«ახალ ქართველებს» დეპრივატიზაცია არ ემუქრებათ

«ახალ ქართველებს» დეპრივატიზაცია არ ემუქრებათ

              ზურაბ ჟვანიას გუშინდელი «სეფე სიტყვა» პარლამენტში ბევრ საინტერესო ნიუანსს შეიცავდა. რად ღირს, თუნდაც მრავალმნიშვნელოვანი პასაჟი, «2003 წლის ან რომელიმე სხვა არჩევნების შესახებ» და თანამდებობიდან გადადგომის მუქარა იმ შემთხვევაში, თუ «ზოგიერთი შეეცდება მის დანამატად» ქცევას.
        მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მაინც განცხადება ე.წ. დეპრივატიზების თაობაზე, რომლითაც ჟვანიამ დაადასტურა, რომ არავითარი «დეპრივატიზაცია» საქართველოში არ მოხდება, ხოლო ამჟამად ატეხილი გნიასი ამის თაობაზე სრულიად უსაფუძვლოა.
        ძირითადად საკითხი ეხება შანხაი-ფრანკფურტის ოპტიკურბოჭკოვანი კაბელის საქართველოს მონაკვეთს, რომელიც საკმაოდ უცნაურად «გაპრივატიზდა» ამ რამდენიმე წლის წინ. სხვათა შორის, ამ თემაზე საუბრისას, კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა ძალზე ნიშანდობლივი ნიუანსი შენიშნა: ყველას გვესმის საუბრები «დიდი ნავთობსადენის» შესახებ, მაგრამ აბა, რომელიო თქვენგანი იტყვის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რაიმე იცოდა საქართველოს ტერიტორიაზე ფრანკფურტ-შანხაის კაბელის გაყვანის შესახებო?
        მართლაც, «საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანიის» პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ ლამის შეგვიკლა, იმდენი ილაპარაკა ნავთობსადენზე, იმდენი ინტერვიუ ჩაწერა, იმდენჯერ გამოვიდა პარლამენტში თუ მთავრობის სხდომაზე, იმდენი კონფერენცია მოაწყო – ლამის ღამეც ეს ნავთობსადენი დაგვესიზმროს. ყოველ შემთხვევაში, ნავთობსადენის შესახებ ინფორმაცია არავისთვის დაფარული არ არის.
        რაც შეეხება «ოპტიკურბოჭკოვან» კაბელს, მისი დაპროექტება, ხელშეკრულებების გაფორმება, განხორციელება სრულ სიჩუმეში მიმდინარეობდა, რაც იმთავითვე წარმოშობს ეჭვს. არადა, როგორც აღმოჩნდა, ამ კაბელს იმაზე მეტი მოგების მოტანა შეუძლია, ვიდრე ნავთობსადენს.
        თუმცა ყველაფრის ფრიდონ ინჯიაზე გადაბრალებაც არ იქნებოდა სამართლიანი (რაკი ის კავშირგაბმულობის მინისტრი იყო), ვინაიდან ფაქტია, რომ მაშინ მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერ გამოიჩინეს მარიფათი.
        დღეს კი სახელმწიფო თავისი საკუთრების დაბრუნებას ცდილობს და, უეჭველად, მოახერხებს კიდეც იმ პრეცედენტის გამოყენებით, რაც ე.წ. «სინგაპურის კანონმა» შექმნა.
        როგორც ცნობილია, ეკონომიკური კანონმდებლობა ამ მიმართულებით განსაკუთრებით მგრძნობიარეა «პრეცედენტებისადმი» და რამდენიც არ უნდა იყვირონ ახლა «დეპრივატიზაციის» გილიოტინის ქვეშ მოხვედრილებმა, რომ საქართველოში «ქონების გადანაწილება დაიწყო», რომ მიმდინარეობს «პრივატიზებული ქონების ნაციონალიზაცია» და ასე შემდეგ, - არაფერი გამოუვათ.
        მათი მთავარი მიზანი, რა თქმა უნდა, უცხოელი ინვესტორის დაშინება და სახელმწიფოს შანტაჟირებაა: აქაოდა, როდესაც უცხოელი ინვესტორი დაინახავს, რომ საქართველოში «დეპრივატიზაცია» მიმდინარეობს, იგი საქართველოდან გაიქცევა და ა.შ.
