თურქეთი საქართველოს ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

თურქეთი საქართველოს ტერორიზმის წინაღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება

        გუშინდელი დღე მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეზე ტერორისტული ტალღის აგორებით აღინიშნა. საოცარი დამთხვევით, სწორედ ამ დროს გაიმართა საქართველოში თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სადეთინ თანთანის ვიზიტი.
        უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ თანთანი თურქეთში ძალიან გავლენიანი ფიგურაა. თურქეთში, პოლიცია და ჟანდარმერია იმდენად გავლენიანია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი, ფაქტობრივად, მესამე პირად ითვლება გენერალური შტაბის უფროსის და პრემიერ-მინისტრის შემდეგ. გარდა ამისა, თურქეთს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გამოცდილება აქვს.
        თანთანი საქართველოში ჩამოსვლამდე უზბეკეთში იმყოფებოდა, სადაც ვითარება მნიშვნელოვნად გართულდა, ხოლო პრეზიდენტი ისლამ კარიმოვი თურქეთს აქტიურ დახმარებას სთხოვდა.
        აქვე უნდა ითქვას, რომ უზბეკეთის საქმე ძალიან ცუდად არის. ურყევად ვარ დარწმუნებული, რომ ავღანელ ისლამისტ ფანატიკოსთა (თალიბთა) გაძლიერება რუსეთის სპეცსამსახურთა ნახელაევია, რათა მაქსიმალურად დაშინონ ცენტრალური აზიის «საერო» რეჟიმებიდ და შემოატრიალონ ისინი რუსეთისკენ.
        ამ ტაქტიკამ ნაწილობრივ გაამართლა კიდეც – ექსტრემისტები ტაჯიკეთიდან უკვე ყირგიზეთსა და უზბეკეთშიც შეიჭრნენ, რის შემდეგაც ისლამ კარიმოვმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა ჩრდილოეთისკენ, თუმცა, აშკარად ძალდატანებითა და «იძულებით», მაგრამ თურქული წარმოშობის აზიელი ხალხი, რა თქმა უნდა, იმედით იყურება დასავლეთისკენ, სადაც დიდი და ძლიერი ძმა (თურქეთი) ეგულებათ და არცთუ უსაფუძვლოდ: თურქეთს აქვს საშუალება, კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში უშიშროების ერთიანი სისტემა შექმნას ამ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და არამდგრადობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ ამ სისტემის შექმნა, საქართველოს გარეშე არ გამოვა. სწორედ ამიტომ ეწვია თურქი მინისტრი საქართველოს. დღეს (პარასკევს) კახა თარგამაძე და თანთანი ხელს მოაწერენ ოქმს «ტერორიზმის, ნარკობიზნესისა და კონტრაბანდის» წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ ღონისძიებათა შესახებ.
        იგი ითვალისწინებს არა მხოლოდ ინფორმაციის გაცვლას, არამედ ერთობლივი ოპერაციების განხორციელებას. ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ თანთანს დაგეგმილი აქვს შეხვედრა საქართველოს შინაგან ჯართა სარდალ შერვაშიძესთან. იგულისხმება სამხედრო-ტექნიკური დახმარება საქართველოს შინაგან ჯართა გასაძლიერებლად.
        თანთანმა ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მას სერიოზულად აფერხებს ჩეჩნეთის პრობლემის გადაუწყვეტლობა. მისი თქმით, ჩეჩნეთის პრობლემას შეუძლია, მთელი რეგიონისთვის მადესტაბილიოზებელი გახდეს.
        მას დაეთანხმა ედუარდ შევარდნაძეც, თუმცა, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩეჩნეთის ომი მალე დასრულდება, ვინაიდან «უსასრულო ომები არ არსებობს».
        ეს შეფასება, ალბათ, არ არის ლოგიკას მოკლებული, თუმცა, კიდევ საკითხავია, ვისი გამარჯვებით დამთავრდება ომი – თუ ვინმეს ჰგონია, რომ რუსეთმა ომი უკვე მოიგო, ძალიან ცდება.
        გარკვეულწილად, რუსეთსაც აძლევდა ხელს დაძაბულობის შენარჩუნება, მათ შორის იმიტომაც, რომ საქართველოს საწინაღმდეგო არგუმენტი ჰქონოდა.
        ამიტომ საქართველოსთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობა, რათა გამორიცხოს ყოველგვარი პროვოკაციის შესაძლებლობა.
        თურქეთს საამისო შესაძლებლობები აქვს. იმავე კონტექსტში შეიძლება საქართველოს სასარგებლოდ ამოქმედდეს, აგრეთვე, თურქეთში მცხოვრებ მრავალრიცხოვან კავკასიელ მოჰაჯირთა ფაქტორი, რომელთაც მთლიანად აკონტროლებს თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო. არსებობს, აგრეთვე, კონტრაბანდასა და ნარკობიზნესთან ერთობლივი ბრძოლის აუცილებლობაც.
        თანთანის თქმით, საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატები აქტიურად შეეცდებიან, გამოიყენონ საქართველო-თურქეთის საზღვარი ჯერ თურქეთში, შემდეგ კი ევროპაში ნარკოტიკების გასატანად. თურქეთ-საქართველოს საზღვარზე უკვე იყო ნარკოკურიერთა დაკავების რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა.

დილის გაზეთი, 22 სექტემბერი, 2000 წელი