ლარსის ფანჯარა

ლარსის ფანჯარა

        1 მარტს, შვეიცარიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, პირველად 2006 წლის შემდეგ, გაიხსნა ლარსის საკონტროლო – გამშვები პუნქტი საქართველოს სამხედრო გზაზე.
        აქვე უნდა ითქვას, რომ ნამდვილი შუამავალი სინამდვილეში ევროკავშირი იყო. არ არის შემთხვევითი, რომ ევროკავშირის მოქმედი თავმჯდომარე, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მორატინოსი საგანგებოდ ჩამოვიდა და «ზემო ლარსის» საკონტროლო-გამშვები პუნქტიც მოინახულა.
        რაც შეეხება ყაზბეგი – ზემო ლარსის დახურვის ისტორიას, ეს გადაწყვეტილება მოსკოვმა მიიღო 2006 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ყოყმანობდა, რა გზით და რა მეთოდით დაესაჯა საქართველო: საკმარისი იქნებოდა მხოლოდ ეკონომიკური ბლოკადა თუ პირდაპირი სამხედრო აგრესია.
        «სამხედრო გზის» ჩაკეტვა ეკონომიკური სანქციების ნაწილი იყო. ამ გზით რუსეთში შედიოდა საქართველოს სოფლის მ,ეურნეობის პროდუქციის უდიდესი ნაწილი. თუმცა ბევრად უფრო გამანადგურებელი დარტყმა რუსეთის მოკავშირე სომხეთმა მიიღო, რომელიც სრულ ბლოკადაში და იზოლაციაში აღმოჩნდა.
        მაგრამ პუტინს ისეთი «გართულება» ჰქონდა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ სომხების წუწუნს ყურადღებას არ აქცევდა. ამის შემდეგ ლარსის საკონტროლო – გამშვები პუნქტი მხოლოდ ორჯერ გაიხსნა: ერთხელ, როდესაც ზვიად გამსახურდიას ნეშთი შემოასვენეს ჩრდილო კავკასიიდან და მეორედ – 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ყაზბეგის რაიონში მცხოვრებმა ოსებმა ჩრდილო ოსეთში გადასვლა მოითხოვეს, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში მყოფმა ქართველებმა – სამშობლოში დაბრუნება. ომის დროს კი სერიოზულად განიხილებოდა საშიშროება, რომ რუსული სამხედრო კოლონა სწორედ ყაზბეგის გავლით შემოჭრილიყო საქართველოში და «მესამე ფრონტი» გაეხსნა.
        ლარსის ჩაკეტვა მართლაც ნამდვილი კატასტროფა აღმოჩნდა სომხეთისთვის, რომლის საგარეო სავაჭრო ბრუნვის მესამედი (!) სწორედ ლარსსა და სამხედრო გზაზე მოდიოდა. გარდა ამისა, იმავე გზით ხდებოდა და ხდება სომხეთში (გიუმრიში) მდებარე სამხედრო ბაზის მომარაგება.
        ბუნებრივია, რუსეთი (ისევე, როგორც სომხეთი) დაინეტრესებული იყო ამ გზის გახსნით. ერევანმა თავიდანვე პროტესტი განუცხადა მოსკოვს და (რაც მთავარია) სწორედ ლარსის ჩაკეტვის შემდეგ მიიღეს სომეხმა პოლიტიკოსებმა გადაწყვეტილება, დაეწყოთ დიალოგი თურქეთთან. ეს რუსეთის ერთგვარი შანტაჟი იყო: რაკი არ ითვალისწინებთ ჩვენს ინტერესებს, დავიწყებთ დიალოგს თქვენს სტრატეგიული მოწინააღმდეგეებთან (თურქეთი ამერიკისა და ნატოს ფორპოსტია რეგიონში) და საბოლოოდ დაკარგავთ პოზიციებს კავკასიაში.
        ამრიგად, ლარსის გახსნა რუსეთისთვის აუცილებელი გახდა, თუმცა მთავარი ის იყო, რა «ფასის» გადახდა მოუწევდათ საამისოდ: მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია სანაცვლოდ ემბარგოს მოხსნა და ქართული პროდუქციის დაბრუნება რუსულ ბაზარზე.
        თუმცა, რაკი ემბარგოს მიუხედავად, თავის დროზე ლარსი მაინც ჩაკეტეს, ისიც შესანიშავად ესმით, რომ სომეხი მძღოლები რუსულ ბაზარზე მაინც შეიტანენ საქართველოში ნაყიდ პროდუქციას და ძალიან ძნელი დასადგენი იქნება, სად არის იგი შეძენილი – სომხეთში თუ საქართველოში.
        ამის მიუხედავად, პუტინი მაინც დათანხმდა საზღვრის გახსნას, ოღონდ იმ პირობით, რომ არც ქართული ბორჯომი, არც ღვინო რუსეთში არ დაბრუნდებოდა. რაკი პირდაპირი მოლაპარაკება ამის თაობაზე «დიადი იმპერიისთვის» დამამცირებელი ჩანდა, რუსეთმა ევროკავშირი გამოიყენა: ევროპელები დაჟინებით მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისაგან გაეხსნა გზა წინაპირობების გარეშე, ესე იგი არ დაეკავშირებინა ეს საკითხი ემბარგოს მოხსნასთან.
        ღოგორც ჩანს, ქვეყნის ხელისუფლებაში საბოლოოდ პრაგმატულმა მიდგომამ გაიმარჯვა: ჯერ ერთი, თუ კოკოითი გაებდავს თრუსოს ხეობისა და მლეთის მიმართულებით რაიმე ნაბიჯების გადადგმას და პროვოკაციების მოწყობას, მოძრაობა დაუყოვნებლივ შეწყდება. მეორეს მხრივ კი, «მომრიგებელი» ევროკავშირი შეგვპირდა, რომ სანაცვლოდ იგი დააჩქარებს საქართველოსთან «თავისუფალი ვაჭრობის» შესახებ შეთანხმების გაფორმებას, რაც ეკონომიკური თვალსაზრისით ბევრად უფრო მომგებიანია, ვიდრე გაუთავებელი აყალ-მაყალი რუსეთის მთავარ სანიტარ გენადი ონიშჩენკოსთან – ბორჯომში მის მიერ «აღმოჩენილი» შხამების თაობაზე.

2010