ასლან მასხადოვმა საქართველოდან მგელი წაიყვანა

ასლან მასხადოვმა საქართველოდან მგელი წაიყვანა

 

    ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად პანკისის ხეობაში სტუმრობისას ადგილობრივმა ქისტებმა მგლის ლეკვი აჩუქეს. იგი სულ სამი თვის იყო, მაგრამ «მგლური ჟინი» მაინც ეტყობოდა. ახალმა პატრონმა თავზე ხელი გადაუსვა ცხოველს, ის კი კბილებით მიეტანა და კინაღამ თითზე უკბინა. ერთი შეხედვით, მგელი ძალზე ჩამოჰგავდა ახალ პატრონს ისევე, როგორც ყველა სხვა ჩეჩენს და ალბათ, სწორედ ამიტომ იქცა ქვეყნის სიმბოლოდ (ჩეჩნურად ბორზ - მგელს ნიშნავს) და ადგილიც დაიმკვიდრა იჩქერიის დროშაზე.
    ასლან მასხადოვის საქართველოში ვიზიტი, რა თქმა უნდა, პანკისის ხეობის მონახულებით არ შემოიფარგლა. ეს უფრო სიმბოლური ღონისძიება იყო, რომელსაც შეხვედრის ჭეშმარიტი არსი უნდა დაეფარა: ჩეჩნებს ყოველთვის სჭირდებოდათ და ახლაც სჭირდებათ საქართველო, რათა «ანკლავად» არ დარჩნენ რუსულ «გეოპოლიტიკურ ზღვაში» და მსოფლიოსთან დამაკავშირებელი დერეფანი მოიპოვონ.
    ასლან მასხადოვი მასპინძელს ხევსურეთისა და ქისტეთის გავლით, საქართველო-ჩეჩნეთს შორის ორი საავტომობილო ტრასის გაყვანას სთავაზობდა. გარდა ამისა, ჩეჩნეთი დაინტერესებულია საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობითაც, ვინაიდან რუსეთთან ყოველგვარი კონტაქტი იმდენად პოლიტიზებულია, რომ ელემენტარულ საკითხებზე მოლაპარაკებაც ჩიხში ექცევა.
    მართალია დღეს თითქოს ხელი უნდა მოეწეროს შეთანხმებას კასპიის ნავთობის თაობაზე, მაგრამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ეს ხელშეკრულება არ შესრულდება და ისეთივე ფარატინა ქაღალდად დარჩება, როგორც სხვა მრავალი «შეთანხმება» მოსკოვსა და გროზნოს შორის.
    გარდა ამისა, ასლან მასხადოვს საქართველოში სტუმრობით სურდა იზოლაცია «გაერღვია» და დაეწყო საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ეტაპი. ნიშანდობლივია, რომ ამის საშუალება ჩეჩნეთს სწორედ საქართველომ მისცა. უახლოეს მომავალში მასხადოვი აპირებს ვიზიტად ეწვიოს თურქეთს, საფრანგეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და სხვა ქვეყნებს. ოღონდ საეჭვოა იქ (თურქეთის გარდა) იგი ისევე თბილად მიიღონ, როგორც საქართველოში.
    ოფიციალური ცნობით, ასლან მასხადოვმა და ედუარდ შევარდნაძემ საუბრის უდიდესი ნაწილი აფხაზეთის პრობლემას დაუთმეს. ამ საკითხში მასხადოვი არც ისე კეთილგანწყობილია საქართველოს მიმართ, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყოველ შემთხვევაში, ჩეჩნეთის ლიდერმა მკაფიოდ აგრძნობინა საქართველოს პრეზიდენტს, რომ ჩრდილოეთ კავკასია (უპირველესად ჩეჩნეთი) არ მოუწონებს საქართველოს აფხაზეთში ომის წამოწყებას. დიპლომატიური ეტიკეტისა და ტერმინოლოგიის დაცვით ქარაგმულად ითქვა: «ჩეჩნეთი კვლავ იომებს აფხაზეთის მხარეს», ქართულ საზოგადოებას კი არაფრით სურს გაიგოს ელემენტარული ჭეშმარიტება. ჩეჩნების უდიდესი უმრავლესობა აფხაზებს აღიქვამს, როგორც ჩეჩნეთის «ალტერ ეგოს». ამიტომ მასხადოვმა რომც უბრძანოს თავის მეომრებს, აფხაზეთში არ გაემგზავროთო (თუმცა ეს უკანასკნელი თავს ნამდვილად არ გამოიდებს) ათასობით ჩეჩენი კვლავ გაემართება აფხაზეთში საომრად და ქართველების საჟლეტად.
    აქ ვერავითარი «რაციონალური» გეოპოლიტიკური არგუმენტი ვერ გაჭრის. ამ არგუმენტების თანახმად, ჩეჩნებისათვის საქართველოს წინააღმდეგ ომი 1992 წელსაც წამგებიანი იყო, მაგრამ მაინც იომეს, მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს საქართველოს დამარცხებაში და შედეგად რუსეთის აგრესია მიიღეს.
    საეჭვოა, კრემლს ჩეჩნეთის წინააღმდეგ ომი გაებედა, საქართველო რომ იჩქერიისადმი კეთილგანწყობილი ყოფილიყო. ეს პირდაპირ აღიარა ბორის ელცინმა სახელმწიფო სათათბიროსათვის გაგზავნილ ცნობილ წერილში. მაგრამ ყველაზე საოცარი ისაა, რომ ზემოთქმულის მიუხედავად, ნებისმიერ ჩეჩენს რომ ჰკითხო, როგორ მოიქცეოდი 1992 წელსვე რომ გცოდნოდა როგორ განვითარდებოდა მოვლენებიო, უეჭველად გიპასუხებს: «ისევე მოვიქცეოდი, როგორც მოვიქეციო».

მერიდიანი, 2 სექტემბერი, 1997 წ.