულებს» - თბილისში მაინც გამოჩნდნენ სისხლიანი წლების პერსონაჟები. ისინი თითქოს განსაკუთრებით არ აქტიურობენ, ვითომდაც არ ცდილობენ, პროცესებს სათავეში მოექცნენ, მაგრამ ეს მათი სტიქიაა, მათი ატმოსფეროა, მათი ვნება და «სულიკვეთებაა»! ამიტომ თუ ამ ვნებას ბრბოდქცეული ინდივიდების მასაც აჰყვება – ჩვენს ქალაქს კეთილი დღე არ ელის.
        კიდევ კარგი, პოლიციაც ხვდება განსხვავება სპოლიტიკური მოტივით გამართულ აქციასა და სოციალურ სპონტანურ პროტესტს შორის, თორემ თბილისი ქუჩის ბრძოლების ასპარეზად იქცეოდა ამ დღეებში. ამით ვითარება კიდევ უფრო გართულდებოდა. ამიტომ ჯობს, ადამიანებმა სასოწარკვეთა გადმოაფრქვიონ, თუნდაც საბურავები დაწვან. ვაკეში მოწყობილი აქცია კი საქვეყნო სოციალურ პროტესტს მაინც შეარბილებს, ვინაიდან ყველა ხედავს, რომ პრივილეგირებული რაიონი არ არსებობს.
        ქართველებს მაინც განსაკუთრებული მენტალიტეტი გვაქვს. სოციალური შინაარსის პროტესტი არასდროს უშუალოდ არ ვლინდება. აქამდე ერთი სოციალისტური რევოლუცია რუსებს, ფრანგებსა და გერმანელებს უკვე მომთავრებული ექნებოდათ.
        ეს ნაკლია თითქოს, ვიდრე ღირსება, თუმცა, მადლობა ღმერთს, იმითაც კი, ვინც საბურავებს წვავს და პროსპექტებზე კოცონს ანთებს, შესანიშნავად ესმით, რომ «ქვების სროლით» არაფერი გამოვა და ამით პრობლემა არ გადაწყდება. კვლავინდებურად გულს იოხებენ (მომავლაი ზამრით მოლოდინში) ჯაბა იოსელიანის მართლაც მახვილგონივრული ხუმრობით: ამ ზამთარს ვინც გავაწევთ, შევიკრიბოთ არტოს ბაღში და სურათი გადავიღოთო.
        მაინცდამაინც ისევ მადლობა ღმერთს), თუ ავადხსენებულ «წარსულის ლანდებს» არ ჩავთვლით, სახეზე რომ სისხლმწყურვალება აწერიათ, არც «დამნაშავეს» ეძებს ვინმე.
        ეს უკვე ბედისწერაა. ყველამ იცის 5-6 ისეთ მიზეზს დაუსახელებენ, რომელთაგან თითოეულიო მართლაც საკმარისია «უკუნეთისთვის». მაგალითად, გვალვა, თბილსრესის ავარია, სომხურ, აფსუანური შეთქმულება (ენგურიდან და ალავერდიდან ელექტროენერგიის მოწოდება თითქმის ერთდროულად შეწყდა), კორუფცია, არგადამხდელთათვის «დენის» მიწოდება, რათა ათეულობით ათასი ადამიანი საწარმოთა გაჩერების შედეგად უშუქოდ კი არა, ულუკმაპუროდ არ დარჩეს და ასე შემდეგ.
        ჩვენ, უბრალოდ, უბედური თაობა ვართ. ალბათ, ვებრალებით, ამიტომ არ გვეუბნებიან, რომ საქართველოს რესურსები კიდევ დაახლოებით 10-15 წელიწადს არ ეყოფა, რათა ზამთრობით მოსახლეობა 24 საათით უზრუნველყოს ელექტროენერგიით. მაშასადამე, კიდევ კარგა ხანს ილაციცებენ ბოროტი ლანდები და ქვეყანაც იტორტმანებს უფსკრულთან.

დილის გაზეთი, 18 ნოემბერი, 2000 წელი