საერთაშორისო მიმოხილვა. 6 აგვისტო. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 აგვისტო. 2024 წელი

ვაშინგტონის მოსამართლემ (Judge Amit P. Mehta of U.S. District Court for the District of Columbia) მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება, რამაც შესაძლოა უდიდესი ნეგატიური ზეგავლენა მოახდინოს ამერიკისა და მთელი მსოფლიოს ეკონომიკაზე. ყოველ შემთხვევაში ინტერნეტ და ტექნოლოგიურ ბაზრებზე ნამდვილად!

 Amit P. Mehta-მ გადაწყვიტა, რომ Google არის მონოპოლისტი!!!

თან გადაწყვეტილებაში ისიც ნათქვამია, რომ Google მენეჯმენტი, მფლობელებთან შეთანხმებით, უკანონო მეთოდებით ცდილობდა ამ მონოპოლიის შენარჩუნებას.

აქვე განვმარტოთ რა იგულისხმება: რაკი Google პირველ რიგში საძიებო სისტემაა, მას შეუძლია ისე „დაალაგოს“ ალგორითმები და პროტოკოლები, რომ მუდამ ლიდერად დარჩეს, რაც ამერიკის ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის დარღვევაა.

გარდა ამისა, Google არ არის მხოლოდ საძიებო სისტემა, არამედ მისი აპლიკაციებით მუშაობენ Apple და Samsung.

შესაბამისად, როგორც სასამართლოზე დადგინდა, Google ამ გიგანტურ კომპანიებს მილიარდობით დოლარს უხდიდა, რათა მათ სმარტფონებზე მის აპლიკაციებს ემუშავა.

მათ შორის საძიებო სისტემასაც რასაკვირველია.

 

ერთის მხრივ, ამგვარ ვერდიქტში და თვით სასამართლო პროცესში არაფერი უნიკალური არაა - Apple, Amazon და Meta, რომელიც ფლობს Facebook, Instagram და WhatsApp-ს ასევე გადიოდნენ ანტიმონოპოლიურ პროცედურებს, თუმცა დღეს პოლიტიკური კონტექსტი ამერიკაში იმდენად „დამძიმებულია“, ვაშინგტონის მოსამართლის ვერდიქტმა შესაძლოა ჩამოშალოს საფონდო ბირჟის მაჩვენებლები - ისედაც მერყეობდნენ ბოლო დროს.

მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ისაა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება „დაიდო“ მაშინ, როცა დასავლური ტექნოლოგიური გიგანტებიც ცდილობენ დაასწრონ ჩინეთს AI Artificial intelligence (ხელოვნური ინტელექტის) ტექნოლოგიის განვითარება და არ მოხდეს ისეთივე ჩამორჩენა, როგორც 5G დეველოპმენტში.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებაში კონკრეტულად არ არის მითითებული, რა უნდა მოიმოქმედოს Google-მა, თუმცა ამერიკის ანტიმონოპოლიური (ანტიტრასტული Antitrust) კანონმდებლობა ასეთ შემთხვევებში გულისხმობს კომპანიის ნაწილის გაყიდვასაც.

სხვათა შორის, მომჩივანი აშშ იუსტიციის სამინისტროა.

ჯერ კიდევ შარშან იჩივლა: US Justice department  ამტკიცებდა, რომ საძიებო სფეროს 90% Google-ს უკავია დღეს და ეს რა თქმა უნდა Antitrust კანონის დარღვევაა.

ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ თვით ეს კანონმდებლობაც რაღაცნაირი....პათოლოგიაა, რაკი ხელს უშლის ძლიერ და წარმატებულ კომპანიებს.

ანუ იმ დროის გადმონაშთია, როდესაც ამერიკელებს ძალიან ეშინოდათ მონოპოლიების, გიგანტური კომპანიების, რაკი მათში თავისი დემოკრატიისთვის საფრთხეს ხედავდნენ.

