საერთაშორისო მიმოხილვა. 13 აგვისტო 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 აგვისტო 2023 წელი

უკრაინის აღმოსავლეთში გრძელდება გააფთრებული ბრძოლები. სპეციალისტები თვლიან, რომ არის ვითარების `გაყინვის` პოტენციალი, თუმცა არის აგრეთვე სიმპტომები იმისა, რომ შესაძლოა მოხდეს გარდატეხა როგორც პოზიტიური (უკრაინის) ასევე ნეგატიური (რუსეთის საოკუპაციო ჯარების სასარგებლოდ).

სოფელ უროჟაინისთან უკრაინა მედგრად უტევს. ამ სოფლამდე მეორე სოფელია სტარომაიორსკოე, რომელიც უკრაინის ჯარმა უკვე აიღო. თუ უროჟაინნოეს გაცდება უკრაინის არმია, იქ იწყება გზები მარიუპოლისა და ბერდიანსკისკენ. შორსაა, მაგრამ გზა ხსნილი იქნება და ამიტომაა მნიშვნელოვანი

უკრაინა ასევე ნელ-ნელა მიიწევს წინ რობოტინოს რაიონში. თუ ეს დასახლებული პუნქტი აიღო უკრაინამ, იქიდან გზა იხსნება მელიტოპოლისკენ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი წერტილია.

ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ხდება დნეპრის მარცხენა ნაპირზე ხერსონის მიდამოებში. იქ უკრაინამ გადასხა რამდენიმე დესანტი. ანუ ათამდე მცირე დივერსიული ჯგუფი `მუშაობს` ახლა დნეპრის მარცხენა ნაპირზე, რომელიც რუსებს აქვთ ოკუპირებული და ეს დივერსიული ჯგუფები ცდილობენ შეიკრან ერთ დაჯგუფებად, რომელიც შექმნის პლაცდარმს, ხოლო ამ პლაცდარმზე მერე გადმოსხდება უკრაინული არმიის ძლიერი ქვედანაყოფი.

ანუ დასავლურ პრესაში რომ გამოჩნდა პანიკური სტატიები `ვაიმე უკრაინამ კონტრშეტევით ვერაფერს მიაღწიაო` და ასე შემდეგ - მთლად ასე არ არის, რასაკვირველია.

უკრაინის არმიას კვლავინდებურად ძალიან უშლის ხელს დანაღმული ველები. რუსეთმა მოასწრო (!) ათასობით კვადრატული კილომეტრის დანაღმვა. გუშინ ცნობილი გახდა (და ეს ნამდვილი სენსაციაა), რომ აზერბაიჯანი მზად არის მიაწოდოს უკრაინას სპეციალური გამნაღმველი მანქანები, რომლებსაც აზერბაიჯანული არმია წარმატებით იყენებდა სომხეთის წინააღმდეგ, ყარაბაღის გარშემო დანაღმული ველების გასანეიტრალებლად. თანაც აზერბაიჯანი ამას აკეთებდა უშუალოდ საომარი მოქმედებების დროსაც კი.

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს არ ეშინია რუსეთის გაღიზიანებისა.

თუმცა არსებითი კითხვა (რაზეც პასუხი არა გვაქვს) სხვაა: ასეთი გამნაღმველი მანქანები და სხვა სისტემები რატომ არ მიაწოდა დღემდე დასავლეთმა უკრაინას?! პირველ რიგში ეს მანქანები უნდა მიეწოდებინა ხომ? - ტანკებთან ერთად?!

უცნაურია.

მარტო მანქანებზეც არ არის ლაპარაკი: დასავლურ არმიებს შეიარაღებაზე აქვთ სპეციალური სისტემები, რომლებიც გულისხმობს რამდენიმე `მბორგავი` ურთიერთდაკავშირებული ჭურვის გაშვებას დანაღმულ ველზე და ეს ჭურვები ყველაფერს აფეთქებენ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის არმიამ (ბუნდესვერი) გამოაქვეყნა პირველადი დასკვნა უკრაინის კონტრშეტევის შესახებ და აღიარა, რომ იგი ჯერ-ჯერობით არ არის წარმატებული იმდენად, როგორც უკრაინა და მისი მეგობრები მოელოდნენ.

ექსპერტთა დასკვნით, ამას ორი მთავარი მიზეზი აქვს: ა) ნაღმები და ბ) საზენიტო დანადგარების ნაკლებობა.

უკრაინამ დასავლეთისგან საზენიტო სისტემები კი მიიღო, მაგრამ ეს სისტემები (მათ შორის გენიალური PPPatriot) უკრაინულ ქალაქებს იცავენ. უკრაინას არ გააჩნია `ფრონტალური` საზენიტო სისტემები, რომლებსაც უშუალოდ ფრონტის ხაზზე შეტევისას გამოიყენებდა, სადაც რუსეთი აქტიურად (და წარმატებით) იყენებს საბრძოლო ვერტმფრენებს.

სწორედ საბრძოლო ვერტმფრენები აჩერებენ ხოლმე უკრაინულ სატანკო ქვედანაყოფს მას შემდეგ, რაც იგი შეძლებს გაჭრას `დერეფანი` დანაღმულ ველში.

