საერთაშორისო მიმოხილვა. 22 იანვარი. 2024 წელი
ფლორიდის გუბერნატორმა, რონ დე სანტისმა მოხსნა თავისი კანდიდატურა საპრეზიდენტო არჩევნებიდან და.....მოუწოდა მომხრეებს, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე დონალდ ტრამპს მისცენ ხმა!
დავაკვირდეთ: არა ნიკი ჰეილის, რომელიც უკვე ტრამპის შემდეგ ყველა გამოკითხვით მეორეა რესპუბლიკურ პრაიმერიზში, არამედ სწორედაც დონალდ ტრამპს!
სულ ცოტა ხნის წინ დესანტისი ტრამპის რეალურ კონკურენტად ითვლებოდა, მაგრამ აიოვას კოკუსში სასტიკად დამარცხდა და არც ნიუ ჰემპშირის კოკუსში ჰქონდა შანსები.
ამრიგად, „რესპუბლიკელთა“ პრაიმერიზი შეჩერდა არჩევანზე დონალდ ტრამპსა და ნიკი ჰეილის შორის, სადაც ამ ქალბატონის შანსი, მოუგოს დონალდ ტრამპს პრაიმერიზი, არის ზერო!
ამერიკაში ახლა ბევრს წერენ, რომ დონალდ ტრამპმა შესაძლოა იეშმაკოს, გონებამახვილური პოლიტიკური ნაბიჯი გადადგას და ნიკი ჰეილის ვიცე-პრეზიდენტობა შესთავაზოს.
თუმცა არც ისე იოლი იქნება იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი (როგორც გუშინ მოგახსენეთ) დასცინოდა ქალბატონ ჰეილის ინდურ ეთნიკურ წარმომავლობას. და არც ისაა გადაწყვეტილი, ნიკი დათანხმდება თუ არა ამდენი შეურაცხყოფის შემდეგ.
მაგრამ..... თუ ამგვარი ტანდემი შეიქმნა, რამდენიმე მიზეზის გამო, საკმაოდ ძლიერი შეიძლება აღმოჩნდეს ბაიდენ-ჰარისის ტანდემთან დაპირისპირებისას.
მოსალოდნელია, რომ ბაიდენი ისევ ჰარისს შესთავაზებს ვიცე-პრეზიდენტობას.
აქვე უნდა ითქვას, რომ არაფერი განსაკუთრებით უჩვეულო ამერიკისთვის არ ხდება: ამერიკული პოლიტიკური კულტურა „იტანს“, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, მაგრამ მერე ტანდემებს ქმნიან. ამერიკელები ამას ისე მიეჩვივნენ, რომ უჩვეულოდ არ აღიქვამენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ ძალიან მწარედ დაარტყა ოკუპირებულ დონეცკს: ავდეევკადან საარტილერიო (!) შეტევის შედეგად 27 რუსი დაიღუპა დონეცკის ბაზრის მიდამოებში და 20 დაშავდა;
რუსეთის „საგარეომ“ ამ შეტევას „ბარბაროსული“ უწოდა.
არადა, ამგვარი რუსული შეტევებით 2022 წლიდან ათასობით უკრაინელი დაიღუპა უკრაინულ ქალაქებში.
გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტიერეშმა მკაცრად დაგმო დონეცკზე თავდასხმა.
ეს მისი პროფესიაა: რუსეთი რომ ბომბავს, გმობს, უკრაინა რომ ბომბავს..... ამასაც გმობს და ა.შ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინაში ახლოვდება და გარდაუვალი ხდება მობილიზაციის შესახებ კანონის მიღება, რომელიც მწვავე კრიტიკას იწვევს.
უკრაინული გენერალიტეტის შემდეგ, უკრაინის სამხედრო დაზვერვის მეთაურმა კირილ ბუდანოვმაც განაცხადა, რომ ამჟამად არსებული რესურსებით უკრაინულ არმიას ომის გაგრძელება გაუჭირდება.
პრეზიდენტი ზელენსკი ჯერ-ჯერობით შემოიფარგლა რბილი განცხადებებით და მოწოდებებით საზღვარგარეთ გადაცხოვრებული უკრაინელების მიმართ, დაბრუნდნენ სამშობლოში.
