პარიზის ხელშეკრულება და საქართველოს ხელისუფლება.

პარიზის ხელშეკრულება და საქართველოს ხელისუფლება.

როგორც ცნობილია, ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა, რომელიც დღეს დგას საქართველოს წინაშე, არის რუსეთისათვის სამხედრო ბაზების გადაცემის საკითხი.
    ის, რომ რუსეთი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული საქართველოში (და საერთოდ, კავკასიაში) სამხედრო ბაზების შენარჩუნებით, ნათლად ჩანს იმ დისკუსიიდან, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს რუს და დასავლელ დიპლომატებს შორის ე.წ. «ფლანგური შეზღუდვების» მოხსნასთან დაკავშირებით.
    შეგახსენებთ, რომ ხელშეკრულება «ფლანგური შეზღუდვების თაობაზე» ხელმოწერილია პარიზში, 1990 წლის 19 ნოემბერს. რუსეთი იძულებული იყო პირნათლად შეესრულებინა ეს ხელშეკრულება და გასული წლის 17 ნოემბრისათვის შეემცირებინა 19 953 ტანკი, 4 328 ბმპ, 397 საარტილერიო დანადგარი, 726 საბრძოლო თვითმფრინავი, 60 სამხედრო ვერტმფრენი.
    ეს ყოველივე მაინც არ არის საკმარისი, რადგან პარიზის ხელშეკრულებით, რუსეთი ვალდებული იყო დაახლოებით 40 პროცენტით მეტი შეემცირებინა. საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთმა შეწყვიტა შეიარაღებათა შემცირება ანუ ხელშეკრულების შესრულება იმის გამო, რომ რუსი პოლიტიკოსების აზრით, 1990 წლიდან - დღემდე ევრაზიის გეოპოლიტიკური კონფიგურაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა.
    ხელშეკრულება როცა იდებოდა, იმ დროისათვის «ფლანგებად» აღიქმებოდა საბჭოთა კავშირის ის ნაწილი, რომელზედაც დისლოცირებული იყო ლენინგრადის, ოდესის და ამიერკავკასიის სამხედრო ოლქები. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლისა და ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების წარმოშობის შემდეგ, რუსეთი უაღრესად წამგებიან ვითარებაში აღმოჩნდა. ხელშეკრულების თანახმად (რომელიც გამონაკლისს უშვებს კალინინგრადისათვის), მას უფლება აქვს მხოლოდ კალინინგრადში (ანუ თავისი ტერიტორიის ევროპული ნაწილის უმცირეს მონაკვეთზე) განალაგოს 4 200 ტანკი, 8 760 ბმპ და 3 235 საარტილერიო დანადგარი. მაშინ, როდესაც ლენინგრადსა და ჩრდილო-კავკასიის სამხედრო ოლქებში (ევროპული ნაწილის თითქმის 50 პროცენტი) რუსეთს არ შეუძლია იქონიოს 700 ტანკზე, 580 ბმპ და 1280 საარტილერიო სისტემაზე მეტი.
    რეალურად, ხელშეკრულება მართლაც დისკრიმინაციულია რუსეთისათვის.
    გამოდის, ყველას შეუძლია თავის ტერიტორიაზე შეიარაღება განალაგოს იქ, სადაც საჭიროდ მიაჩნია - რუსეთის გარდა.
    1990 წელს ალბათ ბევრი ვერც წარმოიდგენდა, რომ საბჭოთა კავშირის აღსასრული სულ ახლოს იყო. ამიტომ, რუსი დიპლომატები ადვილად დათანხმდნენ შეიარაღების შემცირებას ბალტიისპირეთსა და ამიერკავკასიაში - აბა როგორ წარმოიდგენდნენ ისინი, თუ სულ მალე რუსეთის «ფლანგი» გახდებოდა არა ამიერკავკასია, არამედ ჩრდილოეთ კავკასია - ჩეჩნეთის ჩათვლით.
    რუსეთი გვიან მიხვდა შეცდომას და გააფთრებით დაიწყო ბრძოლა მისი გამოსწორებისათვის - მან სარჩელი შეიტანა საერთაშორისო სასამართლოში, დაიწყო მოლაპარაკება პარიზის ხელშეკრულების შეჩერებისათვის, რასაც დასავლეთის საპასუხო რეაქცია მოჰყვა: დასავლელმა ლიდერებმაც «ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს». მათ გაგონებაც არ სურთ ხელშეკრულების მოქმედების შეჩერებისა, რაც რუსეთს მძიმე ალტერნატივის წინაშე აყენებს - ან დაარღვიოს ხელშეკრულება (რასაც დიდი საერთაშორისო-პოლიტიკური რეზონანსი ექნება) ან შეურიგდეს სამხრეთის ფლანგის «მოშიშვლებას».
    არადა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია კავკასიის რეგიონში სამხედრო ძალების კონცენტრაციით, ვინაიდან «აქ, რუსეთის საზღვრებთან ახლოს და თვით რუსეთის ტერიტორიაზეც არსებობს შეიარაღებული კონფლიქტის რამოდენიმე კერა».
