ვარდიკო კრავია, მაგრამ თუ გაცხარდა...

ვარდიკო კრავია, მაგრამ თუ გაცხარდა...

 

    საქართველოს თავდაცვის მინისტრის «უცნაური» ვიზიტი ჩეჩნეთში სავსებით სამართლიანად იქნა აღიარებული განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად როგორც საქართველოს, ასევე რუსეთის საინფორმაციო საშუალებათა მიერ.
    ეს დემარში (სწორედ რომ დემარში!) რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს შეიცავს. უპირველეს ყოვლისა, ედუარდ შევარდნაძემ ამით იმის დემონსტრირება მოახდინა, რომ «გადაჭარბებულია» ხმები, თითქოს «პრორუსულად» განწყობილი ნადიბაიძე მას არ ემორჩილება და თავად განსაზღვრავს დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. ეს რომ «მთლად» ასე არ არის, ელემენტარული ლოგიკით დასტურდება: პრეზიდენტის დაუკითხავად, საკუთარი ინიციატივით ან (მით უმეტეს) ედუარდ შევარდნაძის ნების საწინააღმდეგოდ ვარდიკო ნადიბაიძე ასეთ ნაბიჯს არ გადადგამდა.
    მეორე ასპექტი არანაკლებ მნიშვნელოვანია. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს ვიზიტი მოსკოვში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ფორმალურად შეწყვიტა ომი და გაიყვანა ჯარები მეამბოხე რესპუბლიკიდან, «ცივი ომი» რუსეთსა და ჩეჩნეთს შორის ჯერ კიდევ გრძელდება. ამდენად, რუსი პოლიტიკოსები, რომელთაც რასაკვირველია აზრადაც არ მოსვლიათ სინამდვილეში ჩეჩნეთის «დამოუკიდებლობის აღიარება», ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენელთა ყოველ კონტაქტს იჩქერიის ლიდერებთან. მით უფრო, თუ ეს კონტაქტი სამხედრო უწყებათა დონეზე ხორციელდება.
    სარწმუნო წყაროს ცნობით, ვარდიკო ნადიბაიძის მოლაპარაკება ჩეჩნეთთან ძირითადად შეეხო საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე შექმნილ ვითარებას. როგორც ცნობილია, საზღვრის ამ მონაკვეთს (საქართველოს მხრიდან) რუსი მესაზღვრეები აკონტროლებდნენ, რაც არა მხოლოდ ჩეჩნეთის, არამედ საქართველოს ხელმძღვანელობის უკმაყოფილებას იწვევდა. ს
    საქართველოს არაერთგზის პროტესტს რუსეთი არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ეს ზოგადად ახასიათებს კრემლის ბოლოდროინდელ ტაქტიკას საქართველოს მიმართ: რაკი მოსკოვში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ამჟამად არანაირი «ბერკეტები» არა აქვს სიტუაციის შესაცვლელად, მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებენ.
    არადა, ჩეჩნეთისა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ერთობლივი მოქმედებით ძალდაუტანებლად შეუძლიათ გააძევონ რუსი მესაზღვრეები თავიანთი ქვეყნების საზღვრიდან. ჩეჩნეთი დე-ფაქტო დამოუკიდებელი სახელმწიფოა. ეს არის პოლიტიკური რეალობა, რომლის გამოუყენებლობა ნამდვილად არ ივარგებს. სხვა საქმეა, რამდენად შეესაბამება ამოცანას თვით ვარდიკო ნადიბაიძის ფიგურა, მაგრამ ეს უკვე მეორეხარისხოვანი საკითხია. ამგვარი მნიშვნელობის საკითხები ნადიბაიძის დონეზე არ წყდება.
    ვარდიკო ნადიბაიძისა და ასლან მასხადოვის შეხვედრის დროს განიხილეს აფხაზეთის ომში ჩეჩენთა მონაწილეობის საკითხიც. მასხადოვი იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ე.წ. «მთიელ ხალხთა კონფედერაციამ» სრული დისკრედიტაცია განიცადა, ვინაიდან არაფრით დაეხმარა ჩეჩნებს რუსეთის წინააღმდეგ ომის დროს.
    «კონფედერაციის» ლიდერებმა ადიღეველთა ინტერესებს შესწირეს ვაინახთა ინტერესები - ჩეჩენი იუსუფ სოსლანბეკოვის დანიშვნა კონფედერაციის პრეზიდენტად ბევრს არაფერს ცვლის. აღმოსავლეთ და დასავლეთ ჩრდილო კავკასიაში მცხოვრებ ხალხებს შორის უკვე იგრძნობა დაძაბულობა: თუ პირველნი რუსეთის წინააღმდეგ ომს აწარმოებენ, მეორენი მოსკოვთან შეთანხმებას და მისი ინტერესების გათვალისწინებას არჩევენ. ამგვარი ტაქტიკით კარგ შედეგსაც მიაღწიეს აფხაზეთში.
    სტრატეგიული თვალსაზრისით, ვითარება ჩრდილო და სამხრეთ კავკასიაში კვლავინდებურად გაურკვეველია - მრავალი ურთიერთგამომრიცხავი ფაქტორი ეწინააღმდეგება ერთმანეთს და თუ რომელი მათგანი გადასწონის, საქართველოზეც იქნება დამოკიდებული.

მერიდიანი, 18 მარტი, 1997 წ.