საერთაშორისო მიმოხილვა. 30 მაისი. 2023 წელი
დღეს აფხაზეთში ოპოზიციის დიდი მიტინგია დაგეგმილი. არ არის გამორიცხული იგი მორიგ `გადატრაილებაში` გადაიზარდოს.
აფხაზეთის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, რობერტ კიუტმა ოპოზიცია გააფრთხილა, `სახელმწიფო გადატრაილება` არც კი სცადონ. მისი განცხადება მუქარას შეიცავდა.
ოპოზიცია აპირებს მოითხოვოს მთავრობის გადადგომა.
მოსალოდნელია, რომ თუ ბოლო მომენტში არ გადაიფიქრეს, ოპოზიციონერები დაიწყებენ ე.წ. `პრეზიდეტის სასახლის` შტურმს, რის შემდეგაც `პრეზიდენტს` დაამხობენ.
ზუსტად ასე მოხდა სოხუმში ორჯერ: 2020 წელს და 2014 წელს. ბოლოჯერ (2020 წელს) სწორედ ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ბჟანიამ დაამხო `პრეზიდენტი ჰაჯიმბა`; მანამდე (2014 წელს) იმდროინდელმა ოპოზიციის ლიდერმა ჰაჯიმბამ დაამხო პრეზიდენტი ანქვაბი, რომელიც ახლა პრემიერ-მინისტრია.
ეს კომიკური პროცესი გრძელდება და მეორდება. არ არის გამორიცხული კვლავ განმეორდეს
ჰაჯიმბაც და ანქვაბიც, დამხობის შემდეგ გუდაუთას რუსულ ბაზაზე გაიქცნენ და მას შეაფარეს თავი.
ალბათ `პრეზიდენტი ბჯანიაც`, თუ მის დამხობას შეეცდებიან, იქ გაიქცევა.
ოპოზიციის მთავარი პრეტენზია ასლან ბჟანიას მიმართ ის არის, რომ თურმე.......`აპირებს აფხაზეთი მიჰყიდოს რუს ოლიგარქებს`. ანუ შეასრულოს პუტინის მოთხოვნა ენერგეტიკის, ყველა სახელმწიფო საწარმოს და საერთოდ ყოველივე ღირებულის რუსეთისათვის გადაცემის შესახებ.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერშიპი ახლა ყურადღებით აკვირდება, რამდენი ხალხი მოვა მიტინგზე და არ არის გამორიცხული, უკანასკნელ მომენტში პრემიერ-მინისტრი ანქვაბი გაიწიროს- ოპოზიცია ჯერ არ მოითხოვს თვითონ პრეზიდენტ ბჟანიას გადადგომას. ანქვაბი ალბათ თვითონ განაცხადებს გადადგომის შესახებ.
თუმცა..... მთელი ეს კლოუნადა რა სტრატეგიულ მიზნებს ისახავს გაუგებარია. რომც გადადგეს პრეზიდენტი ბჟანია, განა ამით რაიმე შეიცვლება მოსკოვში? განა პუტინი აღარ მოითხოვს აფხაზებისგან იმას რასაც ითხოვდა? - ენერგეტიკას, სახელმწიფო საწარმოებს, რუსებზე ბინების ყიდვა-გაყიდვას? განა ვინც არ უნდა მოვიდეს აფხაზეთის ხელისუფლებაში, პუტინი არ მოითხოვს, რომ ეკონომიკურად აფხაზეთი `სოჭის გაგრძელებად` იქცეს და იქ ყველაფერი რუსმა ოლიგარქებმა იყიდონ?
აფხაზურმა ოპოზიციამ მორიგი გენიალური იდეა გააჟღერა ამ მიტინგის წინ: თურმე აფხაზეთში პრეზიდედნტის პოსტი უნდა გაუქმდეს, აფხაზეთი საპრეზიდენტო მმართველობიდან - საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდეს და მაშინ ეშველება. `აფხაზეთი - პრეზიდენტის გარეშე` -ასეთია სლოგანი
აფხაზეთში ბევრი (ვინც არ არის ჩართული მთელს ამ ორომტრიალში) შიშობს, რომ პუტინს შესაძლოა ეს ყოველივე მოჰყირჭდეს და უბრალოდ ჩაკეტოს საზღვარი აფხაზეთთან ფსოუზე. ამით ჩაშალოს საკურორტო სეზონი და დასაჯოს აფხაზები ჭირვეულობის გამო: მორიგ გადატრიალებას აწყობენ ნაცვლად იმისა, ბიჭვინთის აგარაკი დაუკანონონ, რომელიც, როგორც აფხაზი ბლოგერები წერენ, პუტინს მისი მეგობარი ქალის, ალინა კაბაევასთვის უნდოდაო.