ერთ-ერთი შეტევისას უკრაინელებმა ერთდროულად 7 გერმანული ტანკი `ლეოპარდი` დაკარგეს ზუსტად იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც ეს ტანკები პირველ ხაზს გასცდნენ, რუსულმა ვერტმფრენებმა ისინი ჰაერიდან დაბომბეს მართვადი და უმართავი სითბური თავაკის რაკეტებით, ხოლო ტანკი, ზოგადად, ვერტიკალური დარტყმისგან  ყველაზე სუსტად არის დაცული.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ბერლინმა საბოლოოდ მოჰფინა ნათელი, რა შემთხვევაში მიაწვდის შორსმწვდომ ფრთოსან რაკეტა Taurus-ს უკრაინას: როგორც კი ბაიდენის ადმინისტრაცია მიაწვდის უკრაინას რაკეტებს ATACMS.

ტანკების შემთხვევაშიც ხომ ასე იყო: გერმანიამ მხოლოდ მას შემდეგ განაცხადა თანხმობა, მიეწოდებინა უკრაინისთვის Leopard, რაც ბაიდენის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მიაწვდის უკრაინას ტანკებს Abrams.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ Abrams ჯერ არ ჩასულა უკრაინაში, ხოლო Leopard უკვე იქ არის.

რაც შეეხება Taurus და   ATACMS, მათი მიუწოდებლობა იმ მოტივით, რომ უკრაინა გამოიყენებს რუსეთის ტერიტორიაზე, სულ უფრო გაუგებარი ხდება: ბრიტანული Storm Shadow და მისი ტყუპისცალი ფრანგული რაკეტა ასევე შეიძლება მისწვდეს რუსეთის რამდენიმე ქალაქს მაგალითად ხარკოვის ოლქიდან, მაგრამ უკრაინა ხომ არ ესვრის? ასრულებს პირობას, რაც პარიზს და ლონდონს მისცა.

მაშ რატომ დაარღვევს ანალოგიურ პირობას ვაშინგტონისა და ბერლინის მიმართ?

  . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ უკრაინამ კვლავ დაბომბა ყირიმის ხიდი რაკეტებით.

ამას მხოლოდ ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს (თუმცა თანამედროვე ომში ეს ძალიან მნიშვნელოვანია)  რადგან ხიდის რაკეტებით დანგრევა შეუძლებელია.

ხიდი ისეთი საინჟინრო ნაგებობაა, რომელიც დაინგრევა მხოლოდ დიდი საავიაციო ბომბ(ების) პირდაპირი მოხვედრით (ნაწილობრივ) ხოლო სრულად დაინგრევა მხოლოდ ერთდროულად რამდენიმე საყრდენის აფეთქებით.

საყრდენების აფეთქება შეუძლებელია წყლის დრონებით. დრონები, რომლებიც უკრაინას აქვს, საამისოდ მეტისმეტად სუსტია. შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ საყრდენებზე დამაგრდება ასაფეთქებელი მოწყობილობები.

ყირიმის ხიდის დასაბომბად უკრაინა იყენებს საბჭოთა წარმოების რაკეტებს С-200. ბრიტანულ Storm shadow-ს უფრთხილდებიან და ფსიქოლოგიური ეფექტისთვის მისი გამოყენება ენანებათ, რაც ალბათ მიზანშეწონილი გადაწყვეტილებაა. არც ისე ბევრი აქვთ ეს ბრიტანული რაკეტა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობა უკრაინასა და ისრაელს შორის.

კიევის პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ საიდუმლოდ სთხოვა NATO-ს, აღარ მიიწვიოს ისრაელის წარმომადგენელი `რამშტაინის თათბირებზე`.

იგულისხმება მუდმივმოქმედი პლატფორმა გერმანიაში, - ამერიკისა და ალიანსის უდიდეს სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, - სადაც პერიოდულად იკრიბებიან NATO-ს წევრი სახელმწიფოები და კიდევ 25 მოკავშირე ქვეყნის წარმომადგენლები.

ეს პლატფორმა ამერიკის თავდაცვის მინისტრის, ლლოიდ  ოსტინის ინიციატივით შეიქმნა უკრაინის დასახმარებლად.

უკრაინულ სპეცსამსახურებს კი აქვთ ეჭვი, რომ ისრაელი რამშტაინის ბაზაზე მიღებულ საიდუმლო ინფორმაციას აწვდის რუსეთს!!!

რამდენად მართალია ეს ძნელი სათქმელია.

ისრაელი, ბუნებრივია, ყველაფერს უარყოფს.

ისრაელის პოზიცია უკრაინის მიმართ გაცხადებულია: ისრაელი არ აწვდის იარაღს უკრაინას, მაგრამ პოლიტიკურად გმობს რუსეთის აგრესიას.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ეს იმით ახსნა, რომ როდესაც ისრაელი სხვა ქვეყნებს აწვდიდა იარაღს, ეს იარაღი მერე ისრაელის მტრებს (არაბებს) უვარდებოდათ ხელში.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსი ოფიცერი ივანე კოროლიოვი გაიქცა ლიტვაში (ფარულად გადაკვეთა საზღვარი) და განაცხადა, რომ სჭირდება პოლიტიკური თავშესაფარი, რაკი არ სურს უკრაინის ომში მონაწილეობის მიღება.

