რატომ ვერ შეძლო ედუარდ შევარდნაძემ რევოლუციის თავიდან აცილება?

რატომ ვერ შეძლო ედუარდ შევარდნაძემ რევოლუციის თავიდან აცილება?

იგი წავა და სხვა მოვა  ტურფასა საბაღნაროსა . . .

 

შევარდნაძის შეუძლებელი

 გასულ საუკუნეში ფართოდ გავრცელებული დებულების შესაბამისად, პოლიტიკოსის მოღვაწეობა საბოლოოდ მთავრდება მხოლოდ მემუარების გამოქვეყნებით. თუმცა, ედუარდ შევარდნაძის მემუარების გამოსვლით, მისი ეპოქა საქართველოში მაინც არ დასრულებულა.
           არა მხოლოდ იმ აზრით, რომ «დასრულდა 2003 წლის გიორგობას», არამედ იმ თვალსაზრისითაც, რომ შევარდნაძემ მეტისმეტად დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში და, ძალაუფლების მოპოვება-შენარჩუნებისათვის განუწყვეტელი ბრძოლის პროცესში მის მიერ გამოძერწილი რეალობა, პოლიტიკური და სოციალური სისტემები, კიდევ ძალიან დიდხანს მოახდენენ ქმედით გავლენას ქართული საზოგადოების ცხოველმოქმედებასა და არსობაზე.
        ამ მრავალწახნაგოვანი ფენომენის თაობაზე უკვე უამრავი რამ ითქვა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენში დამკვიდრებული ერთი უცნაური ჩვევა-თვისების მიხედვით, «ისტორიზმი» სულაც არ განსაზღვრავს სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პიროვნების «შეფასებით პარადიგმას». ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ის ხალხიც კი, ვისაც თითქოს ჭკუა უნდა მოეკითხებოდეს და მეტადრე ისინი, ვინც 90-იანი წლების დასაწყისში ტვინს «გვი....ჭედავდნენ» «შევარდნაძის გენიალურობაზე», მის «დიდ პოლიტიკოსობაზე», «ალღოსა და ნიჭზე» ქადაგით, 2003 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ უსირცხვილოდ მსჯელობდა თამამად «შევარდნაძის პრიმიტიულობასა» და «შეზღუდულობაზე».
        ამ კატეგორიას რომ საერთოდ არაფრის რცხვენოდა და არ რცხვენია – სიახლე როდია, მაგრამ მაინც ბუნებრივად ისმის კითხვა: კი, მაგრამ, თუ 30 წლის განმავლობაში «შეზღუდული პრიმიტივი» გვხელმძღვანელობდა, მაშინ ჩვენ რას წარმოვადგენთ, როგორც ერი და საზოგადოება? ეს განსაკუთრებით ე.წ. «ელიტარულ ინტელიგენციაზე» ითქმის. ოდესღაც ძლევამოსილი «სოციალური პლეადა» საბოლოოდ და სამუდამოდ ჩაბარდა წარსულ მე-20 საუკუნეს - მის შემოქმედ შევარდნაძესთან ერთად.
        და მაინც, ერთობ სახალისოა ერთი და იმავე «ცნობადი» პერსონაჟების მიერ ედუარდ შევარდნაძის შესახებ 1992 და 2003 წლებში «ჩაწერილი» და «მიცემული» ინტერვიუების მოსმენა – გადაკითხვა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        აქვე უნდა ითქვას, რომ მისი «პრიმიტიულობის» და «შეზღუდულობის» მთავარი არგუმენტი შევარდნაძემ თავად მისცა ოდინდელ მაქებართ - თავისი პოლიტიკური მოღვაწეობის სამარცხვინო დასასრულით 2003 წლის 23 ნოემბერს, როდესაც, მთელი მსოფლიოს თვალწინ, ასეულობით ათასი ადამიანი, გერმანიის გაერთიანების ზეიმის მსგავსი ფეირვერკის ნათელსა და ქუხილში დღესასწაულობდა წარსული ეპოქის დასასრულს ანუ იმ პოლიტიკოსის დამარცხებას, რომელმაც ყველა მოწინააღმდეგე დაამარცხა თავისი ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში და, ბოლოს, დროის დამარცხებაც (მოტყუებაც) განიზრახა.
