აფხაზეთის ფრონტზე ცვლილებები არ არის

აფხაზეთის ფრონტზე ცვლილებები არ არის

 

    ხუთშაბათს, სააგენტო «იტარ-ტასისთვის» მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის დსთ-ის საქმეთა მინისტრმა, ამანგელდი ტულეევმა (ეროვნებით თათარმა, სარწმუნოებით მაჰმადიანმა და პარტიული კუთვნილებით კომუნისტმა) განაცხადა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან სამშვიდობო ძალთა გაყვანა სრულებითაც არ არის მხოლოდ რუსეთის გადასაწყვეტი. მისი თქმით, აფხაზეთში სამშვიდობო ძალთა შეყვანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ. ამდენად, მხოლოდ მანვე შეიძლება გაიყვანოს სამშვიდობო ძალები კონფლიქტის ზონიდან.
    ფორმალურად, ტულეევი რა თქმა უნდა, ტყუის: სახელმწიფოს მეთაურთა საბჭომ გადაწყვეტილება მიიღო არა უვადოდ, არამედ გარკვეული ვადით, - სამშვიდობო ძალებს მანდატის ვადა გაუვიდათ 1997 წლის 31 იანვარს. მას შემდეგ მათი ყოფნა ენგურის სანაპიროზე არავითარ იურიდიულ საფუძველს არ ემყარება.
    მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით ტულეევის განცხადებაში მართლაც არის ჭეშმარიტების მარცვალი: რუსეთის ჯარები აფხაზეთიდან არ წავლენ კიდევ ას წელიწადს (მიუხედავად მანდატის ვადის ამოწურვისა) თუ საქართველომ კატეგორიულად არ მოითხოვა მათი წასვლა. თუმცა, შესაძლოა მოთხოვნის შემთხვევაშიც არ გავიდნენ.
    საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ვითარების გამწვავებას ერიდება - წარმოუდგენელია საქართველომ რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანა მოითხოვოს და ამან არ გამოიწვიოს რუსი პოლიტიკოსების გაღიზიანება, ვინაიდან ამით დასტურდება, რომ რუსეთს არ ძალუძს სამშვიდობო მისიის შესრულება პოსტსაბჭოურ სივრცეზე. ამდენად, ეს მისია სხვა ძალამ (ნატომ) უნდა იკისროს.
    გარდა ამისა, ფართო საზოგადოებისგან განსხვავებით ხელისუფლებას ახსოვს, რომ აფხაზეთი არ არის ერთადერთი «ცხელი წერტილი» საქართველოს ტერიტორიაზე ანუ რუსებს სხვა მძლავრი «ბერკეტებიც» გააჩნია «თბილისელ პოლიტიკოსთან გონს მოსაყვანად». მაგალითად, სრული აბსურდი იქნება დავადანაშაულოთ აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალები უმოქმედობაში, მათზე დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობაში, გავამწვავოთ ამ ნიადაგზე ურთიერთობა რუსეთთან და იმავე რუსეთს მადლობა გამოვუცხადოთ ცხინვალის რეგიონში უაღრესად კეთილშობილური და