საერთაშორისო მიმოხილვა. 8 ნოემბერი. 2021
უკრაინის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, გენერალმა იგორ რომანენკომ უპრეცედენტო განცხადება გააკეთა რუსეთის მიმართ: თუ რუსები თავს დაგვესხმებიან, `სისხლიან აბანოს` მოვუწყობთო. რუსეთი აგრძელებს ძალთა კონცენტრაციას უკრაინის შორიახლოს და როგორც ყოველთვის იცდის......ელის ინციდენტს. ასევე `ცდის`, თუ რა რეაქცია ექნება დასავლეთს.
სერიოზულ რესურსებში ვრცელდება ცნობები, რომ ამერიკამ და ევროპამ, როგორც იქნა, მოხსნეს ყოველგვარი შეზღუდვა უკრაინისათვის ახალი იარაღის მიწოდების თვალსაზრისით და გენერალ რომანენკოს განცხადება ამითაც აიხსნება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კვლავ კატასტროფულად ეცემა ჯო ბაიდენის რეიტინგი. უკვე 40%-მდე და ზოგიერთი კვლევით უფრო ნაკლებიცაა.
ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (პრეზიდენტობის მეორე წელს) 1950-იანი წლებიდან ანუ გენერალ-პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის დროიდან.
რა თქმა უნდა, მთავარი მიზეზი გახდა ავღანეთიდან.......`წამოსვლა` იმ ფორმით, როგორც ეს მოხდა და აქტიურად გააPRა ამერიკის ყველა მტერმა.
თვით ამერიკაშიც არანაკლებ `გაფიარდა`.
ამერიკელებს, ზოგადად, საგარეო პოლიტიკა არ აინტერესებთ. ეს ცნობილია. ოღონდ აქ არის საინტერესო და მნიშვნელოვანი ნიუანსი: ამერიკელებს საგარეო პოლიტიკა არ აინეტრესებთ, რადგან.......აბსოლუტურად დარწმუნებულნი არიან, რომ `იქ` (ანუ მსოფლიოში) ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი ისეა, როგორც ამერიკამ `დაალაგა` და დიად ამერიკას ვერავინ ვერაფერს გაუბედავს. ესე იგი, ამერიკის `ექსკლუზიურობა`, მისი განსაკუთრებულობა, ისედაც ურყევია: ამერიკას ვერავინ უბატონოდ ვერ გასცემს ხმას.
ოღონდ როგორც კი, რაღაც ბზარი ჩნდება ამ წარმოდგენაში (ავღანეთი სწორედ ამგვარი `ბზარი` იყო), ამერიკელებისთვის ეს მტკივნეული ხდება და ბუნებრივია, აისახება პრეზიდენტის რეიტინგებზეც.
თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ესეც არ არის კატასტროფა.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ დემოკრატ ბაიდენის დაბალი რეიტინგი და მეორეს მხრივ კონფლიქტოგენური რესპუბლიკელის, დონალდ ტრამპის ამბიცია, კვლავ იბრძოლოს პრეზიდენტობისთვის, ამერიკას (ანუ ყველა ჩვენგანს, ვისაც ამერიკის იმედი გვაქვს) გვიქადის სერიოზულ, სისტემურ კრიზისს უკვე 2022 წლიდან - 2024 წლამდე, როცა ამერიკაში მორიგი საარჩევნო ციკლი იწყება კონგრესის შუალედური არჩევნებით და შემდეგ გრძელდება საპრეზიდენტო არჩევნებით.
იმიტომ, რომ არც დემოკრატიულ პარტიას, არც რესპუბლიკურ პარტიას არ ჰყავთ ისეთი ფიგურები (ან ბლოკავენ პარტიული სტრუქტურები ამგვარ ლიდერებს), რომლებიც ერთის მხრივ ბაიდენის, მეორეს მხრივ ტრამპის ალტერნატივად იქცევიან თავ-თავიანთ პარტიებში.
ეს საოცარი დეფიციტია სინამდვილეში, რადგან ამერიკაში ორივე პარტიას რეალურად წარმოადგენს უამრავი(!) ახალგაზრდა, განათლებული, ძლიერი სენატორი, გუბერნატორი, კონგრესმენი, რომელთა `გაფიარება `და `პრომოუშენი` იოლად შეიძლება - დახავსებული, აშკარად მოძველებული პარტიული სისტემა რომ არ უშლიდეს ხელს.
აქვე შეგახსენებთ, რომ ამერიკაში ორივე პარტია (დემოკრატიულიც და რესპუბლიკურიც) არ არის კლასიკური პარტიები ევროპული გაგებით. ორივე მათგანი, სინამდვილეში, მემარცხენე-ცენტრისტულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ ძალთა ფართო კოალიციაა.
