საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ივნისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 ივნისი. 2023 წელი

რესპექტაბელური გერმანული გამოცემა Bild აქვეყნებს NATO-ს გეგმას რუსეთთან ომის შემთხვევისთვის.

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ პრესაში ეს `გაჟონვა` მიზანდასახულადაა განხორციელებული, რათა მოსკოვი გააფრთხილონ.

არაფერი განსაკუთრებით საიდუმლო ამ გეგმაში არ არის.

თითქმის 5 ათას გვერდიანი (!!!) დოკუმენტის თანახმად, თუ რუსეთთან ომი დაიწყო, გერმანული არმია დაიცავს ლიტვას; ბრიტანული - ესტონეთს; კანადა - ლატვიას. აქ იგულისხმება `ცოცხალი ძალა` და სამხედრო ტექნიკა.

სწორედ ამ ქვეყნების კონტინგენტია  განლაგებული შესაბამის ბალტიურ სახელმწიფოებში. ბუნებრივია, ავიაცია, მათ შორის სტრატეგიული ავიაცია 80%-ით იქნება ამერიკული.

გეგმით გათვალისწინებულია, რომ NATO - რუსეთის ომის შემთხვევაში, გერმანულ ქალაქ ვისბადენში გაიხსნება ალიანსის სახმელეთო ჯარების მართვის მეორე შტაბი; პირველი მდებარეობს თურქეთის ქალაქ იზმირში.

რაც შეეხება გერმანულ რამშტეინს, ეს საავიაციო ბაზაა და იქ განლაგებულია საავიაციო ფრთის შტაბი; სახმელეთო ჯარების შტაბი სხვაა.

თავისთავად საინტერესო ფაქტია, რომ ამჟამად NATO-ს სახმელეთო ჯარების შტაბი მხოლოდ  თურქეთშია - იზმირში.

თურქეთი ალიანსისთვის ძალზე ღირებული მოკავშირეა.

გეგმით იგულისხმება NATO-ს 300 000 იანი სახმელეთო კონტინგენტის `განშლა` ფლანგებზე.

თუმცა ამ გეგმის ანალიზისას უნდა გვახსოვდეს, რომ NATO-რუსეთის ომის დროს მთავარ სამხედრო ფუნქციას შეასრულებენ არა სახმელეთო ჯარები არამედ

ა) ავიაცია;

ბ) საშუალო სიშორის, მათ შორის უპირველესად საზღვაო ბაზირების ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები

გ) ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემები

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რა შემთხვევაში  დაიწყება ომი NATO-სა და რუსეთს შორის.

ეს ოფციები ალიანსმა ჯერ კიდევ 2022 წელს ჩამოაყალიბა და არათუ მედიაში `გაჟონა`, არამედ ოფიციალურად გამოაქვეყნა კიდეც!

ა) თუ რუსეთი უკრაინაში გამოიყენებს ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს, NATO ჩვეულებრივი იარაღით `დაარტყამს` რუსულ არმიას უკრაინის ტერიტორიაზე (!)

ბ) თუ რუსეთი უკრაინაში გამოიყენებს დიდი სიმძლავრის ბირთვულ იარაღს, მაშინ NATO დაარტყამს ჩვეულებრივი იარაღით რუსეთის სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე!

გ) თუ რუსეთი ნებისმიერი ფორმით შეუტევს ალიანსის წევრ რომელიმე სახელმწიფოს, დაიწყება NATO-რუსეთის ომი ჩვეულებრივი, კონვენციური, არაბირთვული იარაღით.

დ) თუ რუსეთი გამოიყენებს ნებისმიერი სახეობის ბირთვულ იარაღს ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრის წინააღმდეგ, დაიწყება სრულმასშტაბური ბირთვული ომი.

 

ამაზე მკაფიოდ ჩამოყალიბება თეორიულადაც არ შეიძლება.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკამ უკრაინას უკვე გადასცა კასეტური იარაღი!

ანუ ვაშინგტონში რომ ვითომ დიდი დისკუსია და სჯა-ბაასი იყო გამართული, მიეწოდებინათ თუ არა ეს იარაღი უკრაინის არმიისათვის, რეალურად კლასტერული ჭურვები უკვე უკრაინაში იყო და უახლოეს მომავალში იქნება კიდეც გამოყენებული ფრონტის ხაზზე.

