დევნილთა ყრილობა მორიგი სკანდალით იწყება

დევნილთა ყრილობა მორიგი სკანდალით იწყება

 

    როგორც ცნობილია, ივლისის ბოლოსათვის დაინიშნა «აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილთა კავშირის» ყრილობა, რომლის მუშაობაში მონაწილეობა უნდა მიიღონ დევნილთა და ადგილნაცვალ პირთა წარმომადგენლებმა საქართველოს მთელი ტერიტორიიდან. მაგრამ უკვე დღეს იწყება ქართული პოლიტიკისათვის ჩვეული აყალ-მაყალი და დაპირისპირება სხვადასხვა ორიენტაციისა და პოლიტიკური შინაარსის ძალთა შორის. თორნიკე ფიფიამ განაცხადა, რომ იგი ყრილობაში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან ეს ღონისძიება ხელისუფლების მიერ არის ანგაჟირებული; თამაზ ნადარეიშვილი და «აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო» რადიკალურად (ან «ვითომ რადიკალურად» - სინამდვილეში რომ ომი არ უნდათ) განწყობილ მოღვაწეებს «მოღალატეებად» მიაჩნიათ; ზოგიერთი იმასაც კი აცხადებს: ეს უმაღლესი საბჭო არალეგიტიმურიაო, რითაც, რასაკვირველია, ძალიან ახარებს არძინბას. ეს უკანასკნელი იგივეს ამბობს, ოღონდ სხვა მიზნითა და სურვილით.
    ყრილობა ალბათ მაინც ჩატარდება, მაგრამ იგი ძნელად თუ იტვირთებს თავდაპირველ ფუნქციას: გააერთიანოს ყველა პოლიტიკური ძალა ერთი იდეის - აფხაზეთში ახალი ომის დაწყების გარშემო. სწორედ ეს არის ყრილობის ორგანიზატორთა მთავარი მიზანი. დღეს ბორის კაკუბავა და თამაზ ნადარეიშვილი ფაქტობრივად ერთ «პლატფორმაზე» დგანან. თითქმის ყველა ლტოლვილიც მათ ემხრობა, მაგრამ თბილისის პოლიტიკურ სპექტრში ძალიან ცოტა თუ იზიარებს აფხაზეთის «ძალით» დაბრუნების იდეას.
    31 ივლისის შემდეგ სწორედ ეს საკითხი გახდება უმთავრესი: ჯერჯერობით არ ჩანს, როგორ აპირებს ხელისუფლება შეაკავოს შეიარაღებული ლტოლვილები (ოთხი წლის განმავლობაში თამაზ ნადარეიშვილმა ნამდვილი არმია ჩამოაყალიბა) - «რუსის ჯარის» გასვლის შემდეგ ისინი ხომ აუცილებლად შეეცდებიან, განაახლონ საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ხელისუფლებას რჩება ორი გზა: ან თავადაც შეუერთდეს უკვე დაწყებულ ომს, ან დაუპირისპირდეს ლტოლვილთა ფორმირებებს, გამოაცხადოს ისინი «პროვოკატორებად» (ანუ ომის გამჩაღებლად, რაც რეალობის ასახვა იქნება) და დაიწყოს კიდევ ერთი სამოქალაქო ომი.
    სწორედ ამ დაპირისპირებაში უნდა ვეძიოთ იმის ახსნა, თუ რა ხდება «ყრილობის» გარშემო - თამაზ ნადარეიშვილი და ბორის კაკუბავა ამჯერად ერთად იღვწიან ლტოლვილთა გასაერთიანებლად. ისინი ხედავენ, რომ ხელისუფლება ჭოჭმანობს, ეჭვობს, არ იღებს გადაწყვეტილებას, ამიტომ სურთ, მძლავრი დემონსტრაცია მოაწყონ ყველას დასანახად; მაგრამ ტაქტიკური შეუთავსებლობის გამო (საბოლოო მიზანი კი ყველას ერთი აქვს - შინ დაბრუნება) ერთიანობის დემონსტრირება მაინც ვერ მოხერხდება. წარმოიშვა თითქმის დაუძლეველი დილემა: ხელისუფლების აქტიური მონაწილეობის გარეშე ყრილობას «პოლიტიკური მნიშვნელობა და ლეგიტიმურობა» დააკლდება. მაგრამ თუ უმაღლესი ხელისუფლება აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ყრილობაში, იგი თავად დაკარგავს «რადიკალთა ნდობას» და მისცემს საბაბს ოპოზიციონერებს, რათა ამ ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადონ.

მერიდიანი, 22 ივლისი, 1997 წელი