საერთაშორისო მიმოხილვა. 1 მაისი. 2023 წელი
სპორტიც დიდი პოლიტიკაა: უკრაინის ძიუდოს ფედერაციამ განაცხადა, რომ უკრაინელი ძიუდოისტები არ მიიღებენ მონაწილეობას მაისში, ყატარის დედაქალაქ დოჰაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატში, რადგან ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დაუშვა ამ ჩემპიონატზე რუსი სპორტსმენების მონაწილეობა ე.წ. `ნეიტრალურ სტატუსში`.
მაგრამ `ნეიტრალურნი` არიან თუ არა, ისინი მაინც რუსეთის სპორტსმენები არიან.
უკრაინელთა აღშფოთება გამოიწვია იმანაც, რომ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ დააიგნორა მნიშვნელოვანი ფაქტი: რუსი სპორტსმენების დიდი ნაწილი რუსეთის არმიის კლუბ ЦСКА-ს წარმოადგენს.
არადა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა სპორტულ ფედერაციებს ურჩია, არ დაეშვათ შეჯიბრებებზე ის რუსი სპორტსმენები, რომლებიც რუსული არმიის სპორტულ კლუბებს წარმოადგენენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ბერლინში (!) გაიმართა რუსეთის ოპოზიციურ ძალთა კონფერენცია, რომელზეც მიიღეს დეკლარაცია პუტინის რეჟიმისგან რუსეთის გათავისუფლების შესახებ.
რუსი ოპოზიციონერები მოითხოვენ უკრაინის წინააღდმეგ აგრესიის შეწყვეტას და რუსეთის საოკუპაციო ძალების გამოყვანას უკრაინის ტერიტორიიდან
კონფერენციის ორგანიზატორი იყო მიხაილ ხოდორკოვსკი.
ნავალნის მომხრეებმა ამ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღეს, რადგან ალექსეი ნავალნისა და მიხაილ ხოდორკოვსკის შორის დიდი ხანია დაძაბული ურთიერთობაა.
ნავალნი არასდროს სწყალობდა რუს მილიარდერებს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რეზნიკმა განაცხადა, რომ უკრაინული კონტრშეტევისთვის მზადება `დასასრულს უახლოვდება`.
პრეზიდენტ ზელენსკის თქმით კი, პოლიტიკური გადაწყვეტილება კონტრშეტევის შესახებ უკვე მიღებულია, თუმცა დრო ჯერ დაზუსტებული არ არის.
დასავლური წყაროები იტყობინებიან, რომ უკრაინულ მხარეს სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა ამოძრავებულია და ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინული შეტევა უახლოეს მომავალში დაიწყება.
როდის, კონკრეტულად, ალბათ სულ ორმა-სამმა ადამიანმა იცის.
იგივე წყაროები აღნიშნავენ, რომ პუტინმა მოულოდნელად `გაუშვა` თანამდებობიდან მიხეილ მიზინცევი - თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზურგის საკითხებში. როგორც ჩანს ეს გადადგომა უკავშირდება იმას, რომ რუსეთი არ არის კარგად მომზადებული უკრაინის კონტრშეტევისთვის. ლოგისტიკა სრულ ქაოსშია.
გარდა ამის, ЧВК «Вагнер» მეთაური ევგენი პრიგოჟინი სულ ახალ-ახალი ბრალდებებით გამოდის თავდაცვის მინისტრისა და უმაღლესი გენერალიტეტის წინააღმდეგ: `საბრძოლო მასალებს არ მაწვდიანო`.
პრიგოჟინი იმუქრება, რომ უახლოეს მომავალში დატოვებს ბახმუტს თუ ასე გაგრძელდა.
ესეც ქაოსის მანიშნებელია: ერთის მხრივ პრიგოჟინი ამბობს, თითქოს მისმა მებრძოლებმა უკვე `თითქმის` აიღეს ბახმუტი; იმავე დროს კი იმუქრება: `თითქმის აღებულ` ბახმუტს დავტოვებ, რადგან საბრძოლო მასალა არ მყოფნისო.