        დროის დამარცხების ილუზიის(!) შექმნას ხეოფსის პირამიდის მახლობლად განრთხმული ქვის სფინქსი თუ ახერხებს. უსულო ქვაში ჩაკირული ილუზიის წინაშე შეჩერებულ პირდაღებულ მოკვდავთ კი, ამასობაში, იგივე დრო დასცინის.
        და მაინც, რაკი შევარდნაძის «პრიმიტიულობის» მთავარი არგუმენტი «სამარცხვინო დასასრულია» და ამ არგუმენტის თავად პრიმიტიულ ავტორებს «რეალური» და «ლოგიკურად გარდაუვალი» ერთმანეთისაგან ვერ განუსხვავებიათ, ალბათ უპრიანია სწორედ ეს საკვანძო მოვლენა განვიხილოთ კიდევ ერთხელ და ვუჩვენოთ, რამ განაპირობა 2003 წლის 23 ნოემბერს მოვლენათა განვითარება სწორედ ისე და არა სხვაგვარად. მართლა იმის შედეგი იყო ყოველივე, რომ «შევარდნაძე დაბერდა», «გამოტვინდა», «ვეღარ აზროვნებდა», «ვეღარ თვლიდა», «საფრთხეებს ვეღარ ამჩნევდა», «რეალობას მოწყდა» თუ მიზეზი სინამდვილეში სხვაა.
        ამჯერად თვით რევოლუციის მიზეზებზე კი არ მოგახსენებთ, რის თაობაზე სხვა სტატიებში გვქონდა საუბარი (მაგ. «ანტინომენკლატურული რევოლუციები» – პოსტსაბჭოურ ელიტათა ლეგიტიმურობის კრიზისი», «24 საათი», 27-28 მაისი 2005 წელი) არამედ, პიროვნულად, საქართველოს ექსპრეზიდენტის მოქმედების მოტივაციაზე და იმაზე, თუ რატომ უღალატა (თუ საერთოდ უღალატა) ალღომ, რეალიზმმა, სახელისუფლებო და ძალაუფლებრივმა ოსტატობამ, ჩემი აზრით, პოლიტიკური ტექნოლოგიის უბადლო დიდოსტატს, რომელსაც, სწორედ ამ მხრივ (პოლიტიკური ინტრიგისა და სახელისუფლებო ტექნოლოგიის თვალსაზრისით), საქართველოში ბადალი არ ჰყავდა და არც ამჟამად ჰყავს.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        ისტორიული მოვლენის მთავარი ცდუნება ისაა, რომ აწმყოში-ნამყო ერთადერთ რეალობად აღიქმება. აიზეკ აზიმოვის ერთ-ერთ რომანში მეცნიერები «დროის მანქანის» მეშვეობით წარსულში მოგზაურობენ, უმნიშვნელო დეტალს ცვლიან (ვთქვათ, საფერფლეს გადაადგილებენ თაროზე) და რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ამის შედეგად, სამოქალაქო ომებსა და რევოლუციებს თავიდან იცილებენ.
        ბუნებრივია, ეს პრობლემის მწერლური ჰიპერბოლიზებაა. თუმცა, იმის უარყოფაც შეუძლებელია, რომ ისტორიული რეალობა უამრავი თითქოსდა წვრილმანი ფაქტორ-მოვლენის ურთიერთმოქმედების შედეგია. ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, როგორი რეალობა ჩამოყალიბდებოდა თუ თვალსაჩინო მიზეზ-ფაქტორის მრავალწლიანი ჩამოყალიბება-მომწიფების განმაპირობებელი, ვითომდაც «წვრილმან» მოვლენათა რიგი წლების განმავლობაში სხვაგვარად «დალაგდებოდა» და არა იმგვარად, როგორც დალაგდა და «შედგა» საბოლოოდ.
        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ 22-23 ნოემბრის რევოლუციის წარმატება სულაც არ იყო ისე «გარდაუვალი», როგორც «მეცნიერული კომუნიზმის» სკოლაგავლილი «ინტელიგენტები» გვიმტკიცებდნენ უკვე მას შემდეგ, რაც ყველაფერი დამთავრდა და რეალობა შედგა ისე, როგორც შედგა.
        თუმცა, მოდით ჩვენც აზიმოვის მეთოდს მივმართოთ და «უკან გადავახვიოთ» მოვლენათა რიგი. იქნებ მაინც მივაგნოთ იმ საკვანძო ფაქტორს, რომლის «ამოღება» წყებიდან - თვით წყების განვითარება-ზრდის ვექტორს შეცვლიდა.