 

„ჩვენ გვსჯიან იმისთვის, რომ საუკეთესოები ვართ“ - განაცხადა კომპანიამ ვერდიქტის პასუხად.

და განა არ არიან ნამდვილად საუკეთესოები?

 

მეორეს მხრივ, სამართლიანობისთვის უნდა ითქვას აქვე, რომ განსხვავებით მაგალითად Microsoft-ისგან, Google-ის შემთხვევაში კონტენტი (შინაარსი) ძალიან მნიშვნელოვანია და თუ კომპანია მონოპოლისტი იქნება, მაშინ ზემოხსენებულ „საძიებო ალგორითმებსაც“ ისე „დაალაგებს“, რაც ამერიკის სტრატეგემებთან მოვა წინააღმდეგობაში.

სულ მარტივი მაგალითი: ხომ შეიძლება ისე „დაალაგოს“ ეს პროტოკოლები და ალგორითმები მილიარდობით მომხმარებლისთვის, რომ მაძიებელს სმარტფონმა და კომპიუტერმა პირველ რიგში „ამოუგდოს“ აშშ სტრატეგიის კრიტიკა ახლო აღმოსავლეთში და ვაშინგტონის მუდმივი მცდელობა, „დააბალანსოს“ ურთიერთობა ისრაელსა და არაბულ სახელმწიფოებს შორის?

Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ისრაელის მოქალაქეები არიან. მართალია დღეს მათ აღარ უკავიათ ადმინისტრაციული (CEO) პოსტები გიგანტურ კომპანიაში, მაგრამ......აშშ იუსტიციის დეპარტამენტი და ამერიკული Deep state მაინც ხედავს ამ მონოპოლიაში გარკვეულ სახელმწიფოებრივ რისკებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

თეთრი სახლის „სიტუაციურ ოთახში“ (White House Situation Room) გაიმართა საგანგებო თათბირი აშშ „უშიშროების გუნდის“ მონაწილეობით, - ჯო ბაიდენისა და კამალა ჰარისის თავმჯდომარეობით (ყველას ესმის, რომ რეალური „გადაწყვეტილებების მიმღები“ უკვე კამილაა), რომელზეც განიხილეს ირანის მოსალოდნელი დარტყმა ისრაელზე.

ძალიან საინტერესო ნიუანსმა გაჟონა მედიაში: როგორც გვახსოვს, აპრილში ირანმა ისრაელს ასეულობით დრონი, ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტა ესროლა, მაგრამ ირკვევა, რომ ამ რაკეტების გაშვებისას ირანი ამერიკელებს ატყობინებდა სამიზნეების შესახებ რათა „მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი არ ყოფილიყო“.

ფაქტობრივად ყველა ირანული რაკეტა და დრონი ჩამოაგდეს ამერიკელებმა და ისრაელის არმიამ Patriot-ისა და „რკინის გუმბათის“ მეშვეობით;

 თუმცა ეს არ არის მთავარი.

მთავარია, რომ ირანი ამერიკას (არა ისრაელს) წინასწარ ატყობინებდა და ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ ინფორმაციას ამერიკელები ისრაელელ მოკავშირეებს რა თქმა უნდა გაუზიარებდნენ.

ახლა კი Situation Room-ში გაიჟღერა, რომ ირანელები კავშირზე არ გამოდიან.

არადა „ცხელი ხაზი“ ნამდვილად არსებობს სპეცსამსახურების ჩართულობით და არ შეიძლება არ არსებობდეს, როცა საქმე ორ დიდ სახელმწიფოს (ერთ გლობალურ ზესახელმწიფოს და ერთ რეგიონულ ზესახელმწიფოს) ეხება.

ირანი (ჯერ) საბედნიეროდ ვერ ბედავს ისრაელზე დარტყმას.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი ნელა, უდიდესი დანაკარგებით, თუმცა მაინც მიიწევს წინ დონბასზე.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ათასობით დაღუპული და დაჭრილი მეომრის ფასად რუსეთის არმიამ დაიკავა ქალაქის Торецк მიდამოები. კერძოდ სოფლები Северное და Железное. აგრესიული წინსვლა აქვთ ასევე Покровск-ის მიმართულებით. იგულისხმება სოფლები Желанное, Сергеевка и Ивановка.

