სავალუტო ფონდი საქართველოში ბრუნდება

სავალუტო ფონდი საქართველოში ბრუნდება

        საარჩევნო პერიპეტიებით გართულმა ქართველმა პოლიტიკოსებმა (ელექტორატზე რომ აღარაფერი ვთქვათ) ვერც კი შენიშნეს, რომ წელიწადნახევარია, საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის გარეშე მიცურავს მსოფლიო ეკონომიკურ ოკეანეში.
        1999 წლის დასაწყისიდან სავალუტო ფონდმა ჩვენს ქვეყანასთან, ფაქტობრივად, შეწყვიტა (თუმცა, დიპლომატიური ფორმულირებით ეს სხვაგვარად გაფორმდა) ურთიერთობა. «დიპლომატია» იმისთვის დასჭირდათ, რომ «უკან დასაბრუნებელი» გზა შეენარჩუნებინათ. ბოლოდროინდელ რეკომენდაციათა შეუსრულებლობის მიუხედავად, ქვეყნის ზოგადი «კურსი» არ შეცვლილა, ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები და ტენდენციები არ დარღვეულა, რასაც ვაშინგტონში შესანიშნავად ხედავენ. ამიტომ «კარის გაჯახუნებას» არ აპირებენ. კარს მაშინ გაიჯახუნებენ, თუ ეგრეთ წოდებული «პატერნალისტები» და «სოციალისტები» მოვლენ ხელისუფლებაში, «შეღავათიანი კრედიტებით» ლარს მოკლავენ და «მშობლიური მწარმოებლის დაცვის» დემაგოგიური ლოზუნგით იმ ეპოქაში დაგვაბრუნებენ, როდესაც ხარისხიანი ნაწარმი სოციალური აღმატებულობის ნიშანი იყო, ხოლო «სამამულო» - მდაბიურობის და გოიმობისა.
        აი, მაშინ კი აღარ შეარჩევენ «დიპლომატიურ ფორმულირებებს». დღეს ჩვენზე ხელი საბოლოოდ მაინც არ ჩაუქნევიათ, ამიტომ სავალუტო ფონდის მისია მაინც ჩამოვა და განიხილავს სრულმასშტაბიან ურთიერთობათა აღდგენის საკითხს.
        უპირველეს ყოვლისა, ფონდის მისიას, რა თქმა უნდა, ბიუჯეტი აინტერესებს. 2001 წლის ბიუჯეტის პროექტი მათთვის უპირველეს ინდიკატორი იქნება. ხარჯების სტრუქტურაში ფონდი არ ერევა, მაგრამ ყოველთვის კატეგორიულად მოითხოვს ელემენტარულს - ხარჯები შეესაბამებოდეს შემოსავლებს. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების საკითხში ფონდი ყოველთვის უკომპრომისოა, საქართველოსთან ურთიერთობათა შეჩერების მთავარი მიზეზი გახდა არა შემოსავლების ნაკლებობა (უმთავრესად კორუფციის «წყალობით»), არამედ, ხარჯების «გაბერვა» უსაშველოდ – მიზერულ შემოსავლებთან შედარებით.
        ისიც დიდი შეღავათი იყო, რომ ამერიკის ადმინისტრაციის თხოვნით, ფონდი «არ გვახრჩობდა» შემოსავლების გაზრდის პირობით, მაგრამ «ძლიერი ბიუეტის» შექმნას უკომპრომისოდ მოითხოვდა. ფინანსისტთა ენაზე «ძლიერი ბიუჯეტი» კარგად დაბალანსებულ, უდეფიციტო ბიუჯეტს ნიშნავს. ჩვენ კი არარეალურ ბიუჯეტს («საპნის ბუშტს») ვადგენდით, შემდეგ მას ვერ ვასრულებდით, ხოლო საერთაშორისო ფინანსური ორგანიაციებისგან დამატებით შეღავათიან კრედიტებს მოვითხოვდით.
        ჰოდა, ზრდილობიანად გამოგვემშვიდობნენ (დროებით, საბედნიეროდ).
        2001 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდი დახმარებას განაახლებს მხოლოდ რამდენიმე მკაცრი პირობის შესრულებისა და რთული ფისკალური პარამეტრის დაცვის შემთხვევაში. პირველი, როგორც მოგახსენეთ, იქნება ძლიერი, დაბალანსებული ბიუჯეტი. მეორე – საერთაშორისო საკრედიტო ვალდებულებათა უცილობელი შესრულება და ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ზრდა.
        აქვე უნდა ითქვას (ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე), რომ საქართველოს ეროვნული ბანკი 1995 წლიდან – დღემდე ქართული სახელმწფიოებრიობის ერთ-ერთ ბურჯად იქცა. თუმცა, ესეც (ნაწილობრივ მაინც) იმავე საერთაშორისო სავალუტო ფონდის დამსახურებაა.
        თუ ფონდის მისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების მოქმედება მაკროეკონომიკური და ფინანსური ვითარების სტაბილიზაციის თვალსაზრისით, უკვე წლის დასაწყისში ქვეყანა მიიღებს დამატებით სახსრებს ეროვნული ბანკის (ანუ ლარის) პოზიციათა კიდევ უფრო განსამტკიცებლად.
        გარდა ამისა, მსოფლიო ბანკსაც მიეცემა საშუალება ერთდროულად რამდენიმე მრავალმილიონიანი პროგრამის დაფინანსებისა – ეს უშუალო საბიუჯეტო შემოსავლებია.
        მაგრამ «მზამზარეულს» არავინ არაფერს მოგვართმევს. ძლიერი ბიუჯეტისთვის პარლამენტში რეფორმატორებს და მემარჯვენეებს დიდი ბრძოლა მოელით.

დილის გაზეთი, 17 ოქტომბერი, 2000 წელი