        ხაზს ვუსვამ: აქ შევარდნაძის «მოღვაწეობის» მთელი 50 წლიანი პერიოდის (ან თუნდაც უკანასკნელი 11 წლის) შესწავლა-შეფასების არც დრო-ადგილი და არც სურვილი არა მაქვს. ვგულისხმობ მხოლოდ მისი მოქმედების მოკლე მონაკვეთს დაახლოებით 2001-2003 წლებში, რაც, საბოლოოდ, პოლიტიკოსისათვის სავალალო (სამარცხვინო) შედეგით დასრულდა.
        აქვე: მისდა საბედნიეროდ, უკანასკნელი წლების განმავლობაში (დამხობის შემდეგ) შევარდნაძე აშკარად უკვე ისეთ სულიერ და ფსიქიკურ მდგომარეობაში იმყოფება, რომ თავისი ბრწყინვალე და, მრავალი თვალსაზრისით, მართლაც სასახელო პოლიტიკური კარიერის ასეთი აღსასრულის სამარცხვინობას ვეღარც აცნობიერებს. ეს მისთვის იმდენად მტანჯველი იქნებოდა, რომ როგორც ჩანს, მისმა ორგანიზმმა და ფსიქიკამ «დამცველი» ზომები მიიღო.

        არავინ დავობს, რომ 2001-2003 წლებში ედუარდ შევარდნაძე «ის აღარ იყო» რაც – ადრე, რომ «დაჭკნა მისი ყვავილი», რომ «მოჭამა თავისი». და მაინც, სრული დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინამდვილეში, საბოლოო მარცხის მიუხედავად, 2001-2003 წლებში შევარდნაძეს არც ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია. მარცხი კი იმან განაპირობა, რომ პირველად თავისი კარიერის განმავლობაში, ედუარდ შევარდნაძემ დაარღვია პოლიტიკის ძირითადი კანონი («პოლიტიკა – შესაძლებლის ხელოვნებაა») და მოინდომა ის, რაც უკვე შეუძლებელი იყო – შეენარჩუნებინა ძალაუფლება 2005 წლის შემდეგაც!!!
        აი, ეს გახლავთ მიზეზთა-მიზეზი ყველა იმ ნაბიჯისა, ყველა იმ გადაწყვეტილებისა, რომელთაც (თუ ამ მოტივს გამოვრიცხავთ) არც ერთი გონიერი პოლიტიკოსი არ გადადგამდა 2001-2003 წლებში, თუკი არ სურდა საქმე რევოლუციამდე მიეყვანა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        მაგალითად, ხშირად გაიგონებ: «ბოლოს და ბოლოს ეღიარებინა, რომ «ნაციონალურმა მოძრაობამ» 26 პროცენტი მოაგროვა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში და პირველი ადგილი აიღო - განა ამით რევოლუციას თავიდან არ აიცილებდა»?
        კი ბატონო, თუ შევარდნაძის მთავარი მიზანი რევოლუციის თავიდან აცილება და 2005 წლამდე «მშვიდობიანად მიღწევა» იყო, მაშინ სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო და კომიკურია ის, ვინც ფიქრობს, თითქოს ამ შესაძლებლობას იგი მიხვდა, ხოლო შევარდნაძე – ვერა. მაგრამ სინამდვილეში, ეს «აღიარება» იმის აღიარებაც იქნებოდა, რომ ქვეყანას ჰყავს საპრეზიდენტო ალტერნატივა. აი, ამის აღიარება კი შევარდნაძეს არაფრის დიდებით არ სურდა!
        - «რატომ შექმნა ის სამარცხვინო ბლოკი «ახალი საქართველო» (2003 წლის ზაფხულში), რატომ გაიერთიანა ესოდენ ოდიოზური ფიგურები, ნუთუ ვერ მიხვდა, რომ ყულფს იკიდებდა ყელზე, განა არ სჯობდა, 2 ნოემბრის არჩევნებისას განზე გამდგარიყო, თავად ყველა პოლიტიკურ ძალას გამიჯვნოდა და ჩვეული ოსტატობით ეთამაშა «ნაციონალურ მოძრაობასა» და «ბურჯანაძე-დემოკრატებს» შორის იმ დროს აშკარად არსებულ წინააღმდეგობებზე?».