17 იანვარს, რადაში მწვავე დისკუსიის და შენიშვნათა გათვალისწინების შედეგად, მთავრობამ საკანონმდებლო ორგანოში დააბრუნა კანონპროექტი, რომელსაც ალბათ რადა იანვრის ბოლოს ან თებერვლის დასაწყისში მიიღებს.
სამხედრო სპეციალისტები აზუსტებენ, რომ ამ შემთხვევაში მობილიზაციის შესახებ კანონის მიღებისა და დაახლოებით 500 000 უკრაინელის გაწვევის აუცილებლობა მაინცდამაინც არმიის რიცხოვნობის გაზრდის განზრახვით კი არ არის გამოწვეული, არამედ როტაციის აუცილებლობით ფრონტზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროკავშირმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მიაგნო ტექნოლოგიას, როგორ დაეხმაროს უკრაინას იმ ვითარებაში, როცა უნგრეთი და მისი ავტორიტარი ვიქტორ ორბანი ბლოკავს ფინანსურ დახმარებას 50 მილიარდი ევროს ოდენობით.
საპასუხოდ, ევროკავშირი შექმნის ფონდს ჯერ-ჯერობით 20 მილიარდი ევროს ოდენობით, რომლიდანაც კომპენსაციას მიიღებენ ის ქვეყნები, ვინც საკუთარი ბიუჯეტებიდან დაეხმარებიან უკრაინას. კერძოდ, მიაწვდიან შეიარაღებას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჰააგას მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში გრძელდება პროცესი „სამხრეთ აფრიკა - ისრაელის წინააღმდეგ“, რომლითაც სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა თანამედროვე ისრაელს არაბთა გენოციდში ადანაშაულებს.
გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ ისრაელს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ანუ დაუშვებლად მიიჩნია, რომ იმას რაც ხდება ღაზაში, დაერქვას „გენოციდი“.
„ჰოლოკოსტი“ ეწოდებოდა საკონცენტრაციო ბანაკებში გამომწყვდეული ებრაელების ხოცვას გაზის კამერებში და მერე ქურებში დაწვას.
რუსეთის „საგარეოს“ სფოუქსპერსონმა მარია ზახაროვამ გერმანიას შხამიანი ირონიით „ჰოლოკოსტის საქმეებში ექსპერტი ქვეყანა“ უწოდა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის პრემიერმა ნეთანიაჰუმ უარყო ჰამასის წინადადება, რომ ტერორისტული ორგანიზაცია გაათავისუფლებდა მძევლებს, თუ ისრაელი გაიყვანს ჯარს ღაზიდან.
ამ ინიციატივას მხარს უჭერენ კატარი, ეგვიპტე და...ჩუმ-ჩუმად მხარს უჭერს დასავლეთიც, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატები.
მაგრამ ისრაელის პოზიცია შეუვალია: „სანამ ჰამასს არ გავანადგურებთ, ღაზადან ჯარების გამოყვანაზე ლაპარაკიც ზედმეტია და ოპერაციის დასრულების შემდეგაც იქ დარჩებიან უსაფრთხოების ძალები, რომლებიც სიტუაციას დააკვირდებიანო“ - ამბობს ნეთანიაჰუ.
მივაქციოთ ყურადღება რა ევოლუცია განიცადა ისრაელის პოზიციამ 2006 წლიდან, როდესაც ერთი კაპრალის, გილად შალიტის გასათავისუფლებლად, ისრაელის სახელმწიფომ ათასი (!!!) არაბი ტერორისტი გამოუშვა ციხეებიდან.
მაგრამ 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმა ისრაელზე იმდენად გამანადგურებელი იყო, რომ ისრაელის სახელმწიფოს უკვე სხვა პრიორიტეტები აქვს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთი უსასტიკესად დამარცხდა აზერბაიჯანთან ომში, მისი ეკონომიკა ფანტასტიკური ტემპებით იზრდება. ამას ხელს უწყობს ის გარემოება, რომ ერთის მხრივ სომხეთი რუსული ეკონომიკური გაერთიანება ЕВРАЗЭС წევრია, ხოლო მეორეს მხრივ აქტიურად გამოიყენება რუსეთში სანქცირებული საქონლის და პროდუქციის მიწოდების ჰაბად.