აქ ბუდობს სწორედ უმთავრესი საფრთხე 2022-2024 წლისათვის: ამერიკა ერთადერთი დემოკრატიაა მსოფლიოში, სადაც ერთის მხრივ მოქმედებს ისეთი საკონსტიტუციო მოდელი, როცა პრეზიდენტს არ შეუძლია პარლამენტის დათხოვნა და იმავდროულად, ამერიკა ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ამ მოდელს სამოქალაქო ომები და გადატრიალებები არ გამოუწვევია.
ლათინური ამერიკის ბევრმა ქვეყანამ სცადა ხელისუფლებათა გამიჯვნის `ამერიკული მოდელის` დამკვიდრება, მაგრამ თითქმის ყველგან სამოქალაქო ომით დასრულდა და/ან სახელმწიფო თუ სამხედრო გადატრიალებით.
საქართველოშიც მოქმედებდა ხელისუფლებათა გამიჯვნის ამგვარი მოდელი 1995-2003 წლებში, თუმცა აბსოლუტურად ლოგიკურად დასრულდა `ვარდების რევლუციით`.
დიდია საფრთხე, `ამერიკულმა მოდელმა`, მისმა საკონსტიტუციო სიხისტემ და მოუქნელობამ, რომელმაც თავის დროზე უდიდესი როლი შეასრულა ამერიკის წინსვლასა და აყვავებაში, `შენელებული მოქმედების ნაღმის` როლი შეასრულოს უკვე 2022-2024 წლებში, როცა გარდაუვალია გააფთრებული `კლინჩი` დონალდ ტრამპსა და ამერიკის ისტებლიშმენტს შორის.
ყოველ შემთხვევაში, ამგვარი საფრთხე ნამდვილად არსებობს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ფართოდ გაფიარებული `გლაზგოს ეკოლოგიური სამიტი` COP26, რომელიც `ისტორიული` უნდა ყოფილიყო, რეალურად აღმოჩნდა `ბლა ბლა ბლა` და სრული ფეიკი. ამის დამადასტურებელი უამრავი არგუმენტი არსებობს უკვე.
მაგალითად, ატმოსფეროს ოზონის შრის ერთ-ერთი ყველაზე დიდი `დამაბინძურებელი` ქვანახშირია და სწორედ მისი მოხმარების წინააღმდეგაა მიმართული გლაზგოს დეკლარაცია. გერმანია რა თქმა უნდა შეასრულებს ამ დეკალრაციას, თუმცა უდიდესი დანაკარგები ექნება, მაგრამ.....მსოფლიოში მოხმარებული ქვანახშირის 70%, შესაბამისად ამ საწვავით ჰაერის დაბინძურების 70% მოდის სამ ქვეყანაზე: რსუეთი, ჩინეთი და ინდოეთი.
არც ერთი მათგანი გლაზგოს სამიტში არ მონაწილეობდა და საერთოდ რაზეა მაშინ საუბარი?
კიდევ უარესი: ავსტრალია, რომელიც დასავლური სამყაროს ნაწილია და ქვანახშირის უდიდეს არა მწარმოებელ მაგრამ მომხმარებელ ქვეყნად ითვლება, ასევე არ აწერს ხელს გლაზგოს დეკლარაციას ქვანახშირის ნაწილში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ღიად დაადანაშაულა აზერბაიჯანი `რუსი მშვიდობისმყოფელების დისკრედიტაციის` მცდელობაში და მათ წინააღმდეგ პროვოკაციებში.
ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანის მიზანია რუსი `ცისფერჩაფხუტიანების` მაქსიმალურად დაზიანება.
ანუ, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ზუსტად გაიმეორა ოსი სეპარატისტების მუდმივი ნარატივი საქართველოს წინააღმდეგ, რაც ჟღერდა 1992 წლიდან, როდესაც კონფლიქტის ზონაში რუსი `მშვიდობისმყოფელები` ჩადგნენ.
სომეხი პრემიერი მოითხოვს ეთნიკური სომხების დაბრუნებას მთიანი ყარაბაღის გადრუთის რაიონში და ქალაქ შუშიში.
თუმცა საპასუხოდ აზერბიჯანელებიც მოითხოვენ დაბრუნებას სტეპანაკერტში.
ანუ ეს მოთხოვნები სრულებით უპერსპექტივოა.
აქ არსებითი ისაა, რომ ნიკოლა ფაშინიანის გარშემო ახლა ორი ჯგუფის ბრძოლა მიმდინარეობს: ერთი მათგანი, ძველებურად, მოსკოვის პატრონ-ყმობის მომხრეა, ხოლო მეორე, მზადაა კომპრომისზე წავიდეს თურქეთთან და ისტორიულ შერიგებას მოაწეროს ხელი, რითაც სომხეთს გზას გაუხსნის განვითარებისკენ.
ამ განცხადების პარალელურად, პრემიერმა ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზად არის განიხილოს 3+3 ფორმატში მონაწილეობის საკითხი.
