იასტრჟემბსკი პუტინის ახალ «მოკითხვას» ახმოვანებს

იასტრჟემბსკი პუტინის ახალ «მოკითხვას» ახმოვანებს

     

        რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საინფორმაციო საკითხებში, სერგეი იასტრჟემბსკიმ, რომელიც, ძირითადად, სხვადასხვა დონისა და ხასიათის პროვოკაციებზე სპეციალიზდება, რუს ჟურნალისტებს მორიგი «ანონსირებული სენსაცია» შესთავაზა. მისი განცხადებით, რუსეთის სპეცსამსახურებს ხელთ ჩაუვარდათ ვიდეოკასეტა, რომელზეც ასახულია შამილ ბასაევის მიმართვა არანაკლებ ცნობილ საველე მეთაურ რუსლან გილაევისადმი. იასტრჟემბსკის თქმით, შამილ ბასაევი მოუწოდებს რუსლან გილაევს, შეკრიბოს ჩეჩენი მეომრები და მათთან ერთდა დაბრუნდეს პანკისის ხეობიდან ჩეჩნეთში.
        სათანადო «ანგაჟირება», რაც ამ საინფორმაციო დივერსიას მოჰყვა, მის ხანგრძლივ მომზადებაზე მეტყველებს - ჩეჩნეთის პრობლემა, ყველაფრის მიუხედავად, რუსეთმა ვერა და ვერ გადაჭრა. ვერც ერთი ცნობილი მეთაური, სალმან რადუევის გარდა (რომელიც, ფაქტობრივად, ინვალიდი იყო), რუსებმა ვერ გააუვნებელყვეს - კოჭლი ბასაევიც კი მათ სერიოზულ პრობლემებს უქმნით.
        ჩეჩნეთის მეორე ომის დროს საინფორმაციო დივერსიები ნაკლებ რაფინირებულად ხორციელდება, თუმცა, ძირითადი მეთოდოლოგია შენარჩუნებულია: «სამხედრო წყაროებზე» დაყრდნობით გავრცელებულ დეზინფორმაციას ცვლის სხვადასხვა რანგის ოფიციალურ წარმომადგენელთა განცხადებები. არიან ფიგურები, რომელთაც, ამ თვალსაზრისით, ორმაგი დატვირთვა აქვთ: მაგალითად, გენერალი ტროშევი, ვინც იასტრჟემბსკის დემარშამდე რამდენიმე დღით ადრე გააკეთა განცხადება პანკისის ხეობაში «ბოევიკთა» ბაზების არსებობის შესახებ, ერთდროულად სალდაფონიცაა (ახლახან მოქმედი გენერალი იყო). ამდენად მას ბევრი არაფერი მოეკითხება, მაგრამ მეორე მხრივ, ის რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენელია «სახმრეთის ფედერალურ ოლქში», რომელიც ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს.
        რასაკვირველია, თუნდაც ოფიციალურად ანგაჟირებულ სალდაფონთა განცხადებები სათვალავში სერიოზულად ჩასაგდები არ არის, თუმცა, მათ უშუალო ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფუნქცია აქვთ. რაც შეეხება შამილ ბასაევის განცხადებას, აქ უფრო რთულ და სერიოზულ მოვლენასთან გვაქვს საქმე.
        უპირველეს ყოვლისა, გაუგებარია თითქოს, რაში უნდა დასჭირვებოდა შამილ ბასაევს საჯარო მიმართვა რუსლან გილაევისადმი; მით უმეტეს, ვიდეოკასეტაზე ჩაწერით.
        ჩეჩნებს ჯერ კიდევ პირველი ომიდან დაწყებული, კავშირის საათივით აწყობილი სისტემა აქვთ, რისთვისაც იყენებენ კომუნიკაციის უახლეს საშუალებებს: პეიჯერებიდან თანამგზავრულ ტელეფონამდე. ასეთ შემთხვევაში, რატომ უნდა დასჭირვებოდა შამილ ბასაევს ამგვარი ფორმით გილაევისადმი მიმართვა?
        არ არის გამორიცხული, კასეტა ნამდვილად არსებობდეს. შესაძლოა, შამილ ბასაევი ამ გზით გილაევს «ანამუსებდეს», მაგრამ აქ უნდა იგულისხმბეოდეს, რომ გილაევი «იმალება» და არ მონაწილეობს სამშობლოს დაცვაში - რაც აბსოლუტურად წარმოუდგენელია, ვინაიდან გილაევი არანაკლები (თუ მეტი არა) ფანატიკოსია, ვირე ბასაევი.
        არ არის გამორიცხული, რუსები იყენებდნენ «გაიძვერული» მონტაჟის მეთოდებს, მით უმეტეს, რომ რეალურად ის კასეტა ვერავინ ნახა, მაგრამ მთლიანად არც იმ ალბათობის უარყოფა შეიძლება, რომ ბასაევი (იასტრჟემბსკისთან ერთად), ამ გზით, კონფლიქტში საქართველოს ჩათრევას ცდილობდეს - მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
        ჩვენ არასწორი წარმოდგენა გვაქვს ჩეჩნების მენტალიტეტზე: ბუდიონოვსკში ქალები და ბავშვები აიყვანეს მძევლად - ომის დროს ისინი ყველაფერზე წავლენ, მით უმეტეს, ლიდერები.
        შამილ ბასაევს ათასგვარი საშუალება ჰქონდა (თუ აუცილებელი იყო) გილაევთან კავშირის დასამყარებლად. მაშასადამე, მთავარი კითხვა აქ ის კი არ არის, იმყოფება თუ არა გილაევი პანკისის ხეობაში, არამედ ბასაევის მოტივაცია.
        თუმცა, თავისთავად, პანკისის საკითხიც ნიშანდობლივია. გილაევის აქ ყოფნას ყველა ქართული წყარო უარყოფს, ოღონდ ალბათ, ლაპარაკია დროებით ყოფნაზე - ეს კი გამორიცხული არ არის. იასტრჟემბსკის თქმით, ბასაევის მიმართვა თებერვლის ბოლოს ან მაისის დასაწყისშია ჩაწერილი.

მთელ გვერდზე