გრაჩოვი გადადგომის შემდეგაც გვებრძვის

გრაჩოვი გადადგომის შემდეგაც გვებრძვის

 

    როგორც ცნობილია, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, პავლე გრაჩოვმა, წელიწადნახევრის შემდეგ კვლავ დაგვდო პატივი და საქართველოში გვეწვია.
    ამჯერად მან აჭარა მოინახულა. ბათუმში ჩასვლის მიზეზად იგი ასლან აბაშიძისადმი განსაკუთრებულ კეთილგანწყობას ასახელებს. «ცენტრსა და რეგიონს შორის» ბოლო დროს გამწვავებული ურთიერთობების ფონზე მრავალმნიშვნელოვნად ჟღერს გრაჩოვის სიტყვები: ბათუმში «ზოგიერთი» მოსაზრებით ჩამოვედიო.
    არც საქართველოსთვის, არც თვით აჭარისთვის სასიკეთო მოსაზრება რომ არ იქნება ამ სალდაფონს - ისედაც ყველასათვის ნათელია, მაგრამ პავლე გრაჩოვის მორიგი ანტიქართული დემარში იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ იგი ნათელყოფს თვით რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ.
    რამდენიმე დღის წინ ცნობილი პოლიტოლოგები და საქართველოს «დაუძინებელი მეგობრები» - კონსტანტინე ზატულინი და ანდრანიკ მიგრანიანი რექსპექტაბელურ «ნეზავისიმაია გაზეტაში» წერდნენ: «რუსეთის პოლიტიკას დიდი ზიანი მიაყენა იმ გარემოებამ, რომ პავლე გრაჩოვის გადადგომის შემდეგ არმია აღარ გამოიყენება, როგორც საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი».
    მართლაც, გრაჩოვის ერა ელცინის სახელმწიფოებრივი პოლიტიკის «ოქროს ხანა» იყო. სწორედ გრაჩოვის დროს მოხერხდა საქართველოსათვის შიდა ქართლისა და აფხაზეთის, აზერბაიჯანისათვის - ყარაბაღის, მოლდოვასათვის - დნესტრისპირეთის წაგლეჯა.
    პავლე გრაჩოვი უფრო ადრეც (1991 წლის მიწურულს) რუსეთის სამხედრო მანქანის ფაქტობრივი ხელმძღვანელი იყო და უეჭველად მონაწილეობდა დეკემბერ-იანვრის მოვლენათა მომზადებაში.
    გრაჩოვის «ძალისმიერი პოლიტიკა» მისივე უხეში დიპლომატიით იყო ანგაჟირებული. 1992-1993 წლებში, რუსეთის თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ფიგურად იქცა. იგი აწარმოებდა მოლაპარაკებებს, დებდა ხელშეკრულებებს, აკეთებდა პოლიტიკურ დემარშებს და ა.შ. 1993 წელს მან უკვე აშკარად «ფეხზე დაიკიდა» საქართველოს მოთხოვნები. მკითხველს ემახსოვრება, რომ აფხაზეთში ვითარების გამწვავებასთან ერთად გრაჩოვმა გუდაუთისა და ბათუმის სამხედრო ობიექტების «ინსპექტირება» გადაწყვიტა.
    მიუხედავად საქართველოს ოფიციალური თუ არაოფიციალური წრეების პროტესტისა, იგი მაინც ჩაფრინდა ჯერ გუდაუთაში, შემდეგ კი ბათუმში. თანაც თავის ნამოქმედარი იმით ახსნა, რომ «მხედართმთავარი არ არის ვალდებული, შეუთანხმოს ვინმეს საინსპექციო მოგზაურობა სამხედრო ობიექტებზე».
    მაშინ საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა «გადაეყლაპა» ასეთი თავხედობა. ომის დამთავრების შემდეგ გრაჩოვმა თბილისში სტუმრობასაც მოუხშირა. 1994 წლის 3 თებერვალს იგი პრეზიდენტ ბორის ელცინთან ერთად ეწვია საქართველოს დედაქალაქს. იმ დღეს ხელი მოეწერა ფართომაშსტაბიან დოკუმენტს «მეგობრობის, თანამშრომლობის და კეთილმეზობლობის შესახებ», რომლითაც განისაზღვრა სამხედრო ურთიერთობის პრიორიტეტები.
    1995 წლის მარტში კი, გრაჩოვის ხუთდღიანი ვიზიტის დროს სამხედრო ბაზების თაობაზე ხელშეკრულება გაფორმდა. გრაჩოვმა მაშინ ნამდვილად იჯერა გული, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რუს სალდაფონს გულს მოულბობდა ქართული სტუმართმოყვარეობით და აფხაზეთში რაიმეს დაათმობინებდა.
    ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ილუზია აღმოჩნდა. გრაჩოვი ისე გადააყენეს თანამდებობიდან, რომ საქართველოს სასარგებლოდ თითი-თითზე არ დაუკარებია. მიუხედავად იმისა, რომ ბორის ელცინი მას აშკარად უსინდისოდ მოექცა, გრაჩოვმა ბოღმა გულში არ ჩაიხვია (განსხვავებით ვთქვათ კორჟაკოვისაგან) და კვლავინდებურად ერთგულად ემსახურება ელცინსაც და რუსეთის ინტერესებსაც.
    დღეს «სამშობლოს» მისი ბათუმში ჩასვლა დასჭირდა, რათა კიდევ უფრო გაემწვავებინა ურთიერთობა ცენტრალურ და რეგიონულ ხელისუფლებებს შორის.
    გრაჩოვმა შესანიშნავად იცის, რა რეაქცია მოჰყვება საქართველოს დედაქალაქში მის ახალ ვოიაჟს. იგი მიზანმიმართულად ცდილობს ამ რეაქციის გამოწვევასა და გამწვავებას, რათა დაპირისპირება თბილისსა და ბათუმს შორის შეურიგებლად აქციოს.
    არ არის გამორიცხული, მის ვიზიტს სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობაც ჰქონდეს. ზოგიერთი ცნობით, ბორის ელცინმა გრაჩოვს დუმილი დაუფასა და ყოფილი თავდაცვის მინისტრი უახლოეს მომავალში საიდუმლო შტაბის უფროსად დაინიშნება, რომელიც ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სპეციალურ ოპერაციათა განხორციელებას უხელმძღვანელებს.
    ასე თუ მოხდა, ასრულდება არამზადა ზატულინის ოცნება (ეს უკანასკნელიც დიდ ინტერესს იჩენს «მშობლიური» ბათუმისადმი, სადაც ყრმობა გაატარა) და რუსული ნეოიმპერიალიზმის «ოქროს ხანის» შემოქმედი კვლავ დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკას.

მერიდიანი, 15 დეკემბერი, 1997 წ.