ადგილობრივი არჩევნები სკანდალური იქნება    

ადგილობრივი არჩევნები სკანდალური იქნება    

 

    15 ნოემბრის მოახლოება ქვეყანაში თანდათან ძაბავს პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ისედაც უაღრესად დაძაბულია ეკონომიკური სირთულეების, ხელფასებისა და პენსიების დაგვიანების, ბიუჯეტის შეუსრულებლობის გამო.
    კატასტროფული ვითარებაა არმიაში, შინაგან ჯარში, საზღვრის დაცვის დეპარტამენტში და ა.შ. ასეთ სიტუაციაში ჩატარებული არჩევნები (თუნდაც ლოკალური) კარგს არაფერს უქადის მმართველ პარტიას; თუმცა, ზურაბ ჟვანიას უკანასკნელი პრესკონფერენცია გვაფიქრებინებს, რომ მას ფარხმალი მაინც არ დაუყრია და ჯერ კიდევ იბრძვის
    ბუნებრივია, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამარცხება ფარდობითი მცნებაა, ვინაიდან ეს არჩევნები (მისი სპეციფიკიდან გამომდინარე) მაინც ვერ ასახავს მთელი ელექტორალური მასის განწყობას სრულიად საქართველოს მასშტაბით.
    ზურაბ ჟვანიას თქმით, მთავარი პრობლემა ამჯერად არჩევნების ნორმალურად ჩატარებაა. როგორც ჩანს, იგულისხმება მისი ნაკლებად სკანდალურობა, რაც, იმთავითვე უნდა ითქვას, სრულებით მიუღწეველია.
    ხელისუფლებამ უკვე არასწორი სტრატეგია აირჩია, - იგი ცდილობს დაარწმუნოს ოპოზიცია, რომ არჩევნები პატიოსანი იქნება, არავინ არავის მოახვევს თავს საკუთარ ნებას, ელექტორატი თავისუფლად გამოხატავს თავის აზრს, ხმას მისცემს სასურველ კანდიდატებს და ა.შ.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, ხელისუფლება პირობას დებს, რომ არ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ბერკეტებს არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების მოსახდენად, მაგრამ გააჩნია აქ რა იგულისხმება, - თუ იგულისხმება უშუალო ზეწოლა, შედეგთა პირდაპირი გაყალბება - ეს ერთია, მაგრამ თუ იგულისხმება გავლენის გამოუყენებლობა - უკვე მეორე.
    «მოქალაქეთა კავშირმა» თუ გავლენა არ გამოიყენა «ადგილებზე» იმ ბერკეტების ჩათვლით, რომელთაც «აღმასრულებელი ხელისუფლების» კონტროლი ანიჭებს, - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ზეგავლენის ისეთივე ბერკეტებს სხვა პარტიები არ გამოიყენებენ. ერთხელ უკვე ითქვა (არც თუ უსაფუძვლოდ), რომ არავითარი დემოკრატიული არჩევნები, ჭეშმარიტი გაგებით, საქართველოში არ ჩატარებულა, არ ტარდება და არც ჩატარდება უახლოეს მომავალში, ვინაიდან ელექტორალური მასის უდიდეს ნაწილს (მცირე პროცენტის გამოკლებით) არა აქვს უნარი, რაციონალური არჩევანი გააკეთოს და მიიღოს გადაწყვეტილება, გამომდინარე ნათლად გაცნობიერებული ინტერესებიდან.
    ხოლო «წინააღმდეგ» ხმის მიცემა ჯერ კიდევ არ ნიშნავს გაცნობიერებულ არჩევანს
    მიუხედავად ამისა, ზურაბ ჟვანიას სახით ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს «საარჩევნო ტაქტიკის» დაცვას. პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ იგი აპირებდა დამკვირვებლად მოეწვია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია და შესაბამისი თხოვნითაც მიმართა ქალბატონ ლენი ფიშერს (ამ ასამბლეის სპიკერს), მაგრამ თავაზიანი უარი მიიღო, რაც სრულიად მოსალოდნელი იყო: ლოკალური არჩევნები, ნებისმიერ სახელმწიფოში, არ არის ისეთი რანგის მოვლენა, რომ ევროპულმა ორგანიზაციებმა დამკვირვებლები გამოაგზავნონ.
    მით უმეტეს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ - ერთ-ერთმა ყველაზე უფრო პრესტიჟულმა ორგანიზაციამ ჩვენს კონტინენტზე! ევროპელებს არ ძალუძთ გაიგონ, რომ ამ არჩევნებს საქართველოსათვის სრულებით განსაკუთრებული ფსიქოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ხოლო განწყობა, რომელსაც მათი შედეგი შექმნის საზოგადოებაში, მნიშვნელოვნად განაპირობებს მომავალი წლის, «დიდი არჩევნების» შედეგებსაც.