        კი ბატონო, აბსოლუტურად ლოგიკური შენიშვნაა; ერთობ ჭკვიანურია, მაგრამ ამ «ჭკვიან» კრიტიკოსებს ისევ და ისევ იგივე გარემოება ეპარებათ მაღალი ინტელექტის თვალსაწიერიდან: ამ შესაძლებლობას შევარდნაძეც ხედავდა და ასეც მოიქცეოდა, მისი მიზანი რომ 2005 წელს «დამსახურებულ პენსიაზე» მშვიდობიანად წასვლა და არა ძალაუფლების გახანგრძლივება ყოფილიყო. ამისთვის კი «მყარად შემომტკიცებული» და ადვილად მართვადი საპარლამენტო დასაყრდენი აუცილებელი გახლდათ. ამ აუცილებლობას შევარდნაძე შესანიშნავად აცნობიერებდა. სინამდვილეში იგი მაშინ არც ისე «გამოპენტერებული» იყო, როგორც ზოგიერთ თავად ყეყეჩს ეჩვენებოდა და ეჩვენება.
        - «ამერიკის ელჩი რიჩარდ მაილსი და «ბურჯანაძე-დემოკრატები» 2003 წლის 20 ნოემბერს (ანუ რევოლუციამდე რამდენიმე დღით ადრე) შევარდნაძეს სთავაზობდნენ, გაეუქმებინა 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგი და დაენიშნა ხელახალი არჩევნები - ისევე, როგორც ეს გააკეთა ლეონიდ კუჩმამ. მართალია, «ნაციონალური მოძრაობა» ამით უკმაყოფილო იქნებოდა, დაფარული წინააღმდეგობებიც გამოაშკარავდებოდა, მაგრამ თვით შევარდნაძე ხომ აიცილებდა თავიდან სამარცხვინო დამხობას?»
        დიახ, აიცილებდა. მაგრამ ნუთუ ვინმეს ჰგონია, რომ იგი ამ შესაძლებლობას ვერ ხედავდა? ოღონდ რიჩარდ მაილსის შეთავაზება (2003 წლის 20 ნოემბერს), კვლავ და კვლავ, იმასაც უეჭველად ნიშნავდა, რომ 2005 წელს მისი პრეზიდენტობა დასრულდებოდა და ძალაუფლება ან მიხეილ სააკაშვილისთვის, ან ნინო ბურჯანაძისთვის უნდა დაეთმო, რომლებიც, ორივე ერთნაირად, სწორედ ამიტომ, ავადმყოფურად, «აცახცახებამდე» სძულდა.

 

 - ბევრმა პრეზიდენტმა განახორციელა პროექტი «მემკვიდრე». ნუთუ შევარდნაძე ვერ მიხვდა, რომ 2001-2002 წლიდანვე უნდა ეზრუნა «მემკვიდრის» შერჩევისთვის. ისევე, როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, ელცინმა? განა ძნელი იქნებოდა მისთვის, შეერჩია რომელიმე ძლიერი დაჯგუფება. ვთქვათ ის, რომელიც მისი «ბავშვობის მეგობრის ქალიშვილის» ირგვლივ ჩამოყალიბდა 2002 წლიდან და მისგან მიეღო 2005 წლის შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტიები?
            «საწყალი შევარდნაძე». თურმე ამ შესაძლებლობას მისი დღევანდელი (და მაშინდელი) ბრძენი კრიტიკოსები ხედავდნენ და ის კი ვერ ამჩნევდა. სინამდვილეში საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ედუარდ შევარდნაძეს არ აკმაყოფილებდა ის, რითაც დაკმაყოფილდა ელცინი გადადგომის შემდეგ – ხელშეუხებლობის გარანტიით მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის. მას ბევრად მეტი სურდა: ფაქტობრივი ძალაუფლების შენარჩუნება 2005 წლის შემდეგაც! რა ფორმით – ეს უკვე მოლაპარაკებების საგანი იყო. ყოველ შემთხვევაში, მას სურდა ყოფილიყო. თუმცა, ამის თაობაზე ქვემოთ.
        - «ბოლოს და ბოლოს, შეექმნა ეს «მინისტრთა კაბინეტი» ჯერ კიდევ 2000 წელს, როცა მომავალი «ახლები», მომავალი «ნაციონალები» და «ბურჯანაძე-დემოკრატები» ჯერ კიდევ ერთ გუნდში იყვნენ. თავად კი, როგორც პრეზიდენტს, «ზემოდან» ემართა პროცესები».