უკრაინულ არმიას ძალიან უჭირს ასევე ბახმუტის რაიონშიც.

ამ ვითარებაში, ამერიკული F-16 პირველი პარტიის ჩასვლა უკრაინაში ნამდვილად სასიხარულო და დამაიმედებელია.

თუმცა კვლავინდებურად ზუსტად არავინ იცის, რამდენი საბრძოლო თვითმფრინავი მიიღო უკრაინამ და რაც ყველაზე მთავარია, ამ თვითმფრინავებთან „პაკეტში“ მოდის თუ არა შესაბამისი იარაღი, ანუ „ჰაერი-მიწა“ კლასის რაკეტები.

„ჰაერი-ჰაერი“ კლასის რაკეტები ნამდვილად შედის კომპლექტაციაში, მაგრამ თუ დავაკვირდებით, ამერიკელი და ევროპელი კომენტატორები მაიენსტრიმულ მედიაში აკეთებენ მინიშნებას, რომ თვითმფრინავები უკრაინამ მიიღო ძირითადად საჰაერო სივრცის დასაცავად რუსული რაკეტებისგან, მათ შორის ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისგან, ასევე დრონებისგან.

აქვე დავძინოთ, რომ  Iskander-ის ბალისტიკურ რაკეტას, მაგალითად, F-16 ნამდვილად ვერ მოერევა. ამისთვის მხოლოდ Patriot გამოდგება.

თუმცა არავინ დავობს, რომ ჰაერში მუდმივი მორიგეობის დროს (როცა ერთი ესკადრილია ჯდება, მეორე ფრინდება) ამ შესანიშნავ თვითმფრინავებს „ჰაერი-ჰაერის“ კლასის რაკეტებით ნამდვილად შეუძლიათ სხვა რუსული ზებგერითი ან თუნდაც ულტრაზებგერითი რაკეტების გაუვნებლება, როგორიცაა Кинжал ან Калибр. ირანული „შეჰიდის“ დრონები ხომ საერთოდ „იოლი ლუკმა“ იქნება ამ თვითმფრინავებისთვის.

ან თუნდაც СУ-34 რომლითაც რუსები „პლანირებად ბომბებს“ უშვებენ დიდი მანძილიდან დონბასზე და ბოლო „წარმატებებიც“ სწორედ დიდწილად ამ 2 და 3 ტონიანი გამანადგურებელი ძალის ბომბებითაა გამოწვეული, რასაც უკრაინა ჯერ ვერაფერს უპირისპირებს.

 

ოღონდ.....ასევე არავინ დავობს იმაზე, რომ თუ ამერიკულ F-16 აღიჭურვება უახლესი ამერიკული „ჰაერი-ზედაპირი“ კლასის რაკეტებით, მას შეეძლება სტრატოსფეროდან დაარტყას რუსეთის სიღრმეში მდებარე ქალაქებს.

მაგალითად მოსკოვს ან პეტერბურგს.

„ჰაერი-ზედაპირის“ კლასის რაკეტები ვერანაირ სერიოზულ ზიანს ამ ქალაქებს ვერ მიაყენებენ რასაკვირველია, მაგრამ ფსიქოლოგიურად უდიდესი დარტყმა იქნება პუტინისთვის.

კრემლზე უკრაინული დრონის აფეთქებისას რომ დროშა დაიწვა სენატის თავზე, ეს კრეისერ „მასკვას“ ჩაძირვის ტოლფასი იყო პუტინის რეჟიმისთვის სოციალური აღქმის თვალსაზრისით.

 დასავლეთი ამისთვის ჯერ მზად არ არის.

