ახლა იწყება თავდავიწყება

ახლა იწყება თავდავიწყება

        გუშინ საქართველოს პარლამენტმა 129 ხმით, სამივე მოსმენით მიიღო საარჩევნო კოდექსის ის მრავალტანჯული მუხლი, რომლითაც განისაზღვრა, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სხვა დონის კომისათა შემადგენლობები. ამის შემდეგ, საარჩევნო კოდექსზე მსჯელობამ და დისკუსიამ აზრი დაკარგა, ვინაიდან ამ კანონპროექტში საკამათო აღარაფერია. მაშასადამე, საქართველოს პარლამენტში იგი მთლიანად «გასვლადი» გახდა, ანუ როგორც იქნა, არჩევნებამდე სამიოდე თვით ადრე (რაც ნამდვილი ანეკდოტია), ქვეყანამ მიიღო საარჩევნო კოდექსი და საქართველოში, როგორც იქნა, იწყება ნამდვილი საარჩევნო კამპანია.
        რასაკვირველია, ოპოზიციას შეეძლო გაემართა «საპროცედურო ომი», მაგრამ ეს მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს, ვინაიდან პრეზიდენტის უკანასკნელი განცხადებების შემდეგ ნათელი გახდა: ედუარდ შევარდნაძე, თუნდაც დასავლეთისა და ამერიკის მომდურების ფასად, არ დაეთანხმებოდა აჭარის დატოვებას საქართველოს იურისდიქციის მიღმა, რაც რეალობად იქცეოდა იმ შემთხვევაში, თუ აჭარის ავტონომია და «აღორძინება» ბოიკოტს გამოუცხადებდა არჩევნებს. მაშასადამე, არსებობდა იმის საშიშროება, რომ პარლამენტს საერთოდ ვერ მიეღო ახალი საარჩევნო კოდექსი (ბეიკერის პრინციპების ფორმალური დაცვით), რის შედეგადაც დარჩებოდა მოქმედი (ძველი) საარჩევნო კომისია.
        გუშინდელი გადაწყვეტილების შედეგად კი შეიქმნება ახალი კომისიები, ვინაიდან იმავე კანონის დებულებით, ახალი კანონის ამოქმედების შედეგად, უქმდება ძველი კანონმდებლობა და ძველი კომისიები. აქვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ახალ კომისიაში «ძველი» წევრებიც იქნებიან. როგორც პრეზიდენტი (მისი უცთომელი სახელისუფლებო ტექნოლოგიიდან გამომდინარე), ასევ «აღორძინება» და თვით ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილიც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამოცდილ და «ნაომარ» წევრებს დანიშნავენ, ვისაც თავპირისმვტრევისა და ერთმანეთთან არაქათგამომცლელი დისკუსიის დიდი გამოცდილება აქვთ. ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ოპოზიციამ აირჩია ახალი კანონი მიღებულიყო (თაუნდაც პარიტეტის დარღვევით ოპოზიციურ კვოტაში), ვიდრე დარჩენილიყო ძველი – ყველა მისი მარგალიტით.
        აქ მთავარი ის გახლავთ, რომ გარდა ყბადაღებული «კომისიების დაკომპლექტებისა», ახალ კანონში ბევრი ისეთი დებულება და მექანიზმია ჩადებული, რაც კენჭისყრის კონტროლის მეტ შესაძლებლობას იძლევა. რაც შეეხება კამათს იმის თაობაზე, რომ «გამახარიას ალტერნატივისათვის» პარლამენტს პირველი მოსმენით უნდა ეყარა კენჭი და არა მეორე მოსმენით, იმავე მიზეზით ოპოზიცია არავითარ შემთხვევაში არ გაამწვავებს ამ საკითხს იურიდიული თვალსაზრისით (პოლიტიკურად სხვა საქმეა), რადგან ასეთ შემთხვევაშიც, თუ, მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოში იჩივლებენ და იგი კანონს გააუქმებს, მაშინ, ისევ და ისევ, დარჩება ძველი საარჩევნო კომისია და ძველი კანონი.
        ამჟამად ბატალიები უკვე დასრულებულია და იწყება ყველაზე მთავარი, რისთვისაც დაიხარჯა ამოდენა ენერგია – საკუთრივ არჩევნები, წინასაარჩევნო ძალთა დაჯგუფება, საარჩევნო აგიტაცია და საქართველოსათვის ამ პროცესებში თვისებრივი თანამდევი პროცესები, რომელთაგან «ლეიბორისტების შტაბბინასთან» გამართული დაკა-დაკა საბავშვო ბაღელთა «შეხუმრებად» მოგვეჩვენება. შინაგან საქმეთა მინისტრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ თუ პოლიტიკური ძალები გონს არ მოეგებიან, «ეს იქნება სისხლიანი არჩევნები».
