ჩეჩნებმა დაიწყეს ბრძოლა გროზნოს გათავისუფლებისთვის

ჩეჩნებმა დაიწყეს ბრძოლა გროზნოს გათავისუფლებისთვის

 

    6 მარტს, ჩეჩნეთის შეიარაღებულმა ძალებმა, შამილ ბასაევისა და რუსლან გილაევის მეთაურობით, დაიწყეს ბრძოლა გროზნოს გათავისუფლებისათვის.
    ამ ფონზე ცოტა არ იყოს ანეგდოტურად გამოიყურება რუსეთის პრეზიდენტის განცხადება იმის თაობაზე, რომ კონფლიქტი ჩეჩნეთში დასასრულს უახლოვდება და, რაღა თქმა უნდა, «რუსული იარაღის სრული გამარჯვებით მთავრდება».
    სინამდვილეში კი, თუ ჩეჩენთა შეტევა წარმატებით განვითარდა, მაშინ რუსეთის არმიას ჩეჩნეთიდან გააძევებენ.
    ამჟამად გროზნოს სამი მიმართულებით უტევენ: მათ უკვე გაათავისუფლეს ქალაქის მესამედი და თანდათან ავიწროვებენ რკალს გროზნოს ცენტრის ირგვლივ, სადაც მოღალატე ზავგაევის ე.წ. «ადმინისტრაცია» იმყოფება.
    რუსეთის სამხედრო სარდლობამ «პრეზიდენტის სასახლე» წინდახედულად ააფეთქა. ამდენად, ჩეჩენ პარტიზანებს აღარ შეუძლიათ მასზე გამარჯვების დროშა ააფრიალონ. სამაგიეროდ, მათ შეუძლიათ ხელთ იგდონ «სევერნის» სტრატეგიულად მნიშვნელოვანი აეროპორტი, სადაც იმყოფება რუსეთის ჯარების შტაბი - გენერალ ტიხომიროვის მეთაურობით.
    როგორც ჩანს, ჩეჩნებს გადაწყვეტილი აქვთ გროზნო ჩეჩნეთის გათავისუფლებისათვის ბრძოლის ეპიცენტრად აქციონ, რაკი «გაშლილ ველზე» მათ არ შეუძლიათ რუსულ ტექნიკას დაუპირისპირდნენ მხოლოდ ავტომატური იარაღით. ქალაქის პირობებში კი, თვით ყველაზე მრისხანე სამხედრო ტექნიკაც კი უძლურია ჩვეულებრივი ნაღმსარტყორცნის წინააღმდეგ.
    შესაძლოა ჩეჩნებმა მთელი ქალაქი ხელთ ვერ იგდონ, მაგრამ ისინი უეჭველად მიაღწევენ იმას, რომ აქციონ გროზნო განუწყვეტელი ბრძოლების არენად - ჩეჩნები ხომ გაცილებით უკეთ იცნობენ თავიანთ ქალაქს, ვიდრე რუსი ჯარისკაცები?! ამ თვალსაზრისით, მათ ძალიან დიდი უპირატესობა აქვთ.
    გარდა ამისა, ჩეჩნებს დასაკარგი არაფერი აქვთ: რუსეთის არტილერიამ და ავიაციამ თითქმის ყველა ჩეჩნური სოფელი აღგავა პირისაგან მიწისა - მშვიდობიანი მოსახლეობა ინგუშეთსა და დაღესტანშია გახიზნული. ამდენად, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე, ფაქტობრივად, მხოლოდ პარტიზანები დარჩნენ, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო არმიას სისხლს გაუშრობენ და მოსვენებას არ მისცემენ.
    რაც უფრო მოახლოვდება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები, მით უფრო მძვინვარე გახდება ჩეჩენ პარტიზანთა წინააღმდეგობა. ყოველ შემთხვევაში, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ რუსეთმა ვერ გადაჭრა ეს პრობლემა ვერც ტაქტიკურ, ვერც სტრატეგიულ პლანში.

«მსგეფსი», 10 მარტი, 1996 წელი.