უკრაინელები ამტკიცებენ, რომ პრიგოჟინის მებრძოლები ნამდვილად ცდილობენ აიღონ ქალაქი რაც შეიძლება სწრაფად - 9 მაისამდე, როცა რუსეთში აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე.
თუმცა საარტილერიო დარტყმების რაოდენობამ იკლო, რაც შესაძლოა მართლა მეტყველებდეს საბრძოლო მასალის დეფიციტზე.
9 მაისი რუსებისთვის საკრალური მნიშვნელობის დღეა. ეს კარგად იციან უკრაინელებმაც. რაიმენაირად დაუკავშირდება თუ არა უკრაინული შეტევა 9 მაისს, როცა მოსკოვში სამხედრო აღლუმი უნდა ჩატარდეს, ჯერ უცნობია.
არ არის გამორიცხული, რუსები `წინმსწრებ დარტყმას` ამზადებდნენ უკრაინული კონტრშეტევის წინ.
დღეს დილით რუსეთმა მასირებული სარაკეტო იერიში მიიტანა კიევზე და უკრაინის სხვა რეგიონებზეც.
აქტიურად მუშაობს უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემა.
მასირებული დარტყმა შესაძლოა იმასაც ნიშნავდეს, რომ რუსეთის დაზვერვამ დაახლოებით იცის, როდის დაიწყება უკრაინული კონტრშეტევა.
საბედნიეროდ, რუსეთს არც ისე ბევრი აქვს ზებგერითი რაკეტები; ჩვეულებრივ რაკეტებს კი უკრაინა იოლად აგდებს მათ შორის დასავლური რაკეტსაწინააღდმეგო სისტემების მეშვეობით;
თავის მხრივ, უკრაინაც ბომბავს წარმატებით რუსეთის ობიექტებს.
გუშინ სარაკეტო დარტყმით გაანადგურეს ნავთობბაზა ყირიმში, სევასტოპოლში. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ სევასტოპოლში ბაზის განადგურება კონტრშეტევისთვის მზადების ერთ-ერთი აქციაა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
1121 ადამიანი გაასამართლეს რუსეთში სამხედრო გაწვევისგან დამალვისთვის.
ეს კიდევ არაფერი: ცნობილია რამდენიმე ფაქტი, როდესაც რუსეთის არმიის მოქმედი ოფიცრები გარბიან რუსეთიდან, რათა არ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის ომში.
მაგალითად, მაიორი ჟილინი, რომელმაც ყაზახეთში გაქცევა სცადა: გაიპარა სამხედრო ნაწილიდან, გადაისხა კონიაკი ვითომ მთვრალი იყო, ტყით გადავიდა ყაზახეთში; იქ ყაზახებმა დააპატიმრეს და რუსეთში დააბრუნეს, როგორც დეზერტირი
ახლა ციხეში ზის.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რომის პაპი ფრანცისკი ძალიან უცნაურ მისიას ასრულებს უნგრეთში: ბუდაპეშტში იგი შეხვდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ორბანს და განაცხადა, რომ მზადაა სამშვიდობო მედიატორის როლი შეასრულოს უკრაინის კონფლიქტში. ესე იგი შუამავლობა იკისროს რუსეთსა და უკრაინას შორის.
დღევანდელ ვითარებაში ეს `შუამავლობა` შესაძლოა მხოლოდ რუსეთის სასარგებლო გამოდგეს.
თანაც ნიშანდობლივია, რომ ამ განცხადებას ფრანცისკი აკეთებს უნგრეთში, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ.
ორბანის პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით ცნობილია: უნგრეთი ეწინააღმდეგება მისი ტერიტორიის გავლით უკრაინისთვის დასავლური სამხედრო ტექნიკის გადაცემას და პუტინსაც `ეთამაშება`.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის მინისტრმა უსაფრთხოების საკითხებში (!) ტომ ტუგენდჰატმა გლაზგოში, კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი ცდილობენ შოტლანდიური სეპარატიზმის მხარდაჭერას ხოლო გარკვეული ძალები შოტლანდიაში, მათი მხარდაჭერით, აპირებენ დიდი ბრიტანეთის გახლეჩას.
რეალურად ეს სერიოზული პრობლემაა.