        ძნელი დასაჯერებელია, ეს გადაჭარბება იყოს. პოლიტიკურ და ფინანსურ ძალებს შესანიშნავად ესმით, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნებით იწყება «გადამწყვეტი საარჩევნო ციკლი», როდესაც უნდა განხორციელდეს ის, რაც საქართველოში არასოდეს (!!!) მომხდარა, ანუ ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა. ბუნებრივია, ეს ძალები შესაბამისი პროცესებისათვის ძალიან იდი ყურადღებითა და სიფრთხილით ემზადებიან და უკვე ჩანს, რომ მიმდინარეობს მრავალგვარი (მათ შორის ფინანსური) რესურსის აკუმულირება, მედია-რესურსების მობილიზება, ძალების ფიზიკურად მოსინჯვა (იგივე ინციდენტი შტაბ-ბინასთან) და სხვა მრავალი. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიათა უმთავრესი ამოცანა ხდება საბოლოო ჩამოყალიბება ალიანსებთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ (მემარჯვენე) ძალებს არ ეყოფათ ელემენტარული გონიერება, რათა გაერთიანდნენ, მაშინ საზოგადოებაში არსებული განწყობის გათვალისწინებით, მათ გარდაუვალი დამარცხება ელით. რაც, რასაკვირველია, არ ნიშნავს და არ გულისხმობს ხელისუფლების თუ სახელისუფლებო ძალების გამარჯვებას.
        გაიმარჯვებენ და ხელისუფლების ტრანსფორმაციას განახორციელებენ სხვა ძალები, რომელთაც არანაირი კავშირი არა აქვთ წინა საუკუნის 80-იანი წლების მიწურულიდან დაწყებულ პროცესთან. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, სწორედ აქ ერთიანდება მთლიანად ამჟამინდელი «პოლიტიკური კლასის» ინტერესები. ხელისუფლებას საქმე დალხინებული სულაც არა აქვს. ამის მაჩვენებელი იყო გუშინდელი შეხლა-შემოხლა და უკმეხი სიტყვა-პასუხი სამთავრობო თათბირზე.
        რასაკვირველია, მთავრობა და, შესაბამისად, სამთავრობო ბლოკი ყველანაირად შეეცდება, ნოემბრისათვის გადაწყვიტოს თუნდაც ყველაზე «პასიონარული» სოციალური ჯგუფების პრობლემა, ანუ დაურიგოს სარგოები სრულად მასწავლებლებს, ლტოლვილებსა და პენსიონერებს (თუნდაც ფასიანი ქაღალდების სახით). ღევანდელი ეკონომიკური ზრდის პირობებში, რამაც 8 პროცენტს გადააჭარბა, ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ხელისუფლება შეძლებს თუნდაც ამავე 8 პროცენტით შეამციროს ჩრდილოვანი ეკონომიკა და ფინანსური ნაკადები ლეგალურ არხებში მოაქციოს.
        სწორედ ამ დაინტერესების გამოვლინება გახლდათ ხსენებული დაპირისპირება, ერთი მხრივ, სახელმწიფო მინისტრსა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისათვის დანიშნულ მის მოადგილეს (ანზორ ბალუაშვილს), და მეორე მხრივ, ფინანსურ-ძალისმიერ სტრუქტურათა ხელმძღვანელებს შორის. საგანგებო ლეგიონის მესვეურისაგან მოითხოვენ ნავთობის კონტრაბანდის გაკონტროლებას, რაზეც იგი პასუხობს, რომ არ გააჩნია ბერკეტი მის წინააღმდეგ საბრძოლველად.
        როგორც ჩანს, ამ დისკუსიების შედეგად (ფინანსთა და უშიშროების მინისტრები პირველად კამათობენ ღიად) ხელისუფლების ყველა დაგჯუფება თანდათან მომწიფდება იმ აზრისათვის (რათა საარჩევნოდ რესურსების მობილიზება განაპირობონ) რომ აუცილებელია კონტრაბანდისა და აღურიცხავი პროდუქციის იურიდიული გათანაბრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის თვალსაზრისით.
        სხვა შემთხვევაში, საუბრები კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლასა და ბიუჯეტის შესრულებაზე სრულიად ფუჭი იქნება. ეს ყველას შესანიშნავად ესმის (მათ შორის ისეთ გამოცდილ პროკურორს, როგორიც ბალუაშვილია), მაგრამ ღიად თქმას გაურბიან, ვინაიდან ამგვარი გათანაბრება ათასობით კონტრაბანდისტის ციხეში გაშვებას ნიშნავს, რასაც თან თავისი რისკები ახლავს იმავე ხელისუფლებისათვის. მაგრამ, როდესაც საქმე წინასაარჩევნო სოციალურ ფონს ეხება, რისკის გარეშე «ომში შესვლაც» შეუძლებელი ჩანს.

დილის გაზეთი, 6 აგვისტო, 2003 წელი