კეთილისმყოფელი სამშვიდობო მისიის წარმატებით შესრულების გამო. ხოლო თუ საქართველო მოითხოვს ორივე რეგიონიდან სამშვიდობო ძალთა ერთდროულ გაყვანას, მივიღებთ ომს ორ ფრონტზე, - როგორც აფხაზეთში, ასევე ცხინვალის რეგიონში. მთლიანად რუსეთის შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის მოთხოვნაც უაზრობაა, თუ არ მოვითხოვეთ თურქეთ-საქართველოს საზღვრიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანაც და ასე შემდეგ.
    შექმნილ ვითარებაში გაცილებით ჭკვიანური იქნებოდა საქართველოს ხელისუფლებას ეცადა აფხაზებთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით მიეღწია კომპრომისისთვის. ოღონდ არა რუსეთის, არამედ ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის შუამავლობით. არძინბა უეჭველად დათანხმდებოდა ამგვარი მოლაპარაკებების გამართვაზე, ხოლო კომპრომისის საგანი შეიძლებოდა გამხდარიყო ლტოლვილთა დაბრუნება - აფხაზეთის სუვერენული სტატუსის განსაზღვრის სანაცვლოდ. ამ პოლიტიკურ კონტექსტში ბუნებრივად «მოთავსდებოდა» მსოფლიო ავტორიტეტის მქონე რომელიმე დასავლელი პოლიტიკოსი. ვთქვათ, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტი ჯიმი კარტერი (მას საშუამავლო მისიათა შესრულების დიდი გამოცდილება აქვს) ან გერმანიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დიტრიხ გენშერი.
    ამ გზით კონფლიქტის გადაწყვეტა საქართველოს დიდ უპირატესობას მისცემდა და მყარ საფუძველსაც შექმნიდა კავკასიაში დასავლეთის უფრო აქტიური «შემოსვლისათვის». ერთი რამ ცხადია: რუსეთმა რომც გაიყვანოს ენგურიდან «სამშვიდობო ძალები», პრობლემის ძალისმიერ გადაწყვეტას საქართველო ვერ შეძლებს. ეს გზა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, თუ შევძლებდით ძალისმიერი მეთოდის გამოყენებით საკითხის გადაჭრას ერთი-ორი კვირის განმავლობაში; მაგრამ პრაქტიკულად ეს შეუძლებელია.
    მეორე ვარიანტი, რომელსაც შესაძლოა მიმართოს საქართველოს ხელისუფლებამ, არის რუსეთის სამშვიდობო ძალებისადმი ყოველგვარი დამატებითი ფუნქციის მოხსნა (მათ შორის «ტერორისტულ ჯგუფებთან ბრძოლის ფუნქციისა»), მათი ქცევა მხოლოდ ქართული და აფხაზური სამხედრო ფორმირებების გამმიჯნავ ზღუდედ და ფართო პარტიზანული მოძრაობის გაშლა გალისა და ოჩამჩირის რაიონებში: კომუნიკაციების აფეთქება, მტრის ცოცხალი ძალის განადგურება, სამხედრო ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა და ა.შ.