    მეორეს მხრივ, როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს «ლოკალური არჩევნები», თუ მათი რეზულტატი ოპოზიციას არ დააკმაყოფილებს, უეჭველად შეიქმნება სერიოზული პრობლემები. არჩევნებზე დამკვირვებელთა დაუსწრებლობა მხოლოდ გაამძაფრებს ნეგატიურ რეაქციას. ალბათ, ამით აიხსნება ჟვანიას შეშფოთება.
    რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, რაც უფრო მეტი უცხოელი დამკვირვებელი დაესწრება არჩევნებს - მით უკეთესი ხელისუფლებისათვის, ვინაიდან ასეთ არჩევნებში უხეში გაყალბება არასდროს ხდება, ხოლო ზემოქმედების სხვა ბერკეტთა გამოყენება ნებისმიერი დამკვირვებლებისათვის დაფარულია.
    მეორე პრობლემა, რომელსაც შეეხო პარლამენტის თავმჯდომარე, იყო თვით საარჩევნო კამპანიის შინაარსი. მისი თქმით, «მოქალაქეთა კავშირი» არ აპირებს მიმართოს მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციას, რათა ამით ქულები დაიწეროს. იგულისხმება, რომ ოპოზიციური პარტიები სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ, რათა გამარჯვება მოიპოვონ.
    თუმცა, ამგვარი ხერხების გამოყენებაზე საჯაროდ უარის თქმა უკვე იმთავითვე ისეთი პოზიციაა, რომელიც მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
    პოლიტიკური ტექნოლოგიის შესაბამისად ჟვანიას ტაქტიკა სწორედ ამაში მდგომარეობს - თუ ხელისუფლებამ მოახერხა «ამაღლდეს» ასეთ მეთოდებსა და ხერხებზე, იგი უკვე ამით მოიპოვებს ქულებს ამომრჩევლის თვალში და დაადასტურებს თავის ძლევამოსილებას.
    დამკვირვებლები საქართველოში «ადგილობრივი თვითმმართველობის» არჩევნებს მაინც დაესწრებიან და ისინი საშინელების მოწმენი გახდებიან.
    როგორც არ უნდა ეცადოს ჟვანია, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება, ექსცესების თავიდან აცილება ამ არჩევნებისას არ მოხერხდება. მით უმეტეს, თუ ჩვენს რეალურ პოლიტიკურ კულტურას გავითვალისწინებთ. ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში მაინც იქნება გაწევ - გამოწევა, ცემა-ტყეპა, ლანძღვა-გინება და ერთი ვაი-უშველებელი.
    ქვეყანას, ალბათ, ისღა დარჩენია, უყუროს ამ საცირკო სანახაობას, რომელშიც, სხვათა შორის, სერიოზული როლის შემსრულებელი ანუ «მამა აბრამის ბატკანი» არ იქნება.
    ტყუილად ჰგონია თუნდაც იმავე ოპოზიციას, რომ იგი შეასრულებს ასეთ როლს.
    «ადგილებზე» სხვადასხვა ძალებს შორის გააფთრებული ვაჭრობა მიმდინარეობს. თითქოს არც ერთი მათგანი არ იტყოდა უარს ხელისუფლებასთან ალიანსზე. გააჩნია რა პირობებით და რა ვადით.
    დროის ტეხილი კი უკვე განსაზღვრულია, - 1999 წლის ოქტომბერი, როდესაც მოსახლეობამ ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს.
    რაც შეეხება ხელისფლებას, მას პანიკა ჯერჯერობით მაინც არ ეტყობა. ჟვანიამ, «მოქალაქეთა კავშირის» ახალგაზრდული გუნდის სახელით მასმედიას დახმარება სთხოვა და მოუწოდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ პროცესში აქტიურად ჩაერთონ.
    არ არის გამორიცხული, მოქალაქეთა კავშირმა» არც თუ უსაფუძვლოდ, ფინანსთა მინისტრს დააკისროს მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა. პენსიებისა და ხელფასების გაუცემლობა, ისევე, როგორც ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვა (უკვე მეორედ, 1997 წლის შემდეგ), სწორედ ფინანსთა სამინისტროს კისერზეა.
    ბიუჯეტის დაგეგმარება კი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა ხდება. მათ შორის, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობისათვის, რომლებიც სულ უფრო ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს «რეფორმატორულ გუნდს» და უკვე დაუფარავად აცხადებენ, რომ ამ გუნდში ერთიანობა არ არის.

მერიდიანი, 14 ოქტომბერი, 1998 წ.