თემურ შაშიაშვილი პოლიტიკურ ოლიმპს უმიზნებს

თემურ შაშიაშვილი პოლიტიკურ ოლიმპს უმიზნებს

   იმერეთის გუბერნატორის განცხადება პოლიტიკური პარტიის შექმნის თაობაზე მოულოდნელი არავისთვის ყოფილა. შაშიაშვილი კარგა ხანია ამჟღავნებს პოლიტიკურ ამბიციებს და დამოუკიდებელ ფიგურად ჩამოყალიბებას ცდილობს. ამ თვალსაზრისით, იგი გამონაკლისია გუბერნატორთა შორის, რომლებიც პოლიტიკაში თითქოს არ ერევიან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ურთიერთობის «ჩვეულებრივ» წესრიგს იცავენ, თუმცა, რა თქმა უნდა, თავადაც შეუძლიათ იმავე ტექნოლოგიით იმოქმედონ, როგორც მოქმედებს შაშიაშვილი ქუთაისის მერად დანიშვნის დღიდან.
        მაგრამ ეს მეტად სარისკო კურსია – მისი არჩევა მხოლოდ ისეთ აზარტულ კაცს შეეძლო, როგორიც შაშიაშვილია
        ყველაზე მეტად ნიშანდობლივი ის არის, რომ შაშიაშვილი პარტიას პოლიტიკური ამბიციის გამო ქმნის და არა თავის დასაცავად, ვინაიდან მის მდგომარეობას (როგორც გუბერნატორის) არაფერი ემუქრება: ედუარდ შევარდნაძე ამჟამად თვით ამ ინსტიტუტის განმტკიცებას ცდილობს. ამიტომ გუბერნატორებს ისე პანტაპუნტით არ ცვლის, როგორც, ვთქვათ გამგებლებს.
        აქედან გამომდინარე, თემურ შაშიაშვილის გააქტიურება უეჭველად იმით არის გამოწვეული, რომ იგი «მეტზე ფიქრობს», თუმცა თავისთავად, რეგიონის გუბერნატორის მიერ პარტიის შექმნა საქართველოში კუთხურობის დამანგრეველ ტენდენციას კიდევ უფრო ამძლავრებს.
        ამგვარი რამ ჩვეულებრივი და ნორმალური იქნებოდა გერმანიის ან საფრანგეთის მსგავს კონსოლიდირებულ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში, რომელსაც ტრაიბალიზმის სენი ღრღნის, «რეგიონული ნიშნით» შექმნილი პარტიები უეჭველად (ობიექტურად) არაკონსტრუქციულ როლს შეასრულებენ, - განურჩევლად მათ დამფუძნებელთა სურვილისა.
        თუმცა, თვით შაშიაშვილს შეიძლება არც ჰქონდეს განზრახული «იმერლების პარტიის» შექმნა და რომც სურდეს, არ გამოვა, ვინაიდან იმერეთს ტრაიბალიზმი ყველაზე ნაკლებ ახასიათებს.
        პირველი ნიშნები იმისა, რომ თემურ შაშიაშვილს პოლიტიკური ამბიციები უკვე კონკრეტული პარტიის შექმნის სურვილად ჩამოუყალიბდა, - გაჩნდა წლის დასაწყისში, როდესაც ე.წ. «აქტივის შეკრებაზე», პრეზიდენტის თანდასწრებით, იმერეთის გუბერნატორმა ხელისუფლების მისამართით მწვავე საყვედური გამოთქვა.
        საყვედურის ძირითადი ადრესატი უპირველესად სწორედ ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელმაც, შაშიაშვილის თქმით, მას «არ დაუფასა კაკო ელიავას ამბოხის დროს თავგანწირვა და არ დაიცვა იგი თავდასხმებისაგან». შემდგომ შაშიაშვილი რამდენიმეჯერ შეხვდა ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ხელმძღვანელებს რომლებიც ინტერვიუებში დიდი სიმპათიით მოიხსენია. იმავდროულად, მან გაამკაცრა და გაააქტიურა «მოქალაქეთა კავშირის» კრიტიკა. ზემოთქმულიდან გამომდინარე უეჭველია, რომ შაშიაშვილს განზრახული აქვს «საკუთარი პარტიის» შექმნა და თანაც სურს, ეს პარტია საერთო ეროვნულ ძალად აქციოს.
        თემურ შაშიაშვილის ამბიცია მთელ საქართველოს წვდება, ანუ მხოლოდ იმერეთის რეგიონით არ შემოიფარგლება - სხვა საქმეა, რა გამოუვა რეალურად.
        «შაშინგტონის მერის» პოლიტიკური ორიენტაცია კი ყველაზე მეტ კითხვას იწვევს. ეს ორიენტაცია ჯერჯერობით სრულიად გაურკვეველია; თავის დროზე (2-3 წლის წინ) თემურ შაშიაშვილი მემარცხენე და პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლებოდა. ასეთი იყო მისი იდეოლოგია «ზვიადისტებთან» დაპირისპირების დროსაც და შემდგომ პერიოდშიც, როდესაც იგი მმართველი პარტიის გაცხარებულ ოპონენტად მოგვევლინა.
