აღმასვლა ბეწვის ხიდზე

აღმასვლა ბეწვის ხიდზე

 

    გასულ კვირას დასრულდა საქართველოში რუსეთის თავდაცვის მინისტრის, პაველ გრაჩოვის ვიზიტი, რომლის შედეგად პარაფირებულია დოკუმენტი «სამხედრო თანამშრომლობის შესახებ». ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ოთხი სამხედრო ბაზის დაფუძნებას (ვაზიანში, ბათუმში, ახალქალაქში და გუდაუთაში) და საქართველოს მიერ მძიმე შეიარაღების კუთვნილი კვოტის გარკვეული ნაწილის გადაცემას რუსეთისათვის. სამაგიეროდ, რუსეთი ვალდებულებას იღებს, დაეხმაროს ჩვენს ქვეყანას შეიარაღებული ძალების მშენებლობაში.

    პარაფირებულ ხელშეკრულებას აქვს უაღრესად მნიშვნელოვანი მინაწერი:
        ქართული მხარის განსაკუთრებული შეხედულება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის სამხედრო ბაზების თაობაზე ხელშეკრულების პარაფირებისას:
    ქართული მხარე შესაძლებლად თვლის საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის მიერ ამ ხელშეკრულების ხელმოწერას და რატიფიცირებას მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქცია აღდგება მის მთელს ტერიტორიაზე (ვინაიდან, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები ხელს უშლის ამ ხელშეკრულების შესრულებას) და მას შემდეგ, რაც ნათლად ჩამოყალიბდება რუსეთის მხარის ვალდებულებანი საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობასთან დაკავშირებით».
    ამ საკითხში არსებული ურთიერთგაგებიდან გამომდინარე, ქართული მხარე სვამს შემდეგ საკითხს: «ის შეიარაღება და სამხედრო ტექნიკა, რომელიც იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე და რომელიც არ ეკუთვნის არც საქართველოს და არც რუსეთის შეიარაღებულ ძალებს - დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს».
    ეს მინაწერი უთუოდ მიუთითებს იმ ცხარე დისკუსიაზე, რომელშიც მიმდინარეობდა ხელშეკრულების მომზადება, საქართველოს ხელისუფლება ამ შემთხვევაში მოქმედებს წმინდა პრაგმატული მოსაზრებიდან გამომდინარე და პირდაპირ უკავშირებს ბაზების საკითხს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებს. ამ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის აღდგენა (მიაქციეთ ყურადღება - არა ლტოლვილთა დაბრუნება მხოლოდ, არამედ სწორედ იურისდიქციის აღდგენა - ავტ) იმას ნიშნავს, რომ საქართველო თანახმაა რუსეთს დაუთმოს სამხედრო ბაზები თავის ტერიტორიაზე მხოლოდ იმ პირობით, თუ რუსეთი რეალურად დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ზოგიერთი თვლის, რომ რუსეთი კვლავ არ შეასრულებს და არ შეცვლის პოზიციას აფხაზ თუ ოს სეპარატისტთა მიმართ. თუმცა რუსეთი ამჟამად საქართველოზე არანაკლებ არის დაინტერესებული ხელშეკრულების შესრულებით და აი, რატომ:
    1990 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად, რომელმაც დააწესა კვოტები მძიმე შეიარაღებაზე (ამ ხელშეკრულებას ეწოდება «ფლანგური შეზღუდვები») რუსეთს ეკრძალება თავისი ტერიტორიის სამხრეთ ფლანგზე (ანუ ჩრდილოეთ კავკასიაში) იყოლიოს განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი სამხედრო ტექნიკა. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, ეს ხელშეკრულება სერიოზულ სამხედრო სტრატეგიულ «სინჯად» იქცა რუსეთის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. ჩეჩნეთის მოვლენებმა ნათლად უჩვენეს, რომ კვოტით გამოყოფილი ოდენობა არ არის საკმარისი ყველა სამხედრო-პოლიტიკური ამოცანის გადასაწყვეტად, რომელიც თავსდება რუსეთის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების დოქტრინაში; რუსეთმა ოფიციალურად შესთავაზა დასავლეთის ქვეყნებს ერთობლივად გადაესინჯათ ხელშეკრულების დებულებები, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კატეგორიული უარი უთხრა. საპასუხოდ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ რუსეთი უფლებას იტოვებს, დაარღვიოს ეს ხელშეკრულება, რადგან იგი ხელს უშლის ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას.
    ამრიგად, მწიფდებოდა სერიოზული კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის. რუსეთის ბაზების თაობაზე დადებული ხელშეკრულებით ეს პრობლემა მოიხსნა - საქართველომ რუსეთს დაუთმო თავისი კუთვნილი კვოტის ნაწილი, რამაც მისცა საშუალება რუსეთს გადაეწყვიტა (სტრატეგიული თვალსაზრისით) თავისი სამხრეთ ფლანგის უსაფრთხოების პრობლემა ისე, რომ ამავე დროს არ დაარღვია პარიზის ხელშეკრულება.
    ბუნებრივია, ესოდენ სერიოზული დათმობის სანაცვლოდ, რუსეთი საქართველოს  გაუწევს დახმარებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში. ყურადღება მივაქციოთ პარაფირებულ დოკუმენტზე დართული მინაწერის დასკვნით ნაწილს, რომელშიც საუბარია იმ სამხედრო ტექნიკის განადგურების აუცილებლობაზე, რომელიც ეკუთვნის აფხაზურ და ოსურ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. არ არის გამორიცხული, რომ ამ თვალსაზრისით რუსეთმა და საქართველომ არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც გააერთიანონ თავიანთი ძალისხმევა «უკანონო შეიარაღებული ფორმირებების გასანადგურებლად». ყოველ შემთხვევაში, იურიდიული თვალსაზრისით ეს სავსებით შესაძლებელია.

