ფუკუიამას თეორიის სწორი გაგებისთვის.
სტენფორდის პროფესორის, ფრენსის ფუკუიამას წიგნი „ისტორიის დასასრული და უკანასკნელი ადამიანი“ (1992) ალბათ პოსტკომუნისტური ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტექსტია.
სხვათა შორის, არ არის იოლი წასაკითხი და აღსაქმელი ტექსტი. ჩემი აზრით და გემოვნებით, ავტორმა მეტისმეტად გაართულა და გაარღმავა „საზრისული აპარატი“ თუ დისკურსი მაშინ, როცა ამის განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობდა.
შესაბამისად მკითხველთა დიდ ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება (ანუ ტექსტიდან ის აზრი გამოიტანა), თითქოს ფუკუიამა გვეუბნება, რომ კომუნიზმის დამარცხებით და ლიბერალური დემოკრატიის (როგორც მმართველობის ფორმისა თუ „წყობის“) გამარჯვებით ისტორია დასრულა პლანეტაზე და.....კი მაგრამ, აბა აქტუალური ომები? აბა ახლა უკრაინაში რუსეთის შეჭრა? აბა მარადი ომი იერუსალიმისთვის?..... აბა...აბა....რომელ „ისტორიის დასრულებაზეა“ ლაპარაკი?
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამგვარი ინტერპრეტაციის „სასხლეტს“ ავტორი თავადაც ქმნის.
არადა მისი დედა-აზრი ანუ „მეგა-იდეა“ სულაც არ გულისხმობს ამ აზრით „ისტორიის დასრულებას“ და სჯობდა ეს აზრი უკეთ ჩამოეყალიბებინა.
სინამდვილეში ფუკუიამა თავისი ნაშრომით გვეუბნება, რომ ლიბერალური დემოკრატია არის...... პირველი და უკანასკნელი (!)......„წყობა“, რომელიც ადამიანს, პიროვნებას თვითაქტუალიზების (!) საშუალებას აძლევს დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობით, მათ შორის (თუმცა არა მხოლოდ) ა რ ჩ ე ვ ნ ე ბ ი თ, - ხელისუფლებებზე ზეგავლენის უნარით და შესაძლებლობით.
განა სხვა რომელი „წყობა“ აძლევდა ადამიანს/პიროვნებას ამის საშუალებას კაცობრიობის ისტორიაში?
მონას - მონათმფლობელობაში?
ყმას - ფეოდალიზმში?
მუშას, გლეხს და ე.წ. ინტელიგენტს - კომუნიზმში?
არადა ფუკუიამა გვეუბნება..... და გვეუბნება აბსოლუტურად სწორად, რომ ადამიანის იმმანენტური ბუნებიდან გამომდინარე, მას აუცილებლად სჭირდება სოციალური და პიროვნული თვითაქტუალიზება.
სხვაგვარად იგი ადამიანი უბრალოდ არ არის. პირუტყვია.
ეს არის და ეს ფუკუიამას მთელი ფილოსოფია..... რამდენადაც მარტივია, იმდენად გენიალური დასკვნაა და....აბსოლუტურად „წყალი არ გაუვა“ ერთი ქართული გამონათქვემისებრ.
ხოლო თუ მის „საზრისულ წრფეს“ გავაგრძელებთ ლოგიკურად.....ლი ქუან იუსა და დენ სიაპინის მახინჯი მოდელი, რომელიც ლიბერალური ეკონომიკის „შეჯვარებას“ გულისხმობს ანტიდემოკრატიულ სახელმწიფო ტოტალიტარიზმთან, ადრე თუ გვიან (თუნდაც 1000 წლის შემდეგ იყოს) აუცილებლად დაემხობა, რაკი პიროვნების თვითაქტუალიზების, მაშასადამე დ ე მ ო კ რ ა ტ ი ი ს გარეშე ვერ „იმუშავებს“ ისტორიულად.
ამის ნიშნები უკვე ჩანს.
ოღონდ......დასავლეთმა როგორმე უნდა მოახერხოს ილონ მასკების მსგავსი გენიალური ვიზიონერების და ტექნოკრატების მორჯულება, რომლებიც საკუთარი მიზნებით, იმ „ნაჯვარს“ კუდს უქიცინებენ.
დათო