        კი ბატონო, ასეც შეიძლებოდა, მაგრამ ედუარდ შევარდნაძე თავისი პრეზიდენტობის თუ «ცკ»-ს მდივნობის ყველა პერიოდში არც ერთი წუთით, არც ერთი წამით არ უშვებდა თუნდაც იოტისოდენ შესაძლებლობას იმისას, რომ რეალური ძალაუფლება ვინმესთვის გაეყო. ნებისმიერ კომპრომისზე ყოველთვის მზად იყო, - ამის გარდა. მინისტრთა კაბინეტის შექმნა კი, ასე თუ ისე, იმ არეალის გაფართოებას გამოიწვევდა, რომელშიც სხვა, მის გარეშე, მიიღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამას შევარდნაძე ისევ და ისევ საშიში პრეცედენტის შექმნად და «დასასრულის დასაწყისად» აღიქვამდა.
        არ გაიკვირვოთ და ჯერ კიდევ 2000 წელს, როდესაც 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები ახალი მოგებული ჰქონდა, შევარდნაძე (უკვე მაშინ!!!) 2005-2010 წლების პერსპექტივაზე ფიქრობდა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        - რისი იმედი ჰქონდა, ნუთუ ვერ გათვალა, რომ იმ ვითარებაში, ვერანაირი ხერხით ძალაუფლებას უკვე ვეღარ შეინარჩუნებდა?
        აი, ეს კი, მართლაც ძალიან საინტერესო კითხვაა.
        ამ კითხვის ავტორები ზემოთხსენებული ილუზიის ტყვეობაში იმყოფებიან, როდესაც აწმყოში პოლიტიკური რეალობა ერთადერთ შესაძლოდ და ლოგიკურად აღიქმება.
        მაშ რისი იმედი ჰქონდა? მას ხომ «მხარს არავინ უჭერდა»: სხვა ბიუროკრატიაზე აღარაფერს ვამბობთ, - სამხედრო გენერალიტეტიც კი მზად იყო, ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცეულიყო.
        მაგრამ აქვე, რატომღაც ყველას ავიწყდება აჭარიდან – თბილისში გამოსაგზავნად გამზადებული ის ხუთი ათასი კბილებამდე შეიარაღებული «სპეცნაზელი», რომლის ნაწილი უკვე იმყოფებოდა თბილისში, კერძოდ «პიონერთა სასახლეში» და ასლან აბაშიძე (ოღონდ კი მისი ფანატიკურად მოძულე ბერძენიშვილების ხელისუფლებაში მოსვლა არ დაეშვა) მზად იყო, დანარჩენებიც გამოეგზავნა შევარდნაძის დასახმარებლად – თუნდაც საქმე ორმხრივ სროლამდე და სისხლისღვრამდე მისულიყო!
        მაშასადამე, ამა თუ იმ ფორმით 2005 წლის შემდეგ რეალური ძალაუფლების შესანარჩუნებლად შევარდნაძეს რჩებოდა ერთადერთი შანსი: შეექმნა ვითარება, როდესაც «გასროლა» გარდაუვალი გახდებოდა.
        ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ, მაგალითად, ოპოზიციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ან კანცელარიაში შეჭრისას, თუ ასლან აბაშიძის «გვარდიელები» იქვე სროლას ატეხდნენ (მათი ნაწილი, შეგახსენებთ, უშუალოდ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა და იარაღს ტანსაცმლის ქვეშ მალავდა) პოლიტიკით მთლიანობაში დაღლილ-დაქანცული, ნიჰილიზმით აღსავსე ქართული საზოგადოება მაშინ ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ შევარდნაძეს გაამტყუნებდა!
        ეს არის დღევანდელი გადასახადიდან წარმოჩენილი ილუზია. სინამდვილეში, შევარდნაძემ აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრა, რომ თუ მაშინ ან პარლამენტში, ან კანცელარიაში სისხლი დაიღვრებოდა, საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება სულაც არ იქნებოდა ისეთი ერთმნიშვნელოვანი, როგორც ზოგიერთს ეგონა და ჰგონია. ძალიან, ძალიან ბევრი ოპოზიციას გაამტყუნებდა: «აი, ხომ გეუბნებოდით, ეს ყველაფერი სისხლისღვრამდე მივაო, ხომ გეუბნებოდით . . . ხომ გეუბნებოდით!!!» და ასე შემდეგ.
