ბერეზოვსკი ქართველების და აფხაზების ენას ვერ გაიგებს

ბერეზოვსკი ქართველების და აფხაზების ენას ვერ გაიგებს

 

    ისევე, როგორც ადამიანის, ზოგჯერ ერის ისტორიაშიც წუთები წყვეტს ბევრ რამეს. «დროის აჩქარებას» მოსდევს «პოლიტიკური აჩქარება» და არა პირიქით. 31 ივლისამდე სულ ერთი თვე (უფრო ნაკლებიც) დარჩა, რუბიკონის მოახლოება აიძულებს პოლიტიკოსებს, მეყსეულად მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
    სარწმუნო წყაროს ცნობით, ზურაბ ჟვანიას აფხაზეთში გამგზავრება თხუთმეტ წუთში გადაწყდა, - ბორის ბერეზოვსკის სჭირდებოდა «ზურგი», რათა უფრო თამამად ესაუბრა აფხაზთა ლიდერებთან და იქნებ რეალური კომპრომისისთვისაც მიეღწია.
    ჟვანიას აეროპორტში სოკრატ ჯინჯოლია (აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარე) და «საგარეო საქმეთა მინისტრი» სერგეი შამბა დახვდნენ. ზოგადად, უნდა ითქვას, აფხაზები თავდაჭერილად და დინჯად იქცეოდნენ, ქართველი სტუმარი თავდაჭერილად, მაგრამ ზრდილობიანად მიიღეს, თუმცა სტუმარ-მასპინძლობა აქ არასოდეს ეშლებოდათ.
    გუდაუთიდან ახალ ათონამდე (სადაც არძინბას «რეზიდენციაა») ისეთი სილამაზის ფონზე ვიარეთ, ტკივილით გული შემეკუმშა. ეს სამოთხე, ფაქტობრივად, საქართველო აღარ არის, აღარც ქართველის ნასახი ჩანს და არავინ იცის, იქნება თუ არა კვლავ ოდესმე.
    აფხაზეთის «პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციასთან» აფხაზი ჟურნალისტები ირეოდნენ. გუდაუთის უბრალო მცხოვრებნიც განცვიფრებით შემოგვცქეროდნენ. მათ წინასწარ, რა თქმა უნდა, არავინ ეტყოდა, «საქართველოს დელეგაცია გვესტუმრაო». ამიტომ უკვირდათ, იერით შეგვატყვეს, - ქართველები ვიყავით. არადა, ნამდვილად აღარ ეგონათ, თუ ოდესმე კიდევ იხილავდნენ ქართველს ამ ადგილებში.
    ჯერ ბორის ბერეზოვსკი და ვლადისლავ არძინბა განმარტოვდნენ. აფხაზთა ლიდერს რუს «შუამავალთან» პირისპირ საუბარი სურდა, თან ნახევრად ეჭვითა და ხუმრობით ეკითხებოდა, «ვის მხარეზე ხარო». ამასობაში, მასპინძლები სტუმართა უმრავლესობას «ნეიტრალურ თემებზე» საუბრით ართობდნენ. ყოველ ნაბიჯზე დაკიდებული «აფხაზური დროშა» ინტერიერს მეტ ისტორიულ და პოლიტიკურ «საზრისს» სძენდა გარეგნულად. ხანდახან გაუელვებთ ხოლმე თვალებში ცეცხლი, როდესაც საუბარი აფხაზეთის ბედს შეეხება. სხვა მხრივ, ყველაფერი «ჩვეულებრივ არის» აფხაზი (!) მანანა გურგულია, რომელიც, თურმე ნუ იტყვით, თავისუფლად ფლობს ქართულ ენას, იხსენებს, როგორ ისვენებდა დიდი ხნის წინათ წყნეთის პანსიონატში და საოცარი, აშკარად ავადმყოფური ზიზღით ყვება, რა ცუდ პირობებში უხდებოდა ცხოვრება, თითქოს საკონცენტრაციო ბანაკში იყო.
    ეს ბუნებრივია (მათთვის). საქართველოს შესახებ მას მხოლოდ ცუდი ახსოვს. კარგი არაფერი შეიძლება გაახსენდეს. თბილისში არსებული ვითარების შესახებაც ისე გეკითხებიან, როგორც ჩვენ გამოვკითხავდით, ვთქვათ, შორეული ურუგვაის მკვიდრს: რა ღირს პური, რამდენი საათი მუშაობს მაღაზიები და ასე შემდეგ.