ეს ზოგადად ამერიკული და დასავლური ტაქტიკაა: განცხადებებს ამა თუ იმ იარაღის მიწოდების შესახებ აკეთებენ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ეს იარაღი უკვე `ადგილზეა`, რათა რუსეთმა პრევენციული ზომები არ მიიღოს.

კლასტერული ჭურვები უკრაინამ მიიღო იმ $800 მილიონიანი  სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში, რაც 7 ივლისს დამტკიცდა.

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ რაკი რუსეთმა `უკვე გამოიყენა კასეტური იარაღი` უკრაინის ტერიტორიაზე, უკრაინასაც უნდა ჰქონდეს ამ იარაღის გამოყენების საშუალება.

იგულისხმება რუსული არმიის მიერ შარშან ხარკოვის საცხოვრებელი კორპუსების (!) დაბომბვა ამ იარაღით.

საინტერესოა, რომ ოფიციალური ცნობით, `კლასტერული იარაღი` უკრაინას მიაწოდა არა მხოლოდ ამერიკამ, არამედ `სხვა ქვეყნებმაც`.

რომელმა ქვეყნებმა - არ კონკრეტდება. თუმცა ევროპაში ეს იარაღი აკრძალულია და......

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლური სანქციები რუსეთის მიმართ ასე თუ ისე, `ღრჭიალით, ტაატით, თუმცა....მაინც მუშაობს.

ამის მაგალითია 2023 წელს რუსული ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირება.

თუ შარშან რუსეთმა ნავთობის ექსპორტით 120 მილიარდი დოლარი მიიღო პირველი 6 თვის მანძილზე, 2023 წელს იანვრიდან - ივნისამდე მხოლოდ 77 მილიარდი დოლარი.

ამ შემცირების მიზეზი ნავთობზე ფასის კლება ვერ იქნებოდა. მართალია ნავთობი (მით უმეტეს რუსული Urals მარკის ნავთობი) გაიაფდა, თუმცა ეს ვერ გახდებოდა თითქმის 50%-ით ვარდნის მიზეზი.

რეალური მიზეზი ის არის (ვიმეორებ), რომ სანქციები მუშაობს! - მოსკოვი ვეღარ ყიდის ნავთობს იმ  ფიქსირებულ ფასზე ძვირად, რაც დასავლეთმა დაუწესა;

მართალია რუსულ ნავთობს კვლავაც ყიდულობენ ჩინეთი და ინდოეთი, ასევე აფრიკის, აზიის თუ ლათინური ამერიკის სხვა სახელმწიფოები, მაგრამ.... ისინი ბევრად ნაკლებს იხდიან რუსულ ნავთობში, ვიდრე ევროპა და ამერიკა იხდიდა ომამდე.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო დეტალები ირკვევა პრიგოჟინ-პუტინის გარიგების თაობაზე, რის გამოც პრიგოჟინმა შეწყვიტა პუტჩი და ფაქტიურად დაშალა `კერძო სამხედრო კომპანია` `ვაგნერი`.

თურმე პუტინი მას დაჰპირდა (და ეს დაპირება შეასრულა), რომ ამ ოლიგარქის სხვა კომპანიები, რომლებიც არ იყვნენ დაკავშირებულნი სამხედრო საქმესთან, ჩვეულებრივ გააგრძელებენ მუშაობას. მათ შორის სამშენებლო კომპანია, საზოგადოებრივი კვების კომპანია, რომელიც მოსკოვში სკოლებს ამარაგებდა ბავშვების კვებით და ა.შ.

განა პუტინი სხვა ოლიგარქებს ვერ იპოვიდა, რათა მოსკოვის სკოლები კვებით მოემარაგებინა? მაგრამ ეს პუტჩის შეწყვეტის პირობა იყო!

შესაბამისად, პრიგოჟინი არათუ რჩება მილიარდერად, არამედ უკვე პუტჩის შემდეგ მილიარდი რუბლის შემოსავალი მიიღეს მისმა `არასამხედრო` კომპანიებმა. და.....ახალი მრავალმილიარდიანი კონტრაქტებიც კი გააფორმეს!!!

პრეზიდენტ ბაიდენს ვილნიუსში კითხეს: პრიგოჟინზე რას იტყვიო და.....`მის ადგილას დავუკვირდებოდი, რას ვჭამო` - ასე უპასუხა.

კარგი რჩევაა ღმერთმანი.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ინდოეთი და ჩინეთი მთვარეზე ექსპედიციისთვის ემზადებიან და უფრო ერთმანეთს ეჯიბრებიან ვიდრე ამერიკას ან რუსეთს.