ირინა სარიშვილი-ჭანტურიას რისხვა ამჯერად კვირაიას დაატყდა თავს

    პარლამენტის სხდომაზე «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» თავმჯდომარის გამოსვლა, რომელშიც ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ შოთა კვირაიას «რუსული დაზვერვის აგენტობა» დასწამა - ქართულ პოლიტიკურ სცენაზე ახალი დრამის დაწყების მომასწავებელია.
    სახელისუფლო ელიტა ამჯერადაც შეეცადა უბრალოდ «ყური მოეყრუებინა», მაგრამ ამ ტაქტიკიდან არაფერი გამოვა - ედპ-ს ლიდერს ძალიან მძლავრი კოზირი უპყრია ხელთ: წინა წლებში მისი ყველა ბრალდება დადასტურდა; ყოველ შემთხვევაში, იგორ გიორგაძე იძულებული გახდა რუსეთში გადახვეწილიყო, ჯაბა იოსელიანი ციხეში ზის, ხოლო ავთო მარგიანის საქმეს სპეციალური კომისია სწავლობს.
    შოთა კვირაიასთან დაკავშირებით ანალოგიური სტერეოტიპის შექმნას ერთგვარი ფსიქოლოგიური სირთულე ახლავს თან, ვინაიდან სწორედ მან გახსნა 3 დეკემბრის ტერორისტული აქტი, მაგრამ ამ სირთულეს ირინა სარიშვილი-ჭანტურია, როგორც ჩანს, ყურადღებას აღარ აქცევს. მისთვის მთავარია იერიში მიიტანოს იმ სტრუქტურაზე, რომელიც საქართველოში რუსული გავლენის შენარჩუნების მთავარ ბერკეტად მიაჩნია. ნიშანდობლივია, რომ მან საკმაოდ ზუსტად გათვალა დარტყმა - ეს თუნდაც იქიდან ჩანს, რომ ვახტანგ რჩეულიშვილმა ფაქტობრივად მხარი დაუჭირა დემარშს შოთა კვირაიას წინააღმდეგ, ოღონდ «სოციალისტთა» ლიდერის გამოსვლა უფრო პიროვნული მოტივაციით იყო ნაკარნახევი, ვიდრე პოლიტიკურით.
    მიუხედავად ზემოთთქმულისა, საეჭვოა შოთა კვირაიას იგივე ბედი ეწიოს, რაც იგორ გიორგაძეს: «ედპ»-ს ლიდერი ვერ შეძლებს ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში შესვლას, ხოლო შოთა კვირაიას (იგორ გიორგაძისგან განსხვავებით) ის უპირატესობა აქვს, რომ არც «მხედრიონს» ეყრდნობა და პრეზიდენტის სრული ნდობითაც სარგებლობს.
    არ არის გამორიცხული, ირინა სარიშვილი-ჭანტურიას განცხადება ირიბი დარტყმა ყოფილიყო იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც აფხაზეთის პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტას მოითხოვენ. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, პარლამენტის სხდომაზე აფხაზეთის საკითხის განხილვისას, სარიშვილი-ჭანტურიამ განაცხადა, რომ პრობლემა «უნდა გაიყინოს», ან მოხდეს სამშვიდობო ძალების ჩანაცვლება, ვინაიდან ომის განახლება აფხაზეთში მხოლოდ რუსეთს აძლევს ხელს - ეს გამოიწვევს ახალ დესტაბილიზაციას საქართველოში და «ნავთობსადენის» პროექტის განხორციელების ჩაშლას.
    ამ გამოსვლამ იმ დროს «აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის» ხელმძღვანელთა გულისწყრომა გამოიწვია და მორიგი არგუმენტები მისცა ხელთ სარიშვილი-ჭანტურიას ოპონენტებს მისსავე პარტიაში (ედპ-ს გაყოფამდე); ამდენად, მან გადაწყვიტა უფრო მახვილგონივრული სვლა გაეკეთებინა - შინაარსობრივად იგივე თქვა რაც მაშინ (ომის განახლების წინააღმდეგ გაილაშქრა), მაგრამ ეს სხვა ფორმით გააკეთა: უშიშროების მინისტრსაც «დაარტყა», მის უკან მდგომ უმაღლეს ხელისუფლებასაც დაემუქრა, ქართულ ისტებლიშმენტში კვირაიას მრავალრიცხოვანი მტრების გულიც მოიგო და თამაზ ნადარეიშვილის გარემოცვასაც არ მისცა რაიმე არგუმენტი თავის წინააღმდეგ.
    ანუ, ერთი დარტყმით რამდენიმე კურდღელი მოინადირა. ზოგადად კი უშიშროების მინისტრი საქართველოში კიდევ დიდხანს იქნება განსაკუთრებული ინტერესის საგანი და პოლიტიკური ინტრიგების ობიექტი - საბჭოთა კგბ-ს ჩრდილი მხურვალე დამღად აძევს ამ უწყებას: 1992 წელს ედუარდ შევარდნაძემ პრობლემა იმით გადაწყვიტა, რომ ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი, ირაკლი ბათიაშვილი დანიშნა უშიშროების სამსახურის უფროსად.
    მაგრამ სოციალურმა წარმოშობამ ბოლოს და ბოლოს მაინც თავისი ქნა: შოთა კვირაია «ძველი გვარდიის» წევრია. ამ თვალსაზრისით მისი მოქმედება უფრო მეტად პროგნოზირებადია პრეზიდენტისთვის. სამაგიეროდ, იგი უნდა შეურიგდეს აზრს, რომ ასეთი უშიშროების მინისტრი ყოველთვის მოიზიდავს «ცეცხლს» ოპოზიციის მხრიდან; «დაბომბვის» არეალში კი უმაღლესი ხელისუფლება მთლიანად მოჰყვება.

დილის გაზეთი, 24 მარტი, 1997 წ.