საქართველოში გავლენა პოპულარობაზე მნიშვნელოვანია

საქართველოში გავლენა პოპულარობაზე მნიშვნელოვანია


               სოციალურ სამსახურ «გორბის» სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მის მიერ ჩატარებული უკანასკნელი გამოკითხვა, როგორც იტყვიან, «ათიანში გარტყმის» ტოლფასი იყო.
        ეს არ გახლდათ უბრალოდ სატელეფონო გამოკითხვა, რომლის შედეგები ხშირად ემთხვევა რეალობას, მაგრამ მხოლოდ გარკვეულ სოციალურ სეგმენტში. ამის საპირისპიროდ «გავლენის რეიტინგი» არის პირველი სრულფასოვანი ექსპერტული გამოკვლევა, როდესაც პოლიტიკოსთა გავლენას პროფესიონალები აფასებენ.
        ამთავითვე უნდა ითქვას, რომ საქართველოში პოლიტიკოსის გავლენა შესაძლოა, არ აისახებოდეს მის პოპულარობაზე, მაგრამ უეჭველად აისახება (სხვადასხვა მექანიზმით) არჩევნების შედეგზე და (ეს ყველაზე მნიშვნელოვანია) ქვეყანაში პროცესთა განვითარებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტად ზემოქმედებს რეიტინგზეც, პოპულარობაზეც და არჩევნებზეც.
        «ყველაზე გავლენიანი» ფიგურა არ ნიშნავს ყველაზე პოპულარულს, მაგრამ აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქვეყნის პრეზიდენტობისათვის (ანუ რეალური ხელისუფლებისთვის) ის პოლიტიკოსები იბრძოლებენ, ვისაც ყველაზე ნაკლები «ლიუფტი» ექნება პოპულარობასა და გავლენას შორის. ასეთი კი, სოციოლოგიური «გავლენის რეიტინგში» რამდენიმე მოღვაწეა.
        პრეზიდენტმა შევარდნაძემ დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი. იგი მართლაც ყველაზე გავლენიანი ფიგურაა დღევანდელ საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, როდესაც პრეზიდენტმა ურთულესი პარტია მოიგო. უკლებლივ ყველა მაჩვენებლით, როლმითაც განისაზღვრებოდა რეიტინგი, მოქმედი პრეზიდენტი შეუდარებელი ფიგურაა, მაგრამ სახელისუფლებო ბერკეტების ფლობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რეალურ გავლენას. შევარდნაძის ერთ-ერთი თვისება მისი, ასე ვთქვათ, სუვერენიტეტის განუყოფლობაა. იგი სწორედ იმით განსხვავდება, ვთქვათ, ბორის ელცინისაგან, რომ სანამ ხელისუფალი იქნება, მანამდე ძალაუფლება ექნება. ესე იგი, არ დაუშვებს ფორმალურ («გუდურა») პრეზიდენტად ქცევას.
        საინტერესოა ზურაბ ჟვანიას მეორე ადგილი - ეს პოზიცია, ფაქტობროივად, არ შეცვლილა მისი გადადგომის შემდეგ, რაც თავის მხრივ, ერთდროულად რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული: უპირველესად, ნინო ბურჯანაძის (ჟვანიას პროტეჟეს) გასვლით გათავისუფლებულ პოსტზე, აგრეთვე პარტიაში ბოლოდროინდელი «ბუნტის» ჩანასახშივე ჩახოშობით და პოლიტიკური ორგანიზაციის შენარჩუნებით.
        ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, პერსპექტივის გათვალისწინებით. მოქალაქეთა კავშირი კვლავინდებურად რჩება ერთადერთ სრულფასოვან პოლიტიკურ სტრუქტურად (პარტიად) საქართველოში, რეგიონული ორგანიზაციებითა და ჩამოყალიბებული იერარქიით.
        ნინო ბურჯანაძის პოზიცია მისი თანამდებობით (თავისთავად, ქვეყანაში მნიშვნელობით მეორე პოსტით) განისაზღვრება. თუმცა, გენერალური პროკურატურის მოადგილეობასთან დაკავშირებით, მან უმძიმესი (თითქმის გამოუსწორებელი) შეცდომა დაუშვა. ექსპერტული გამოკვლევის ავტორებისადმი ღრმა პატივისცემის მიუხედავად, პირადად მე (როგორც ექსპერტი) ნინო ბურჯანაძის მესამე ადგილს ეჭვქვეშ დავაყენებდი, ვინაიდან ამჟამინდელი პარლამენტი, მისი შემადგენლობის გათვალისწინებით, მთლიანად უმართავია და თითქმის არ ექვემდებარება კონტროლს. ყოველ შემთხვევაში, ამ თვალსაზრისით, ასლან აბაშიძის შესაძლებლობები (შევარდნაძესა და ჟვანიაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) გაცილებით თვალსაჩინოა. პარლამენტს გარეთ კი ნინო ბურჯანაძის გავლენა (წინამორბედისგან განსხვავებით), ჯერჯერობით, ბევრად დაბალია, ვიდრე სახალხო დამცველ ნანა დევდარიანისა.
        მიხეილ სააკაშვილის «გავლენის რეიტინგი» სწორედ მისი პოპულარობის რეიტინგიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, სააკაშვილს «კედლის დამანგრევლის» იმიჯი აქვს, რაც ასევე აშინებს ბიუროკრატიას. ეს სოციალური სეგმენტი კი (პასიურად თუ აქტიურად), ბევრ რამეს განსაზღვრავს. აბსოლუტურად ბუნებრივი და სამართლიანია ბადრი პატარკაციშვილის პოზიცია - იმ ძალზე ჭკვიანური «ინვესტიციების» («მხოლოდ ფინანსებს არ ვგულისმხობ) შემდეგ, რაც მან განახორციელა საქართველოში.
        პატარკაციშვილი სრულებით ახალი მოვლენაა საქართველოსთვის. გარკვეული აზრით, ეს არის «დამოკლეს მახვილი» მთლიანად ქართული პოლიტიკის, ანუ პოლიტოკრატიის თავზე და მისი რაობის უკანასკნელი გამოცდა.
        პატარკაციშვილის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება მას შემდე, რაც საქართველოში ნორმალური პოლიტტექნოლოგიები ამუშავდება, - ადმინისტრაციული რესურსის ნაცვლად.

დილის გაზეთი, 27 დეკემბერი, 2001 წ.