        აქედან გამომდინარე, ბუნებრივი გახდა შაშიაშვილის დაახლოება სოციალისტ ვახტანგ რჩეულიშვილთან, მაგრამ ალიანსი არ შედგა რამდენიმე მიზეზის გამო. უპირველეს ყოვლისა, პრეზიდენტის დანიშნული გუბერნატორის დაპირისპირება პრეზიდენტის პარტიასთან (ანუ, საბოლოო ჯამში, თვით პრეზიდენტთან) კომიკურ ელფერს იძენდა, - პოლიტიკოსისათვის კი ყველაზე არასასურველი და საშიში სწორედ კომიკურობაა.
        გარდა ამისა, თემურ შაშიაშვილი, როგორც იქნა (ცოტა არ იყოს გვიან) მიხვდა, რომ «მემარცხენე იდეოლოგია» ძირს უთხრიდა თვით მის პოზიციებს, როგორც გუბერნატორისას, - რაოდენ პოპულარული არ უნდა ყოფილიყო შაშიაშვილი იმერეთში, - ცალკე აღებულ მხარეში «საკუთარი ეკონომიკური პოლიტიკის» გატარება მას გაუჭირდებოდა, ამიტომ დაიწყო შაშიაშვილის დრეიფი საპირისპირო პოლუსზე და მისი დაახლოება მემარჯვენეებთან.
        მიუხედავად ამისა, საეჭვოა თემურ შაშიაშვილი «ქრისტიანულ-დემოკრატიულ პარტიას» დაუკავშირდეს, ვინაიდან იქ მას მეორეხარისხოვანი როლის შესრულება მოუწევს, თემურ შაშიაშვილს კი ლიდერობა სურს.
        ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ თუ იგი უახლოეს მომავალში პარტიას შექმნის, - ეს პარტია ე.წ. «ხალხოსნური» ანუ პოპულისტური ხასიათის იქნება, ხოლო შაშიაშვილის ძირითადი კოზირი «კორუფციასთან ბრძოლა» გახდება ისევე, როგორც ლუკაშენკოსი – ბელორუსში.
        სავარაუდოდ, პოლიტიკური პარტიის შექმნასთან ერთად, შაშიაშვილი გადადგება თანამდებობიდან და თბილისის პოლიტიკურ ბომონდში გადაინაცვლებს, ვინაიდან ედუარდ შევარდნაძემ ერთმნიშვნელოვნად გააფრთხილა ყველა სახელმწიფო მოხელე, თავი დაენებებინათ პოლიტიკური მოღვაწეობისათვის ან დაეთმოთ თანამდებობა. უეჭველია, რომ პრეზიდენტი ბაკურ გულუასა და თემურ ბასილიასთან ერთად თემურ შაშიაშვილსაც გულისხმობდა – იმერეთის გუბერნატორმა სხვა მოხელეებზე უფრო ადრეც კი გაამჟღავნა პოლიტიკური მიზნები.
        იმავდროულად, თემურ შაშიაშვილმა შეუძლებელია არ იცოდეს და ვერ აცნობიერებდეს, რომ პოლიტიკურ პარტიათა ჩამოყალიბებულ სპექტრში ახალი პარტია ძნელად თუ დაიმკვიდრებს ადგილს და საეჭვოა, რომელიმე ბლოკში თანასწორუფლებიანად გაწევრიანდეს. «შაშიაშვილის პარტიის» ერთადერთი კოზირი და არგუმენტი თვით შაშიაშვილია, - მისი ენაწყლიანობა და უკომპლექსობა.
        აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტია თემურ შაშიაშვილს, ალბათ, უფრო სულ სხვა მიზნებისათვის ესაჭიროება. პარტიულ ბრძოლებში სრულიად უპერსპექტივო ჩაბმა ან (მეორე უკიდურესობა) მმართველი პარტიის უპირატესობის აღიარება მას არ ეპიტნავება; ამიტომ, საბოლოოდ, სტრატეგიული თვალსაზრისით, თემურ შაშიაშვილი სახელმწიფოში უმაღლეს პოსტს უმიზნებს, ხოლო პარტიის შექმნასთან ატეხილი აურზაური მხოლოდ «დიდი საარჩევნო კამპანიის» ნაწილია.
        თემურ შაშიაშვილს საქართველოს პრეზიდენტობა სურს, - ეს არის სწორედ მისი აქტიურობისა და მიზანსწრაფვის ძირითადი მოტივი. შაშიაშვილს მიაჩნია, რომ საკმარისად პოპულარულია საქართველოში, რათა უმაღლეს «საპრეზიდენტო კანდიდატთა» კლუბში გაწევრიანდეს.
        მიუხედავად ამისა, თანამდებობა ამჟამად რომც დაკარგოს, ალბათ, მაინც არ მოინდომებს 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძესთან დაპირისპირებას.
        მომავალი წლისათვის «მთავარი კანდიდატის» შემდგომი საპრეზიდენტო ვადის საკითხი უკვე გარკვეულია, - საეჭვოა ვინმემ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს დღევანდელ პრეზიდენტს, მაგრამ პრეზიდენტობა იმდენად სასურველი და ბრწყინვალე მიზანია, ბევრი პოლიტიკოსი დღესვე იწყებს მზადებას 2005 წლისათვის.

მერიდიანი, 5 მაისი, 1999 წელი