მართლა მისთვის უნდოდა თუ არა არავინ იცის.
ბევრად უფრო მეტად რუსეთს აფხაზეთში სჭირდება:
ა) ენგურჰესი, რომლის სამართავი პულტი გალის რაიონის სოფელ საბერიოში მდებარეობს და მთლიანად კონტროლდება აფხაზური მხარის მიერ
ბ) ელექტროგადამცემი ხაზები და მთელი ინფრასტრუქტურა
გ) ბინების თავისუფლად ყიდვა-გაყიდვა რყსებზე, რათა რუსების სასარგებლოდ შეიცვალოს იქ დემოგრაფიული სიტუაცია
დ) აფხაზეთის კონსტიტუციიდან და კანონმდებლობიდან იმ პუნქტის ამოღება, რომლითაც აფხაზეთში ნებისმიერი თანამდებობა მხოლოდ აფხაზური ენის მცოდნემ შეიძლება დაიკავოს.
მოსკოვში აშკარად ანერვიულებთ ის გარემოება, რომ აფხაზეთში, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, დაიწყო თურქეთში მცხოვრებ აფხაზთა ინფილტრაცია. ეს კატეგორია ისტორიულად ანტირუსულადაა განწყობილი და შესაძლოა იმოქმედოს ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ეთნიკურად აფხაზთა ნათესავ ჩერქეზებზეც.
. . . . . . . . . . . . . . .
პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკვე მიღებულია გადაწყვეტილება უკრაინული შეტევის ვადების შესახებ და `ტაიმერი` ჩართულია.
ეს განცხადება ზელენსკიმ გააკეთა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ერთდროულად 11 ბალისტიკური რაკეტა ესროლა კიევს.
თერთმეტივე ჩამოაგდეს უკრაინულმა ჰაერსაწინააღდმეგო ძალებმა, თუმცა ნამსხვრევები მაინც ჩამოვარდა.
რუსეთმა შეცვალა თავდასხმის ტაქტიკა: უკვე დღე უტევს და არა ღამით.
ჯერ დიდი რაოდენობის დრონები გაუშვეს, რომლებიც იაფია, - ირანისგან აქვთ მიღებული და შემდეგ უკვე ბალისტიკური რაკეტები.
დიდ ბრიტანეთში რუსეთის ელჩმა, ანდრეი კელინმა ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი უკრაინაზე 16-ჯერ დიდია (ტერიტორიას გულისხმობდა) ამიტომ უკრაინას აუცილებლად დაამარცხებს და....`ჩვენ ჯერ ომი სერიოზულად არც დაგვიწყვია. მხოლოდ ახლა ვიწყებთო`.
ეს განცხადება ადასტურებს, როგორ აზროვნებენ რუსული ელიტები.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა დაიწყო უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო ორგანიზაციების საბოტაჟი და ნგრევა.
2024 წელს OSCE (ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) თავმჯდომარე ქვეყანა უნდა გამხდარიყო ესტონეთი. მაგრამ რუსეთმა და ბელორუსეთმა ვეტო დაადეს ესტონეთის თავმჯდომარეობას.
საქმე ისაა, რომ OSCE მხოლოდ კონსენსუსით იღებს გადაწყვეტილებებს - ყველა 57-მა ქვეყანამ უნდა მოიწონოს რაიმე რეზოლუცია, იგი რომ გავიდეს და მიღებულ იქნას.
ბუნებრივია, რუსეთს ეს საშუალებას აძლევს განახორციელოს საბოტაჟი.
ამჯერად ბელორუსიაც `შეიამხანაგეს` და აპირებენ დაბლოკონ ესტონეთის თავმჯდომარეობა რაც ესტონეთს ეკუთვნის როტაციის წესით: თავმჯდომარე ქვეყანა ყოველ 6 თვეში იცვლება რიგ-რიგობით.
ესტონეთი არ აპირებს უარი თქვას თავმჯდომარეობაზე. 2025 წელს თავმჯდომარე ფინეთი უნდა იყოს და მას შემდეგ, რაც ფინეთმა გადაწყვიტა გაწევრიანდეს NATO-ში, მაღალი ალბათობით მოსკოვი მასაც დაბლოკავს.
