ტერი ადამსის «კლასიკური დიპლომატია» ქართულ ღვინოს ვერ უძლებს

ტერი ადამსის «კლასიკური დიპლომატია» ქართულ ღვინოს ვერ უძლებს

 

    აზერბაიჯანის საერთაშორისო საოპერაციო კომპანიის პრეზიდენტის, ტერი ადამსის მოულოდნელმა «ავადმყოფობამ» გასულ კვირას თბილისში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც ცნობილია, ადამსს შევარდნაძესთან ნავთობის ტრანსპორტირების ტარიფთა საკითხი უნდა განეხილა, მაგრამ მოულოდნელად გადადო თავისი ვიზიტი «ავადმყოფობის» მომიზეზებით. თუმცა, მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა და ამავე დროს ქართული ნავთობკომპანიის პრეზიდენტმა გია ჭანტურიამ «ქართული დიპლომატიის» მთელი არსენალი აამოქმედა, ტერი ადამსი მოულოდნელად გამომჯობინდა და თბილისშიც ჩამოვიდა. მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა საქართველო ნამდვილად მიიღებს იმ მიზერულ თანხას (17 ცენტს ბარელზე), რომლის თაობაზეც ადრე მოლაპარაკეს, შედარებისათვის, რუსეთი იმავე სამუშაოს შესასრულებლად ორ დოლარზე მეტს მიიღებს. თუმცა, აქ ისიც გასათვალისწინებელია, რომ განსხვავებით რუსეთისაგან, საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენის რეკონსტრუქციის ხარჯებს მთლიანად კონსორციუმი იღებს საკუთარ თავზე - ეს კი 300 მილიონ დოლარზე მეტია. რაც მთავარია, პრინციპული თვალსაზრისით, «მცირე ნავთობის» ტრანსპორტირება დასავლეთის მარშრუტით უკვე გადაწყვეტილია და ამ პროექტს, როგორც იტყვიან «წყალი არ გაუვა». ამაზე მეტყველებს აგრეთვე რიჩარდ მაცკეს მორიგი სტუმრობა საქართველოში. «შევრონ ოვერსის» პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კასპიის ნავთობიც აინტერესებს, ვინაიდან მისი კორპორაცია «მარად იქ არს», სადაც შავი ოქროა, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით საგულისხმოა მისი, შეიძლება ითქვას, დაჟინებული ინტერესი ყაზახეთის ნავთობის კავკასიის გავლით ტრანსპორტირების იდეისადმი, რაც ნამდვილად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მხოლოდ კასპიის (აზერბაიჯანის) ნავთობით ეს გრანდიოზული პროექტი არ ამოიწურება და სხვა ფინანსური წრეების დაინტერესებასაც იწვევს.
    საგულისხმოა თუნდაც ის ფაქტი, რომ ტერი ადამსის საქართველოში ვიზიტის პარალელურად, თბილისში რუსული «დესანტიც» გამოჩნდა ბერეზოვსკი-გუსინსკის გუნდისა და მათ მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო საშუალებების სახით. НТВ-ს დირექტორი, იგორ მალაშენკო მაგალითად, ძალზე გავლენიანი და მძლავრი ფიგურაა რუსულ ისტებლიშმენტში, ისევე, როგორც ОРТ-სა და РТР-ის სხვა ხელმძღვანელები, რომლებიც ბერეზოვსკის ჩამოყვნენ «წინადღის საუბრების» გასაგრძელებლად ანუ «კაი სმა-ჭამისათვის» კახეთში. ამ საუბრებიდან, რასაკვირველია, არაფერი გამოვა, ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთის კონფლიქტის დარეგულირების თვალსაზრისით. სამაგიეროდ, ბერეზოვსკის კლანმა «დაზვერვა» წარმატებით ჩაატარა. ამჟამად რუსეთში მიმდინარეობს ერთხელ უკვე მიტაცებელი ქონების ხელახალი გადანაწილების პროცესი, რომელიც წარმატებით გადის პირველ სტადიას: რუსეთის ქონება გადანაწილებულია და «დაბინავებული». ახლა კი ყოფილი «მოკავშირე რესპუბლიკების» დროც დადგა, საქართველოში ზოგი რამ «სასუსნავი» ამ კლანმა შეიძლება მართლაც იპოვოს. როგორც ამბობენ, სოხუმში ამასწინანდელი ვიზიტის დროს, ბორის ბერეზოვსკიმ ვლადისლავ არძინბას ორასი მილიონი დოლარის ინვესტირება შესთავაზა აფხაზეთის კურორტებში. ბორის აბრამოვიჩი ჭკვიანი ებრაელია და იცის: საქართველოს წინასწარი ნებართვის გარეშე ეს თანხა მეტისმეტად «რისკიან» საქმეში იქნება ჩადებული და საეჭვოა, ამ შემთხვევაში დივიდენდმა ნავთობიდან მოსალოდნელ ოდენობას გადააჭარბოს, მაგრამ სამი მილიარდი დოლარის ქონებას განაწილება და დაბანდება ხომ უნდა. ფული უნდა მუშაობდეს და აკეთებდეს ფულს. ოღონდ, არძინბა არანაკლებ ჭკვიანი აფხაზია და პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტის გარეშე ბერეზოვსკი «ფინანსური ანკესის» გადაყლაპვას არ აპირებს. მთელ ამ ორომტრიალს სევდიანად ადევნებს თვალს ჭკვიანი ქართული საჭეთმპყრობელი.

მერიდიანი 6 ოქტომბერი, 1997 წელი