ეს 4 ქვეყანაა მხოლოდ იმ მცირერიცხოვანი კლუბის წევრი, რომლებსაც შესწევთ უნარი დედამიწის მიღმა ხელოვნური თანამგზავრების შექმნისა. ინდოეთმა მთვარის ხელოვნური თანამგზავრი უკვე შექმნა და (ძალიან საყურადღებო ნიუანსია) სულ $74 მილიონი დაუჯდა. მაშინ როდესაც ჰოლივუდს დაუჯდა $100 მილიონი კოსმოსური თრილერის Gravity გადაღება.

კი, ნამდვილად შესანიშნავი ფილმია სანდრა ბალოკისა და ჯორჯ კლუნის მონაწილეობით, თუმცაღა....... მხოლოდ ფილმია არა? მაშასადამე, სიიაფე ინდოეთისა და ჩინეთის ერთ-ერთი უპირატესობა ხდება მთვარისკენ რბოლისას.

ამჟამად სწორედ ეს რბოლა მიმდინარეობს: ამერიკაც, ინდოეთიც და ჩინეთიც ცდილობენ ახალ ეპოქაში გაიმეორონ ამერიკის 1969 წლის ტექნოლოგიური გმირობა, როდესაც ასტრონავტები დასვეს მთვარეზე.

თუ ინდოეთმა ან ჩინეთმა ეს მოახერხეს, ამერიკას, თავისი ექსკლუზიურობის დასადასტურებლად აუცილებლად მოუწევს მარსზე (!) ადამიანის გაგზავნა.

საკითხავი ისაა, ამას ამერიკის აერონავტიკის სააგენტო NASA შეძლებს თუ გენიალური ილონ მასკი.

რაც შეეხება ჩინეთს, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე დააკონკრეტა, რომ `პირველი ჩინელი მთვარის ზედაპირზე ფეხს დადგამს 2030 წლამდე`.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობამ გამოაქვეყნა საინტერესო დოკუმენტი, რომელიც ითვალისწინებს გერმანიის ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებას.

კანცლერმა ოლაფ შოლცმა პირდაპირ თქვა, რომ ჩინეთთან კავშირების გაწყვეტას გერმანია არ აპირებს, თუმცა კრიტიკულ სექტორებში ჩინეთზე დამოკიდებულებას კი აუცილებლად შეამცირებს.

პირველ რიგში დასახელებულია დამოკიდებულება სამედიცინო აპარატურის, ფარმაცევტულ და ლითიუმის ბატარეათა სექტორში.

ლითიუმის ბატარეები საკვანძო თემაა ჰიბრიდულ ან ელექტრო-ავტომობილების კლასტერში.

ოღონდ შოლცს, როგორც ყოველთვის არ დაუკონკრეტებია (ეს გერმანული სტილია), რომ ლითიუმის ბატარეებში ჩინეთზე დამოკიდებულება სინამდვილეში იმით კი არ არის გამოწვეული, თითქოს გერმანიის გენიალურ ქიმიურ მრეწველობას არ შეუძლია ამ ბატარეების წარმოება, არამედ ეკოლოგიური მოსაზრებებით: საყოველთაოდ ცნობილია, რამდენად ძლიერია `მწვანეთა მოძრაობა` გერმანიაში. დღეს მწვანეთა პარტია სამთავრობო კოალიციის წევრია. ყველა ატომური ელექტროსადგური დაახურინეს მთავრობას და რუსეთის გაზზე დამოკიდებულნი დარჩნენ საფრანგეთისა და ინგლისისგან განსხვავებით, სადაც კვლავ აქტიურად ავიტარებენ ბირთვულ ენერგეტიკას.

შესაბამისად, `ლითიუმ-დამოკიდებულების` შემცირება გერმანიას მხოლოდ იმ შემთხვევაში  შეეძლება, თუ სხვა ქვეყანას იპოვის, სადაც ჩინეთივით დახუჭავენ თვალს ამ ეკოლოგიურ რისკებზე.

აქვე უნდა ითქვას, რომ ლითიუმი ნამდვილად ძალიან სახიფათო ნივთიერებაა. წიაღში ან წყალში მისი მოხვედრა კატასტროფაა.

იაპონიაში მილიარდობით დოლარი იხარჯება ყოველწლიურად ლითიუმის ბატარეათა უტილიზაციისათვის სპეციალურ ქარხნებში.