    და მაინც, მიუხედავად ზემოთქმულისა, ეს ხელშეკრულება ალბათ ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს საქართველოს ხვალვე შეუძლია დაძრას თავისი ჯარები, შევიდეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, გაანადგუროს სეპარატისტთა ბანდები და ვლადისლავ არძინბა ბორკილდადებული ჩამოიყვანოს თბილისში. პოლიტიკა შესაძლებლობის ხელოვნებაა, ამიტომ ილუზიები არ უნდა გვქონდეს: აფხაზური პრობლემის გადაწყვეტა, მიუხედავად დადებული ხელშეკრულებისა, მაინც რამდენიმე წელიწადს გასტანს და მოითხოვს საქართველოს ხელისუფლების უდიდეს სიფრთხილეს. რუსეთი არ დაუშვებს პრობლემის გადაჭრას ძალისმიერი მეთოდებით. ამას უნდა შევურიგდეთ. ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ არ ამოიწურება გუდაუთაზე ეკონომიკური და პოლიტიკური ზეწოლის ყველა საშუალება. ახალი სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში ძალზე გაართულებს ვითარებას ჩრდილო კავკასიის დასავლეთ ნაწილში, სადაც ადიღური მოდგმის ტომები ცხოვრობენ - ჯერჯერობით ისინი «დაძაბულ ნეიტრალიტეტს» ინარჩუნებენ ჩეჩნეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით.
    ამიტომ, რუსეთი შეეცდება მიაღწიოს ერთგვარ ბალანსს, ანუ დაეხმაროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში ისე, რომ ამავე დროს, არ დაარღვიოს მყიფე სტაბილურობა ჩრდილოეთ კავკასიაში. სწორედ ამიტომ, ეს არ იქნება ერთჯერადი აქტი - იგი დროში გაიჭიმება. რუსეთმა უკვე მიიღო გარკვეული ზომები: კერძოდ, მოსკოვში გაუქმდა ე.წ. აფხაზეთის წარმომადგენლობა, დაიხურა საქართველო-რუსეთის საზღვარი მდინარე ფსოუზე, რის შედეგადაც გუდაუთის რეჟიმი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა.
    მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ყოვლად აუცილებელია სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა. გაერო, უკვე მერამდენედ, სრულიად უმწეო აღმოჩნდა თუნდაც რაიმე რეალური დახმარება გაეწია აგრესიის მსხვერპლისთვის, ანუ დახმარებოდა საქართველოს, საერთაშორისო სტრუქტურების მეშვეობით აღედგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა.
    ამრიგად, გაეროს ეგიდით დაწყებული ოპერაცია (ვაღიაროთ) სრული კრახით დასრულდა. ამიტომ საქართველო-რუსეთის თანამშრომლობის კონტექსტში, აფხაზეთში უნდა განხორციელდეს თვისებრივად ახალი სამშვიდობო ოპერაცია, რომლის ძირითადი მახასიათებლები ისეთივე იქნება, როგორც ცხინვალში - ანუ სამმხრივი, რუსულ-ქართულ-აფხაზური შეიარაღებული ფორმირებების შეყვანა აფხაზეთის ტერიტორიაზე და ლტოლვილთა თანდათანობითი, ეტაპობრივი დაბრუნება ჯერ გალში, შემდეგ ოჩამჩირეში, გულრიფშში და ა.შ.
    ამ კონტექსტში აუცილებლად იგულისხმება ფედერაციული ხელშეკრულების გაფორმება «უფლებამოსილებათა გამიჯვნის შესახებ» საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და აფხაზეთის სახელისუფლო ორგანოებს შორის. მხოლოდ მთელი ამ სისტემის ამოქმედებით გახდება შესაძლებელი წარმატების მიღწევა. ყველა სხვა გზას კვლავ მივყავართ სისხლიან ჩიხში.