ეს ყოველივე იმას ნიშნავს, რომ ორგანიზაცია დარჩება 6 თვით თავმჯდომარის გარეშე, რაც მის დაშლას ნიშნავს, რაკი OSCE წესდება ისეთნაირადაა მოწყობილი, თავმჯდომარის გარეშე ვერ იმუშავებს
OSCE არის უმნიშვნელოვანესი ევრაზიული ორგანზიაცია, რომელიც მემკვიდრეა 1960-იან წლებში შექმნილი `ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის თათბირისა`;
ამ მუდმივმოქმედმა `თათბირმა` დიდი როლი შეასრულა ცივი ომის დასრულებაში, ადამიანის უფლებათა დაცვასა და სსრკ დაშლაში. 1975 წელს ჰელსინკიში ხელი მოეწერა `დასკვნით აქტს`, რომელიც ყველა საბჭოტა დისიდენტის სახელმძღვანელოდ იქცა.
მაგრამ მისი ძირითადი პრინციპი (კონსენსუსურობა გადაწყვეტილების მიღებისას) არ აძლევს OSCE საშუალებას თავი დაიცვას აგრესიული რუსეთის დესტრუქციისგან.
. . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთმა მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება რუსეთის სანქცირების კონტექსტში: 1 ივნისიდან რუსეთის სატვირთო ავტომობილებს ეკრძალებათ პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა.
. . . . . . . . . . . . . . .
კოსოვოში მოხდა შეტაკება ადგილობრივ სერბებსა და NATO-ს საპოლიციო ძალებს შორის: კოსოვოელმა სერბებმა ჯერ ბოიკოტი გამოუცხადეს ადგილობრივ არჩევნებს და შემდეგ პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ კოსოვოელებმა სერბებით დასახლებულ კოსოვოს სექტორში ალბანელები აირჩიეს ადგილობრივ თვითმმართველობაში. აბა სერბებს ხომ არ აირჩევდნენ?
სერბები ცდილობდნენ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრას, მაგრამ NATO-ს საპოლიციო ძალებმა ამის საშუალებa არ მისცეს. გამოიyენეს ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები. ზოგიერთი სერბი აქტივისტი ასო Z-ს წერდა NATO-ს ჯავშანმანქანებზე. Z-უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის სიმბოლოა.
შეტაკებებს იმდენად დიდი რეზონანსი ჰქონდა, რომ სერბეთის პრეზიდენტმა არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და კოსოვოს საზღვართან განალაგა.
პოლიციამ მაინც შეძლო ექსტრემისტების გაფანტვა.
ეს ინციდენტი საინტერესოა ორი მიზეზის გამო
ა) `ბალკანეთის ვულკანი` თვლემს, მაგრამ არ ჩამქრალა: სერბები არ შეურიგდნენ კოსოვოს დაკარგვას, სერბული მოსახლეობა კოსოვოში რჩება და საკმარისია დასავლეთს `ფეხი გადაუბრუნდეს`, იქ ომი განახლდება.
ბ) NATO-ს ჰყავს საპოლიციო ძალები, რომლებიც მზად არიან დაცულ ტერიტორიაზე საპოლიციო ფუნქცია შეასრულონ. ანუ ჯერ შევიდნენ როგორც მშვიდობისმყოფლები, თუმცა შემდეგ საპოლიციო ამოცანებიც იკისრონ.
როგორც ცნობილია, კოსოვოში NATO-ს (ძირითადად ამერიკის) სამშვიდობო ძალები განლაგდნენ მას შემდეგ, რაც ალიანსმა (პირველ რიგში ამერიკამ რასაკვირველია), 1999 წელს დაამარცხა სერბეთი და აიძულა სერბეთის იმდროინდელი პრეზიდენტი მილოშევიჩი კოსოვოდან ჯარი გაეყვანა.
შემდეგ მილოშევიჩი სერბებმა დააპატიმრეს და ჰააგას გადასცეს.
რუსები დიდხანს ცდილობდნენ თავისი ჯარი შეეყვანათ კოსოვოს სერბებით დასახლებულ სექტორში, მაგრამ წარუმატებლად: NATO-მ მათ ამის საშუალება არ მისცა.
შემდგომ პუტინმა `კოსოვოს პრეცედენტი` გამოიყენა 2008 წლის აგრესიისთვის საქართველოს წინააღმდეგ და ამით ამართლებდა აფხაზეთისა და`სამხრეთ ოსეთის`ე.წ.`დამოუკიდებლობის` აღიარებას.