 

The Economist ამტკიცებს, რომ უკრაინამ ჯერ 10 ერთეული F-16 მიღო, ხოლო 2025 წლის ბოლომდე კიდევ 69 ერთეულს მიიღებს.

„2025 წლის ბოლომდე“ კარგია, თუმცა „წლის ბოლომდე“ გაძლება უნდა.

მით უმეტეს, რომ ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები მრისხანედ გვიახლოვდება.

 

სასიხარულოა, რომ გუშინ უკრაინის არმიამ საკუთარი წარმოების უპილოტო აპარატით გაანადგურა რუსული სამხედრო-საჰაერო ბაზა როსტოვის რაიონში, სოფელ Морозовск-თან.

რამდენიმე СУ-34 დაიწვა, საწყობები კი აფეთქდა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ბევრჯერ გვითქვამს, რომ აფხაზეთში გრძელდება კლოუნადა და კომედია, თუმცა ბოლოდროინდელი მოვლენები ადასტურებს, რომ კლოუნები ამ სპექტაკლში სწორედაც იდიოტი რუსი „ინვესტორები“ არიან ყველაზე ხშირად, რომლებსაც აფხაზური ელიტები იოლად ატყუებენ, იყენებენ და მერე აფხაზეთიდან აპანღურებენ.

მაგალითად, გასულ წლებში მეზობელი კრასნოდარის გუბერნატორმა ტკაჩოვმა ორი დიდი საინვესტიციო პროექტი წამოიწყო აფხაზეთში: დეველოპერული „მოსკვა -რესორტ“ ბიჭვინთაში და საკალმახე მეურნეობა იქვე.

ათეულობით მილიონი დოლარი ჩადო ამ კრასნოდარელმა ოლიგარქმა ორივე პროექტში.

სანამ ინვესტიციებს დებდა, აფხაზები მშვიდად უყურებდნენ და მადლობასაც ეუბნებოდნენ, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ იმ მიწას ძველი სახელმწიფო (საუწყებო) მესაკუთრე ჰყავდა;

 მან სასამართლოში იჩივლა (ასეც იყო თავიდანვე ჩაფიქრებული გაიძვერული სქემით-დ.) ტკაჩოვს „აფხაზური სასამართლოს“ (ჰმ-დ) გადაწყვეტილებით ამოჰკრეს პანღური ორივე პროექტიდან და როცა კრინტის დაძვრა გაბედა, დაემუქრენ: „პუტინთან და ლავროვთან გიჩივლებთ, რაკი რუსეთის მიერ დამოუკიდებლობააღიარებული აფხაზური სახელმწიფოსადმი უპატივცემულობას ამჟღავნებ და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობას ძაბავო“.

შერჩათ ეს ინვესტიციები;

 ტკაჩოვი ბოღმით იხრჩობა ახლა თუმცა ვერაფერი გააწყო რეალურად - ყველა ცენტრალურმა რუსულმა ტელევიზიამ უარი უთხრა კომენტარზე და ამ ამბის გაშუქებაზე.

მეორე მაგალითია ე.წ. „სოხუმის ბაბუშერას საერთაშორისო  აეროპორტი“.

ოლიგარქ ნურგალიევთან გააფორმეს კონტრაქტი (რფ შსს ყოფილ მინისტრ რაშიდ ნურგალიევის შვილთან -მილიარდერია რასაკვირველია აბა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის შვილი როგორ შეიძელბა მილიარდერი არ იყოს?!“), ქვეკონტრაქტორმა დაიწყო მშენებლობა, 200 მილიონი რუბლის სამუშაოც შეასრულა, თუმცა მერე დაეჭვდა, ფულს რატომ არ მიხდითო და სამუშაოები შეწყვიტა.

თან იმუქრება: რაც არის ახლა ამ აეროპორტის ტერიტორიაზე ყველაფერს დავაყადაღებო.

და როგორ დააყადაღებს? - აფხაზური „სასამართლოს“ მეშვეობით? სასაცილოა.