    იგულისხმება, უპირველეს ყოვლისა, ოსეთ-ინგუშეთი და ჩეჩნეთი, სადაც რუსეთს მართლაც სჭირდება ძალების კონცენტრაცია. მაგრამ არა მხოლოდ. რუსეთს აგრეთვე აღელვებს ის გარემოებაც, რომ ამიერკავკასიაში მიმდინარე კონფლიქტებზე (აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, ყარაბაღი) კონტროლის უნარი არ დაკარგოს.
    ამ კონფლიქტების გარდა, მას, რასაკვირველია, კიდევ აქვს ჩადებული «შენელებული მოქმედების ნაღმები» - ვთქვათ ჯავახეთსა და აჭარაში (საქართველო) ან ლეზგინეთში (აზერბაიჯანი) და პოტენციური «ეთნოკონფლიქტების» რეგულირებაც სურს.
    ამრიგად, ზემოთხსენებული ხელშეკრულების დარღვევა ან მისი შენარჩუნება მისთვის კატეგორიულად მიუღებელია. ანუ, თითქმის გამოუვალი მდგომარეობაა, მაგრამ პოლიტიკაში არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობანი - პოლიტიკური ჩიხიდან ყოველთვის შეიძლება ამა თუ იმ გამოსავლის პოვნა.
    უპირველეს ყოვლისა, დავაკვირდეთ იმ გარემოებას, რომ პარიზის ხელშეკრულება იმთავითვე არ ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის დაშლის შესაძლებლობას. უფრო ზუსტად კი, იგი არ ითვალისწინებდა იმ მდგომარეობას, როდესაც ყოფილი «ერთიანი ქვეყნის» ნაწილები (ფლანგები) იქცნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად და აქვთ უფლება თავად მოითხოვონ რუსეთის ჯარების განლაგება თავიანთ ტერიტორიაზე - ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე.
    შესაძლოა, ეს მაინც ეწინააღმდეგებოდეს ხელშეკრულებას, მაგრამ, ჯერ ერთი, სახელმწიფოს სუვერენული უფლება (ვთქვათ საქართველოს უფლება, სთხოვოს რუსეთის ჯარების განლაგება თავის ტერიტორიაზე) უზენაესია და ხელშეუხებელი.
    მეორეც: რუსეთს ხელშეკრულების დარღვევა უპირველესად იმიტომ აღელვებს, რომ კვლავ არ იქცეს დასავლეთისათვის «ბოროტების იმპერიად», მაგრამ თუ პასუხისმგებლობა მასთან ერთად სხვა რომელიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასაც დაეკისრება, ამას რა სჯობია!
    მესამე: ხელშეკრულების «ძველი» დებულებები შეიძლება აღდგეს იმ შემთხვევაშიც, თუ ე.წ. СНГ გარდაიქმნება კონფედერაციად ან (მით უმეტეს) ფედერაციად.
    ამრიგად, რუსეთის ზეწოლა საქართველოზე სამხედრო ბაზების საკითხთან დაკავშირებით სულ უფრო და უფრო ძლიერდება - ეს არც არის მოულოდნელი და გასაკვირი (ზემოთთქმულის გათვალისწინებით.) რუსეთისათვის საქართველოში სამხედრო ბაზების განლაგება მართლაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, გეოპოლიტიკურად აუცილებელი საკითხია.
    მეორეს მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო რეალურად მოინდომებს რუსეთის სივრციდან გამოსვლას, პარიზის ხელშეკრულება ძალზე ძლიერი კოზირია.
    ამ ხელშეკრულების შესრულებით დასავლეთი, როგორც ჩანს, აგრეთვე სისხლხორცეულადაა დაინტერესებული. ამიტომ, საქართველოს შეუძლია პარიზის პაქტისადმი აპელირება. თუ იგი მოითხოვს რუსეთის ჯარების გაყვანას თავისი ტერიტორიებიდან, ხოლო რუსეთი ამ მოთხოვნას არ შეასრულებს, მაშინ დასავლეთი უეჭველად დაუჭერს მხარს საქართველოს (პოლიტიკურად) - თუნდაც ხელშეკრულების შესრულების მოტივით.
    მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება, პირიქით, ხელს შეუწყობს რუსეთს დაარღვიოს აღებული ვალდებულებანი, მაშინ დასავლეთი საქართველოსადმი ყოველგვარ ინტერესს დაკარგავს. უფრო სწორად, საქართველო ობიექტურად გახდება მისი მოწინააღმდეგე.
    პრობლემის არსი კვლავ ხელისუფლების პოზიციაშია კონცენტრირებული. ამ პოზიციაზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყნის მომავალი და მისი ადგილი თანამედროვე მსოფლიოში.

«მსგეფსი», მარტი, 1995 წელი.