        რა თქმა უნდა, დიდი რისკი იყო. მაგრამ ის წავიდა ამ რისკზე, რაკი მხოლოდ ეს რისკი ქმნიდა ძალაუფლების შენარჩუნების შანსს. სხვაგვარად თამაში საბოლოოდ წაგებული იყო.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - -
        შევარდნაძეს ყველაფერი შეიძლება დააბრალო. აბსოლუტურად ყველაფერი, ყველანაირი ცოდვა ამქვეყნად, გარდა ერთისა – მხდალი და მშიშარა იგი არასდროს ყოფილა! აკი სულ ბოლომდე გაიძახოდა «გვერდები არ აგიდგათო».
        ერთადერთი, რისიც ეშინოდა ბევრად მეტად, ვიდრე სიკვდილის და ფიზიკური საფრთხისა, - ეს იყო ძალაუფლების დაკარგვა. ანუ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძეს შეგნებულად, მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა ისეთ სიტუაციამდე, როდესაც ვინმეს შეიძლებოდა «გაესროლა». ამის შემდეგ კი ძალა-მორევაზე იქნებოდა და, ასლან აბაშიძის ფაქტორის გათვალისწინებით, შევარდნაძეს ექნებოდა შანსი(!) ან დაღუპულიყო დაპირისპირებისას, ან ძალაუფლება 2005 წლის შემდეგაც შეენარჩუნებინა თუნდაც იმ ფორმით, როგორც მან ჯერ კიდევ 2003 წლის გაზაფხულზე დაგეგმა: შეიქმნებოდა «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტი», ამ კომიტეტს სათავეში ჩაუდგებოდა შევარდნაძე, ხოლო ახალი პრეზიდენტი, ვინც არ უნდა ყოფილიყო (ნინო ბურჯანაძე თუ ვაჟა ლორთქიფანიძე), ყველა გადაწყვეტილებას მიიღებდა მხოლოდ «კომიტეტთან» შეთანხმებით.
        ეს გეგმა ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 2003 წლის გაზაფხულზე (თუ არ ვცდებით, დაახლოებით იმ წლის მარტის ბოლოს – ავტ.) გააცნო, პირველ რიგში, თავის «ბავშვობის მეგობარ» ანზორ ბურჯანაძეს და შესთავაზა ნინო ბურჯანაძის დარწმუნება ფორმალურ პრეზიდენტად ქცეულიყო 2005 წელს. მაგრამ ბურჯანაძემ უარი უთხრა. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისთავადი პოლიტიკური პრეტენზია ჰქონდა - სრულფასოვანი პრეზიდენტობისა, არამედ ჭკვიანი მოკავშირეების (უპირველესად ზურაბ ჟვანიას) რჩევით, რომლებიც შევარდნაძის გეგმას («კომიტეტი» და ა.შ) არარეალურად და უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ.
        ედუარდ შევარდნაძემ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ე.წ. საარჩევნო ბლოკ «ახალი საქართველოს» შექმნა და მასში თავისი საპარლამენტო თუ სამთავრობო ნომენკლატურის გაერთიანება, რაც ზემოთხსენებულ წინადადებაზე ბურჯანაძეებისაგან უარი მიიღო!
        2003 წლის 22 ნოემბერს, «ახალი» პარლამენტის პირველ სხდომაზე, ზემოთხსენებული საპარლამენტო ნომენკლატურა თამჯდომარედ უკვე ვაჟა ლორთქიფანიძის არჩევას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. არადა, სარიშვილმა და რჩეულიშვილმა, მხოლოდ იმ დილით, ძლივს-ძლივობით, მაგრამ მაინც შეათანხმეს ეს კანდიდატურა ბათუმში - ასლან აბაშიძესთან. ეს გახლავთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო პარლამენტის სხდომა საღამოს ოთხ საათზე და არა დილითვე.
        მაშასადამე, 2003 წლის 22 ნოემბრამდე ედუარდ შევარდნაძე ზუსტად, მიზანმიმართულად და უშეცდომოდ მოქმედებდა. ანუ, გამიზნულად მიჰყავდა საქმე სისხლისღვრამდე, რაც უდიდესი რისკი, თუმცა, მისთვის იმ ვითარებაში ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი შანსი(!) იყო.
        მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, გადამწყვეტ მომენტში, სხდომათა დარბაზში, თვით ასლან აბაშიძის «სპეცნაზელთა» შორის, არ აღმოჩნდა მსროლელი(!), რომელიც ათეულობით ტელეკამერის წინ ჩახმახზე თითის გამოკვრას გაბედავდა. ამაში უდიდესი როლი სწორედ მედიამ, პირველ რიგში, ტელევიზიებმა შეასრულეს.
        მართლაც, ძალიან ძნელია «ისროლო», როცა იცი, რომ ეს ტელევიზიით დაფიქსირდება. თუ დამარცხდები, როგორი ნიღბითაც არ უნდა დაიფარო სახე, სულ ერთია, ადრე თუ გვიან, მაინც გაიგებენ, რომ პირველმა სწორედ შენ ისროლე და «მიწიდან ამოგიღებენ».
        არადა, იმ მეომარს, ვინც ასლან აბაშიძემ გამოაგზავნა თბილისში და საჭიროების შემთხვევაში «სროლაც» დაავალა, სულაც არ სურდა ასეთ რისკზე წასვლა, ვინაიდან შევარდნაძისაგან განსხვავებით, ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი – ბოლოს და ბოლოს ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. ანუ ის, რაც შევარდნაძეს, სინამდვილეში, ჩირის ფასადაც არ უღირდა – ძალაუფლებასთან შედარებით.
        აი, ასე წააგო შევარდნაძემ იმით, რომ «მსროლელი» არ აღმოჩნდა მის გვერდით გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტ წამს, როცა თუნდაც «ერთი გასროლა» და სისხლისღვრის პროვოცირება ყველაფერს შეცვლიდა, ვითარებას სისხლიან სასწორზე შეაგდებდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ასპარეზს გაშლიდა.
        ბრძოლისა კი შევარდნაძეს არასდროს ეშინოდა – სასიცოცხლო საფრთხეც ყოფილიყო, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი (თუნდაც შანსი!!!) შეენარჩუნებინა.
        «სისხლი არ დაღვარაო». სინამდვილეში, მან ყველაფერი გააკეთა, რათა სისხლი დაღვრილიყო – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ჩათვლით. ყველა ბრძანება გასცა და თუ მის გვერდით «მსროლელი» არავინ აღმოჩნდა, - ბოლოს და ბოლოს თავად ხომ არ დაიწყებდა ავტომატიდან სროლას?
        ასევე და ამიტომ «არ დაღვარა სისხლი» ასლან აბაშიძემაც 2004 წლის მაისში. მას კი უნდოდა, მაგრამ «მსროლელი» არც მის გვერდით აღმოჩნდა ვინმე.
        ჰაერში მსროლელი არ ითვლება.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        აღმაშფოთებელია არა? მაგრამ მოდით «ნუ განვიკითხავთ» პოლიტიკოსს, რომლისთვისაც ძალაუფლების პყრობა პიროვნული იდენტობის საფუძველი და ერთადერთი ღირებულება იყო.
        ბოლო წლებში ტოლკიენისეულ გორლუმს დაემსგავსა და მაინც წაგლიჯეს «უძვირფასესი» ბებრულად აძაგძაგებული ხელებიდან.
        ძალაუფლების დათმობა შევარდნაძისთვის სიცოცხლის დასრულებას ნიშნავდა. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შევარდნაძე ისეთივე ირაციონალური ფანატიზმით იბრძოდა, როგორც სიკვდილმისჯილი იბრძვის სიცოცხლისათვის - უკანასკნელ წამს.
        ეს უნდა მივიღოთ, როგორც რეალობა, როგორც სტიქიური უბედურება, რაკი, ისტორიულ ჟამთასვლით, დიდი ხნის განმავლობაში გვყავდა უბადლო ოსტატობით დაჯილდოვებული პოლიტიკოსი, რომელმაც ქვეყანა 1991-1994 წლების სიხლიანი ანარქიის ჭაობიდან ამოათრია და ბოლოს, დროის მოტყუებაც განიზრახა! ანუ, თავისი ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პირველად და უკანასკნელად მოინდომა შეუძლებელი.

     

«ალია» 5 აგვისტო 2006წ