დათვის ქშენა სოხუმის დაცემის წინ

დათვის ქშენა სოხუმის დაცემის წინ

დღეს მთელი საქართველოს ყურადღება აფხაზეთისკენაა მიპყრობილი. ხელშეკრულება «ცეცხლის შეწყვეტის შესახებ» არაერთგვაროვნად აღიქმება, მარამ რაკი დაიდო შეთანხმება, თითოეული პატიოსანი ქართველის სურვილი უნდა იყოს შეწყდეს ცეცხლი და, რაც მთავარია, გენოციდს გადაურჩეს აფხაზეთის ტანჯული ქართველობა.
        ბოლო დღეების მოვლენათა ანალიზი საფუძველს მაძლევს, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ქვეყნის უმაღლეს ხელისუფალთა არაკომპეტენტური ქმედების გამო, როგორც აფხაზეთის ქართველობას, ასევე მშვიდობას ამ რეგიონში უდიდესი საფრთხე დაემუქრა. უფრო მეტიც, ეს საფრთხე დღეს კიდევ უფრო დიდია, ვიდრე იყო სოხუმის დაცვის თვით უმძიმეს დღეებშიც კი. ამიტომ ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის ვალია, შეძლებისდაგვარად ავტეხო საქვეყნო განგაში, - სანამ გვიან არ არის!

    როგორც ცნობილია, 27 ივლისს სოჭში დაიდო შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ქართული შეიარაღებული ძალების გაყვანას აფხაზეთის ტერიტორიიდან; აფხაზური რაზმების შეიარაღების კონსერვაციას; ერთიანი შეიარაღებული ფორმირების (შინაგანი ჯარი) ჩამოყალიბებას; სამშვიდობო პროცესში გაეროს დამკვირვებელთა ჩართვის შემდეგ სოხუმში ხელისუფლებისა და მართვის ლეგიტიმური ორგანოების დაბრუნებას.
    თავდაპირველად თითქოს ყველაფერი გეგმის მიხედვით ვითარდებოდა - აფხაზურმა და ქართულმა შენაერთებმა შეწყვიტეს ცეცხლი, ჩამოყალიბდა ერთობლივი კომისია, დაიწყო კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკის გაყვანა, შედგა ჯარების გაყვანის გრაფიკი, მაგრამ . . . .
    მაგრამ ბოლო დღეებში სიტუაცია აშკარად გართულდა. ჯერ იყო და ვერაფრით მოხერხდა შრომა-ახალშენის მიმართულებით სრული სიმშვიდის დამყარება, - მოხდა რამდენიმე შეტაკება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. შემდეგ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ერთმანეთისათვის იმ ტერიტორიათა რუკების გადაცემაზე, რომელიც დაინაღმა ომის მსვლელობისას. სოჭში მოლაპარაკების მორიგი რაუნდი უაღრესად დაძაბულად წარიმართა. ბოლოს, ორშაბათს, ვლადისლავ არძინბამ მიმართა რუსეთის პრეზიდენტს და გაეროს გენერალურ მდივანს, რომ ქართული მხარე არ ასრულებს თავის ვალდებულებებს და მთელი პასუხისმგებლობა უმძიმესი შედეგებისათვის სწორედ საქართველოს უნდა დაეკისროს.
    რა ხდება? ქართულ მხარეს ხომ აშკარად სურს შეასრულოს თითოეული პუნქტი ხელშეკრულებისა, რომელიც ხელმოწერილ იქნა, ხომ დავიწყეთ კიდეც ჯარების რეალური გამოყვანა, ხომ სრულად (ერთი შეხედვით) გავითვალისწინეთ რუსეთის ინტერესები და თითქოს მთლიანად დავაკმაყოფილეთ მისი მოთხოვნები, მაშ, რატომ რთულდება ვითარება?
    არაერთგზის მითქვამს, რომ რუსეთის ჭეშმარიტ (არა დეკლარირებულ) ინტერესთა ყველაზე ზუსტი ინდიკატორი არის რუსეთის ტელევიზია (უპირველეს ყოვლისა «ოსტანკინო»).
    თუ ყურადღებით დავაკვირდებით მის გადაცემებს, ნამდვილად შევამჩნევთ, - რუსეთი რაღაცით უკმაყოფილოა, მას რაღაც ძალიან არ მოსწონს ქართული მხარის მოქმედებაში, რაღაც აღიზიანებს და სწორედ ამიტომ გვესვრის «საინფორმაციო ჭურვებს», ცდილობს მიგვახვედროს, მიგვანიშნოს თავისი უკმაყოფილების მიზეზი.