        სინამდვილეში, არავინ გაიქცევა, ვინაიდან «სინგაპურის პრეცედენტს» ყველა შესანიშნავად იცნობს (ყოველ შემთხვევაში, ნამდვილი ბიზნესმენები მიხვდებიან, რაშია საქმე) და იციან, რომ ეს პრეცედენტი გულისხმობს არა «დეპრივატიზაციას» ან «ნაციონალიზაციას», არამედ სწორედ სახელმწიფო მოხელეებისათვის იმ ქონების ჩამორთმევას, რომლის პრივატიზება მათ თანამდებობაზე ყოფნისას მოახერხეს.
        თანაც, აქ იგულისხმება უშუალოდ პრივატიზებული ქონება და არა «მეშვოებით» პრივატიზებული. ასეთი ოდიოზური შემთხვევები კი ნამდვილად არის.
        შესაძლოა, მთელი ეს ისტორია კონკრეტულად სწორედ ოპტიკურბოჭკოვან კაბელს უკავშირდება და სახელმწიფო მის დაბრუნებას ცდილობდეს, ანუ «სინგაპურის კანონი» სწორედ ამ კონკრეტული პრობლემის გადასაწყვეტად იქმნება, ვინაიდან ასეთი აშკარა შემთხვევა ძალიან ცოტაა.
        წარმოუდგენელია აქ იგულისხმებოდეს ნამდვილი «დეპრივატიზაცია» ან ნამდვილი «დენაციონალიზაცია», ვინაიდან ეს ახალ რევოლუციას, კიდევ უფრო სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომსა და ისეთ უბედურებას გამოიწვევს, ამ ტერიტორიაზე (არა ქვეყანაში, არამედ უკვე ტერიტორიაზე) ცხოვრება, საერთოდ შეუძლებელი გახდება.
        არადა, კაცმა რომ თქვას, თუ რეალური ვითარებიდან აბსტრაგირებას მოვახდენთ, სრულებითაც არ იქნებოდა უსამართლო, საქართველოში ერთი მაგარი «დეპრივატიზება» ჩატარებულიყო. სხვა საქმეა, რომ ის, რაც სამართლიანია, ყოველთვის არ არის გონივრული და მიზანშეწონილი.
        ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს «სამართლიანი» და «უსამართლო» პრივატიზება? თუ ისევ და ისევ მოვახდენთ აბსტრაგირებას მარქსიზმ-ლენინიზმის დოგმიდან, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი კერძო საკუთრება უსამართლობა და სხვა ადამიანის დამონების საშუალებაა, შეიძლება ვთქვათ, რომ «სამართლიანია» პრივატიზება, როდესაც წარმოების საშუალება განსახელმწიფოებრივებულია გამჭვირვალობის, საჯაროობის, კონკურენციის პირობებში, - სახელმწიფოსა და საზოგადოებისათვის მაქსიმალური სარგებლიანობის გათვალისწინებით.
        პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ასეთი პრივატიზაცია საქართველოში საერთოდ, არ განხორციელებულა.
        1992 წლიდან, როდესაც წარმოების საშუალებათა განსახელმწიფოებრიობა დაიწყო, ისინი ხელთ იგდეს იმ წრეებმა, რომლებიც მათ ისედაც «ფლობდნენ» არაფორმალურად საბჭოთა პერიოდშიც, - როგორც «ცეხის მეწილეები» და წითელი დირექტორები.
        რატომ წავიდა თენგიზ კიტოვანი საქართველოდან «ნაწყენი»?
        ნაწყენი წავიდოდა, აბა, რა იქნებოდა – მას ხომ (როცა შევარდნაძემ დააპატიმრა), საეროთდ, არ დაუჭირა მხარი იმ ხალხმა, ვისაც ე.წ. სამხედრო საბჭოსა და თუ შეიარაღებულ ფორმირებათა თარეშის პირობებში საშვილიშვილო ქონება დაუკანონა?
        სწორედ მაშინ, იმ «რევოლუციურ ხანაში», როცა საქართველოში ძაღლი პატრონს ვერ ცნობდა, «განსახელმწიფოებრივდა» წარმოების საშუალებათა 80 პროცენტი.
        «გამჭვირვალობასა» და «თავისუფალ კონკურენციაზე» ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ახლა იმ ქონების წაგლეჯა არათუ სამართლიანი, ღვთიური მადლი იქნებდა, მაგრამ ვაი, რომ ძალიან გვიან არის ქვეყანა მორიგ სამოქალაქო ომს ვეღარ გადაიტანს და მართლა «ტერიტორიად» იქცევა.
        ამიტომ უნდა დავკმაყოფილდეთ «სინგაპურის კანონით», რომელიც მხოლოდ თანამდებობის პირთა მიერ უშუალოდ «დაკანონებულ» ქონებას ეხება.

მერიდიანი, 13 სექტემბერი, 2000 წელი