მოსკოვი არც ფინანსურ რესურსებს, არც აგენტურას არ იშურებს საიმისოდ, რომ შოტლანდიის მომავალ რეფერენდუმზე (უკვე მეორე რეფერენდუმია რამდენიმე წლის განმავლობაში) ე.წ. `შოტლანდიის დამოუკიდებლობის` იდეამ გაიმარჯვოს.
მეორე რეფერენდუმი შოტლანდიაში დაინიშნა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთი გავიდა ევროკავშირიდან.
პირველ რეფერენდუმზე, 2014 წელს, შოტლანდიელებმა უარი უთხრეს სეპარატისტებს და დიდ ბრიტანეთში დარჩენა ამჯობინეს.
მაგრამ რა შედეგს გამოიღებს ახალი რეფერენდუმი, 2023 წლის 19 ოქტომბერს, უცნობია.
დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ ეს რეფერენდუმი უკანონოდ სცნო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ინდოეთი, ეგვიპტე, ბრაზილია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა ყველანაირად ცდილობს განაგრძოს `ბალანსირება` რუსეთსა და უკრაინას შორის.
ინდოეთმა მაგალითად, გადაწყვიტა გამოიყენოს რუსული პლასტიკური ბარათი МИР რომელიც რუსეთში შემოიღეს მას შემდეგ, რაც VISA და MasterCard გავიდნენ ქვეყნიდან.
ინდოეთის ხელისუფლებას განსაკუთრებით იზიდავს რუსი ტურისტების ამ გზით `შემოტყუების` პერსპექტივა.
მაგრამ დელი სერიოზულ რისკზეც მიდის: აშშ სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა იგი გააფრთხილა, რომ მსოფლიო საბანკო სისტემა ამერიკის კონტროლს ექვემდებარება და თუ МИР-ს გამოიყენებენ, ამერიკულ სანციებს მიიღებენ.
ინდოეთისთვის რამდენად მოიმხიბვლელიც არ უნდა იყოს რუსი ტურისტების ნაკადი, მისთვის დასავლეთთან თანამშრომლობა ბევრად აუცილებელია, რათა განვითარდეს და არ დარჩეს მესამე მსოფლიოს ჩამორჩენიულ სახელმწიფოდ.
ძალიან საინტერესოა, რომ ამ `მიუმხრობელ` ქვეყნებს შორის აღმოჩნდა ამერიკის სამხედრო პარტნიორი რეგიონში პაკისტანი.
ოღონდ პაკისტანის `მიუმხრობლობასა` და `ნეიტრალიტეტზე` უკრაინის ომის მიმართ იმდენად რუსეთი არ ახდენს გავლენას, რამდენადაც ჩინეთი!
ავღანეთიდან ამერიკის წასვლის შემდეგ, პაკისტანი ჩინეთისკენ გადაიხარა და ჩინეთის მეშვეობით ცდილობს `დააბალანსოს` მისი ისტორიული წინააღდმეგობები ინდოეთთან. ამ მხრივ პაკისტანი და ინდოეთი (ისტორიული მტრები) ერთ გუნდში აღმოჩნდნენ, ხოლო მოსკოვსა და პეკინს აქვთ მანიპულირების საშუალება.
დასკვნა: ავღანეთიდან ამერიკელების წასვლა ნამდვილად გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, რამაც ბევრი რამ უარესისკენ შეცვალა ამ რეგიონშიც და მსოფლიოშიც.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკულმა სახელმწიფო რეგულატორმა, რომელიც საბანკო ანაბრებს იცავს, მოუწოდა გიგანტურ ბანკს J.P. Morgan იყიდოს კალიფორნიის First Republic Bank, რომლის გაკოტრებამ, რამდენიმე კვირის წინ შეძრა საბანკო სისტემა.
კრიზისის დაძლევა მოხერხდა ამერიკული ბანკებისა და ფედერალური რეზერვის აქტიური ჩარევის შედეგად.
აქ საინტერესოა, რომ ამერიკული კანონმდებლობითა და პრაქტიკით, სახელმწიფო რეგულატორს აქვს საშუალება ურჩიოს (!) მაგრამ არა უბრძანოს (!) გიგანტურ ბანკებს მიიღონ ესა თუ ის გადაწყვეტილება.