    ჩვენ კი თითქოს დავბრმავდით - მხოლოდ «მხრებს ვიჩეჩთ» და კვლავ და კვლავ ვკითხულობთ: სხვა რაღა უნდა ამ მრისხანე იმპერიას - ჩვენ ხომ თითქმის სრული კაპიტულაცია გამოვაცხადეთ და ყველა პირობას პირნათლად ვასრულებთ?
    იმის გასარკვევად, თუ რატომ განგვირისხდა კვლავ კრემლი, გარკვეული ისტორიული ექსკურსი და ანალიზია საჭირო.
    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ელცინის გუნდის უმთავრესი მიზანი იყო ყოფილი სახელმწიფოს გეოპოლიტიკური სივრცის «ჩაკეტვა» მსოფლიო თანამეგობრობისა და რაც მთავარია საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის.
    მას სურდა (და მოახერხა კიდეც ეს) მსოფლიოსათვის ეჩვენებინა: ამ გეოპოლიტიკურ სივრცეზე მხოლოდ მას - რუსეთს - შეუძლია აღკვეთოს უკანონობა და ძალადობა, დაამყაროს სიმშვიდე და წესრიგი. და რომ ამ საქმეში მას არ სჭირდება მსოფლიოს მხარდაჭერა. უფრო სწორად მსოფლიოს შეუძლია, სწორედ რუსეთისა და მისი შეიარაღებული ძალების მეშვეობით აკონტროლოს ეს სივრცე და მასზე მიმდინარე პროცესები.
    ბალტიის სამი რესპუბლიკა განსაკუთრებული შემთხვევაა და მათი მაგალითად მოყვანა არას გვარგებს. თუმცა, ჯერ ვერც მათ მოახერხეს ბოლომდე დაძვრომოდნენ რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეს და ევროპა (მისი ინსტიტუტები) შემოეყვანათ იქ.
    მაგრამ რაც შეეხება სხვა ტერიტორიებს, აქ რუსეთის პოზიცია ულმობელია და უკომპრომისო: დასავლეთის ყველა მცდელობა «პირდაპირ» გააკონტროლოს ამ სივრცის თუნდაც ის ნაწილი, რომელზეც კონფლიქტები მძვინვარებს, რუსეთის უაღრესად მკვეთრ რეაქციას იწვევს. ეს რეაქცია ადვილად შესამჩნევი როდია, - იგი ძირითადად ე.წ. «დიპლომატიური არხებით» ხორციელდება, მაგრამ დასავლეთისათვის ნათელი ხდება: ყოფილი სსრკ საზღვარი არის სწორედ ის ზღვარი, რომლის იქით რუსეთი აღარ დაიხევს. იგი დაუთმობს დასავლეთს ყველაფერში - იუგოსლავიის კონფლიქტში, ერაყის საკითხში, მაგრამ მხოლოდ მანამ, სანამ დასავლეთი არ შეეხება კრემლისათვის წმინდათაწმინდას - ყოფილი საბჭოთა კავშირის გეოპოლიტიკურ სივრცეს.
    გავიხსენოთ, როგორ მოგვარდა ამ ტერიტორიაზე ორი სისხლიანი კონფლიქტი: დნესტრისპირეთსა და ე.წ. «სამხრეთ ოსეთში». ამ რეგიონებში ცეცხლი მხოლოდ მას შემდეგ შეწყდა, როდესაც იქ რუსეთის «სამშვიდობო ძალები» იქნა შეყვანილი.
    გარწმუნებთ, სამაჩაბლოში ამ მოვლენის შემდეგაც ხდებოდა მცირე შეტაკებები, მაგრამ რუსეთის ტელევიზია უკვე დუმდა ამის შესახებ - აღარ ტეხდა მისთვის ჩვეულ ისტერიკას, რადგან შეტაკებათა აფიშირება მას უკვე აღარ აძლევდა ხელს - მას ხომ (ვიმეორებთ) მსოფლიოსათვის იმის ჩვენება სურდა, რომ დამოუკიდებლად შეძლო «მშვიდობისა და წესრიგის» დამყარება კონფლიქტის ზონაში.
