პარლამენტში სიტუაციური უმრავლესობა იარსებებს

პარლამენტში სიტუაციური უმრავლესობა იარსებებს

      

        გუშინ ედუარდ შევარდნაძემ დაადასტურა, რომ კვირა საღამოს ზურაბ ჟვანიას შეხვდა სახელმწიფო კანცელარიის შენობაში. საუბრის დეტალები უცნობია, მაგრამ ის ფრაზაც კი, რაც პრეზიდენტმა თქვა პრესკონფერენციაზე ამ შეხვედრის კომენტირებისას, ერთმნიშვნელოვნად ნათელყოფს: ხმები ჟვანიას პოლიტიკური გარდაცვალების შესახებ ერთობ გადაჭარბებულია.
        შევარდნაძემ ზუსტად მიაგნო ამჟამინდელი ვითარების უმთავრეს «მტკივნეულ კვანძს», ახალი პოლიტიკური ბალანსი პარლამენტში ვერ შეიქმნება «ჟვანიას გუნდის» ინტერესთა სრული იგნორირებით. რა თქმა უნდა, პრეზიდენტს აღარ ეყოლება «ძველი უმრავლესობა», მაგრამ მას (კლასიკური გაგებით) აღარც «ახალი პოლიტიკური დასაყრდენი» ექნება საკანონმდებლო ორგანოში. პრინციპში, ამგვარი მუდმივი საყრდენი, მუდმივი უმრავლესობა მას არც სჭირდება, მით უმეტეს, რომ ეს ფენომენი, დადებითთან ერთად, ზოგიერთი უარყოფითი ტენდენციისა და ელემენტის შემცველიცაა.
        ამდენად, უფრო სავარაუდოა, პრეზიდენტმა პარლამენტთან «ინტერესთა თანხვედრის» ტექნოლოგიით იმუშაოს, როდესაც უმრავლესობა შეიქმნება ყოველ ცალკეულ საკითხთან დაკავშირებით. ფუჭი იქნებოდა მექანიკური დასკვნა, თითქოს ედუარდ შევარდნაძე უარს აბმობს ძველ უმრავლესობაზე, რათა დაეყრდნოს ახალ (ასლან აბაშიძის) უმრავლესობას.
        ჯერ ერთი, ეს სწორედ ასლან აბაშიძის კოალიციაა და, განვითარებულ მოვლენათა მიუხედავდა, სულაც არ არის (ჯერჯერობით) უმრავლესობა. რჩეულიშვილისა და ასათიანის პარტიებზეც «აჭარელი ლომის» კონტროლი აბსოლუტური არ არის, ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძე ვერ აკონტროლებდა სრულად «ჟვანიას გუნდს» პარლამენტში.
        გარდა ამისა, საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტისთვის ესოდენ სწორხაზოვანი მოქმედება საერთოდ არ არის დამახასიათებელი. თუ ვინმეს გამოეპარა, აქვე შეიძლება ითქვას, რომ გასულ კვირას დაწყებული კრიზისი ედუარდ შევარდნაძემ დიდოსტატურად გამოიყენა ზოგიერთი მისთვის უაღრესად საიჭრო და სასარგებლო პროცესის ინიცირებისათვის. მაგალითად, მხოლოდ «მინისტრთა კაბინეტის» თემის აქტუალიზება რად ღირს.
        საეჭვოა, მიმდინარე მოვლენები, რაღაც უფრო სერიოზულში გადაიზარდოს - სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი არსებობს, მაგრამ არ არსებობს კრიზისი ისტებლიშმენტსა და პრეზიდენტს შორის ურთიერთობებში. დღევანდელ ვითარებაში (მით უმეტეს, საქართველოს თავისებურებათა გათვალისწინებით) ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
        ათი წლის წინათ პირიქით იყო: სოციალური პრობლემატიკა, საერთოდ არ ფიგურირებდა, მაგრამ არსებობდა უმწვავესი კონფლიქტი პრეზიდენტსა და ისტებლიშმენტს შორის. შედეგი ყველასათვის ცნობილია. ამდენად, ძნელი დასაჯერებელია, ამჟამად ქვეყანაში არსებობდეს რესურსი მორიგი გადატრიალებისთვის იმ აზრითაც კი, თუ იგულისხმება «ხავერდოვანი გადატრიალება».
        რაც შეეხება ძალთა გადანაწილებას, ყველაფერი კვლავინდებურად ბურუსითაა მოცული. პარლამენტის კულუარებში ისეთი ამბავი ტრიალებს, «დედა შვილს არ აიყვანს ხელში». გამოიკვეთა ნინო ბურჯანაძის კანდიდატურა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე, რომელიც შესაძლოა, კომპრომისული აღმოჩნდეს ყოფილი საპარლამენტო უმცირესობისთვისაც კი, რაკი ეს უკანასკნელნი ვერასდროს შეთანხმდებიან თავიანთ კანდიდატზე. ანალიტიკოსთა უმეტესობა მაინც იმ აზრს იზიარებს, რომ «აღორძინების ბლოკს» და მთლიაანდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც «ოპოზიციად» მოიაზრებოდნენ, გაცილებით მეტი შანსი აქვთ დაიკავონ პრემიერის და საკვანძო მინისტრების თანადმებობები, თუმცა, ასი პროცენტით გადაწყვეტილი ესეც არ არის - კვანძი პარლამენტში, «მინისტრთა კაბინეტთან» დაკავშირებით, ბობოქარი დებატებისას გაიხსნება.

დილის გაზეთი, 6 ნოემბერი, 2001 წელი