ეს უკვე მეორე შემთხვევაა.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ზოგჯერ მშრალი ციფრებიც კი საოცრად მეტყველია.

აი ციფრები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რუსეთი, მისი პუტინით, ჩინეთის, სი ძინპინის უბრალოდ `უმცროსი ძმა` კი არ არის. არამედ ყმაა, რომელსაც სი ექცევა, როგორც ყმას და მონას.

დავაკვირდეთ: მიმდინარე წლის იანვარში რუსეთმა ჩინეთს მიაწოდა 2,7 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. მათ შორის თხევადი სახით. იმავე იანვარში თურქმენეთმა ჩინეთს მიაწოდა 2,2 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი. ანუ თითქოსდა რუსეთმა ხომ მეტი მიაწოდა? მაგრამ......ამ მოცულობებში ჩინეთმა თურქმენეთს გადაუხადა 5 მილიარდი დოლარი, ხოლო რუსეთს - $3,4 მლრდ!

ანუ თურქმენეთს ნაკლებ რაოდენობაში გადაუხადა მეტი, ვიდრე მეტ რაოდენობაში გადაუხადა პუტინს.

ეს თუ, ბოდიში სკაბრეზული ჟარგონისთვის, `ჩმორობა` არ არის აბა რა არის?!!!

პუტინმა უკრაინის ავანტიურის გამო დიდწილად დაკარგა ევროპული ბაზარი, სადაც რუსული გაზის წილი 45% (!!!) იყო 2021 წელს. ჰოდა ახლა ჩინეთის `ჩმორად` იქცა.

აქვე შეგახსენებთ მნიშვნელოვან ციფრებს: მსოფლიოში ბუნებრივი აირის მოცულობით რუსეთი პირველ ადგილზეა (გლობალური მარაგის თითქმის 20%); მეორე ადგილზეა ირანი (გლობალური მარაგის 17%-ზე ოდნავ მეტი); მესამეზე კატარი (13%); და მეოთხეზე თურქმენეთი (7,2% გლობალური მარაგისა)

ოღონდ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული გაზის თვითღირებულება ბევრად მაღალია, ვიდრე თურქმენული ბუნებრივი აირისა, რაკი რუსული გაზის მოპოვება ხდება ჩრდილოეთის რეგიონებში, ხოლო თურქმენული გაზი, საუდის ნავთობივით, მიწის ზედაპირთან შედარებით ახლოსაა.

რუსეთისთვის `გაზის ოქროს ხანა` იყო 1990-იანი წლები, როდესაც  თურქმენეთს არანაირი ალტერნატივა არ ჰქონდა: არსებობდა საბჭოთა კავშირის დროს აშენებული ერთადერთი გაზსადენი, რომელიც რუსეთში მიდიოდა.

იმ დროს რუსეთი თურქმენეთისგან ყიდულობდა ბუნებრივ აირს 1000 კუბურ მეტრზე 3 დოლარად (!!!) და ყიდდა ევროპაში(მაშინ) 125 დოლარად.

აი ასეთი ყაჩაღი იყო ელცინი, მაგრამ......ჩინეთი `შემოვიდა` ცენტრალურ აზიაში, ააშენა სამი (!) გაზსადენი თურქმენეთიდან, რომლითაც თურქმენეთი ყოველწლიურად 40 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ყიდის ჩინეთში. სულ აღარაფერში სჭირდებათ რუსული მათხოვრული 3 დოლარი.

ასე დაკარგა პუტინმა, რომელიც ახლა დასავლეთს ეომება თავისი სიჩლუნგით, ცენტრალური აზია, სადაც შევიდა ჩინეთი და იქიდან აღარსად წავა.

კიდევ ციმბირისკენაც გაფართოვდება.

აქვე შეგახსენებთ, რომ სირიაში ომი პუტინმა დიდწილად იმ მიზნით დაიწყო, რათა არ დაეშვა კატარიდან, სირიის ტერიტორიის გავლით, დიდი გაზსადენის მშენებლობა ევროპისკენ. მაგრამ კატარს, განსხვავებით თურქმენეთისგან, შეუძლია თავისი გაზი ევროპაში თხევადი სახითაც გააგზავნოს და აგზავნის კიდეც ტანკერებით.

2007 წელს რუსეთმა სარაკეტო სროლები დაიწყო კასპიის ზღვაში, როგორც კი ევროკავშირში წამოსცდათ, რომ კასპიის ფსკერზე დიდ გაზსადენს ააშენებდნენ თურქმენული ბუნებრივი აირის იმპორტირებისთვის.

ეს ევროპასთან, თორემ ჩინეთთან არ გაუვიდა და არც გაუვა არასდროს პუტინს ამგვარი  პიტერული  `ზაკიდონები`