    რა თქმა უნდა, ხელშეკრულების პარაფირებას საპარლამენტო ოპოზიციის გააფთრება მოჰყვა. სხდომების ჩატარება ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. პარლამენტი კვლავ იქცა ლანძღვა-გინებისა და ლამის მუშტი-კრივის არენად. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქართული საპარლამენტო ოპოზიცია არძინბას უკანასკნელი შანსია. გახსოვთ ალბათ, ადრე იგი კატეგორიულად აცხადებდა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ხელშეკრულების გაფორმება არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ საქართველო არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას. დღეს ანალოგიური განცხადების გაკეთება მას არ შეუძლია. თუ აშკარად გამოთქვამს პროტესტს, ეს იქნება არგუმენტი ქართული საპარლამენტო ოპოზიციის წინააღმდეგ. არძინბას კი ძალიან სურს, გააძლიეროს მისი პოზიციები. სწორედ ამიტომ, თვალთმაქცურად აკეთებს «გულგრილ» განცხადებას 22 მარტის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თითქოს იგი არც ეხებოდეს აფხაზეთს: «საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულება საქართველოს საშინაო საქმეა და იგი არ ეხება აფხაზეთს». არადა, არძინბამ ხომ შესანიშნავად იცის: ხელშეკრულებაში ფიგურირებს გუდაუთის ბაზა - მაშ, როგორღა არ ეხება იგი აფხაზეთს? რატომ არ აცხადებს არძინბა პროტესტს (როგორც ადრე აკეთებდა) იმის გამო, რომ «რუსეთის ხელშეკრულებამ უღალატა აფხაზეთს», «რუსეთი, აფხაზეთის ხელისუფლების ზურგს მიღმა, დებს შეთანხმებას საქართველოსთან» და ა.შ. მაგრამ არძინბა ამას არ აკეთებს, რადგან ამჟამად ეს მხოლოდ ვნებს და შეასუსტებს მის პოზიციებს.
    იმ უმძიმესი მარცხის შემდეგ, რომელიც საქართველომ განიცადა ბოლო წლების განმავლობაში, «აღმასვლა», ანუ დაკარგულის დაბრუნება ურთულესი საქმეა. იგი უდიდეს პოლიტიკურ ხელოვნებას, სიფრთხილეს, სიბრძნეს მოითხოვს. საქართველომ უნდა გაიაროს ბეწვის ხიდზე, რათა დაკარგული ღირსება და წართმეული საუნჯე დაიბრუნოს.

«მოქალაქე», 30 მარტი, 1995 წელი.