ეს გარემოება არის მთავარი წინაღობა, რაც ხელს უშლის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს, მიღოს დროული გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შეცვლის, ევროკავშირთან და NATO-სთან დაახლოების თაობაზე. არადა ეს გადაწყვეტილებები თითქოს მომწიფდა.
საქმე ის გახლავთ, რომ როგორც სომეხი ექსპერტები აღნიშნავენ, თუ მაგალითად დღეს ნიკოლ ფაშინიანი იტყვის, რომ მზადაა შეიტანოს ბრიუსელში განაცხადი ევროასოცირებაზე, ამას მოსკოვის მძვინვარე რეაქცია მოჰყვება: ЕВРАЗЭС „საკონტროლო პაკეტი“ რუსეთის ხელშია და სომხეთი მოსკოვმა შესაძლოა გარიცხოს ამ და სხვა ეკონომიკური გაერთიანებებიდან რათა „დასაჯოს“ პროდასავლური კურსის გამო.
ბუნებრივია, სომხეთის ხელისუფლება და ელიტები (მათ შორის ბიზნეს-ელიტები, რომლებმაც უდიდესი მოგება ნახეს პარალელური იმპორტით) ამას უფრთხიან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
არაბეთის ზღვაში მოხდა სერიოზული ინციდენტი, რომელმაც კიდევ უფრო დაძაბა ამერიკა-ირანის ურთიერთობა.
სომალის სანაპიროსთან, ამერიკულმა საზღვაო სპეცდანმა, რომელსაც, როგორც იცით, ეწოდება „ზღვის კატები“ (SEALS) აბორდაჟზე აიყვანა იალქნიანი მცირე გემი, რომელიც იემენისკენ მიცურავდა და როგორც აღმოჩნდა, გადაჰქონდა ჰუსიტებისთვის ბალისტიკური რაკეტები!
ჩხრეკისას ძლიერი ღელვა იყო, ორი „საზღვაო კატა“ წყალში ჩავარდა და დღემდე ვერ იპოვეს, თუმცა ამერიკული ფლოტის სარდლობა იმედს არ კარგავს, რადგან არ ემუქრებათ მთავარი: გაყინვა.
ამ წყლებში ხომ ტემპერატურა საკმაოდ ლმობიერია.
დადასტურდა ერთმნიშვნელოვნად, ათასი პროცენტით, რომ სწორედ ირანი აწვდის იემენში მოქმედ შიიტურ დაჯგუფებას „ჰუსიტები“ ბალისტიკურ რაკეტებს, რომლითაც ისინი წითელ ზღვაში ნავთობტანკერებს ბომბავენ.
აღსანიშნავია, რომ ოპერაცია განხორციელდა მცურავი ბაზიდან Lewis B. Puller, ხოლო ოპერაციას ეწოდება სლენგზე VBSS (visit, board, search and seizure)
ოპერაცია კი წარმატებული იყო, მაგრამ....ორი სპეცდანის ოფიცერი დაიკარგა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო ფაქტი: ჩეხეთმა გადაწყვიტა ამერიკისგან 34 ერთეული ავიაგამანადგურებელი F-35 შეიძინოს.
კონტრაქტს უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ჩეხეთის თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ეს F -35-ები ჩეხეთს 2070 წლამდე მოემსახურებიან. ამდენად დიდია მათი ექსპლოატაციის ვადა:
ახლა 2024 წელია. თვითმფრინავები დამზადებულია რამდენიმე წლის წინ და.....2070 წლამდე.
ზოგადად აქ არის ერთი არსებითი მომენტი, რომლითაც უკრაინას ძალიან გაუმართლა: NATO-ს წევრ ქვეყნებში ახლა მიმდინარეობს სამხედრო-საავიაციო პარკის როტაცია/განახლება. მოძველებული F-15, F-16 F-18 ჩანაცვლდება F-22 და F-35 თვითმფრინავებით.
შესაბამისად, „გამოთავისუფლებული“ საავიაციო კომპლექსები გადაეცემა უკრაინას.
ძველი მოდიფიკაციის თვითმფრინავებს აქვთ თვისება, რომელიც ახლა უკრაინის არმიას ყველაზე მეტადრე სჭირდება: „ჰაერი-ზედაპირის“ უახლესი რაკეტების ტარების და გაშვების უნარი, რამაც შესაძლოა გარდატეხა შეიტანოს ომის მიმდინარეობაში.