    ბორის ბერეზოვსკისთან საუბრის შემდეგ დაიწყო პირდაპირი მოლაპარაკება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და სეპარატისტთა ლიდერს შორის. ჟვანია და არძინბა ექვსი საათის განმავლობაში საუბრობდნენ. მოლაპარაკების თემა წინასწარ იყო ცნობილი: ლტოლვილთა დაბრუნება და აფხაზეთის სტატუსი ერთიანი საქართველოს (ფედერაციული საქართველოს) შემადგენლობაში. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რა ძნელია აფხაზეთის ამჟამინდელ ლიდერებთან დიალოგი.
    ამასობაში კი, სერგეი შამბა საინტერესო ისტორიას ყვება: «ჩვენს ტერიტორიულ წყლებში რუსი მესაზღვრეები ვეღარ ბედავენ თურქეთის გემების დაკავებას, ერთხელ სცადეს (ეს იყო 1995 წლის ზაფხულში - ავტ.) და აფხაზეთის მედგარ წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, აღარც უცდიათ, ამჟამად აფხაზეთის პორტებში ყოველდღე შემოგვაქვს ყველაფერი, რაც ჩვენთვის აუცილებელია».
    რა თქმა უნდა, ეკონომიკური ბლოკადა აფხაზებს გარკვეულ პრობლემებს უქმნით, მაგრამ უდიდესი გულუბრყვილობა იქნება იმის იმედად ყოფნა, რომ ამ ბლოკადის გამო არძინბა რაიმე რეალურ დათმობაზე წავა, აფხაზეთის სტატუსის ან ლტოლვილთა დაბრუნების საკითხში. რომც სურდეს, ამის საშუალებას არ მისცემენ. აფხაზები თითქოს კეთილმოსურნედ გესაუბრებიან, ლაპარაკობენ ყველაფერზე: ფეხბურთზე, ტელევიზიაზე, ბილიარდზე, შემდეგ ერთი იკითხავს: გახსოვთ რა კარგად თამაშობდა ბილიარდს ლავრიკ ბღაჟბა? და უეცრად ყველა ჩუმდება. სერგეი შამბაც მრავალმნიშვნელოვნად აქნევს თავს - ლავრიკ ბღაჟბა კი, რა თქმა უნდა, ომის დროს დაიღუპა.
    რა ენაზე მიმდინარეობს წირვა ლიხნის ეკლესიაში, ვეკითხები საკმაოდ კეთილმოსურნე აფხაზ ახალგაზრდას. რუსულად და აფხაზურად (!). გამოდის, აფხაზებს სახარება უთარგმნიათ აფხაზურად, აბა სხვაგვარად წირვა როგორ უნდა ჩაატარონ.
    პოლიტიკური მოლაპარაკება ამ ნიუანსების გათვალისწინების გარეშე უაზრობაა. თუმცა ბორის ბერეზოვსკიმ, აფხაზების მიერ გაწყობილ გამოსათხოვარ სუფრაზე მაინც თქვა მრავალმნიშვნელოვნად, უპირველეს ყოვლისა, არძინბას გასაგონად: პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, პოლიტიკოსმა რეალობა უნდა გაითვალისწინოს. არძინბას წარბიც არ შეუხრია. ბორის ბერეზოვსკი ამ კონფლიქტის არსს ვერასდროს გაიგებს. მისთვის უფრო მნიშვნელოვანი და გასაგები ელემენტარული გათვლაა: რუსეთისთვის სჯობს, ნავთობსადენმა სოხუმზე გაიაროს (თუკი ჩეჩნები გროზნოზე არ ატარებენ). აფხაზებისთვის სჯობს, კომპრომისზე წავიდნენ, რათა ფსოუზე საზღვარი გაიხსნას და ასე შემდეგ.
    ამგვარი მენტალიტეტის კაცი (ვიმეორებ) რეალურად ვერასდროს მიაღწევს შედეგს, რადგან ვერ გაიგებს კონფლიქტის შინაარსს. მისთვის გაუგებარია, მაგალითად, ის განსხვავება, და ერთდროულად მსგავსებაც, ინტონაციაში, რომლითაც ქართველებმა და აფხაზებმა სუფრაზე აფხაზეთის სადღეგრძელო დალიეს. აფხაზები და ქართველები ერთ ენაზე ლაპარაკობდნენ, ოღონდ არა იმიტომ, რომ ლაპარაკობდნენ რუსული სიტყვებით. ბერეზოვსკიც იმავე სიტყვებით ლაპარაკობდა, მაგრამ არა იმავე ენაზე.

7 დღე, 4 ივლისი, 1997 წ.