გულისხმობდა ერდოღანის ინიციატივას თურქეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ირანის, სომხეთის და საქართველოს მუდმივმოქმედი `თათბირის`თუ საკონსულტაციო პლატფორმის შექმნის შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული მცდარი აზრის მიუხედავად, ერდოღანის `6 წევრიანი პლატფორმის` ინიციატივა, რაც თურქმა ლიდერმა ჯერ კიდევ შარშან, ყარაბაღის მეორე ომის დასრულებისთანავე გააჟღერა (ის ომი თურქეთ-აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდა) და რომელსაც მხარი დაუჭირა პუტინმა, არ გულისხმობს სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შექმნას ან თუნდაც საერთაშორისო ორგანიზაციის დაფუძნებას. თუმცა მაინც არის `სიგნალი` ამ 6 ქვეყნის განსაკუთრებული კოოპერაციის შესახებ.
სომხეთი ფსონს რუსეთზე დებს. აზერბაიჯანი-საქართველოზე.
7 ნოემბერს სომხეთის პრემიერმა უკვე ღიად თქვა, რომ ის მზადაა გაუხსნას აზერბაიჯანს სომხური კომუნიკაციები ნახჭევანისა და თურქეთისკენ, თუ აზერბაიჯანი გაუხსნის სარკინოგზო და საავტომობილო გზებს რუსეთისკენ.
ნახჭევანის ავტონომიური რესპუბლიკა აზერბაიჯანის სახელმწიფოს ნაწილია, მაგრამ აზერბაიჯანისგან სომხეთის ტერიტორიითაა გამოყოფილი.
თუ სომხეთი მიაღწევს კომუნიკაციების გახსნას აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით რუსეთისკენ, ხოლო აზერბაიჯანი - ნახჭევან-თურქეთისკენ, მაშინ საქართველოს გზების და საქართველოს ტრანზიტის მნიშვნელობა შემცირდება. სულ არ გაუქმდება, მაგრამ შემცირდება.
ამ ფორმატის გარშემო რთული თამაში მიმდინარეობს.
საქართველოში ვიზიტით ყოფნისას, აშშ თავდაცვის მინისტრმა ლლოიდ ოსტინმა მისი ქვეყნის პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა: `რუსეთმა ჯერ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმება შეასრულოს საქართველოდან ჯარის გაყვანის შესახებ და მერე ილაპარაკოს რაღაც ახალ ფორმატებზეო`.
თუმცა, მივაქციოთ ყურადღება, რომ გენერალ ოსტინს თურქეთი არ უხსენებია. მისი განცხადების ვექტორი რუსეთისკენ იყო მიმართული/
მაგრამ ეს განცხადება, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ნიშნავს, რომ ვაშინგტონს არ მოსწონს ერდოღანის ინიციატივა.
პირველ რიგში იმის გამო, რომ იგულისხმება ირანის ჩართვა, რაც ამერიკელებისათვის კატეგორიულად მიუღებელია. ამერიკა არსდროს დაეთანხმება იმ ფორმატში საქართველოს მონაწილეობას, სადაც მონაწილეობს ირანი - ამერიკის და ისრაელის მთავარი მოწინააღმდეგე რეგიონში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პოლონეთში გაძლიერდა პრო-ევროპული მოძრაობა იმის პასუხად, რომ პოლონელი ნაციონალისტები ევროკავშირის წინააღმდეგ დემარშებს ახორციელებენ და საქმე მიიყვანეს ბრიუსელის სანქციებამდე.
ცხადია, პროდასავლური ძალები პოლონეთში ამას იოლად არ `გაატარებდნენ`.
გუშინ პოლონეთის რამდენიმე ქალაქში გაიმართა დემონსტრაციები მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც აუკრძალეს აბორტის გაკეთება პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად.
გადაწყვეტილება ევროკავშირის კანონებს ეწინააღმდეგება და სწორედ ამიტომ აკრიტიკებდა ევროკავშირი პოლონეთის საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესს. ასევე ამ სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ადგილობრივ კანონებს ევროპულ კანონებზე აღმატებული ძალა აქვთ.
ეს ამბავი დასტურებს, რომ პოლონეთის ევროპიდან `ამოხლეჩა` ნაციონალისტებს ასე იოლად არ გამოუვათ.
პოლონელთა დიდმა, თან ყველაზე აქტიურმა ნაწილმა, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ, იცის, რომ მათი ქვეყნის ადგილი ევროპაშია.
პოლონეთში რომ ევროპულ კანონებს ემოქმედა, ის ქალი, ვისაც აბორტი აუკრძალეს მიუხედავად ავადმყოფობის და ნაყოფის პრობლემურობისა, ახლა ცოცხალი იქნებოდა. სწორედ ამ არგუმენტით გამოვიდნენ გუშინ პოლონეთის ქალაქებში პრო-ევროპელი დემონსტრანტები