    1992 წლის 3 სექტემბრის (მოსკოვის) შეთანხმების შემდეგ კი მოვლენები სულ სხვაგვარად განვითარდა: ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული რუსების ჯარების შემოყვანა. ამავე დროს, რუსეთის ხელმოწერა ამ დოკუმენტზე მთელი მსოფლიოსათვის იმის მაჩვენებელი იყო, რომ კონფლიქტში სხვა არავინ უნდა ჩარეულიყო.
    შედეგმაც არ დააყოვნა - აფხაზებმა დაარღვიეს შეთანხმება, აიღეს გაგრა და მოაწყვეს ქართული მოსახლეობის გენოციდი - რუსეთმა კი «მხრები აიჩეჩა» და ორივე მხარე ერთნაირად დაადანაშაულა.
    დღეს საქართველოს ხელისუფლება იგივე შეცდომას იმეორებს: მან სამმხრივ შეთანხმებაზე მოაწერა ხელი, რითაც მთელი მსოფლიოს წინაშე კვლავ დაადასტურა რომ კონფლიქტის მოგვარება რუსეთის მეშვეობით სურს. ამავე დროს, იგი არ თანხმდება რუსეთის ჯარის შეყვანას და კიდევ უფრო მეტი - გაეროს სამხედრო მეთვალყურეები ჩამოჰყავს აფხაზეთში.
    აქ მივუახლოვდით პასუხს ზემოხსენებულ კითხვებზე - აი, რა აღიზიანებს რუსეთს! აი, რა იწვევს მის განრისხებას, - საერთაშორისო ძალების ჩართვა კონფლიქტის მოწესრიგების საქმეში, ანუ ის, რომ შევარდნაძე ცდილობს, რუსეთის გეოპოლიტიკურ სივრცეში «ფანჯარა» გამოაღოს.
    შესაძლოა, ზოგიერთმა ოპონენტმა დემაგოგიურად მკითხოს: როგორ, აფხაზეთის კონფლიქტში დასავლეთის მონაწილეობის წინააღმდეგი ხარ? არა, ბატონებო, არ ვარ, მაგრამ რუსებს აქვთ მოსწრებული თქმა: თუ «ან»-ს იტყვი «ბანი»-ც უნდა თქვაო.
    რაკი გადაწყვიტე, რუსეთის უშუალო მონაწილეობით მოვაგვარო ეს კონფლიქტი, მაშინ ვალდებული ხარ, ბოლომდე თანმიმდევრული იყო და კონფლიქტის ზონაში შემოიყვანო სწორედ რუსეთის (სხვა ძალას აქ რუსეთი არაფრის დიდებით არ დაუშვებს) სამშვიდობო ძალები.
    წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენები, სამწუხაროდ, შემდეგნაირად განვითარდება: რაც უფრო მეტი დასავლელი სამხედრო მეთვალყურე ჩამოვა აფხაზეთში (სხვათა შორის, რეალურად არაფრის მაქნისი), მით უფრო ხშირად დაირღვევა შეთანხმება, მით უფრო გამწვავდება ბრძოლები და მით უფრო ხშირად დაადანაშაულებს რუსეთის ტელევიზია (აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით) ხელშეკრულების დარღვევაში ქართულ მხარეს.
    შემდეგ კი (ისევე როგორც გაგრაში), აფხაზები მოულოდნელად შეიჭრებიან სოხუმში და ამოწყვეტენ დაუცველ ქართულ მოსახლეობას.
    კი ბატონო, ის უცხოელი სამხედრო მეთვალყურეები დააფიქსირებენ, რომ შეთანხმება სწორედ აფხაზურმა მხარემ დაარღვია, მაგრამ ამით საბრალო სოხუმელებისათვის რა შეიცვლება? დასავლეთი ან გაერო ვის დასჯის, - არძინბას? ან იქნებ ელცინს?
    ამიტომ, სანამ გვიან არ არის, სანამ საშინელება არ დატრიალებულა, შემოვიყვანოთ კონფლიქტის ზონაში (მდინარე ღალიძგასთან) რუსეთის სამშვიდობო ჯარი, თავი დავანებოთ «დასავლელი სამხედროებით» მის გაღიზიანებას, თორემ უკვე იგრძნობა გაბოროტებული, მძლეთამძლე დათვის ქშენა.

«ივერია-ექსპრესი», 11 აგვისტო, 1993 წ.